შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ლევან მ. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა დღეს, 12 სექტემბერს, 10:28 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში დარეკა და ცენტრის ოპერატორს თბილისში, სანდრო ეულის ქ. N5ა-ში, „რუსთავი 2“-ის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა.
ყველა შესაბამისი სამსახური მითითებულ მისამართზე შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდა. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით შენობიდან იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოახდინეს, მიმდებარე ტერიტორია ამკრძალავი ლენტით შემოსაზღვრეს და პერიმეტრი დაიცვეს. გამნაღმველების მუშაობის შედეგად კი დადგინდა, რომ გამოძახება ცრუ იყო – შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა.
სამართალდამცველებმა ცრუ შეტყობინების ავტორი ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილება აწარმოებს.