ნახევრად მშიერი ხალხისთვის ვერ გამოვიყენებთ ტერმინს „სამოქალაქო საზოგადოება“

ნახევრად მშიერი ხალხისთვის ვერ გამოვიყენებთ ტერმინს „სამოქალაქო საზოგადოება“

„მე კი არ მივდივარ და გავურბივარ პასუხისმგებლობას, არამედ გადავდივარ უფრო რთულზე. წავალ მაშინ, როცა დავრწმუნები, რომ ჩემი გასაკეთებელი გაკეთებულია... მთავრობა საზოგადოების ნაწილია მხოლოდ, ერთი ნაწილი. საზოგადოება უფრო ფართოა, უფრო მთლიანია და იმ დანარჩენ ნაწილს, მარტო ერთს, რატომ უნდა გადაყვე? ის ნაწილი, რომელსაც ჰქვია მთავრობა, იქნება საუკეთესო ნაწილი იმ საზოგადოების. ვაპირებ ვიყო საზოგადოების აქტიური წევრი... რაც შეეხება ბიზნესს, საინვესტიციო კლიმატს და ინვესტიციებს, - ამ მხრივაც არანაკლებს გავაკეთებ ქვეყნისათვის, სადაც ვიქნები, იქიდან. რაც შეეხება მთავრობას, მე მასზე პასუხისმგებლობას ვიტოვებ. კი არ ვტოვებ და მივდივარ სადღაც, არამედ ვიტოვებ პასუხისმგებლობას, რომ ეს იქნება აბსოლუტურად წარმატებული მთავრობა; არაკორუფციული, ევროპული ტიპის, ტიპიური ევროპული მთავრობა ეყოლება საქართველოს“, - აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. როგორ მთავრობას გვიტოვებს ივანიშვილი, შეძლებს თუ არა მძლავრი სამოქალაქო სექტორის შექმნას, ამ და სხვა თემებზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

ბატონო სოსო, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს არაკორუფციული, ევროპული ტიპის, ტიპიური ევროპული მთავრობა ეყოლება. თქვენი, ექსპერტის თვალით დანახული მთავრობა როგორია?

- დავეთანხმოთ ბატონ ივანიშვილს იმაში, რომ მთავრობა არის არაკორუმპირებული, ევროპული ტიპის და მკაფიოდ გამოხატული ევროპული ფასეულობების მიმდევარია, მაგრამ ეგებ გარკვეული დაზუსტებაც მოგვესმინა, ვართ თუ არა იმ ფუფუნების პირობებში, რომ სწორედ ასეთი მთავრობა გვყავდეს. ანუ ევროპულად არის თუ არა დალაგებული ეს ქვეყანა, რომ ვიტრაბახოთ ევროპული მთავრობით.

ცხადია, უკან დაბრუნებას არავინ აპირებს და საბჭოთა წყობილების გადმონაშთის შექმნასაც არავინ მიესალმება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქათქათა, ნებიერ, ევროპულ სტანდარტებზე უფრო, ჩვენ გვჭირდება მაღალი უნარების, იმაზე დამაჯერებელი და მიზანსწრაფული მთავრობა, ვიდრე ევროპის სივრცეში არსებობს. დიახ, ჩვენ უნდა ვილტვოდეთ ევროპისკენ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მუდმივად მოლოდინის რეჟიმი. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ საკუთარი თავიც და ჩვენი მტერ-მოყვარეც, რომ დიახ ევროპისკენ მივდივართ და საკუთარი ქმედებით ვიმსახურებთ ამას.

ამიტომ, ქებათა ქება მთავრობისა, ალბათ მას შემდეგ შეიძლება გახდეს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნილება, როდესაც გავხდებით ნატოს და ევროკავშირის წევრი. მანამდე კი არის საფრთხე, რომ არც თუ იშვიათად „ნირვანაში“ მყოფი მთავრობა გახდეს რაღაც იდეალი და მკაფიო ნაბიჯებისგან დისტანცირდეს თავად ქვეყანაც.

რა არის ძირითადი შენიშვნები ამ მთავრობის მიმართ - გამოუცდელობა, არაკომპეტენტურობა თუ რამე სხვა? რის გათვალისწინებას ურჩევდით მას?

