ყაზახი ინვესტორები ,,ზარალას’‘ უჩივიან?!

ყაზახი ინვესტორები ,,ზარალას’‘ უჩივიან?!

რაში სდებენ ბრალს უცხოელები ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს

,,ვერსიის’‘ წყაროს ინფორმაციით, გიორგი რამიშვილს, იგივე ,,ზარალას’‘ ყაზახი პარტნიორები პროკურატურაში უჩივიან. მიზეზი ისაა, რომ ,,ბი თი ეი ბანკის’‘ მმართველმა რამდენიმე მილიონი აშშ დოლარი მიიტაცა და მიიმალა. ფულის დატაცებასა და მიმალვაში ბანკის მმართველს ,,ზარალა’‘ ეხმარებოდა.

ნავთობი, გაზი, სარკინიგზო გადაზიდვები, სატელეფონო და ინტერნეტსერვისი, საბანკო სექტორი, მშენებლობა, გაყინული ხორცი და ქათამი, ბრინჯი, შაქარი, სამშენებლო მასალები _ ეს იმ ბიზნესების არასრული ჩამონათვალია, რასაც გიორგი რამიშვილი, იგივე ,,ზარალა’‘ ფლობს საქართველოში. ყოფილ ,,მხედრიონელს’‘, რომელიც როგორც ცნობილია, ,,ვერის საძმოში’‘ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, ნაციონალურ მოძრაობაში, მისივე მეგობარი, ასევე ყოფილი ,,მხედრიონელი’‘ ნიკა რურუა მფარველობდა. თუმცა ,,ზარალა’‘ არც სააკაშვილისგან უჩიოდა უყურადღებობას. გიორგი რამიშვილის სახელი ნავთობკომპანია ,,სილქროუდ გრუპს’‘ უკავშირდება, რომელიც 1998 წელს დაფუძნდა. ,,სილქროუდ გრუპის’‘ შემადგენლობაში შედის ,,სილქნეტი’‘, ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია’‘, ,,რედისონ ბლუ ივერია’‘ (თბილისში), ,,რედისონი’‘ (ბათუმში), ,,ბი თი ეი ბანკი’‘, წინანდლის კომპლექსი და საინვესტიციო კომპანია ,,დი ესი’‘.

კომპანია ,,დი ესი’‘-ს საქართველოში განხორციელებული პროექტებია: ტურისტული კომპლექსი ქობულეთში, საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსი ქობულეთში, ბათუმში, ჩაქვში, ციხისძირსა და მწვანე კონცხზე. ასევე საცხოვრებელი კომპლექსი ,,საქანელა’‘ თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ ,,ზარალას’‘ ნიკა რურუა და, უშუალოდ, სააკაშვილი მფარველობდნენ, 2005 წლის მაისში, უშიშროების მაშინდელი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მითითებით, ,,ზარალა’‘ საკუთარ სახლში დააპატიმრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდების სახით ორი მუხლი _ იარაღის უკანონო ტარება და გადასახადებისგან თავის არიდება წაუყენეს, მაგრამ აღარ გაასამართლეს და მალევე გაათავისუფლეს. ამ ამბიდან სამი წლის თავზე, 2008 წელს ჯერ ,,ზარალას’‘ მეგობარი ლევან კაჭარავა, იგივე ,,ტილიკა’‘ დააკავეს აეროპორტში, რამდენიმე დღეში კი ,,ზარალაც’‘ ზედ მიაყოლეს. ოღონდ, არც ,,ტილიკას’‘ და არც ,,ზარალას’‘ დაპატიმრება სამართალდამცავებს ოფიციალურად არ გაუხმაურებიათ. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, რადგან ,,ტილიკამ’‘ თავისუფლების სანაცვლოდ, საკუთარი წილი ,,თბილისის წყალში’‘, პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენების _ შარანგიების სასარგებლოდ დათმო.

უცნობია, კონკრეტულად რა წილი ,,დათმო’‘ ,,ზარალამ’‘, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დაკავების შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, ყაზახებმა საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობა, ანუ ,,სილქროუდ გრუპი’‘ გააუქმეს. იმ პერიოდში, ,,სილქროუდ გრუპს’‘, კონკრეტულად ,,ზარალას’‘ თბილისში, ,,ტრამპთაუერი’‘ უნდა აეშენებინა. მართალია, მაშინ სააკაშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის დეტალები მედიამ აქტიურად გააშუქა, მაგრამ სინამდვილეში, ტრამპს საქართველოში ინვესტიიცის სახით, ცენტიც არ ჩაუდია. რეალურად, საქართველოს ხელისუფლებამ დონალდ ტრამპისგან მხოლოდ ბრენდის სახელი შეიძინა, რათა დასრულებული ობიექტისთვის სახელი ,,ტრამპი’‘ მიენიჭებინათ. ტრამპის სახელი ქართულ მხარეს 250 000 000 აშშ დოლარი დაუჯდა და გავრცელებული ინფორმაციით, ეს თანხა სწორედ ,,ზარალამ’‘ გადაიხადა. როგორც ჩანს, ყაზახები ამ ფაქტმა აღაშფოთა, რადგან ,,სილქროუდ გრუპს’‘ ოფიციალურად ,,ტრამპთაუერის’‘ აშენების ვალდებულება არ ჰქონია. ბოლო დროს, ყახაზებსა და ,,ზარალას’‘ შორის დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია. ,,ვერსიის’‘ ინფორმაციით, გიორგი რამიშვილის წინააღმდეგ, ყაზახმა ინვესტორებმა ყაზახეთის პროკურატურაში შეიტანეს სარჩელი. სინამდვილეში, ყაზახები ,,ბი თი აი ბანკის’‘ ყოფილ მმართველს უჩივიან, რომელმაც ბანკიდან რამდენიმე მილიონი აშშ დოლარი გაიტაცა და მიიმალა. ბანკის მმართველს ამ საქმეში, კრიმინალური წარსულის მქონე ბიზნესმენი ,,ზარალა’‘ დაეხმარა. წყაროს ინფორმაცია ,,ვერსიამ’‘ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაამოწმა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ხათუნა პაიჭაძის თქმით, უწყებაში ამ საკითხთან დაკავშირებით, არავინ არაფერი იცის, რადგან ყაზახ ინვესტორებს საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის არ მიუმართავთ და არჩილ კბილაშვილის უწყებას ჯერ არც ყაზახი კოლეგები დაკავშირებიან.