[რუსიკო მუმლაძე]
ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო მიმოსვლა გამარტივდა. თუმცა, სანაცვლოდ ევროპამ საქართველოსგან ფართომასშტაბიანი რეადმისიის ჩატარება მოითხოვა. ქართულმა მხარემაც ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების ვალდებულება თავის თავზე აიღო.
„მამაკაცებს, რომლებიც უცხოეთში სამსახურს ვერ შოულობენ, საქართველოში უსაქმოდ ყოფნას, ევროპულ ციხეში „გამოზამთრება“ ურჩევნიათ“, - ამბობს პრესაგე.ტვ-ს დღევანდელი რესპონდენტი.
აი, რა წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დამტკიცდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივებისა“ და „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის“' შესახებ შეთანხმებები:.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის საბჭოს ა.წ. 18 იანვრის გადაწყვეტილებას...აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროპულმა მხარემ დაასრულა ამ შეთანხმებების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდა პროცედურები, რომლის თაობაზეც ევროკავშირი უახლოეს დღეებში ოფიციალური ნოტით აცნობებს ქართულ მხარეს. თავის მხრივ ქართულმა მხარემ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დაასრულა 2010 წლის დეკემბერში. ორივე შეთანხმება ძალაში შევა 2011 წლის 1 მარტს.
აღსანიშნავია, რომ „ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების" შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს რიგ მნიშვნელოვან შეღავათებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებლის შემცირებას (60 ევროდან 35 ევრომდე), რიგი კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებისთვის (მაგ., პენსიონრები, 12 წლამდე ასაკის ბავშვები, უნარშეზღუდული პირები, ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ახლო ნათესავები, სტუდენტები, მეცნიერები, ჟურნალისტები და ა.შ.) სავიზო მოსაკრებელის გაუქმებას, ვიზის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას 10 კალენდარული დღის განმავლობაში და ა.შ.
„უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის" შესახებ შეთანხმების საფუძველზე მოხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება... საქართველოსა და ევროკავშირს შორის ზემოხსენებული შეთანხმებების გაფორმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებისა და ადამიანთა მობილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით“.
ახალი ამბავი არაა, როცა ხალხისა და ხელისუფლების აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა. რა პრობლემების წინაშე დადგებიან ემიგრანტები, რომლებიც უცებ, ისევ საქართველოში აღმოჩნდებიან? ბევრმა მათგანმა ერთხელ უკვე სცადა და დაბრუნდა სამშობლოში, როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა, ჩამოდით, საქართველოს თქვენი გამოცდილება სჭირდებაო. თუმცა, ბევრი ისევ უკან გაბრუნდა. ფაქტია, ყველა ვერც კანადაში პურის ბიზნესის ახლაგაზრდა მფლობელი იქნებოდა და ვერც მინისტრი გახდებოდა, მაგრამ საინტერესო ისაა, რატომ უთხრეს მათ უარი ამ მოტივით: თქვენი ასაკის ხალხს ვერ დავსაქმებთო?
პრესაგე.ტვ-მ ამ თემასთან დაკავშირებით ინტერვიუ სთხოვა ჟურნალ „ემიგრანტების“ მთავარ რედაქტორსა და რადიოგადაცემა - „სხვა საქართველო აქ არი“ წამყვანს, ნინო ცხოიძეს. ის ემიგრანტების უცხო ქვეყანაში ცხოვრებით 2002 წლიდან დაინტერესდა და ბევრ შეულამაზებელ ინფორმაციასაც ფლობს.
ნინო ცხოიძე: „ევროპული ვიზების გამარტივება რეადმისის საფუძველზე ხდება. სანაცვლოდ, ქართული მხარე ევროკავშირის წინაშე იღებს ვალდებულებას, რომ არალეგალ ემიგრანტებს საქართველოში დააბრუნებს. ოღონდ, ყველა სახელმწიფო, სადაც საქართველოს არალეგალი მოქალაქე აღმოჩნდება, თავის თავზე აიღებს მათი ტრანსპორტირების ხარჯებს. თუმცა, საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების მასიური დეპორტის პირველი შემთხვევა ეს ნამდვილად არ იქნება. ჩვენ ასეთი მასიური დეპორტაცია უკვე ვნახეთ, როცა აქ რუსეთიდან საბარგო თვითმფრინავებით ჩამოიყვანეს არალეგალები. ევროპიდან კი, მსგავსი მაშტაბური აქცია ჯერ არ განხორციელებულა.
