მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს დაქალები დაეპატრონენ

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს დაქალები დაეპატრონენ

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სწავლება ფასიანი გახდება. აღნიშნულით უკმაყოფილო მოსწავლეთა მშობლები და პედაგოგები მიიჩნევენ, რომ თვით ნაციონალებმაც კი ვერ შეძლეს სასახლეში მოქმედი წრეების ფასიანად გადაქცევა. ამიტომ, მათი აზრით, არსებული ვითარების შესახებ სასწრაფოდ სამთავრობო გადაწყვეტილებაა მისაღები, რისთვისაც ისინი პრემიერ-მინისტრს მიმართავენ.

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახლანდელი დირექტორი ქეთი ფეიქრიშვილი ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლის დასრულებისას ირწმუნებოდა, რომ სასახლე ბავშვებისთვის მუდამ უფასო იქნებოდა. თუმცა პოზიცია ახალი სასწავლო წლის დადგომისთანავე შეიცვალა. სასახლეში მომუშავე პედაგოგები ამას იმით ხსნიან, რომ ქეთი ფეიქრიშვილმა სასახლის ადმინისტრაციაში თავისი ახლობლები მიიყვანა და, ცხადია, ისინი მწირ ხელფასს არ დასჯერდებიან.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ფასიანი სწავლების შემოღებას იმით ხსნიან, რომ ეს სასახლე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა და მისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი საკმარისი არ არის, რათა თანამშრომლებს ხელფასები მოემატოთ და ზამთარში გათბობის სისტემა ჩაირთოს.

თავის დროზე ნაციონალებმა თვალი დაადგეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს და მის გაყიდვას აპირებდნენ. თუმცა სწორედ საპროტესტო აქციებმა იხსნა ეს სასახლე ხელყოფას. იმ დროს არაერთი ცნობილი ადამიანი გამოექომაგა განათლების ამ კერას, მათ შორის, მსახიობი დოდო ჭიჭინაძეც. დღესაც მშობლები და პედაგოგები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. 

For.ge აღნიშნული სასახლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს ესაუბრა, რომლებმაც ვინაობის დაკონკრეტება არ ისურვეს. 

ისინი ადასტურებენ, რომ ახალი დირექტორის მოსვლით სიტუაცია აირია. ქეთი ფეიქრიშვილმა, რომელიც ჩეხეთში საქართველოს ელჩის - ზაალ გოგსაძის მეუღლეა, მათ პირობა მისცა, რომ ყოფილი „სასახლებისგან“ უკვე დაარსდა ფონდი „თანადგომა“ და მათი დახმარებით სასახლე უფასო დარჩებოდა. მართალია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში იყო ფასიანი სამხატვრო სტუდიებიც, მაგრამ ძირითადად სწავლება ყოველთვის უფასო იყო.

ამიერიდან კი ახალმა ადმინისტრაციამ დააწესა ე.წ. საწევრო წლიური გადასახადი-50 ლარის ოდენობით და ბავშვების ხელახალი რეგისტრაციისთვის ამ თანხის გადახდა იქნება საჭირო.

მშობლების თქმით, სავარაუდოდ, 5-6 ათასი ბავშვი მაინც დადის აღნიშნულ სასახლეში, ძალიან ბევრი კაბინეტი ფუნქციონირებს და თითოეულ მათგანში, სულ მცირე, ათი ბავშვი ეუფლება ცოდნას. შესაბამისად, ამ საწევროს დაწესებით სოლიდური თანხა შევა სასახლის ადმინისტრაციის ბიუჯეტში.

„თათბირის დროს ქეთი ფეიქრიშვილს პედაგოგებისთვის უთქვამს, თქვენ მხოლოდ სიმბოლურად მოგემატებათ ხელფასი, რადგან ჩვენ შევიძინეთ ე.წ. კარტის გასატარებელი აპარატურა და ის ძალიან ძვირი დაგვიჯდაო. არადა, ტელევიზორში თქვა, პედაგოგებს მოემატება ხელფასებიო. ვის ატყუებნენ?! პირადად მე შეიძლება, იმ 50-მა ლარმა არ დამაქციოს, თუ მეცოდინება, რომ ჩემს მიერ გადახდილი 50 ლარი პედაგოგებს მოხმარდება, მაგრამ დირექტორის მიერ ახლადმოყვანილი 18 მეგობრისთვის გადავიხადო ეს თანხა, რომლებსაც 1000 ლარიანი ხელფასი სჭირდებათ? ამ დროს კი, შარშანდლამდე აქაური პედაგოგების ხელფასი 42 ლარი იყო და უშუქობასა და უწყლოობაში ისინი არ ღალატობდნენ ახალგაზრდებს. ამ ადამიანებს ყველასგან გამოარჩევთ, ცოდნის გარდა, რაღაც სხვა სითბოს აძლევენ ბავშვებს“, - გვითხრა ერთ-ერთმა მშობელმა.

მანვე აღნიშნა, რომ სასახლის ადმინისტრაცია მათ უკვე აჩქარებს, ქვითარიც გამოუწერეს ბავშვებს და, სულ მცირე, 20 ლარი ახლავე უნდა გადაიხადონ, 30 ლარის გადახდა კი მოგვიანებითაც შეუძლიათ. 

