ნუ გამოგვირთავთ ტელევიზორებს...

ნუ გამოგვირთავთ ტელევიზორებს...

"თუ გაგრძელდა ის გეზი, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს აღებული, ამდენი ტელევიზიები საჭირო აღარ იქნება“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ტრიპოლსკი და ახალი ხელისუფლების გეზში დემოკრატიისკენ სვლასა და დემოკრატიულ არჩევნებს გულისხმობს.

მისივე თქმით, აღარც ის იქნება საჭირო, რომ ადამიანებს ტვინი გამოურეცხონ. შესაბამისად, ტელევიზიები ბუნებრივად დაიხურებიან, ხოლო ქართულ მედიაბაზარზე სარეკლამო მოთხოვნილებას ორი-სამი ტელეკომპანია გაუძლებს.

„როგორც კი პოლიტიკური ინტერესი გაითიშება ამ ტელევიზიებიდან, ეს შესაძლებელია. შეხედეთ, აბა, რა ჯდება ტელევიზიები და საიდან მოდის ეს სიამოვნება? წლების განმავლობაში ეს პოლიტიკურ ინტერესს წარმოადგენდა და საიდანღაც ფინანსდებოდნენ ისინი, თუმცა კაციშვილმა არ იცოდა, საიდან. ახლა ვითომ კანონია, რომ უნდა იყოს გახსნილი, ვინ არის მფლობელი და ა.შ. მაგრამ არავინ არ იცის, საიდან ფინანსდება და ვისგან ფინანსდება. ერთადერთი ადამიანი იყო ივანიშვილი, რომელიც ღიად ამბობდა, რომ ის აფინანსებდა და ნუ, პატარკაციშვილის ტელევიზიაც“, - აცხადებს ირაკლი ტრიპოლსკი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

მანვე ამ კონტექსტიდან გამორიცხა ტელეკომპანია კავკასია, რომელიც პატიოსნად, თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ფინანსდება და ამიტომაც ის ბევრ რამეში კონკურენციას ვერ უწევს სხვა ტელევიზიებს.

For.ge დაინტერესდა, რამდენად რეალურია, რომ ქართულ სატელევიზიო ბაზარზე ტელეკომპანიების რიცხვი სოლიდურად შემცირდეს?! ამის შესახებ ჟურნალისტებსა და მედიაექსპერტებს დავუკავშირდით. 

ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებელი მამუკა ღლონტი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, ირაკლი ტრიპოლსკი ოპტიმისტურად არ უნდა იყოს განწყობილი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით, რადგან, თუ ქვეყანა მდიდარია, შესაბამისად, მდიდარია მისი სარეკლამო ბაზარიც. ამდენად, ტერიტორიულად ჩვენისთანა მასშტაბის ქვეყანას სამზე და ხუთზე მეტი ტელევიზიაც შეიძლება ჰქონდეს. ღარიბმა და ღატაკმა ქვეყანამ კი შესაძლოა, ერთი ტელევიზიაც ვერ არჩინოს.

“ეს დამოკიდებულია თვითონ ქვეყნის სოციალურ მდგომარეობასა და მის სიმდიდრეზე. თანამედროვე საქართველოს პირობებში საშუალო დონის ნორმალური ტელევიზია შეიძლება  ხუთამდეც იყოს”,-აღნიშნა მამუკა ღლონტმა.

რაც შეეხება “რუსთავი 2”-სა და “იმედს”, რომლებიც ნაციონალებთან იყვნენ გაიგივებულნი, ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ მათ მშვენივრად აქვთ საქმე აწყობილი. უფრო მეტიც - “იმედმა” ნახა ახალი დამფინანსებელი პოლიტიკური ჯგუფი. მამუკა ღლონტის ვარაუდით, “იმედი” ისევ ჩაება იმ პოლიტიკურ ავანტიურებში, რომელშიც აქამდეც იყო ჩაბმული.