- ვფიქრობ, სახეზეა გარკვეული დეფიციტი ქმედებათა სურვილის, დასახულ ამოცანათა მიღწევისთვის თავდადების, თორემ არც გვარიშვილობას ვუწუნებ ვინმეს, არც პატიოსნების ხარისხს, არც სურვილს სიკეთისა. უბრალოდ, ამ სურვილების აღსრულების ნიჭი, რასაც შესაძლოა, სხვამ შნო დაარქვას, უნდა იყოს მკაფიო, დამაჯერებელი, უპირველეს ყოვლისა - საზოგადოებისთვის.

ამდენად, იმ რეალობაში რომელშიც ვართ, საჭიროა არსებული მთავრობის გააქტიურება და თავისუფლების მეტი ხარისხი ქმედებაში.

თავად ბიძინა ივანიშვილია ამ მთავრობის ხელმძღვანელი და ლიდერი, მათი პასიურობა ამითაც ხომ არ არის გამოწვეული, რომ ისინი ლიდერს ელოდებიან ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას...

- ეს აქსიომაა, რომ გამოკვეთილი ლიდერის ქვეშ სისტემა ნაკლებად კმარია და უფრო მითითებებსა და მოლოდინებს დაელოდება. გარდა ამისა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ უნდა არსებობდეს მოულოდნელობის საფრთხე, მთავრობის რომელიმე წევრისათვის და ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი რომელიმე ნაბიჯი არ იქნება არასწორად შეფასებული; რომ მას ექნება საშუალება თუნდაც დაშვებული შეცდომის გამოსწორებისა და არ მოუწევთ რაიმე რეპრესიული ნაბიჯის მოლოდინში ყოფნა.

რეპრესიებსა და მოულოდნელობაში რას გულისხმობთ?

- ვგულისხმობ იმას, რომ ზურგს უკან შეიძლება იქნას მიღებული გარკვეული საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლებოდა, არ მიღებულიყო, თუ თავად შეცდომის დამშვები იქნებოდა ჩართული ამ სიტუაციის გამოსწორებაში.

თავის დროზე ალასანიას ვიცე-პრემიერეობიდან გადაყენებას გულისხმობთ?

- ეს უფრო ზოგადი მინიშნებაა, ალასანიას შემთხვევა შეიძლება იყო ასეთი მიდგომის მაგალითი, თუმცა არ ვთვლი, რომ თავდაცვის მინისტრი რაიმე რეპრესიის მსხვერპლია, ჩემთვის ასე ღირებული არ გახლავთ ვიცე-პრემიერის ნომინალური ფუნქცია, რომელიც მე მგონი, თავად ამ ადამიანებსაც ავიწყდებათ, რომ გააჩნიათ. ამდენად ნუ ვეცდებით, რომ მაინცდამაინც დღევანდელ მთავრობაში ვეძებოთ ის საფრთხე, რომელზეც მე ვსაუბრობ.

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი პოლიტიკიდან წასვლა და ბრძოლის უფრო რთულ ველზე გადასვლა. თვლით თუ არა, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე მართლაც არის სამოქალაქო სექტორი?

- თუ ბატონ ივანიშვილს გამიზნული აქვს, რომ ქართული სამოქალაქო სექტორი დაემსგავსოს ევროპულს, აქ რასაკვირველია მეტი ჯაფა იქნება გასაწევი, რადგან დღეს ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც საკუთარი პატრონი უფრო ღირებულია, ვიდრე ქვეყნის სტრატეგიული განვითარება.

აუცილებელია ჯერ ცნობიერების შეცვლა, რაც მხოლოდ ერთ ადამიანს არ ხელეწიფება,  მაგრამ მისი გამოჩენა სამოქალაქო სექტორში შეიძლება გახდეს სერიოზული კატალიზატორი იმ პოლიტიკური პროცესებისა, რომელმაც მთლიანად უნდა მოიცვას საქართველო.

შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოს მთავრობა მისდევდა სტრატეგიას, რომლის თანახმადაც ქვეყანაში არ უნდა გაჩენილიყო საშუალო კლასი, მცირე და საშუალო ბიზნესს არ უნდა მისცემოდა განვითარების საშუალება, რადგან ნახევრად მშიერი ხალხი ნაკლებად ფიქრობს როგორი მთავრობა ჰყავს და ასრულებს თუ არა ეს მთავრობა საკუთარ მოვალეობას. ელოდებით, რომ ეს მთავრობაც ამ სტრატეგიას არ გაჰყვება?

- ამის მაგალითი ხელისუფლებამ უნდა მისცეს ხალხს, სამოქალაქო საზოგადოება არ არის  იმდენად ძლევამოსილი, რომ თავად აიძულოს მთავრობა, გზა მისცეს საშუალო კლასის განვითარებას. რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელსაც ყოველდღიურ საფიქრალად ლუკმა-პური აქვს გამხდარი, არ გამოდგება ჯანსაღი საზოგადოების მშენებლად.

ამიტომ არის მუდმივი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, რომ არ ხდება სერიოზული გარღვევა ყბადაღებული დასაქმების კუთხით. რამდენჯერაც არ უნდა გავიმეოროთ სიტყვა უმუშევრობა, ეს უმუშევართა რაოდენობას არ ამცირებს. ის რომ ჩვენ ვაღიარებთ პრობლემას, რომ ჩვენ გვტკივა, გვაწუხებს რეალობა, მხოლოდ ლამაზი სიტყვებია. მაგრამ სამწუხაროდ, კონკრეტული პროგრამა ასეთი სიტუაციის შეცვლისა, ჯერ არ არსებობს.

გამოდის, რომ იმ პრობლემას, რომლის მოგვარებასაც ივანიშვილი აპრებს (სამოქალაქო საზოგადოების სიმწიფესი შეყვანა), ალბათ პარალელურად ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა უნდა გასდევდეს, რადგან სოციალურ პრობლემებში ჩაძირული სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკურ სიმწიფეზე საუბარი შესაძლოა, კეთილ სურვილებად დარჩეს. თვლით, რომ ამ ყველაფრის ერთდროულად მოგვარება შესაძლებელია?

- ნახევრად მშიერი ხალხისთვის ვერ გამოვიყენებთ ტერმინს - სამოქალაქო საზოგადოება. ისინი სამწუხაროდ უფრო ახლოს არიან ტერმინთან, რომელსაც ბრბოდ მოიხსენიებენ. ასე მშიერ ადამიანთა ერთობა სწორედ ბრბოს პრონციპით არის დაავადებული და არა სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ღირებულებებით.

მთავრობაზე საუბრით დავიწყეთ და დავუბრუნდეთ ისევ ამ თემას. ძალიან მალე ეს მთავრობა დარჩება ხელმძღვანელის გარეშე. ივანიშვილი სავარაუდო კანდიდატს არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ მას თითქმის გადაწყვეტილი აქვს, ვინ იქნება ამ მთავრობის მეთაური. თუმცა შესათანხმებელი აქვს მისი კანდიდატურა როგორც მთავრობის დანარჩენ წევრებთან, ასევე პარლამენტთან. ელოდებით, რომ მთავრობის ახალი მეთაური დღევანდელი გუნდიდან იქნება?

- ძალზე საინტერესო მიდგომაა. ძალიან მახსენებს საკუთარი კონგრესისგან პრეზიდენტ ობამას მოლოდინს სირიაზე თავდასასხმელად ნებართვის მიღებისა, თუმცა კარგად ვიცით, რომ სენატისა და კონგრესის მხარდაჭერის გარეშეც ობამა უფლებამოსილია, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. ანალოგს ვაკეთებ - ბატონ ივანიშვილს აქვს ამისი უფლებაც, საშუალებაც და ვალდებულებაც, რომ ხანგრძლივი სჯა-ბაასის გარეშე წარადგინოს საკუთარი კანდიდატი ამ თანამდებობაზე  და შემდეგ იურიდიული თუ არა, მორალური პასუხისმგებლობა მაინც შეინარჩუნოს ამ ნაბიჯის გამო.

თქვენ თუ მოიაზრებთ ვინმეს, ვინც შეძლებდა პრემიერ-მინისტრის ტვირთის ზიდვას?

