საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები მიესალმება პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას პატიმრობიდან ნიკა გვარამიას გათავისუფლების შესახებ.
მისი თქმით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საზოგადოების დეპოლარიზაციას.
„შეერთებული შტატები მიესალმება პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას პატიმრობიდან ნიკა გვარამიას გათავისუფლების შესახებ, რადგან ეს ქეისი თავიდანვე ძალიან პრობლემატური იყო და პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საზოგადოების დეპოლარიზაციას. ახლა არ არის საქართველოში პოლარიზაციის დრო, რადგან ეს მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
პრეზიდენტმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა. მან საპატიმრო გუშინვე დატოვა.