ივანიშვილი „ბელადების ეპოქას“ ამთავრებს!..

ივანიშვილი „ბელადების ეპოქას“ ამთავრებს!..

ბოლო თვეში სტალინის თემის წარსულიდან ამოქექვამ და მისი ძეგლების კვარცხლბეკებზე თვითნებური დაბრუნების შემთხვევების გახშირებამ ნათლად გვაჩვენა, რომ ქართველი ხალხის ცოცხალ მეხსიერებაში საბჭოეთის პერიოდმა ღრმად ჩაბეჭდა ბელადის ხატება, რომელიც მასისთვის არის არა იმდენად მტერთან საბრძოლველად, ან საკუთარი ცხოვრების უკეთესად თვითორგანიზებისათვის არჩეული წინამძღოლი, რამდენადაც „მამა“, რომელსაც ერი საკუთარ ყოფასა და მომავალზე მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს, თავად კი კაპრიზებიანი ბავშვის პოზას იკავებს.

ამ არქეტიპის შესაბამისად, პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოს სამივე პრეზიდენტს მოუწია „ბელადობა“, რაც განაპირობებდა მმართველობის სტილის შესატყვის ფორმებსაც: ხელისუფლების ცენტრალიზაციას და ერთი პირის ხელში კონცენტრაციას, გადაწყვეტილებების მიღებას მხოლოდ მმართველი ელიტების ინტერესების გათვალისწინებით, „სამეფო კარის“ ინტრიგებსა და ნეპოტიზმს...

გავრცელებულია აზრი, რომ ხელისუფლებათა ცვლის მიუხედავად, ქვეყნის ერთსადაიმავე წრეზე სიარულის მიზეზი არის კონსტიტუციური წყობის არასრულყოფილება და პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩვენი ეროვნული ხასიათისთვის „შეუფერებლობა“, ამიტომაც დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის შემოღებაში ხედავს გამოსავალს. მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ნებისმიერი სისტემა თავისთავად არ შეიძლება იყოს „ცუდი“ ან „კარგი“, ისევე, როგორც ჩაქუჩი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც შრომის, ასევე მკვლელობის იარაღად. საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციით აღიარება თავისთავად ვერ იქნება პანაცეა, რამდენადაც მის პირობებშიც შესაძლებელია ფასადური დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ავტოკრატიის შექმნა, თუ საამისო განწყობები და პირობები არსებობს. თუმცა, საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი ამგვარი მიდრეკილებების ლიდერების თავნებობისგან გარკვეულწილად დაგვიცავს, თუ პოლიტიკური პარტიები განვითარდებიან ძალაუფლების ხელში ჩაგდების მსურველი ჯგუფებიდან თანამოაზრეთა გაერთიანებების დონემდე და ადგილებზე ფეოდალიზმთან მიახლოვებული კლანური მმართველობა ნამდვილ დემოკრატიულ თვითმმართველობებად გარდაიქმნა. ეს თავისთავად არ მოხდება და ვერც „სტოლიპინის რეფორმები“ უშველის, თუ თავად საზოგადოებამ არ იბრძოლა უკეთესი მომავლის იდეალებისათვის.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხალხმა დიდი იმედებითა და ხმათა უდიდესი უმრავლესობით თავის წინამძღოლად სამჯერ აირჩია სხვადასხვა ასაკისა და ყაიდის სამი ადამიანი, მაგრამ არჩევიდან მცირე ხანში სამივეს მიმართ ჯერ დრტვინვა, შემდეგ კი გინება დაიწყო და მესამე პრეზიდენტსაც იგივე ხალხი აცილებს ისევ „გა–და–დე–ქი!“ და „დიქ–ტა–ტო–რო!“ შეძახილებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებიდან მათი გაძევების ფორმები სხვადასხვა იყო: 1991–1992 წ. – სამხედრო გადატრიალება, 2003 წ. – ხავერდოვანი „ვარდების რევოლუცია“, ხოლო 2012 წ. „ხალხის საარჩევნო შეთქმულება“, სამივე შემთხვევაში პროცესების არსი პრაქტიკულად ერთნაირია: ქართულ პოლიტიკურ სცნაზე სამჯერვე, განსხვავებული ვარიაციებით, გათამაშდა თაურმამის წინააღმდეგ შვილების შეთქმულებისა და ბელადის სიმბოლური მკვლელობის ფროიდისეული სცენარი.