მედიაექსპერტი ლელა კურდღელაშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრმა არ უნდა გადაწყვიტოს ტელევიზიების არსებობა-არარსებობის საკითხი, რადგან, საბოლოო ჯამში, ყველაფერს ბაზარი არეგულირებს და არავინ იცის, აღნიშნული ბაზარი რამდენ ტელევიზიას მოითხოვს. მისივე განმარტებით, იმავე მოწინავე ქვეყნებში უამრავი ტელევიზია, ინტერნეტტელევიზია, რეგიონალური ტელევიზია იხსნება, საქალაქო და რაიონის ტელევიზიებიც არსებობენ და მათ ფუნქციონირებას ბაზარი არეგულირებს. ჩვენი სატელევიზიო ბაზარი კი ძალიან განუვითარებელია და შესაძლოა, ამ ბაზარმა მართლაც ნაკლებად მოითხოვოს ამ რაოდენობის ტელევიზიები. ამდენად, თუკი ეს პრინციპია ირაკლი ტრიპოლსკისთვის ამოსავალი, მაშინ შეიძლება მისი პოზიცია გასაზიარებელიც იყოს.

„თუ რას გულისხმობს ტელევიზიების ბუნებრივ დახურვაში, ამას ირაკლი ტრიპოლსკი არ აკონკრეტებს. ამიტომ  შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს შეიძლება ზევიდან მართული პროცესი იყოს. ეკონომიკურად იმდენად მძიმეა ჩვენი მდგომარეობა და ტელევიზია იმდენად ძვირად შესანახი სიამოვნებაა, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნია, საქართველომ  შეინახოს თუნდაც „რუსთავი 2“-ის ან „იმედის“ დონის ტელევიზია. ქართული ბაზარი ამას ვერ შეძლებს. თუმცა  შეგვიძლია, თავისუფლად შევინახოთ „ობიექტივის“ ტიპის ტელევიზია, რომელიც დიდ დაფინანსებას არ ითხოვს, ასევე, - „კავკასია“. „კავკასია“ ის ტელევიზიაა, რომელიც რეალურად თავის თავს თვითონ აფინანსებს, თორემ, რეალურად ჩვენი ბაზარი რაც არის, ამას ყველანი ვხედავთ“,- აღნიშნა  ლელა კურდღელაშვილმა.

მისი თქმით, ტელევიზიების ტექნიკური ბაზა იმდენად მწირია, რომ მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტელევიზიები როგორ ახერხებენ ამის უზრუნველყოფას, ეს გასაოცარია. ამიტომ ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ ამ ტელევიზიებში სხვა ფული ტრიალებს. მით უფრო, რომ ჩვენი სარეკლამო ბაზარი ძირითადად შემოიფარგლება პამპერსისა და წამლის რეკლამით; სხვა არაფრის რეკლამა არ გვაქვს. ხოლო პამპერსის, წამლისა და პირველადი მოხმარების საგნების რეკლამით ვერცერთი ტელევიზია და წესიერი მედიასაშუალება ვერ შეძლებს თავის შენახვას.

მედიაექსპერტის აზრით, კარგი ტენდენციაა, თუკი სახელმწიფო პოლიტიკა, ასევე,  გარედან შემოსული თუ ხელოვნურად შემოტანილი ფული არ ჩაერევა სატელევიზიო ბაზარში. მაშინ პროცესი ჯანმრთელ სახეს მიიღებს და მაყურებელი გადაწყვეტს, რომელი მედიასაშუალების ყურება ურჩევნია. ეს აღარ იქნება პიარი, რაზეც ძირითადად ჩვენი მედია მუშაობს, ეს იქნება რეალურად ინფორმაციის მიწოდება და მაყურებელზე მუშაობა.

თუ რამდენი ტელევიზია შეიძლება შეინარჩუნოს საქართველოსნაირმა ქვეყანამ, ამის შესახებ ლელა, კურდღელაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, ასიც გვქონდეს და ათასიც, რადგან არაფერი სჭირდება ორი კამერის ყიდვას და ეთერში გასვლას. უფრო მეტიც, შესაძლოა, ტელევიზია პატარა ოთახშიც მოაწყონ და ლიცენზია იყიდონ.

მედიაექსპერტი ელის, რომ სულ ცოტა ხანში ინტერნეტტელევიზიების ტენდენცია წამოვა და ყველა შეეცდება, ინტერნეტტელევიზია საკუთარ სახლში მოაწყოს. ასეთი ტელევიზია კი შეიძლება აურაცხელი იყოს.

