პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის მშენებლობის სკანდალი გრძელდება. რამდენიმე დღის წინ, კომპანია "არტესის" ახალმა მფლობელმა, აშშ-ს მოქალაქე მალხაზ ალავიძემ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას პროექტის უკანონოდ ჩამორთმევის გამო სასამართლოში უჩივლებს. მალხაზ ალავიძემ "არტესის" 100%-იანი წილი 2013 წლის 28 იანვარს იყიდა, როცა "არტესთან" დაკავშირებული სკანდალის კიდევ ერთი გმირი, გია ნაცვლიშვილი კომპანიაში მიწვეულ კონსულტანტად უკვე აღარ მუშაობდა. მალხაზ ალავიძე სკანდალს "ვერსიისთვის" ექსკლუზიურად მიცემულ ვრცელ ინტერვიუში აგრძელებს და აცხადებს, რომ საქმის კურსში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი უკვე ჩააყენა, შეშინებული დავით ნარმანია მის კომპანიას ხელს ტყუილად ახოცავს და პრემიერს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
- შემოთავაზება "არტესის" დამფუძნებლის, ზაზა კაპანაძისგან მივიღე, რომელიც დღეს აღარაა კომპანიაში ისევე, როგორც გია ნაცვლიშვილი. აშშ-ში ვცხოვრობ, დამირეკეს, მითხრეს, რომ არის ბიზნესი, რომელიც იყიდება და ჩამოვედი. ამ ბიზნესის გარდა, მათ კიდევ რამდენიმე ბიზნესი აქვთ და ერთ-ერთში, დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზეა საუბარი, ასევე, პარტნიორები ვართ. ეს ჩვეულებრივი ბიზნესგარიგება იყო და მე, როგორც ბიზნესმენს, უფლება მქონდა, კომპანია მეყიდა.
- ისიც ვაღიაროთ, რომ ეს კომპანია ძალიან იაფად, 1,3 მილიონად გიყიდიათ.
- კი, ძალიან კარგ თანხად შემომთავაზეს. ეს ძალიან სერიოზული კომპანია იყო თავისი აქტივებითა და პასივებით, მაგრამ დიდი პრობლემებითაც, ამიტომ აუდიტორული ფირმა დავიქირავე და ზუსტად ერთი თვე მოვუნდით ყველაფრის შემოწმებას, რაშიც 18 000 ლარი დავხარჯე. ამ ფირმამ დადო დასკვნა, რომ კომპანია ნამდვილად ღირს 1,3 მილიონი და მეც ვიყიდე.
- უხეშად ვიკითხავ - ეს ფირმა ასე იაფად იმიტომ ხომ არ "შემოგტენეს", რომ ახალ ხელისუფლებასთან ვერ თანამშრომლობდა?
- აბსოლუტურად არაფერია ამ კითხვაში უხეში. მეგონა, ამ ქვეყანაში ძველი დრო დამთავრდა. იმედი დღესაც არ დამიკარგავს, რომ კომპანიას უსამართლოდ არ დამიჩაგრავენ. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, და მისდა სამწუხაროდ, ბატონმა დავით ნარმანიამ უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო! მისი წინამორბედი, ბევრად კომპეტენტური იყო. საქმე ხომ შედეგით იზომება. არადა, გულითა და სულით მინდა, ნარმანია იქნება თუ რომელიმე ახალი მინისტრი, წარმატებული იყოს. ამ იმედით მოვედით აქამდე! ჩემს ქვეყანაში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩამოვედი, რადგან მანამდე სამართლიანობის პრინციპი დაცული არ იყო...
- ახლა ეს პრინციპი დაცულია?
