"იცით, როგორ დასრულდება მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში კოაბიტაცია? სააკაშვილს მოიშორებენ და განახლებულ ნაციონალებს მოგვიყვანენ. აი, მაშინ დაიწყება უბედურება - შეეკვრებიან ერთმანეთს და დაეპატრონებიან ქვეყანას", - აცხადებს სახალხო კრების წევრი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ელიზბარ ჯაველიძე: "რესპუბლიკელები და ნაციონალები ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანდნენ".
"რაკი ივანიშვილი პოლიტიკიდან აპირებს წასვლას, ეს რისკი მით უფრო იზრდება. ივანიშვილს დღეს წასვლის უფლება აღარ აქვს - მას ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა. "ოცნება" ხალხმა ივანიშვილის ხათრით აირჩია, მისი ხათრით ბევრ მიუღებელ ადამიანზე დახუჭა თვალი. მისი წასვლის შემთხვევაში ყველაფერი რესპუბლიკელებს დარჩებათ. ამ პარტიის რეიტინგი 2 პროცენტიც არ არის. ახლა წასვლა არ შეიძლება - წასვლის შემთხვევაში ივანიშვილი საქართველოს იმ ძალების ხელში ტოვებს, რომლებიც ნაციონალებს გაურიგდნენ. ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მეოცნებეთა ნაწილი უკვე კარგა ხანია გაურიგდა ნაციონალებს და ცდილობენ, საკუთარი ხალხი ყველგან დასვან. რაღაც ივანიშვილმა ალბათ იცის, რაღაც - არა. სამწუხაროდ, მან გარემოცვად ცუდი ხალხი აირჩია. სამწუხაროა, რომ ივანიშვილი მათ ენდობა, ხოლო ნინო ბურჯანაძეს უპირისპირდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელიზბარ ჯაველიძე და შეკითხვას - "თქვენი აზრით, რატომ არის ივანიშვილისთვის ნინო ბურჯანაძე ასეთი მიუღებელი?" - პასუხობს:
"ამაზე კარგა ხანია ვფიქრობ, მაგრამ ვერ გავარკვიე. ეს ბიძინა ივანიშვილს უნდა ვკითხო. როცა შევხვდები, აუცილებლად ვკითხავ. ბევრისთვის ბურჯანაძე იმიტომ არის მიუღებელი, რომ მას დასავლეთთანაც და რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა სურს. არ მგონია, ივანიშვილი ამ პოზიციის გამო შემოსწყრეს ბურჯანაძეს, თავადაც ამ აზრისაა. ცოტა ხნის წინ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა - ბურჯანაძის გამარჯვებას ბაქრაძის გამარჯვება გვირჩევნიაო. ის ბაქრაძე ურჩევნიათ, ბუჩქებიდან რომ მოგვიწოდა, მტერს დანა-ჩანგლით ეკვეთეთო. ეს აშკარად მიუთითებს, რომ ნაციონალები და რესპუბლიკელები ერთად არიან. რესპუბლიკელების დიდი მონდომების მიუხედავად, დავით ბაქრაძე მეორე ადგილზე ვერ გავა. სამართლიანობის აღდგენა ხალხის მთავარი მოთხოვნაა, ივანიშვილს ყველაზე მეტად უნდა აწყობდეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ნინო ბურჯანაძემ მოიგოს".