აღსრულების პროცესის შეჩერების მოთხოვნით, იპოთეკით დაზარალებული პირები მერვე დღეა შიმშილობენ, ღამეს პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში ათევენ და წვიმის, სიცივისა და ევაკუაციის გამოცხადების მიუხედავად, დაშლას არ აპირებენ.
სამართალის პოვნის მიზნით, იპოთეკით დაზარალებული პირები ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ერთმანეთს საათობრივად ცვლიან და პარლამენტის პერიმეტრზე დეპუტატის გამოჩენას იმედის თვალით შეჰყურებენ, თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, ზოგიერთი დეპუტატისგან ნუგეშისა და თანაგრძნობის ნაცვლად, აგრესიასა და დამცირებას გრძნობენ.
აქციის მონაწილეებს „კარგი და ცუდი“ დეპუტატების სიაც აქვთ შედგენილი და ამბობენ, რომ მათი პრობლებით განსაკუთრებით ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე დაინტერესდა, რომელმაც მათი გაჭივრება გულთან მიიტანა. ხოლო, მეორე ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა მათი მოსმენა არ ისურვა და მათ მიმართა „თქვენი ხმა არ გვჭირდება, ჩვენს გვერდით, ჯარი და პოლიცია დგას“.
დაბალპროცენტიანი სესხეების გაცემის, ასევე აღსრულების პროცესის შეჩერების მიზნით, პარლამენტთან, ამ დროისთვის, ხუთი პირი შიმშილობს, მეექვსე კი, დღეს, სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, რომელსაც პროტესტის ნიშნად, ტერიტორიის დატოვება არ სურდა.
აღსანიშნავია, რომ მოშიმშილეთა შორის ერთ-ერთი მამაკაცი დიაბეტით არის დაავადებული, თუმცა, ის პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს და აღნიშნავს, რომ საკუთარ თავს სწირავს, რადგან მის ოჯახს ქუჩაში გამოსახლება ელის.
For.ge-სთან საუბარში აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იპოთეკით დაზარალებული პირები სახელმწიფოს ფულის ჩუქებას არ თხოვენ, არამედ ისინი მთავრობისგან დაბალპროცენტიან სესხებს ითხოვენ, რომლის გასტუმრებასაც შეძლებენ.
„ეს არის უიარაღო ომი, რომ ადამიანები სახლებიდან გამოყარონ, მაგრამ ჩვენი ბრძოლა შედეგს გამოიღებს“, - აღნიშნავს დარეჯან სულაქველიძე.
იპოთეკით დაზარალებული პირების მსგავსად, ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია.
ყოფილი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობას განსაკუთრებით აკრიტიკებს და მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ბედს უწინასწარმეტყველებს.
„საქართველო არ არის ინგლისი და არც ხელისუფლებაში გვყავს მარგარეტ ტეტჩერი, რომელიც „რკინის ლედი“ ირლანდიელი მოშიმშილეების ხარჯზე გახდა. შესაბამისად, „რკინის ლედობაზე“ თავს ნუ დადებენ და თითოეულ ქართველს მოუფრთხილდნენ! დეპუტატებმა კეთილი ინებონ, ამ ადამიანებს გაესაუბრონ და მათ სიმართლე დაუმტკიცონ - თუ რატომ არ შეუძლია სახელმწიფოს მათი დახმარება. ამ ადამიანებს მსგავსი ფორმებით „ნაციონალური მოძრაობა“ ექცეოდა და მათ მმართველობა როგორც დაამთავრეს, კი ნახეთ. ეს ხელისუფლება სამართლინობის აღდგენას გაჰკივის, მაგრამ ამ ხალხის თემით დაინტერესება, სამართლიანობის აღდგენის საზღვრებს სცდება?! კერძო მევახშეების ხელში 160 მილიონი ტრიალებს და გვაჩვენონ, კერძო მევახშეებს, ბიუჯეტში რამდენი აქვთ შეტანილი! რატომ არ ინტერესდება, ამ საკითხით პროკურატურა?! ვიღაც ბაღდათელ ქალს ხალხი დაახლოებით ოცი სახლიდან ჰყავს გამოსახლებული, რომელსაც ქუსლზე გამოხეული ჩულქი ეცვა და ხელისუფლება იმას ვერ ხვდება, რომ მევახშეების უკან მაფიოზები დგანან და ფულს ისინი აპროცენტებენ?!“, - განუცხადა for.ge-ს წულაიამ.
„თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი გამოსახლების პროცესებსა და სუიციდის ფაქტებზეც საუბრობს.
მისი ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელიც საკუთარი სახლიდან გამოასახლეს, თავი მოიკლა.
„ქუთაისელი მამაკაცი სამუშაოდ თურქეთში წავიდა, თანხის რაღაც ნაწილს ყოველთვიურად აგზავნიდა, მაგრამ მისი ოჯახი მაინც გამოასახლეს. ამ კაცს გული გაუსკდა და მისი ცხედარი გამოშიგნული ჩამოასვენებს. ახლა კი, მას სახლიც არ აქვს საიდანაც გაასვენებენ“, - დასძინა წულაიამ.
თუ როდის გადაიჭერება იპოთეკით დაზარალებული პირების პრობლემა, ამ დრომდე უცნობი რჩება, რადგან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონპროექტზე, მთავრობასა და პარლამენტს შორის კვლავ კონსულტაციები მიმდინარეობს, რომლის გათვალისწინებითაც, იპოთეკით და სასესხო ვალდებულებებით დატვირთულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სააღსრულებო საქმეებზე, აღსრულების პროცესი ექვი თვით - 1-ელ თებერვლამდე ჩერდებოდა.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანომ გედევან ფოფხაძის მიერ მომზადებული ინიციატივა პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა მთავრობისა და საბანკო სექტორის კრიტიკული პოზიციის გამო, ასევე პრემიერი-მინისტრის მოთხოვნით, ცვლილებების განხილვის პროცესი შეჩერდა.
ამ კანონპროექტზე საუბრისას, საგულისხმოა ერთი დეტალი. პარასკევის პლენარულ სხდომაზე, სადაც ცვლილებები მეორე მოსმენით უნდა მიეღოთ, შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა და მეორე დღეს საკითხი კენჭისყრაზე აღარ დადგა. გასულ კვირას კი, როდესაც, იპოთეკით დაზარალებული პირები გააქტიურდნენ, საკანონმდებლო ორგანოში ისევ ევაკუაცია გამოცხადდა. ორივე შემთხვევაში, დამნაშავე პირები გამოავლინეს. თუმცა, პირველ შემთხვევაში, 80 წლის მამაკაცმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც, მან დეპუტატები შეაშინა, მეორე შემთხვევის მოტივები კი, უცნობი რჩება, რადგან ცრუ შეტყობინების ბრალდებით დაკავებული ხაშურელი ლევან თ. არასრულწლოვანია და ძალოვანმა უწყებამ მის შესახებ მწირი ინფორმაცია გახადა საჯარო.