- ასე არ შეიძლება! ბატონ დავითს ნამდვილად ჰქონდა შიში და ეს არც დაუმალავს: პრეზიდენტის სასახლე უნდა გადაკეთდეს, ვადები არ უნდა დაირღვეს, ეს უნდა იყოს პრიორიტეტიო. ჩემთვისაც ნამდვილადაა პრიორიტეტი, იმის მიუხედავად, გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს თუ ნინო ბურჯანაძე. თუმცა მაინც იმედი მაქვს, მარგველაშვილი მოიგებს. თვითონ ნარმანიაც აღიარებს, რომ მშენებლობის პროექტი არ აქვს. ყოველდღე მიცვლიან მშენებლობის გეგმასაც. აი, ეტყვიან ჩემს მენეჯერს, ილო ცხოიძეს, იცი რა, დღეს მესამე ლიფტის შახტა დაემატაო. ან მირეკავენ და მეუბნებიან, დაცვის სამსახურმა გადაწყვიტა, აქ კიდევ ერთი ლიფტი დაამატოს, რადგან ასე სჭირდება პრეზიდენტის სასახლესო. მერე მეუბნებიან, აქ უნდა იყოს ტყვიაგაუმტარი მინებიო - ეგეც არაა პრობლემა. თურმე, დაცვის სამსახურმა გადაწყვიტა, რომ მეზობლად ორი კორპუსი რეზიდენციის ეზოს გადმოჰყურებს და ესეც არ შეიძლება.
- ეგ პროექტი ჯერ დაცვის სამსახურმა რომ დაასრულოს და მერე განაგრძოთ მშენებლობა, ასე არ გამოვა?
- მე მეტს კი არაფერს ვითხოვ! მარჯვენა და მარცხენა ფლიგელის მეზობლად მოსახლეობა ცხოვრობს და არ შეიძლება, მათი საცხოვრებლის ფანჯრები პრეზიდენტის სასახლის ეზოში გამოდიოდეს. პროტოკოლით ასეა გათვალისწინებული - არ შეიძლება, ვიყო ვიღაც სიმონა და ვხედავდე, აუ ჩემს პრეზიდენტთან ობამა ჩამოვიდაო. თვითონ ეს პროექტი სახელმწიფოს მხრიდან არაა დახვეწილი და არ შეიძლება, ჯოხი მარტო ჩემს კომპანიაზე გადატყდეს!
- გარდა იმისა, რომ შენობა ორბელიანების სასახლეა, ჯერ აშშ-ს ყოფილი საელჩო იყო, მერე კონსტიტუციონალიზმის ცენტრი, შემდეგ პრემიერის რეზიდენცია უნდა ყოფილიყო, ახლა - პრეზიდენტის რეზიდენცია ხდება. ეს ყველაფერი რა ხარჯებთანაა დაკავშირებული?
- ჩვენი პროექტი, თავიდან ბოლომდე, 21 მილიონი ლარი ჯდება. მეამაყება, რომ რაღაც კეთდება, არ აქვს მნიშვნელობა, მე გავაკეთებ თუ - სხვა, უბრალოდ, გული ერთადერთ რამეზე მწყდება და ამას ხმამაღლა ვამბობ: მინისტრის განცხადება უპასუხისმგებლო იყო და საკუთარი შეცდომების გამოც ხომ არ შეიძლება, მარტო მე მეჩხუბო?!
მიშა სააკაშვილს პირადად ძალიან კარგად ვიცნობ. უტიფარი კაცი იყო - შეეძლო, ვიღაცასთან საჯაროდ ეჩხუბა. მიუხედავად იმისა, რომ მიშას დროს ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და დღესაც დარწმუნებული ვარ, თავისი ქვეყნისთვის კარგი უნდოდა, ეს უტიფრობა ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით, თბილისელებმა არ აპატიეს. ხომ არ შეიძლება, დღეს მინისტრმაც იგივე უტიფრობა გამოავლინოს?! ან მე საერთოდ რაზე მელაპარაკები, როცა ერთი წელია, მინისტრი ხარ და საერთოდ არაფერი გაგიკეთებია! მინდა, დავით ნარმანიაც, ირაკლი ალასანიაც, ბუკა პეტრიაშვილიც, რომელიც ჩემი მეგობარია, წარმატებულები იყვნენ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, ყველაფერზე ხელი მე შემახოცონ? რა დავაშავე?!