თუ დავუშვებთ, რომ ხალხს გააჩნია კოლექტიური ფსიქოლოგიური ფენომენი, მისი ამ ე.წ. ეროვნული ხასიათის განვითარებასა და ადამიანის ინდივიდუალურ განვითარებას შორის შესაძლებელია პარალელები, მაშინ ადვილად დავინახავთ ანალოგიას იმ ასაკთან, როცა ბავშვი მშობლის მიმართ გაორებულ დამოკიდებულებას ავლენს. სწორედ ამგვარი, ამბივალენტური და სწრაფად ცვალებადი დამოკიდებულება აქვს ქართველ ხალხს საკუთარი „ბელადების“ მიმართ: თავიდან მხსნელად მიიჩნევს, შემდეგ ნაწილი მასზე აფანატებს, ნაწილს – სძულს, ბოლოს კი აგრესია სძლევს სიყვარულს. აშკარაა, რომ მასის ფსიქიკამ სამივე პრეზიდენტის შემთხვევაში ვერ დაძლია კოლექტიური „ოიდიპოსის კომპლექსი“ და განვითარების ამ ინფანტილურ ფაზაში „გაიჭედა“, რაც არ გამორიცხავს საზოგადოების იმ ინტელექტუალური ნაწილის სრულ მომწიფებულობას, რომელსაც პოლიტიკურ პროცესებზე და მასების ცნობიერებაზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ გააჩნია.

„ვარდოსნები“ამ ჯიუტი ბავშვის როზგებით აღზრდას შეეცადნენ. პოლიციური სახელმწიფო, ეკონომიკაში – ულტრალიბერალიზმის ფრაზეოლოგიას ამოფარებული ცენტრალიზებული მართვა და ბიუროკრატიაში ე.წ. მერიტოკრატიის დამკვიდრების გაცხადებული მცდელობა, „ზემოდან“ ქცევის წესების ძალადობრივი დამკვიდრებით, ანგრევდა ხალხის კოლექტიურ გონს. სტალინის ძეგლების აღებით ებრძოდნენ „ბელადიზმის“ გარეგნულ გამოვლინებებს, მაგრამ რეალობაში გატკეპნილ გზას დიდად ვერ გასცდნენ და საკუთარი მოღვაწეობას კრახით დაასრულეს, როცა მათი რევოლუციური ლიდერი თავად გადაიქცა მასსისგან უარყოფილ ბელადად. გაბელადებული სააკაშვილის შემდეგ ხელისუფლებაში მოსული ბიძინა ივანიშვილიც საუბრობს „საზოგადოების დაბალ პოლიტიკურ დონეზე“ და მისი „აღზრდის აუცილებლობაზე“, რაც თავის თავში მსგავსი მეთოდებით „ბნელი მასსის“ მზრუნველი, მაგრამ მკაცრი მამის ხელით განათლების ცდუნებასაც მოიცავდა, მაგრამ, წინამორბედისგან განსხვავებით, თავიდანვე შინაგანად სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ამას, – წინასაარჩევნო ხალხმრავალი შეკრებებისას ყოველთვის ახდენდა „ბი–ძი–ნა, ბი–ძი–ნა!“–ს შეძახილების კორექტულ ტრანსფორმაციას „სა–ქარ–თვე–ლო!“–დ.

