გაფუჭებული სახელმძღვანელოს ყიდვა მშობელს დაევალება

გაფუჭებული სახელმძღვანელოს ყიდვა მშობელს დაევალება

განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების დარიგება დაასრულა. ახლა მშობლებთან სპეციალური მიღება-ჩაბარების გაფორმება მიმდინარეობს. თუკი მოსწავლე წიგნს გააფუჭებს, მისი შეძენა მშობელს დაევალება.

ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს 16 სექტემბერს სახელმძღვანელოები უფასოდ დაურიგდება. სახელმძღვანელოებს 2013-14 სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით 2 084 საჯარო სკოლის 650  ათასი მოსწავლე მიიღებს. უფასო სახელმძღვანელოებით კერძო სკოლების სოციალურად დაუცველი მოსწავლეები ისარგებლებენ.

სკოლამ სახელმძღვანელოები სამჯერადად, ანუ სამი წლის განმვალობაში უნდა გამოიყენოს. შესაბამისად, მისი მოფრთხილება ყოველ მშობელს სპეციალური მიღება-ჩაბარება აქტით დაევალა, რაც თითოეული მათგანს ერთგვარი დისკომფორტი და კომპლექსიც კი შეუქმნა. მშობლებს სკოლებში კონსულტაციებსაც კი უტარებენ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს წიგნი დაზიანებულად და გამოუსადეგარად.

პედაგოგები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად მკაცრი ხელშეკრულებისა, საგანგაშო აქ არაფერია.

“ეს ხელშეკრულებები საკმაოდ მკაცრი რომ არის, ეს უკვე ცნობილია ყველასთვის.  ხელშეკრულება ეხება იმას, თუ როგორ უნდა მოუაროს წიგნს მოსწავლემ. სკოლის სახელმძღვანელოს უკან ჩაბარების შემდეგ სახელმძღვანელო სპეციალური ქულებით შეფასდება თუ როგორი წიგნი დააბრუნა. შესაბამისად, შეფასების სისტემა მშობელმა წინასწარ უნდა იცოდეს, რა შემთხვევაში ჩაითვლება წიგნი დაზიანებულად. 

საპანიკო არაფერია. თუკი ბავშვი გააფუჭებს და დახევს წიგნს, შესაბამისად მშობელმა კეთილი უნდა ინებოს და აღადგინოს.  მშობლის ნაყიდი რომც იყოს წიგნი, დაზიანების შემთხვევაში შვილს ახლი ხომ უნდა უყიდოს?! ანუ ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ბავშვმა ისწავლოს სახელმძღვანელოს მოვლა. რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლოა და ეს გარკვეულ კომპლექსს უქმნის მშობელს, მაგრამ სახელმძღვანელოს მოვლა არ უნდა იყოს საგანგაშო. მე, პირადად, 2 მოსწავლე მყავს სახლში და აღფრთოვანებულნი არიან, რომ უფასოდ ექნებათ სახელმძღვანელოები”, - აცხადებს ლალი გილიგაშვილი, 207-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

“ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახალი უფასო სახელმძღვანელოების ტირაჟი საჯარო სკოლების ყველა მოსწავლისთვისაა გათვლილი, ხოლო შარშანდელი სასკოლო სახელმძღვანელოები მხოლოდ გაუთვალისწინებული შემთხვევებისთვის არის გათვალისწინებული.

“ვთქვით, რომ ყველა ბავშვს ექნება სახელმძღვანელო უფასოდ და ეს ასეცაა. რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა შარშანდელი სახელმღვანელოების გამოყენება, განათლების სამინისტროში გადავამოწმე ინფორმაცია, რომ ყველა ბავშვს დაურიგდება ახალი წიგნები და შარშანდელი ტირაჟი გამოყენებული იქნება მხოლოდ როგორც გარკვეული დაზღვევის საშუალება იმ შემთხვევებში, სადაც შესაძლებელია მოხდეს გარკვეული გაუთვალისწინებელი შემთხვევები.  ყველა ბავშვს ექნება უფასო სახელმძღვანელო, ეს ყველაფერი დასტამბულია. ეს იყო პროექტი, რომელმაც რეალურად შეცვალა ყოფა ყველა სკოლაში.

მხოლოდ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის არის განკუთვნილი შარშანდელი ტირაჟი. ამხელა დიდ პროექტში, შესაძლოა, იყოს რაღაც მცირე პროცენტი გაუთვალისწინებული შემთხვევებისა და სადღაც იყოს საჭიროება წინა წლის წიგნის გამოყენების საჭიროება”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური აღნიშნავს, რომ სამინისტროს აქვს ბაზები თუ რომელ სკოლაში რამდენი სახელმძღვანელოა საჭირო, თუმცა სკოლებში მოსწავლეთა გადასვლა-გადმოსვლის გამო, ზოგიერთ მათგანში მეორადი სახელმძღვანელოების დარიგება გახდა საჭირო.

“ჩვენი გათვლით, ახალი და მეორადი წიგნების შერევა რამდენიმე სკოლაში გახდება საჭირო და საერთო რაოდენობის 0.1%-ს არ გადააჭარბებს. მეორადი სახელმძღვანელოების გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაშია სავალდებულო თუ სკოლებში მოსწავლეთა მობილობის რაოდენობა მაღალია და ახალი სახელმძღვანელოების რაოდენობა არ არის საკმარისი. ყველა სკოლას დაევალა, ასეთი კრიტიკული სიტუაციებისთვის შარშანდელი კარგ მდგომარეობაში მყოფი სახელმძღვანელოები დაარიგოს.

გარდა ამისა, რესურსცენტრებს მიეცათ მითითებები, თუ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე რომელიმე სკოლას მობილობის გამო ექნება სახელმძღვანელოების დანაკლისი, კანონმდებლობის შესაბამისად თვითონ უნდა მოახერხონ სკოლებს შორის სახელმძღვანელოების გადაცემა”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, დაუშვებელია, ერთმა მოსწავლემ მხოლოდ ახალი წიგნები მიიღოს, ხოლო მეორე მოსწავლემ მხოლოდ მეორადი წიგნები. მოსწავლეებზე მეორადი და ახალი წიგნები პროპორციულად გადანაწილდება.

საქართველოში სულ 558 457 მოსწავლეა. აქედან 505 544 მოსწავლე საჯარო სკოლაში სწავლობს, ხოლო 52 913 მოსწავლე - კერძო სკოლაში.