არქიტექტურული ნახაზი არ მაქვს, მშენებლობის პროექტი არ მაქვს, მოდიხარ და მეუბნები, ეს უნდა გააკეთოო და ვაკეთებ - აი, ასე ვმუშაობ, როგორც, ჩვენდა სამწუხაროდ, ნაციონალების დროს მუშაობდნენ. გულითა და სულით მინდა, ეს ამბავი პრემიერმაც გაიგოს!
- ნარმანიას თავს ცალმხრივად ესხმით, არადა, მინისტრმა თქვა, რომ 16 მილიონი უკვე გადაგიხადათ და ამ თანხის შესატყვისი სამუშაო არ შეგისრულებიათ. ასეა?
- ნარმანიას იცით, რა უთხარით - შენ არაფერი გადაგიხდია-თქო. შენ 16 მილიონი ახლაც არ გაქვს ანგარიშზე-თქო.
მივმართავ ნარმანიას ახლა თქვენი გაზეთის საშუალებით: შენ ფული არ გაქვს! მართლა ჩაირიცხა ამ უპატრონო კომპანიის ანგარიშზე 16 მილიონი, რომელიც არც მე მინახავს და არც დავით ნარმანიას. ორივე "აუტსაიდერები" ვიყავით, ახლა ვეუბნები ნარმანიას - ამ 16 მილიონს წინ დაგილაგებ, ოღონდ, ტყუილად ნუ დამჩაგრავ-მეთქი, მაგრამ არ ესმის! მაგ 16 მილიონიდან 11 მილიონი ქვეკონტრაქტორებს გადაუხადეს - ეს ფული ავანსებზე, ლიფტებზე, კონდიცირებაზე წავიდა, მარტო ავეჯი 5 მლნ დაჯდა.
- როცა პროექტი თქვენ ჩაგბარდათ, მშენებლობა რა დონეზე იყო მისული? ან ამ 16 მილიონს წინ როგორ დაულაგებთ?
- ჯერ ერთი, საერთოდ, სამარცხვინო იყო ნაციონალების დაწყებული მშენებლობის გაგრძელებამდე გაკეთებული განცხადებები - ფუფუნების უფლებას თავს ვერ მივცემთო, მაგრამ ახალი ხელისუფლება მოვიდა და მშენებლობა გააგრძელა. ეგ განცხადება საერთოდ რა გასაკეთებელი იყო, ორბელიანების სასახლე ხომ მიშასი არ არის და მისი მშენებლობა მაინც უნდა დასრულდეს?! მიმაჩნია, დავით ნარმანიამ გადაწყვიტა, რომ ჩემი კომპანია აბსოლუტურად უსაფუძვლოდ უნდა დაეჩაგრა.
- თქვენს კომპანიას მეტისმეტად "ნაციონალური" ბეგრაუნდი აქვს: სიღნაღის რეაბილიტაცია, ქუთაისის მოედანი, აღმაშენებლის გამზირი და ა.შ. ყველა ის პროექტი, რითაც სააკაშვილი ამაყობს, მას უკავშირდება. რატომ უნდა აუშენოს ასეთმა კომპანიამ "ივანიშვილის ახალ პრეზიდენტს" რეზიდენცია - ამ "ჩაგვრაში" პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავთ?
- რაბათის ციხეც ამ კომპანიამ ააშენა, თელავიც, მცხეთაც - აბსოლუტურად გეთანხმებით. პოლიტიკურ მოტივს როგორ ვერ ვხედავ და გეტყვით ერთ რამეს: ყოფილმა დამფუძნებლებმა წასვლის წინ ასევე პოლიტიკური განცხადება გააკეთეს, რადგან ამ მოტივს ისინიც ხედავდნენ - აბა, 600-მილიონიანი ბრუნვის მქონე კომპანია 1,3 მილიონად რატომ გაიყიდებოდა?! ბიზნესს პოლიტიკოსების შეცვლა არ უნდა ეხებოდეს და როდემდე უნდა ვიცხოვროთ უწესო ქვეყანაში - დავიღალე! ღმერთმა დამიფაროს, გასაქცევად მქონდეს საქმე, თორემ მე გასაქცევი კი მაქვს, უბრალოდ, გაქცევას არ ვაპირებ!