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ძალზე მტკიცე ხასიათის პიროვნებამ, გაუძლო მისი უგვირგვინო მეფედ აღიარების ცდუნებას და საზოგადოებას პოლიტიკიდან საკუთარი წასვლის აუცილებლობა დაუსაბუთა: „ამ მოჯადოებულ წრეზე ტრიალი უნდა დამთავრდეს. აღარასოდეს ასე აღარავინ არ უნდა ავირჩიოთ. ამისათვის კი საჭიროა დაუყოვნებლივ დავიწყოთ სამოქალაქო საზოგადოების სწრაფი ტემპებით მშენებლობა და ხელისუფლება მოვაქციოთ მუდმივი საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ.“
პრემიერ–მინისტრის პოსტის დატოვების წინასწარ გამოცხადებული გადაწყვეტილებით ჩანს, რომ ივანიშვილის ხედვა ამწუთიერობაზე არაა ორიენტირებული და მას საკმაოდ საფუძვლიანად აქვს გასიგრძეგანებული საკუთარი პიროვნების როლი საზოგადოების განვითარების საქმეში: „ჩემი მისიაა მესიების მისიების დასრულება საქართველოში. ამისათვის კი არსებული მესიის დამარცხება არ არის საკმარისი, – აუცილებელია იმის უზრუნველყოფაც, რომ თავადაც მესიად არ ვიქცე. ამიტომ მე უნდა წავიდე სწორედ ახლა. საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც აშფოთებს ჩემი პოლიტიკიდან წასვლა, ბევრია ისეთი, ვისაც სწორედაც რომ არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საერთო პროცესებზე, – ასეთებს ურჩევნიათ იყვნენ პასიურად მშვიდად და ყველაფრისთვის პასუხი აგოს სხვამ.“

კარის ვეზირებმა დღეს ივანიშვილს შეიძლება უკიჟინონ, რომ „მისი წასვლის დრო არ არის, ქვეყანა შეიძლება ქაოსსა და კრიზისში მოექცეს, გარშემო მტრები გვახვევია“, – ეს არგუმენტები ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანაში არასოდეს დაილევა და თუ მათ დაუჯერა, მარადიულ პრემიერად მოუწევს დარჩენა. ასეთი განწყობებისა და ულიდეროდ დარჩენის შიშების არსებობა საზოგადოებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ერს ბავშვის პოზაში ყოფნა ურჩევნია და „უმამოდ“ დარჩენა აფრთხობს, თუმცა, ივანიშვილის ასეთი მკვეთრი ნაბიჯის მიუხედავად, არც ეს დროული „შოკური თერაპია“ იქნება საკმარისი ნაციონალური ინფანტილიზმის დასაძლევად: ხალხი ახალი ბელადის, ახალი „მამობილის“ ან „დედობილის“ ძებნას და შექმნას შეუდგება.

რამ უნდა გამოიყვანოს ჩვენი ხალხი ბელადომანიის მდგომარეობიდან, როგორ უნდა განვითარდეს ის „მამა–მარჩენალის“ ყოლის მოთხოვნილების მქონე ჭირვეული ბავშვიდან საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობის აღების უნარიან, ზრდასრულ საზოგადოებად? ბევრს წუწუნებენ ჩვენში პოლიტიკური კულტურის არქონაზე, მაგრამ რა გზით უნდა გაჩნდეს ელექტორატში უნარები, რომ პარტიებს არა ლიდერების მიმართ სიმპათია–ანტიპათიების მიხედვით მისცეს ხმა, არამედ მათი პროგრამების გაცნობის შემდეგ – ამის მზა რეცეპტი არავის აქვს. არადა, ამის გარეშე, ქვეყნის ნებისმიერი ხელმძღვანელი, მისი პიროვნული თვისებების მიუხედავად, მორიგ ბელადად გადაქცევის რისკის ქვეშ იმყოფება.

რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში მოსულმა ძალამ თუ არ ინება ჭეშმარიტი დემოკრატიული პროცესისათვის ხელშეწყობა და არ შექმნა სივრცე სხვა პოლიტიკური ძალების განვითარება–გაძლიერებისათვის, თავად ჩაიგდო ხელში მართვის ყველა ბერკეტი და ისინი მხოლოდ საკუთარი ჰეგემონობის შექმნა–გახანგრძლივებისათვის გამოიყენა, გარდაუვალია ქვეყნის კვლავ ავტორიტარიზმის გზაზე დადგომა, რაც არ უნდა დემოკრატიული რიტორიკისა და შეხედულებების მქონე პოლიტიკოსები იყვნენ ხელისუფლების მწვერვალებზე. ივანიშვილი, მთავრობის ხელმძღვანელად ყოფნის განვლილ თვეებში, მისი მომხრეებისათვის უჩვეულო, გაუგებარი და მტკივნეული გზით წავიდა: „ქართულ ოცნებას“ ხელი შეუშალა, გადაქცეულიყო ახალ ერთმმართველ პარტიად, კოალიციაში ამგვარი მისწრაფებებისა და მენტალობის მქონე ადამიანების სიჭარბის, ჩვეული მეთოდებით ძალაუფლების სამუდამოდ ჩაბღაუჭების მათი სურვილებისა და მცდელობების მიუხედავად. დღეისათვის შექმნილია შედარებით თავისუფალი გარემო, რომელიც პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებისათვის სასტარტო ეტაპად შეიძლება გამოდგეს.