რეადმისიის ჩატარებისა და ვიზების გამარტივების თემაზე საუბარი ევროკავშირის ქვეყნებთან 2005 წლიდან დაიწყო. რეადმისიის საკითხიც დღის წესრიგში სწორედ მაშინ დადგა პირველად. იმ პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი გახლდათ. მან თქვა, რომ რამდენიმე ათეული, თუ ასეული ემიგრანტის ერთბაშად ჩამოყვანა საქართველოში საშიში პროცესი იქნება, ვინაიდან აქ არ არის მათი დასაქმების საშუალება და ქაოსს გამოიწვევსო.
რა გაკეთდა ამ 6 წლის განმავლობაში, იმისათვის, რომ ეს პროცესი ნაკლებად მტკივნეული და ეტაპობრივი ყოფილიყო? მე, როგორც ამ თემით დაინტერესებულ ჟურნალისტს, შემიძლია, დაბეჯითებით გითხრათ, რომ საქართველოდან იძულებით წასულ ემიგრანტთა 80% მაინც მზად არის, დაბრუნდეს თავის სამშობლოში, თუ მათ აქ ექნებათ დასაქმების შანსი და სოციალური, თუ ჯანდაცვის პრობლემების წინაშე არ დადგებიან.
რატომ მიდის ეს ხალხი საქართველოდან? გეკითხებით? კარგ ცხოვრებას არავინ გაექცევა, ხომ? რატომ ვკლავთ ქართველებს მშიერ-მწყურვალს? საახალწლოდ ქუჩები რომ ზედმეტად განათებულია და სახლებში მოხუცებს ერთი ნათურის განათების საშუალება არ აქვს, მე არ მხიბლავს ასეთი გაბჟღვიალებული თბილისი. დეკემბერში პარიზში ვიყავი და ვნახე, რომ ეს ქალაქი მზად იყო საახალწლოდ, მაგრამ პარიზულ განათებას ვერანაირად შევადარებ თბილისის განათებას, ჩვენი სოფლის განათებაზე ცოტათი უკეთესი იყო.
„შანზ ელიზეზე“ ტრიუმფალურ თაღს ვერ დაინახავდი, რადგან განათებული არაა. აქ რომ ეს თაღი ყოფილიყო, კუთხე-კუნჭული არ ექნებოდა დატოვებული, ნათურა არ ჰქონოდა მიმაგრებული. იცით, რა მითხრეს, ეს რომ ვთქვი? თქვენ მდიდარ ქვეყანაში ცხოვრობთ და ჩვენ ეკონომიკური კრიზისი გვაწუხებს, ან თქვენმა ხელისუფლებამ არ იცის, ეკონომიკური კრიზისი რომ არისო.
ამ დროს, ეს გაჩახჩახებული ქუჩებით, ძვირადღირებული კონცერტებით დამშვენებული ქვეყანა მისმა მოქალაქეებმა სწორედაც რომ დეკემბრის ბოლოს დატოვეს და პოლონეთის საზღვარზე გადასვლას ცდილობდნენ, რათა ევროპის ქვეყნებში ბანაკებში ჩაბარებულიყვნენ. მინდა, ვკითხო ხელისუფლებასაც და იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ძალიან მოსწონთ განათებული საქართველო, ვისაც მიაჩნია, რომ აღმავლობის გზაზე დგას ჩვენი ქვეყანა, რამ აიძულა ის ადამიანები, ამ ზამთარში პოლონეთის საზღვარი გადაელახათ?
მათი ნაწილი 27 დეკემბერს დააკავეს კიდეც და დეპორტაციის მოლოდინში არიან. ვცდილობ, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოვიპოვო ინფორმაცია, ვინ არიან ეს ადამიანები, რა ასაკის მოქალაქეები გადადიოდნენ საზღვარზე, არიან თუ არა მათ შორის ბავშვები. წარმოგიდგენიათ, ამ ადამიანებმა ის საქართველო დატოვეს, რომელშიც თურმე, ბოშები საფრანგეთიდან ჩამოდიან სამათხოვროდ...