ჩემი კომპანია ფინანსურმა პოლიციამაც შეამოწმა და შემოსავლების სამსახურმაც - ხომ გავიარეთ ეს ყველაფერი, კიდევ რაღაც დარტყმების ქვეშ რატომ გვაყენებენ?!
- როგორც ვიცი, საუბარია თქვენი მხრიდან ვადების გადაცილებაზე, თუმცა, თუკი თქვენ ვადა 1 ნოემბრამდე გქონდათ და შენობის დასრულება ასე ეჩქარებოდათ, გაუგებარია, ახალ კომპანიას ვადა 1 მაისამდე რატომ გაუწიეს?
- ახლა ეს ორმაგი სტანდარტი არ არის? 1 ნოემბრამდე მაგ პროექტს, თავის დამატებებით, დედამიწის ზურგზე მაინც ვერავინ მოასწრებდა. ნარმანიას სიტყვა ჰქონდა ნათქვამი, რომ რეზიდენციას 1 ნოემბერს დაასრულებდა, მაგრამ მე რა შანსიც მაქვს, ახლავე ქალად ვიქცე, ისეთივეა ამ შენობის დასრულების შანსიც! პრეზიდენტი ტუალეტში ხომ უნდა შევიდეს, ნოემბერში რომ დაჯდება იმ შენობაში, ხომ უნდა გათბეს, თბილმა ჰაერმა ხომ უნდა დაუბეროს?! ელემენტარულად, კამბოჯას პრეზიდენტი რომ მოგადგება რეზიდენციასთან, ვიღაც მეზობელმა თავზე ხომ არ უნდა გადმოგაშარდოს, გადმოგაფურთხოს, ან სიგარეტის "ბიჩოკი" გადმოგიგდოს?! ჩემი ეზოა და თუ მინდა, "გარშოკიდან" გადმოვასხამ რაღაცას, მაქსიმუმ, მერიამ დამაჯარიმოს!
- ისე, იმ სამეზობლოს რას უპირებდით, გასახლებას?
- ეგეც კი არ იყო შეთანხმებული. მინიმუმ, მაცხოვრებლებისგან ფართი ხომ უნდა გამოისყიდო?! გული მარტო იმაზე მწყდება, რომ ამ შენობის ირგვლივ არსებული საქმეების 80% სამინისტროს დასალაგებელი იყო და მე რატომ მომახრჩეს?!
- აქ ისაა საინტერესო, თქვენს მერე რომელ კომპანიას უნდა გადაეცეს ეს პროექტი?
- არ ვიცი, არც მიკითხავს და არც მაინტერესებს. რომ ვიცოდე, ნარმანია ამ პროექტს სხვას პირადი ინტერესის გამო აძლევს, აუცილებლად ვიტყოდი, მაგრამ მართლა არ ვიცი. ახლა მაგარ რამეს მოგიყვებით: მე და დავით ნარმანია რეზიდენციის შენობის მეხუთე სართულზე ვიდექით, კამერების გარეშე და მეუბნება - თქვენ ფინანსური პრობლემები გაქვთო. ვუთხარი, დათო, გავიწყდება, რომელი ქვეყნის მინისტრი ხარ-მეთქი? ჩრდილოეთ კორეასაც კი შეუძლია დარეკოს და გითხრას, შე მათხოვარო, შენზე ღარიბი ქვეყანა არ არსებობს, ერაყიც შენზე წინააო. ამიტომ, დათო, არ შეიძლება, ამ ქვეყანაში სიღარიბეზე მელაპარაკო - იმ დონეზე არ მიჭირს, მაგრამ რასაც შენ მავალებ, ვერ გავაკეთო-მეთქი. ამ ქვეყანაში არავის ულხინს, ერთი, ბიძინას ულხინდა და უკვე მასაც ჩასწყდა გული. რას მაძახებ-მეთქი, საქმეს ვაკეთებ! ვერაფერი ვერ მიპასუხა და მერე, ოფიციალურად, სულ სხვა რამ მოვისმინე... რაც მინისტრად მოვიდა, მას მერე 16 მილიონი არ დახარჯულა ინფრასტრუქტურის სამინისტროში... ბოლო 30 წელია, სიმართლით არ ვცხოვრობთ და ამას ყოველდღე ვიმკით... ნარმანია სხვას ვერავის პასუხს ვერ სთხოვს, მოდის და ისევ მე მერჩის... მირტყამს, მერევა, სურს, ეს კომპანია დააქციოს.