ამასვე ადასტურებენ პედაგოგებიც და მათაც არ მოსწონთ ეს ამბავი. მათი თქმით, სასახლეში უამრავი გაჭირვებული ბავშვი დადის, ზოგიერთ მათგანს სკრეპით აქვს ფეხსაცმელი დამაგრებული, ზოგი მრავალშვილიანი, ხელმოკლე ოჯახის შვილია. ამიტომ მათ უკვირთ, როგორ უნდა გადაახდევინონ შეჭირვებული ოჯახის შვილებს 50 ლარი?!

„ახალი დირექტორი რომ მოვიდა, გვეგონა, პირველ სართულზე მდებარე დიდი შესასვლელის ჩავარდნილ იატაკს მაინც გააკეთებდა, თუმცა იატაკის დაგების ნაცვლად, დერეფანი გადაატიხრინა დიქტით და კიდევ ორი ახალი კაბინეტი მიამატებინა. იქაურობა ყარს სველი წერტილების სუნით. აქამდე პარლამენტთან ვიყავით  მიერთებულნი და იმით თბებოდა სასახლე. შარშან კი პარლამენტი გადაიტანეს ქუთაისში და პედაგოგებმა დავდეთ ფული, რათა ზამთარში გავმთბარიყავით“, - აცხადებს  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგი. 

მათივე თქმით, სასახლეს თანხის მიზიდვის არაერთი საშუალება გააჩნია. ბოლოს და ბოლოს, მათ განკარგულებაშია არაჩვეულებივი ბაღი, რომელიც შეიძლება „ივენთებისთვის“ გაქირავდეს, ასევე - სარკეებიანი დარბაზის გამოყენება შეიძლება პრეზენტაციებისა და შეხვედრებისთვის. მით უფრო, ვინ დაიჯერებს, რომ უამრავი ღონისძიება, რომელიც დღემდე სასახლეში ტარდება, უფასოა? გარდა ამისა, შესაძლოა, გაკეთდეს საზაფხულო ღია კაფე სასახლის ეზოში და ა.შ.

ამასთან, მშობლები ურჩევენ სასახლის ადმინისტრაციას, თუკი თანხები ასე უჭირთ, ოლიმპიადებიდან მიიღონ შემოსავალი. მით უფრო, რომ ბავშვებისთვის უამრავი ოლიმპიადა იმართება, სადაც მშობლებს ყოველ საფეხურზე 10 და 15 ლარს ახდევინებენ და, სანამ ფინალამდე გავა მათი შვილი, 6 ლარი მაინც ჯდება ეს სიამოვნება. ასევე, მშობლების აზრით, მართალია, საუკეთესო გამოსავალი არაა, მაგრამ სასახლის ადმინისტრაციას შეუძლია, იმ სტუდენტებისგან მიიღოს შემოსავალი, რომლებიც ამავე სასახლეში სხვადასხვა წრეზე დადიან.

სასახლის აღზრდილები იმასაც იხსენებენ, რომ თავის დროზე ყოფილ პიონერთა სასახლეს ჰქონდა საკუთარი ავტოფარეხი, „პაზიკის“ ტიპის ავტობუსებით, და იმდროინდელ მოსწავლეებს ექსკურსიაზე ფულს არ თხოვნენ, რადგან სასახლეს თავისი სახსრები გააჩნდა. 

„უფასო წიგნებს ხომ არიგებენ? განა უფასო წიგნებზე ძვირი ჯდება სასახლის შენახვა?!  ამ ისტორიულ შენობაში რამდენი ცნობილი ადამიანი გაიზარდა, უამრავი პოეტი მარტო   ფაცია დეიდასთან სწავლობდა ამავე სასახლეში. იქნებ, ბიძინა ივანიშვილმა ახლა მაინც მიხედოს ამ სასახლეს და მის პედაგოგებს, რომლებმაც ამდენი ხნის მანძილზე შიმშილს თუ საშინელ პირობებს გაუძლეს და არავისგან დახმარება არ მიუღიათ“, - აცხადებენ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გულშემატკივრები.  

ამასთან, ისინი ემადლიერებიან ყოფილ დირექტორ, გიორგი შალამბერიძეს, რომელიც თავის დროზე მოხსნეს და მის ნაცვლად მიიყვანეს ლიკა მეღვინიშვილი, ლადო ვარძელაშვილის ამხანაგი, რომელსაც, ასევე, სურდა, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სწავლება ფასიანი გაეხადა, მაგრამ ეს ჩანაფიქრი ვერ განახორციელა. მის პერიოდში სასახლეს მოუხსნეს სტატუსი და სახლის სტატუსი მიანიჭეს, რადგან ნაციონალებს სულ სხვა გეგმები ჰქონდათ და შენობის გაყიდვას  აპირებდნენ. თუმცა მეღვინიშვილის წასვლისთანავე, ჯერ კიდევ შარშან, არჩევნების პერიოდში გაუქმდა უკანონო ბრძანება და სასახლეს ძველი სტატუსი დაუბრუნდა, რასაც იქაურები იმით ხსნიან, რომ ნაციონალები წინასაარჩევნოდ სასახლის პედაგოგების გაღიზიანებას მოერიდნენ.