ახლა კი, ყველას უკან დააბრუნებენ მასიურად და ხელისუფლება „თითს არ გაიშვერს“ ევროპისკენ ისე, როგორც ეს მან რუსეთიდან ქართველების გამოყრის დროს გააკეთა...
- უფრო მეტსაც გეტყვით: ხელისუფლების წარმომადგენლები ჩადიან ნებისმიერ ქვეყანაში და აცხადებენ, რომ არ ჰყავთ გაჭირვებული ადამიანები, არ ჰყავთ ქუჩაში მათხოვრები, ლტოლვილები, რომლებსაც სახლები არ აქვთ, არ ჰყავთ ავადმყოფები, რომლებსაც უფასო მკურნალობა არ შეუძლიათ საქართველოში, არ ჰყავთ პოლიტპატიმრები. ქართველი ემიგრანტებისაგან ვიცი, რომ ხელისუფლება წინა წლებშიც პირდაპირ მოუწოდებდა ევროპულ ქვეყნებს - თუ რომელიმე ქართველი ამ მოტივით მოითხოვდა ევროპის ქვეყანაში თავშესაფარს, ისინი ავტომატურად გამოეყარათ იქიდან. სიტყვა „გამოყრას“ და არა - დეპორტაციას, სპეციალურად ხაზს უსვამენ ემიგრანტები.
ჩვენი ხელისუფლება უცხო ქვეყნებს ეუბნება, C ჰეპატიტიანი ხალხი არ დაიტოვოთ, რადგან ჩვენ მათ უფასოდ ვკურნალობთო. ამ დროს, მე ვიცი ფაქტები, ხალხმა სახლები გაყიდა, მკურნალობის თანხები რომ დაეფარათ. თავშესაფრის მომთხოვნებს კი, რომლებსაც სამშობლოში აბრუნებდნენ, მხოლოდ ამ დაავადების აღმოჩენის გამო მისცეს ჰუმანიტარული თავშესაფარი. ანალიზი ჩაუტარეს და მართლაც აღმოაჩნდათ ეს დაავადება, შესაბამისად, თავშესაფარიც მისცეს.
ჩემს გადაცემაში ბევრჯერ ყოფილა შემაშფოთებელი ზარები ბელგიიდან, ჰოლანდიიდან, რა დროსაც ემიგრანტები აცხადებდნენ, რომ ახალგაზრდები ცდილობენ, ერთ ადგილზე არ გაჩერდნენ, სხვადასხვა ქვეყნებში გადავიდნენ, რადგან ბევრი ფაქტი იყო, როცა ქუჩაში დაიჭირეს არალეგალები და სამშობლოში დააბრუნეს.
ხშირად მეკითხებიან ემიგრანტები: რა დავუშავეთ ჩვენს ქვეყანას ისეთი, რომ საქართველოში ხომ არ გვაძლევენ მუშაობისა, თუ ცხოვრების საშუალებას და ემიგრაციაშიც აღარ გვაჩერებენ? იმის საშუალება მაინც მოგვცენ, ოჯახები საზღვარგარეთიდან ვკვებოთო. დღეს უკვე ვდგევართ აშკარა საშიშროების წინაშე, რომ შესაძლებელია, მასიური სახე მიეცეს მათ დეპორტაციას საქართველოში.
ნინო, ყველამ კარგად ვიცით, რომ ბევრი ემიგრანტი არ მუშაობს იქ და ცოტა არ იყოს, მასპინძელი ქვეყნებიც შეწუხებულები არიან ქურდობის ფაქტებით.
-რა თქმა უნდა... მე ასეთ ადამიანებსაც შევხვედრივარ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა მითხრა, რომ იქ უმეტესად მიდიან ადამიანები, რომლებსაც აქ დაბალი ხელფასი აქვთ და უნდათ მეტი ანაზღაურება ჰქონდეთ და მერე მოტყუებული რჩებიან, ან პირდაპირ ქურდობის განზრახვით მიდიანო.
მე მინახავს ადამიანები, რომლებიც ჩასვლისთანავე უკვე ამ საქმიანობით იწყებენ ევროპულ ცხოვრებას, მაგრამ მინახავს უპატიოსნესი ადამიანებიც, რომლებსაც ვერც კი წარმოედგინათ, თუ ოდესმე რაიმეს მოიპარავდნენ, მაგრამ ცხოვრებამ აიძულათ. როცა ისინი ადგილზე ჩადიან და არ ხვდებათ დაპირებული სამსახური (აქედან ხომ არ იყვნენ მილიონებით ჩასულები? თითქმის ყველა პროცენტიანი ვალით მიდის), როცა იქ ღამის გასათევში ყოველდღე ფული უნდა იხადონ და არ აქვთ შემოსავალი, რა უნდა ქნან? საჭმელიც ხომ მაინც უნდა ჭამონ?
