პრეზიდენტის შვეულმფრენი

პრეზიდენტის შვეულმფრენი

დიდი ზომის სავარძლები, ბარი, კონდიციონერი, მაცივარი და განსაკუთრებული კომფორტისთვის შექმნილი ყველა პირობა - ასე გამოიყურება პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით შეძენილი ფრანგული „სუპერ პუმას“ ტიპის ერთ-ერთი ვერტმფრენის სალონი, რომელიც დაახლოებით 10 მგზავრისთვისაა განკუთვნილი.

„სუპერ პუმას“ ტიპის ვერტმფრენები დღეს ჟურნალისტებს  დაათვალიერებინეს.   ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოს მთავრობის მიერ შეძენილი ორი ფრანგული ვერტმფრენიდან ერთის სალონი  სპეციალური დაკვეთით და უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეთანხმებით მოაწყვეს.

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი გემოვნებით მოწყობილი ვერტმფრენებით სარგებლობა ვერ შეძლო. 3 წლის წინ შეძენილი  ფრანგული „პუმები“ თბილისში, სამი თვის წინ  ჩამოიყვანეს  და ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა. დიდი ალბათობით,  მას საქართველოში ვეღარავინ გამოიყენებს - ეკონომიკის სამინისტრო ვერტმფრენების გაყიდვას გეგმავს.

ვერტმფრენების ღირებულება 100 მილიონ ლარს აღემატება და იგი ფრანგული კრედიტით  - საქართველოს მთავრობის მიერ „სოსიეტე ჟენერალთან“ გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებითაა შეძენილი. ვერტმფრენების საფასურის გადახდა საქართველოს მთავრობას ქვეყნის ბიუჟეტიდან და წლების განმავლობაში მოუწევს.

ვალის დაფარვამდე  კი ვერტმფრენების გაყიდვის გადაწყვეტილების გამო  კოაბიტაციის რეჟიმში მყოფი პრეზიდენტი და მთავრობა ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგული ვერტმფრენების გაყიდვის აკრძალვა სპეციალური ბრძანებით სცადა, ეკონომიკის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილება არ გააჩნია.

ვბრძანებ: 1. აიკრძალოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „Super Puma“ ტიპის შვეულმფრენების გასხვისება ან სხვა ნებისმიერი ფორმით განკარგვა.

2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული შვეულმფრენების მოვლა-პატრონობა და გამართულობა

აღნიშნული დოკუმენტი პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე დღეს გამოქვეყნდა.  მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გადაწყვეტილებას თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო უსაფრთხოების დაცვით ხსნის და იქვე აზუსტებს, რომ ვერტმფრენების გამოყენება  საქართველოს მაღალმთიან რაიონებში სწრაფი და ეფექტური მოქმედებებისთვის იქნება შესაძლებელი.

პრეზიდენტი, რაღა თქმა უნდა, საკუთარ ბრძანებაში ვერ და არც განმარტავდა, თუ რა საჭირო იყო სამხედრო ან სამაშველო ვერტმფრენებში ე.წ. VIP სალონის მოწყობა და ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასახდელი ვალის მეტად გაზრდა.

სააკაშვილის ინიციატივით შეძენილი ფრანგული ვერტმფრენების საკითხი ბოლო ორი დღეა ტოპ თემად იქცა. ისე კი პრეზიდენტის ავიაპარკის შესახებ ინფორმაცია აქტუალური ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლიდან ორ თვეში გახდა. 2012 წლის დეკემბერში ეკონომიკის სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სესხით შეძენილი ვერტმფრენები საქართველოში ჩამოყვანამდე უნდა გაყიდულიყო.  

P.S. პრეზიდენტის ავიაპარკში ფრანგული „სუპერ პუმების“ გარდა დაახლოებით 5 თვითმფრინავი შედის, მათგან ერთი ამერიკული თვითმფრინავია, რომელიც საზოგადოებას ტელეეკრანებიდანაც არაერთხელ უნახავს, მას  პრეზიდენტი უშუალოდ მართავს  ხოლმე.

P.P.S. „ვარდების რევოლუციის“ ბელადმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სტატუსით პირველად ეკონომკლასის რეისით  იმგზავრა. ეს 2004 წელს იყო. მაშინ სააკაშვილმა თქვა, რომ ამ მგზავრობით, 100 ათასი აშშ დოლარი დაზოგა. 2013 წელს, ანუ მეორე საპრეზიდენტო ვადის მიწურულს კი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის ნაყიდი და მისივე გემოვნებით მოწყობილი ფრანგული „სუპერ პუმას“ ვერტმფრენები საქართველოს ბიუჯეტს 100 მილიონი ლარის საგარეო ვალი დაუჯდება.