ანთაძემ, გამსახურდიამ და მაღლაფერიძემ სს „ტელევიზია“ უკვე დააარსეს

ანთაძემ, გამსახურდიამ და მაღლაფერიძემ სს „ტელევიზია“ უკვე დააარსეს

ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ შეძენის მსურველთა ჯგუფმა საკუთარი აქტივობა იურიდიულ სივრცეში გადაიტანა და სააქციო საზოგადოება დააფუძნა. საჯარო რეესტრის დოკუმენტის თანახმად, სააქციო საზოგადოება „ტელევიზია“, ოფიციალურად, 9 სექტემბერს დარეგისტრირდა. სააქციო საზოგადოება სამმა აქციონერმა - მედიაექსპერტმა ია ანთაძემ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა ცოტნე გამსახურდიამ და პუბლიცისტმა ვასილ მაღლაფერიძემ დააარსეს. დოკუმენტის თანახმად, „ტელევიზიის“ საწყისი კაპიტალი 3 ათასი ლარით განისაზღვრა და თითოეულმა აქციონერმა 1000-1000 ლარი გაიღო.

სააქციო საზოგადოება „ტელევიზიას“ აქციონერთა კრება 6 სექტემბერს გაიმართა. კრების დღის წესრიგში სამი საკითხი განიხილებოდა - სააქციო საზოგადოების დაფუძნება, ორგანიზაციის წესდების დამტკიცება და სამეთვალყურეო საბჭოს წევრობასთან დაკავშირებული დეტალები.

წესდების თანახმად, სააქციო საზოგადოება „ტელევიზიას“ საქმიანობას აქციონერთა კრება წარმართავს. ორგანიზაციას ერთი წლის ვადით არჩეული 8 წევრისაგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო უხელმძღვანელებს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: თამაზ ავალიშვილი, რამილია ალიევა, დავით ზილფიმიანი, ნინო ზურიაშვილი, გიორგი ლოლაძე, ნატა მურვანიძე, მერაბ რატიშვილი, მამუკა ყუფარაძე; სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ყუფარაძე, თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ავალიშვილი.

„მეცხრე არხის“ შეძენის მსურველთა მიერ დაფუძნებულ სააქციო საზოგადოებას უკვე ჰყავს გენერალური დირექტორი - ვასილ მაღლაფერიძე. მაღლაფერიძე ორგანიზაციას პირველი სამი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

სააქციო საზოგადოება „ტელევიზიას“ ძირითადი საქმიანობის საგანი სადამფუძნებლო დოკუმენტში ასეა განმარტებული: მაუწყებლობა; სატელევიზიო მაუწყებლობა; სატელევიზიო და აუდიოვიზუალური პროგრამების, მათ შორის, საინფორმაციო, სარეკლამო და სანახაობრივი პროგრამების შექმნა-რეალიზაცია; სატელევიზიო, დოკუმენტური და მხატვრული ფილმების შექმნა-რეალიზაცია; შემოქმედებითი სტუდიების შექმნა-ექსპლოატაცია; რადიო, სატელიტური და მასთან გაიგივებული მაუწყებლობა;

„ტელევიზიას“ დამფუძნებლები სააქციო საზოგადოების შექმნასთან დაკავშირებით ინფორმაციიის გახმაურებას ხვალისთვის გეგმავენ.