თუ ყოველდღე შემოსავალი არ გაქვს, თუნდაც თვეში ერთხელ, ამ დაგროვილ ვალებს არამცთუ საქართველოში, იქაც ვერ გადაიხდი, სადაც ცხოვრობ. ქალმა, რომელმაც იმ ქვეყნის სახელმწიფო ენა არ იცის, სავარაუდოა, რომ რამდენიმე თვე სამსახური ვერ იშოვნოს, ან ისეთ მოხუცთან უნდა იმუშაოს, რომელთანაც კონტაქტის დამყარება შეუძლებელია.
უამრავი ფაქტი გამიგია ასეთი საბერძნეთში, იტალიაში, თუ სხვა ქვეყნებში. ამიტომ, ეს ადამიანები ხშირად იძულებული ხდებიან, სადაც გასდით, იქ მოიპარონ. ეს სპეციფიკაც ათვისებული აქვთ ძალიან მაღალ დონეზე, მაგრამ არის მათი დაკავების ფაქტებიც. მამაკაცებს, რომლებიც სამსახურს ვერ შოულობენ, საქართველოში უსაქმოდ ყოფნას, ევროპულ ციხეში „გამოზამთრება“ ურჩევნიათ.
ამასობაში, ქართველი ერის ფსიქოლოგია გვარდება და სერიოზულად უნდა ვფიქრდებოდეთ ამ ყველაფერზე...
-რა თქმა უნდა, მაგრამ აქაც რომ უარესი ფაქტები ფიქსრდება, როგორიცაა ხატების და შემოწირულობების ქურდობა, უცხო ქვეყანაში გადახვეწილ ემიგრანტისკენ თითის გაშვერა ძნელია. თუ ადამიანი მოიპარავს საკვებს ან ნივთს, რომელიც მას სჭირდება, ოღონდ ერთ ცალს, ამ შემთხვევაში - ევროპის უმეტეს ქვეყნებში მას არ იჭერენ, რადგან თვლიან, რომ ნამდვილად უჭირს, შია და ამიტომ მოიპარა.
ბელგიაში რომ მითხრეს ეს ფრაზა, აქ მშიერი არავინ მოკვდებაო, გამიკვირდა. ამიხსნეს: რომ შეხვიდე მაღაზიაში, აიღო ერთი ნივთი, არ გადაიხადო და ისე გამოხვიდე, ამისთვის არავინ დაგიჭერს. მაგალითად, ერთ-ერთმა ქალბატონმა მაღაზიიდან გამოიტანა 9 ცალი პირადი საცვალი. მაშინვე დააპატიმრეს და უთხრეს, ერთი რომ აგეღო, ჩავთვლიდით, შენთვის გინდოდა, ამიტომ აიღე და არ დაგიჭერდითო, მაგრამ 9 ცალი უკვე იმას ნიშნავს, გასაყიდად გინდოდაო. როცა ევროპას ვედრებით, რატომ არ ვითვალისწინებთ იმას, რაც მას კარგი აქვს?
ზოგმა არც კი იცის, რა პრობლემების წინაშე მოუწევს უცხო ქვეყანაში ცხოვრება. ბევრი მინახავს, ვისაც მართლაც ვარდისფერ ფერებში აქვს წარმოდგენილი ემიგრაციაში წასვლა. ვიდრე თავად არ გავერკვიე სიტუაციაში, მეც კი მეგონა, იმიტომ არის საკონსულოებში ამხელა რიგები, ალბათ, ვინც მიდის, ყველა კარგად ცხოვრობს-თქო. გერმანიაში ახალგაზრდა გოგონამ თავიც კი მოიკლა, იმის გამო, რომ სულ სხვა სიტუაციაში აღმოჩნდა და უმუშევარი დარჩა.