მეორე ტესტი, რომლის გავლის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ საზოგადოება ბელადომანიის მდგომარეობიდან გამოსვლას იწყებს, ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილებზე რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება იქნება. პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ ეს დემოკრატიის ქვაკუთხედია და ამ რეფორმას მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბოლო პრეს–კონფერენციაზე მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ამას და დაგვაიმედა, რომ მთავრობა სულ მალე განიხილავს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის მუნიციპალური მოწყობის ახლებურ, თანამედროვეობისათვის შესაფერის ხედვას ემყარება.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გზით შექმნის მცდელობები რამდენჯერმე იყო – 1991 წელს მათ მუშაობას აკონტროლებდა დანიშნული პრეფექტი, 1998–2006 წლებში – რეალურად ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული და პარტიულ კომისრად ქცეული გამგებელი, ხოლო ამის შემდეგ „ვარდოსნებმა“ სოფლის პრობლემების გადაწყვეტა მუნიციპალური ცენტრიდან დანიშნულ რწმუნებულებს და ადგილობრივი მერიტოკრატიის კარიკატურულ ფორმას – NGO-ების ფორმით შექმნილ ე.წ. „სათემო ორგანიზაციებს“ მიანდეს. ამდენად, დამოუკიდებლობის 22 წლის განმავლობაში არც ერთმა ხელისუფლებამ არ დაუშვა ხალხისთვის ძალაუფლების რეალური გადაცემა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური რიტორიკით მის წყაროდ სწორედ ხალხს ასახელებდა. თუ ადამიანებმა საკუთარი სოფლისა და ქალაქის მართვის მაგალითზე არ იგრძნეს, რა არის სინამდვილეში დემოკრატია, გასაკვირი არ არის, რომ პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები ჩვენთვის მხოლოდ დემოკრატიის ბუტაფორიული მექანიზმები და „ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა“ იქნება და ისევ „კეთილი ბელადის“ მარადიულ მოლოდინში ვიქნებით.

თუმცა, ამ ჟამად გვაქვს განვითარების შანსი: მთელმა მოსახლეობამ, თითოეულმა ჩვენთაგანმა, თვითმმართველობის მუშაობაში ჩართვის მეშვეობით, საკუთარ თავზე ავიღოთ და ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ჩვენი უბნის, სოფლის, ქალაქის მომავალზე, არ გადავაბაროთ ის მხოლოდ „რჩეულებს“, თავად კი სამზარეულოებიდან მათი კრიტიკოსის როლით არ შემოვიფარგლოთ. თანდათან გაჩნდება საკუთარი მამულის მეპატრონეობის კოლექტიური განცდა, რომელიც, განივრცობა რა მთელს ქვეყანაზე, ჩაენაცვლება და მოსპობს ბელადის ყოლის სურვილს. ხალხი, მისთვის ამჟამად ფსიქოლოგიურად კომფორტული, მაგრამ განვითარებისათვის უპერსპექტივო, ინფანტილური მდგომარეობიდან ნაბიჯ–ნაბიჯ გაიზრდება სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგრძნებით განმსჭვალული საზოგადოებამდე.

როგორ ჩაივლის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები: რეალურად ავირჩევთ თუ არა ადგილებზე თავკაცებს, თუ შევეგუებით მმართველი ძალის მიერ მათ „დანიშვნებს“, იქნება თუ არა თავისუფალი კონკურენტული გარემო სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტიებისათვის, ამაზე დიდად იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ ჩვენი შვილები.