ქათული ღვინის ექპორტმა უკვე 43%-ით მოიმატა და წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. რუსეთში პროდუქციის გატანის მსურველთა რაოდენობაც სწრაფად იზრდება და ამიტომ ჩრდილოეთიდან ექსპერტთა მესამე ვიზიტი დაიგეგმა, რომლის დროსაც 30-მდე ქართულ კომპანიას შეამოწმებენ, მათ შორის არის მინერალური წყლის ხუთ მწარმოებელი, ასევე ღვინის, სპირტისა და ლუდის კომპანიები.
“როსპოტრებნადზორის” ექსპერტებს თბილისში 16 სექტემბრისთვის ელოდებიან. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში რუსი სპეციალისტები ქართულ კომპანიებს თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით - რაჭაში, აჭარაში, ქართლსა და კახეთში შეამოწმებენ.
ამ დროისთვის რუსეთის ბაზარზე დაშვებულია ალკოჰოლური სასმელის 65 მწარმოებელი და მინერალური წყლის დამამზადებელი ოთხი კომპანია. ივლისის მონაცემებით, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი, წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით არის გაზრდილი.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი, შალვა ფიფია აცხადებს, აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა ქართული ღვინისა და ალკოჰოლურისასმელების საექსპორტო არეალის გაფართოებამ, განსაკუთრებით კი, რუსეთის ბაზარზე დაბრუნებამ განაპირობა.
ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოდან რუსეთში 7 მილიონი ბოთლი სასმელია გატანილი. რამდენიმე დღის წინ ქვეყნიდან დაფნის პირველი პარტიაც გავიდა. “ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა რუსეთში სასოფლო სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი უახლოეს პერიოდში დაიწყოს. შესაბამისად, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის მნიშვნელობა მაღალია, რადგან სწორედ ამ გზით უნდა მოხდეს ქართული პროდუქციის გასვლა”, - განაცხადა შალვა ფიფიამ.
რაც შეეხება სამომავლო პროგრამებს, იგეგმება ვენახების ფართობების დადგენა, აღწერა და აღრიცხვიანობის საკადასტრო სისტემის შექმნა, ასევე, სხვადასხვა რაიონების მიხედვით ყურძნის რაოდენობისა და წარმოების მასშტაბების განსაზღვრა.
მინისტრის პროგნოზით, პირველ წელს მწარმოებლები რუსეთში 10 მილიონამდე ბოთლის გაყიდვას გეგმავენ, რაც ემბარგოს დაწესებამდე არსებულ მაჩვენებელზე ოთხჯერ ნაკლებია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა ჭავაჭანიძე ვარაუდობს, რომ რუსეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა, განსაკუთრებით, ახალი წლის პერიოდისთვის გაიზრდება. ამჟამად კავკასიონს იქეთ ერთი ბოთლი ქართული ღვინო, საშუალოდ, 3,5 დოლარი ღირს.
“რეალიზაცია კარგია. რუსული ბაზარი ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ჩვენი ბიზნესის განვითარების სტიმულია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ექსპორტი დივერსიფიცირებული იქნება”, - განმარტავს ჭავაჭანიძე.
მისი თქმით, რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება და ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტს ამ მიმართულებით ახორციელებენ, შემაფერხებელი ფაქტორი არ აქვთ.
“რუსეთის ფედერაციაში 24 მლნ ლარის ღვინოს პროდუქციაა გადაზიდული. ექსპორტს 20-მდე კომპანია ახორციელებს. რაც შეეხება ფასს, ქართული ღვინო, საშუალოდ, 3,5 დოლარამდე ღირს და ეს ფასი მატულობს ბრენდის, ხარისხისა და შეფუთვის შესაბამისად. ქართული ნაწარმის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია.
წლის ბოლომდე, ჩვენი გათვლით, 10 მილიონამდე ბოთლის გადაზიდვა მოხდება. მეწარმეებისთვის, რომელიც რუსეთში ექსპორტს აწარმოებს, არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს. მთავარია, ხარისხიანი ნაწარმი იყოს წარმოდგენილი”, - განმარტავსჭავჭანიძე.