- გაუგებარია, რას ამტკიცებს ამით და იქნებ, საქმე ნარმანიაში სულაც არაა?
- არ ვიცი. მე ნელსონ მანდელას მიმდევარი ვარ. იგი ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელმაც პოლიტიკა გულით აკეთა და რომ უთხრა, პოლიტიკა ბინძური საქმეაო, შეიძლება, თავი შეგაკლას. "ნაციონალებში" ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ, ღმერთმა იცის, რა დანასისხლად ვმტრობდი მათ. რაც უნდა ააშენო, არ მაინტერესებს, როცა ადამიანის უფლებებს ლახავ. დიდი ხანია, ამის მიმართ პროტესტი მაქვს, 2007 წელს გავბრაზდი, მერე 26 მაისს. ნინო ბურჯანაძესაც ძალიან კარგად ვიცნობ, ბადრი ბიწაძესაც, ანზორიკოსაც, თუმცა პოლიტიკურად არანაირად არ ვემხრობი. ვფიქრობ, ნინომ, თავისი შანსი გაუშვა. რომ იცოდეთ, მე და მიშა სააკაშვილი პარლამენტში ერთ გუნდში ვთამაშობდით ფეხბურთს. დიეგო მარადონა ვიყავი დონდლო მიშასთან შედარებით.
- პარლამენტის გუნდში თქვენ რა გინდოდათ?
- უმრავლესობის ფრაქციის აპარატის უფროსი გახლდით 23 წლის ასაკში და პარლამენტის გუნდში თამაშის უფლება მქონდა. ხელფასიც გადასარევი მქონდა. მერე, ჩემდა სამწუხაროდ, ინციდენტი მომივიდა, ვიღაც დავჭერი და ქვეყნიდან წავედი.
- ე.ი. ამერიკაში "პაბეგში" იყავით და ვინ დაჭერით ასეთი, ან საქმე დაიხურა?
- რა მნიშვნელობა აქვს - "დავუპაბეგე" რა! მაშინ სამართლიანად მოვიქეცი და დღემდე ყველას ასე მიაჩნია, ვინც ეს ამბავი იცის. სხვათა შორის, ფოთის პორტი მაშინ ერთადერთი მომგებიანი სახელმწიფო სტრუქტურა იყო და ამ პორტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც ვიყავი, მერე "დინამო" თბილისის კომერციული დირექტორი და დირექტორატის წევრი. მე პოლიტიკოსი კი არა, "სიმართლისტი" ვარ. დავიბადე კონკაზე, ჩემი ცხოვრება მიყვარს, ჩემი მეზობლები, ძმაკაცები.
- აბა, რაღას გარბოდით აშშ-ში?
- არსად გავქცეულვარ. ჩემს შვილებს შიოდათ და კიდევ ერთ ზედმეტ კაცად არ დავაწექი ქვეყანას - კაცი არც მომიპარავს, არც "გამიუთავებია", მით უმეტეს, სერიოზული "ძველი ბიჭი" ვიყავი და ამას დიდუბეში სადაც გინდათ, იქ ვიტყვი, მაგრამ უკადრებელი არასდროს მიკადრია. ჩემი კუჭის გასაძღომად არავინ დამიჩაგრავს. ... თავად ნარმანიას კარგად ვიცნობ და ამაზე მწყდება გული - როცა ადამიანს ვიცნობ, მესამე პირის ჩარევა მერიდება ხოლმე. დათო ცოდოა, ეშინია, დაიძაბა, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მას უნდა, მაგრამ ჩემი ბრალი ხომ არ არის?! ეტყობა, სკამი და თანამდებობა მართლა ისეთი თბილია, არ ეთმობა. აგერ, ჩემს სკამზე ვზივარ, აქედან ვერავინ გამაგდებს... გულითა და სულით, ალალად გეუბნებით ყველაფერს. ერთი კარგად ნამღერი სიმღერა მთელს შემოსავალსაც მირჩევნია და გასავალსაც.