„პრინციპში, ძვირი ჯდება ტელევიზიის შენახვა, რომელიც საკუთარ პროდუქციას აწარმოებს, საკუთარ ფილმებს იღებს, კარგად აღჭურვილი სტუდიები აქვს და სერიოზული „სტაფიც“ ჰყავს. წარმოუდგენელია ამის შენახვა. საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ გვაქვს, ვინახავთ კი მას ისე, როგორც საჭიროა? რა ხდება მაუწყებელში ფინანსებთან დაკავშირებით, არავინ იცის და საზმაუს ტექნიკური ბაზაც ძალიან მძიმე დღეშია“,-აღნიშნა ლელა კურდღელაშვილმა.

ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი დემოკრატიულად განვითარებული ბელგიის მაგალითს იშველიებს, სადაც 30 კომერციული ტელევიზიაა. ამდენად, თუკი ბელგიაში 30 ტელევიზიაა, ხოლო საქართველოსნაირ ქვეყნაში -10, სიტუაციის დარეგულირების შემდეგ შეიძლება მათი რიცხვი 5-მდე დავიდეს, ან პირიქით, მოიმატოს კიდეც. 

ჟურნალისტის თქმით, თუ ტელევიზიები რეკლამას მიიზიდავენ, ცხადია, გაიზრდება მათი რაოდენობა. მით უმეტეს, რამდენიმე წელიწადში გადავდივართ ახალ მაუწყებლობაზე და იმდენი სიხშირეები იქნება, რომ ნებისმიერ ოთახში შეიძლება ტელევიზიის გახსნა.

„დღეს ჩვენს საზოგადოებას დიდი არჩევანის საშუალება აქვს, თუ რა სახის გადაცემას უყუროს. თუმცა, თუ ერთი დიდი „კნოპკა“ იქნება ქვეყანაში და უცებ გამოგვირთავენ ტელევიზორს, არა მგონია, კარგი იყოს, რადგან ადამიანები თვითონვე აკეთებენ არჩევანს. მე მაინც მგონია, რომ ტელევიზიების შემცირების შესახებ მოსაზრება ერთი კონკრეტული ადამიანის - პარლამენტარ ირაკლი ტრიპოლსკის აზრია. არა მგონია, „ქართულ ოცნებაში“ ისეთი დისციპლინა იყოს, ერთი ადამიანის აზრს დანარჩენებიც უაპელაციოდ იღებდნენ. პირიქით, ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ მომწონს ზუსტად იმიტომ, რომ აქ არის აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებები“ ,- აღნიშნა თამარ ჩიქოვანმა ჩვენთან საუბრისას.

პუბლიცისტ ვასილ მაღლაფერიძის აზრით, შეუძლებელია, განვსაზღვროთ, თუ რამდენი ტელევიზია უნდა არსებობდეს საქართველოში, ისევე, როგორც ვერ ვიტყვით, რამდენი სუპერმარკეტი უნდა იყოს?! ამაზე პასუხი ერთია - იმდენი, რამდენიც საჭიროა და რამდენსაც ტელებაზარი აიტანს. მისივე თქმით, მთავარი ის კი არ არის, რამდენი ტელევიზია არსებობს, არამედ მთავარია, თავისუფლად არსებობის საშუალება იყოს. ამიტომ წარმატებული ტელევიზია ან გაზეთი ყოველთვის იარსებებს, ხოლო წარუმატებელი ვერ იარსებებს. ეს არის საბაზრო ეკონომიკის კონკურენციის კანონი და შეზღუდვები შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროს.

„რასაკვირველია, ტელევიზიებში პოლიტიკური ფული არ უნდა შედიოდეს. ის, რომ  ამდენი ტელევიზიების გადამკიდე საზოგადოება იღლება, ეს წარსულიდანაა; თუ ვიღაც იღლება რომელიმე არხის ყურებით, შეუძლოა, გადართოს ან სხვა არხი ჩართოს. მთავარია, ხელისუფლება არ ერეოდეს ტელევიზიის საქმიანობაში და ტელევიზიებში არ შედიოდეს პოლიტიკური ჭუჭყიანი ფული“,-აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.   

ჩვენ ირაკლი ტრიპოლსკისაც დავუკავშირდით, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.