"ქართული ოცნება" რჩება სამართლიანობის აღდგენის მომხრე კოალიციად და ჩვენ მკაცრად გვაქვს ჩამოყალიბებული მიზანი, რომ საქართველოში სამართლიანობა უნდა აღდგეს. ვისაც დაუდასტურდება დანაშაული, ყველამ უნდა აგოს პასუხი. ამ გადაწყვეტილებაში ცვლილება არავის შეუტანია. უბრალოდ, პოლიტიკოსები ვერ გამოიტანენ განაჩენს. ამისთვის ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის გარემო. წინასაარჩევნო პერიოდია და უწყებათაშორისმა კომისიამ პირდაპირ გამოსცა რეკომენდაცია, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნას გამოყენებული დაკითხვის ან დაკავების ინსტრუმენტი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ", - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვინ გადააფიქრებინა ივანიშვილს სააკაშვილის დაპატიმრება და რას ამბობენ კოალიციაში?
"საზოგადოებაში ნამდვილად არის უარყოფითი განწყობა - თანაარსებობა პრეზიდენტის ვერტიკალსა და დანარჩენ ხელისუფლების განშტოებებს შორის აღიზიანებს საზოგადოებას. ამ შემთხვევაში კოაბიტაცია არის არა მთავრობასა და პარლამენტს შორის, არამედ კოაბიტაცია გვიწევს მთავრობას პარლამენტსა და პრეზიდენტის ქვეშ არსებულ ვერტიკალს შორის. ჩვენ გვახსოვს თენგიზ გუნავას საქმე, როდესაც დაუდასტურდა დანაშაული და პრეზიდენტმა ის შეიწყალა. ის იყენებს ბოროტად თავის თანამდებობას. იმის თქმა მინდა, რომ რეალურად კოაბიტაცია არის პრეზიდენტის ვერტიკალსა და მთავრობა-პარლამენტს შორის. ის გზა, რაც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" აირჩია, რომ პრეზიდენტმა ერთხელ მაინც დაასრულოს საპრეზიდენტო ვადა, რა თქმა უნდა, არაპოპულარულია და ხალხი იმას ფიქრობს სამართლიანობა აღდგეს სწრაფად. მაგრამ არიქა-არიქაობით მოხდა ის რაც მოხდა. მართლმსაჯულება ისეთი რამეა, ადრე თუ გვიან ყველას კარზე მიუკაკუნებს და არ არის საჭირო სიჩქარე და პანიკური მოქმედება. ნაადრევია დასკვნის გამოტანა, რომ საქართველოში ყველას ყველაფერი ეპატიება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილი.
"პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი მართლმსაჯულების სფეროში პოლიტიკური დაკვეთების გაცემაზე. ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს სამართლებრივი კულტურა. მოქალაქეები უნდა იყვნენ კანონიერების მრწამსით აღჭურვილები და არა შურისძიების მრწამსით. არ არსებობს მიზანი, რომელიც ამართლებს ყველა საშუალებას. რაც შეეხება მოსამართლეებს, აქაც იგივე არჩევანი გვაქვს - ან ჯოხით მივიდეთ და გამოვყაროთ ისინი სასამართლოდან, ვინც მართლაც 9 წლის განმავლობაში უკანონო განაჩენები გამოიტანა ან სამართლებრივი გზებით მოვახდინოთ იმ მოსამართლეთა გამოკვეთა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ადამიანების უფლებების უხეშ და არაერთჯერად დარღვევაში. ეს არ არის პოპულისტური გზა, ეს არის რთული გზა, მაგრამ სწორი", - დასძენს ზაქარია ქუცნაშვილი და შეკითხვას - "გასაგებია, დეპუტატი ხართ და ვერ ისაუბრებთ ყველას სახელით, მაგრამ როგორც ცალკე აღებული მოქალაქე თუ ფიქრობთ, რომ მიხელ სააკაშვილი დამნაშავეა და თუ არ დააპატიმრეს რას მოიმოქმედებთ?" - პასუხობს:
"მე რომ არ მქონდეს ის სტატუსი რაც დღეს მაქვს, რა თქმა უნდა, გეტყოდით რისი მოლოდინიც გაქვთ და სწორად გაქვთ ეს მოლოდინი. მაგრამ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ რაც გულით და სამართლით სწადია, ის არ თქვას და არ გამოხატოს. უმჯობესია, პროცესებს დაველოდოთ".