როცა ჩავედი და ადგილზე გავეცანი ემიგრანტების ცხოვრებას, შემდეგ მივხვდი, რაც ხდება ემიგრაციაში. სწორედ, გაუაზრებელი ნაბიჯის გადადგმის გამო, ბევრი ტრეფიკინგის მსხვერპლიც კი გახდა. თუმცა, საზღვარგარეთ წასულ ადამიანებს, ერთი იმედი ასულდგმულებთ, ამაზე უარესი არსად შეიძლება იყოს, ვიდრე საქართველოშია.
ჩადიხარ თუ არა, პირველივე დღე იწყება პრობლემით. მაგალითად, საბერძნეთში არის გრაფიოები (ოფისები) შექმნილი - დასაქმების ბიუროცაა და ფოსტის მაგვარიც (ზოგიერთი „გრაფიოდან“ ამანათებს აგზავნიან, ბილეთებს ყიდულობენ). იქ ცხოვრობენ ქართველები, რომლებიც დიდი ხანია წასულები არიან და კარგად მოიკიდეს იქ ფეხი, ახლა კი, ახლადჩასულებს უკვალავენ გზას. იღებენ გასამრჯელოს: ბინის გაქირავებაში, კვებასა და სამსახურში მოწყობაში.
ახალი ჩასული ქართველები, რომლებმაც ბერძნული ენა არ იციან, ზოგჯერ თვეების განმავლობაში ელოდებიან შესაბამის სამსახურს, რომ როგორმე თავიანთი დანაზოგი გამოუგზავნონ ოჯახის წევრებს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ პროცენტიანი ვალებით არიან წასულები და ახალი ვალები ემატებათ ადგილზეც, ვიდრე მუშაობას დაიწყებენ, ყოველდღე 5-6 ევრო აქვთ გადასახდელი. იტალიაში კიდევ უფრო მაღალია ეს თანხა.
ნინო, რა საშინელ სურათსაც შენ ახლა ხატავ, ხელისუფლების წარმომადგენელი რომ ვიყო, მოგიბრუნდებოდი და გეტყოდი, სწორედ მაგიტომ ვეუბნებით, რომ დაბრუნდნენ...
-სად აბრუნებთ, სად - ვინმემ იცის? რამდენი ადამიანი ვიცი, საქართველოში იმიტომ, რომ ჩამოვიდა - პრეზიდენტმა მოუწოდა, ჩამოდით სამშობლოში, თქვენნაირი სპეციალისტებია საჭიროო. ეს ხალხი ჩამოვიდა, ყველამ, თავ-თავისი სპეციალობის მიხედვით, შესაბამის სტრუქტურას მიაკითხა, ზოგმა წერილი გაგზავნა - მოკლედ აატალახეს სამინისტროების კარები, მაგრამ რომ ვერ დასაქმდნენ, რამდენიმე თვის ლოდინის შემდეგ - დაზოგილი ფულიც დაეხარჯათ და ისევ ემიგრაციის გზას გაუდგნენ, ან წასვლა ვერ მოახერხეს და დეპრესიაში ჩავარდნენ. ბევრმა ასეთი პასუხიც მიიღო, თქვენი ასაკის ადამიანს ვერ დავასაქმებთო.
ეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტების“ ხელმძღვანელმა მომაწოდა, რომელიც უკვე, წელიწადზე მეტია საქართველოში დასაქმებას ვერ ახერხებს. მის ორგანიზაციაში გაწევრიანებული 1800 მობრუნებული ემიგრანტიდან, 700–ზე მეტი ისევ ემიგრაციაში წავიდა. რამდენიმე დღის წინ კი, მან აეროპორტში ახლობლის გაცილებისას, 80 მგზავრში 50 ემიგრანტი აღმოაჩინა, აქედან 30 - მეორედ მიდიოდა საზღვარგარეთ სამუშაოს საძებნელად. უმეტესობა ევროპის ვიზებით აპირებდა საქართველოს დატოვებას. რამდენიმე კი - უვიზოდ, უკრაინიდან და ბელორუსიიდან აპირებს ევროპაში შეღწევას.
ცალკე საუბრის თემაა პოლონეთის მიმართულებით გახსნილი არხი, რომლის დახმარებითაც, ზოგჯერ ერთ ღამეში 160–200 ქართველი დაუკავებიათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე. ჩვენი ხელისუფლება კი გვიმტკიცებს, რომ ბევრად უფრო მეტი ქართველი ბრუნდება უკან, ვიდრე სამშობლოდან მიდის“.