- ეს ძალიან არაბიზნესმენური ფრაზაა.
- სულით არანაირად არ ვარ ბიზნესმენი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც მაქვს ვალდებულება, ჩემი ნაშოვნი ორი კაპიკი ჩემს შვილებს, მეუღლეს, დედ-მამას, ძმას და ძმაკაცებს გავუყო. არიან ტიპები, ვისაც ბიზნესი სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ ეს მე არ მეხება. ბიუჯეტშიც ძალიან კარგი გადამხდელი ვარ, ამიტომ ნარმანიას კიდევ ვაძლევთ შანსს.
- აქეთ თქვენ აძლევთ შანსს, როცა ცნობილია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს?!
- დიახ, აქეთ ვაძლევთ შანსს, ოღონდ მე, მალხაზ ალავიძე კი არა, ჩემს უკან მდგომი 100-ობით ადამიანი, რომელიც მაგრად მუშაობდა. ჩვენ ყველა მუშას მაინც ავუნაზღაურებთ თავის ნაშრომს - დღე-ღამეს ვასწორებდით და ამაყები ვიყავით, რომ პრეზიდენტის რეზიდენციას ვაშენებდით. არ ვიცი, იცის თუ არა პრემიერმა ამ ყველაფრის შესახებ და უთხარით მას! წასულიყო იმ ავლაბარში, ახალი პრეზიდენტი! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 1 ნოემბრამდე ჯერ კიდევ რამდენი დროა, იქნებ, გავგიჟდი, თავზე ხელი ავიღე და დათქმულ ვადაში ყველაფერს ვასწრებ, ან საქმეს 3 დღეში ვამთავრებ?! ნახევარი მილიონი ლარის ვალიც მაქვს მშენებლობის დასრულების საგარანტიო წერილით აღებული და ახლა შენ რომ საქმიდან მიშვებ და ამის გამო ბინებს მიყადაღებენ, ვერსადაც ვერ წავალ, უნდა ვიბრძოლო, ვიომო და მოვიგო! ვიღაცას რომ აძლევ ამ პროექტს პირველ მაისამდე, მე მომეცი 1 მარტამდე, შე არაადამიანო, რა, სახეზე არ მოგწონვარ?!
- საპასუხოდ, გავრცელდა თქვენი განცხადება, რომ სასამართლოში ჩივილსაც აპირებთ.
- ეგ ჩივილია? სარჩელის შეტანა ჩივილია? დამიჯერეთ, მტრულად არ ვარ განწყობილი, უამრავ მეგობართან დავრეკე და ვთხოვე, ყველაფერი კარგად დასრულდეს. თუ მოვრიგდით, ანუ დავუმტკიცე, რომ მე ვარ მართალი, მაშინ სარჩელსაც აღარ შევიტან. აშშ-ს ელჩს დავურეკე, პირველ რიგში, რიჩარდ ნორლანდს და ვუთხარი, რომ საქართველოში ამერიკულ ინვესტიციას ძალიან ცუდად ექცევიან და დამეთანხმა. მივწერე, მიშველე-მეთქი. 1,3 მილიონი ლარი, სამწუხაროდ და ჩემდა გასაოცრად, ქართველებისთვის ძალიან პატარა თანხაა, ამერიკისთვის კი, დამიჯერეთ - ძალიან დიდი. განვაცხადე, რომ ამ ინვესტიციას ძალიან არასამართლიანად და არასწორად ემუქრებიან და ახლა ველი, რა იქნება.