12 წლის წინ თანამედროვე მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი მძიმე დანაშაული და მსოფლიოს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მუქარის გზავნილი იყო.
ტერაქტს ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ჩადენილი უპრეცენდენტო დანაშაული დღემდე კაცობრიობის ჯანსაღი ნაწილის ტრაგედიად რჩება. მსურს, მივუსამძიმრო 11 სექტემბერს დაღუპულთა ოჯახებს, ამერიკელ ერს და აშშ-ის მთავრობას დღევანდელი დღე.
ამერიკის შეერთებული შტატები მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ზრუნავდეს ხელისუფლება საკუთარი ხალხის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ ტერორიზმს გაერთიანებული ძალებით უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ გვეამაყება, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
ქართველი სამხედროები პარტნიორ ქვეყნებთან ერთად დღესაც ავღანეთის მიწაზე საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად იბრძვიან. დარწმუნებული ვარ, რომ ტერორიზმს ერთობლივი ძალებით დავამარცხებთ, რაც მშვიდობიანი მსოფლიოს გარანტიაა.