ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები იქმნება, რომლის ადმინისტრაციაშიც 44 ადგილობრივი მოსახლის დასაქმება იგეგმება. ახალი დაცული ტერიტორიის შექმნისთვის დაახლოებით 8,5 მილიონი ევრო დაიხარჯება, რომელიც გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტომ, გრანტის სახით, საქართველოს გამოუყო.
ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებს მიკუთვნებული ტერიტორიის და სხვა ბუნებრივი რესურსების, ასევე ისტორიული ძეგლების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირების მიზნით, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა, რომლის ავტორიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისია, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში უკვე შევიდა, რომლის მიღებაც სექტემბერის ბოლომდე იგეგმება.
საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს - ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს, როშკის ბუნების ძეგლს, ასას აღკვეთილსა და ფშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას (დამხმარე ზონა).
კანონპროექტში განმარტებულია, რომ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები კავკასიონის ქედის ჩრდილო და სამხრეთ კალთებზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მოიცავს - მდინარეების ასას, არღუნის, ანდაგისწყალის, ხევსურეთის არაგვის და ფშავის არაგვის ხეობებს.
პროექტის მიხედვით, დაცული ტერიტორიების შემადგენელი ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ფართობი 79 879 ჰექტარს შეადგენს, როშკის ბუნების ძეგლის 133 ჰექტარს, დამხმარე ზონა კი, პარკის პერიმეტრის შიგნით არსებულ დასახლებულ პუნქტებს - ანატორი, მუცო, კისტანი, ლებაისკარი, კალოთანა, ამღა, ჭიმღა, ანდაქი, ქინო, ბინდაურთა, არჭილო, ჩეჩქეთი, შატილი, არდოტი, ღორღუ, კვირიაწმინდა, გურო მოიცავს. ასევე, მოიცავს პარკის პერიმეტრის მიღმა არსებულ სოფლებს - უკანაფშავი (ჭალახევი), უკანაფშავი (ვაკისსოფელი), ორბეულთა, ხორიელი, ხოშარა, აყნელი, მისახი, ხიტალე, ბაცალიგო, ჩხუბა, უკანაფშავი (ელია-გზა), უკანხადუ, კარწაულთა, აჭე, ხახმატი, ბისო, ატაბე, წინხადუ (ზეისტეჩო), წინხადუ, უსტამალაე, კეო, ბარისახო, ბოჩქვილო, ჭალისოფელი და ბლო.
რაც შეეხება კანონის ძირითად ამოცანებს, ინიციატივის ავტორთა განმარტებით, მოხდება ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი ეკოსისტემების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება. ასევე, უზუნველყოფილი იქნება განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგის განხორციელება. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს - ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვა-აღდგენა და უნიკალური ეკოსისტემების დაღუპვისაგან გადარჩენა.
ამას გარდა, კანონის მიხედვით, ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ასევე უზრუნველყოფილი უნდა იქნას - ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის და სხვა დარგების მდგრადი განვითარება. ასევე, პროექტით, ხელშეწყობილი უნდა იქნეს - ხალხური შემოქმედების ტრადიციათა შენარჩუნება და განვითარება.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღება 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 293 000 ლარის გამოყოფას ითვალისწინებს, საიდანაც ადმინისტრაციაში დასამქმებული 44 პირის შრომით ანაზღაურებაზე 243 000 ლარი გაიცემა, ხოლო საქონლისა და მომსახურების გაწევისთვის 50 000 ლარი.
კანონპროექტის ავტორთა პროგნოზით, ინიციატივა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებით გავლენას იქონიებს, ვინაიდან იგი ხელს შეუწყობს ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიებზე ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკრეაციული პოტენციალის სრულად გამოყენებას, რაც მათი განმარტებით, თავის მხრივ, უახლოეს მომავალში, მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყაროდ შეიძლება იქცეს, როგორც საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც.
პროექტის ავტორების მსგავსად, ინიციატივის პოზიტიურ შედეგებზე საუბრობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ცვლილებები მთის განვითარების წინაპირობაა.
როგორც for.ge-ს ცაგარეიშვილმა განუცხადა, ფშავ-ხევსურეთს გადარჩენა სჭირდება, მთას კი - მოსახლეობის დაბრუნება.
მისი შეფასებით, როგორც კი, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები შეიქმნება, ის დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში მოხვდება.
„დამერწმუნეთ, უამრავი ეკოტურისტი ჩამოვა და ამ პროექტით, ადგილზე ძალიან ბევრი პრობლემა მოგვარდება. ახალი ტურისტული მარშრუტები შეიქმნება. ასევე, დაცული ტერიტორიების გარშემო ე.წ. ტრადიციული გამოყენების ზონა იქმნება, სადაც უამრავი კომპანია შევა, რომლებიც სხვადასხვა სახის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებენ. ეს იქნება რძის პროდუქტები, კეკროვანი ხილის წარმოება, თუ თაფლის. მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის ძალიან დიდი პერსპექტივა არსებობს. მსგავსი რამ, თუშეთში განხორციელდა, რომელიც უნიკალურია. თქვენ წარმოგიდგენიათ, ადმინისტრაციაში 44 ადამიანის დასაქმება, რას ნიშნავს?!“, - აცხადებს დეპუტატი, რომელიც 21 სექტემბერს, გარემოს დაცვის მინისტრთან, ახმეტის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურთან და ირაკლი ტრიპოლსკისთან ერთად ფშავ-ხევსურეთს ეწვევა, სადაც ადგილობრივებს საკანონმდებლო წინადადებას გააცნობს.
ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები თუ მართლაც შეიქმნა, ამ ისტორიული და უნიკალური მხარის განვითარებისთვის, ეს მნიშვნელოვანი ტრამპლინი იქნება, რადგან შატილის გარდა, ფშავ-ხევსურეთის სხვა სოფლებში არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ზოგიერთ სოფელში თითო-ოროლა ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც საკუთარი კუთხის ერთგულება მძიმე პირობებში უწევთ.