- არ მიფიქრია ამაზე, არ მიყვარს სხვის საქმეში ჩარევა. თუმცა თუ თემა წარმოიშვა დამოუკიდებელ ექსპერტთა რომელიმე სხდომაზე, საინტერესო იქნებოდა, ფარული კენჭისყრა მოგვეწყო რამდენიმე კანდიდატის მიმართ. ფარული კენჭისყრა ამ საკითხზე არც პარლამენტში და არც მთავრობაში არ გაიმართება, თუნდაც უმრავლესობის გუნდში.

უფრო სარწმუნო იქნებოდა ჩემთვის, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული კანდიდატები განეხილათ და იქიდან ყოფილიყო შერჩეული, ანუ შეთავაზება იყოს პარლამენტის,  არჩევანი - ივანიშვილის და არა პირიქით.

ალბათ საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ივანიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოება იმაზე მეტ ყურადღებას უთმობს პრემიერ-მინისტრობის მომავალ კანდიდატს და არა საპრეზიდენტო არჩევნებს; რომ დღეს ქვეყნისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი სასპრეზიდენტო არჩევნებია. თუმცა ფაქტობრივად სწორედ პრემიერი იქნება ქვეყნის პირველი პირი და მთავარი გადაწყვეტყილების მიმღები... საჭვოა, ეს ყველაფერი ივანიშვილმა კარგად არ იცოდეს...

- ისეთი ნაბიჯი გადადგა პარლამენტმა, რომ თავდაყირა დააყენა სწრაფვა ადამიანებისა არა მარტო დარეგისტრირდნენ და მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, არამედ სამომავლოდაც, გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ჰქონდეთ მოტივაცია, რომ უარი თქვან ამ თანამდებობაზე, რადგან ასეთი უუფლებო პრეზიდენტი, როგორსაც აპირებს შემოგვთავაზოს „მეოცნებე“ პარლამენტმა, ძნელად წარმოსადგენია. ამიტომ უფუნქციო პრეზიდენტს და ამ თანამდებობის დამკავებელ პოტენციურ კანდიდატებს თუ ისინი უბრალოდ,  საკუთარი ოჯახის გასართობად არ მონაწილეობენ საპრეზიდენტო არჩევნებში, ვურჩევდი, ნუ შებღალავენ საკუთარ ავტორიტეტს.

აქედან გამომდინარე, ბევრად უფრო მნიშვნმელოვანია, ვინ იქნება პრემიერი...

- კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ბევრად მნიშვნელოვანია და ახალა, ახალი ცვლილებებიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. აქ რომელიმე უცნობი სახე იქნებოდა ერთი უზარმაზარი კითხვის ნიშანი და მერე ვეღარავის ვეღარ ვუსაყვედურებდით, რატომ აქვს მას ეს აზრი და არა სხვა - როდესაც ინფორმაცია არ არსებობს, ნებისმიერს შეუძლია გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, იქნება ეს ვინმესთვის მოსაწონი და მისაღები თუ - არა.

საქართველოსთვის უჩვეულო სიტუაციაა, როდესაც საყოველთაო არჩევნები ტარდება უუფლებო პრეზიდენტის ასარჩევად, ქვეყნის პირველი პირი კი პირიქით - უნდა დაინიშნოს. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ რაც საზოგადოება სიტუაციას კარგად გაიაზრებს, რა რეაქციებს ელოდებით?

- რეაქციებს ველოდები, როგორიც ბუნებრივად ხდება ხოლმე საზოგადოების მოტყუებისას. დიახ ხალხი მოატყუეს, როდესაც იყო საუბარი მაღალი უფლებების მქონე პრეზიდენტზე, რომელსაც უნდა ჰქონოდა საკმარისი ინსტრუმენტი, რომ ყოფილიყო დამბალანსებელი მთავრობის და პარლამენტის საქმიანობის. ამის ნაცვლად მივიღეთ რაღაც სუროგატი, რომლისთვისაც საკუთარი აპარტამენტების გამოყოფაც კი არ აღმოჩნდა აუცილებელი და კანცელარიის კლერკის მსგავსად უნდა მოირგოს სკამი, რადგან იქნებ სავარძელიც აღარ მოიძებნოს მისთვის. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდება ახალი ცვლილებების დამტკიცებისას.