"საქმეც მაგაშია, რომ თანაგუნდელები ვანოს შეგნებულად არ ახსენებენ - ეს მათი სტრატეგიის ნაწილია. მათი "იგნორი" არ ნიშნავს, რომ ისინი ვანოზე არ ფიქრობენ. ვითომ რებრენდინგი განახორციელეს პარტიის, ახლა სხვა გეგმები აქვთ და ემიჯნებიან ყველა იმ პირს, რომლებსაც საზოგადოება წამებასა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს. ვგულისხმობ ლიდერებს, ვინც სააკაშვილის გვერდით იყო. ერთ-ერთია ვანო მერაბიშვილი. სინამდვილეში კი თავიანთი ლობისტების დახმარებით, ვანოს ციხიდან გამოყვანის გეგმას ამუშავებენ - საკმაოდ აქტიური კამპანია მიმდინარეობს ვანო მერაბიშვილის დასაცავად ევროპაში: ესენი ძირითადად "ევროპის სახალხო პარტიის" ხალხია და ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატი. განსაკუთრებული მუშაობა მიდის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაქირავებული ლობისტური ჯგუფების მხრიდან. ეს ყველაფერი კი დღევანდელი ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს.", - აცხადებს ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვანო მერაბიშვილის გადარჩენის საიდუმლო გეგმა / როგორ აპირებენ "ნაციონალები" მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას?"
"გეგმა არის შემდეგი სახის. ახლა დიდ ლობისტურ ორგანიზაციებში მიდის მუშაობა იმ კუთხით, რომ შექმნან ძალიან მძიმე სურათი ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ საქართველოში ჩამოსული იყო პოლონეთის პარლამენტის წევრი მალგორზატა გოსიევსკა, რომელმაც ისაუბრა მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შეშფოთებით განაცხადა, ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნა და ის პირობები რაც მას აქვს, შეიძლება შეფასდეს როგორც ფსიქოლოგიური წამების ფორმაო. ამ კამპანია, რა თქმა უნდა, გაგრძელება ექნება და შემდეგ მოითხოვენ მერაბიშვილის რომელიმე ევროპულ კლინიკაში გადმოყვანას. ამის შესახებ უკვე მომდის ხმები, თუმცა ჯერ მხოლოდ პირად საუბრებში მიდის ამაზე კამპანია - ღიად ამას არავინ ახმაურებს. მოგვიანებით ეს მოთხოვნაც გაჟღერდება და მოხდება ის, რაც მოხდა იულია ტიმოშენკოს შემთხვევაში - ის გერმანიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ, ახლა კი იმაზე მიდის საუბრები, რომ გერმანიის ხელისუფლებამ უარი თქვას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქვეყანაში დაბრუნებაზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ფოფხაძე.
"ასეთი სცენარი იწერება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებითაც - მათი მიზანია ვანო გაიყვანონ ქვეყნიდან, მოათავსონ რომელიმე ევროპულ კლინიკაში ვითომ სამკურნალოდ და შემდეგ ამ ქვეყანამ უარი თქვას მის სამშობლოში დაბრუნებაზე, ვინაიდან ატყდება აყალმაყალი, თუ როგორ ცუდად ექცევიან პატიმარს და ა.შ. რა თქმა უნდა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ივანიშვილზე არის ზეწოლა და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვდნენ ივანიშვილს. ვინაიდან მერაბიშვილის გათავისუფლების რეალური საფუძველი არ არსებობს, ახლა ამ სქემაზე გადავიდნენ. ეს ყველაფერი კი ხდება "ქართული ოცნების" ლობისტების უმოქმედობის გამო", - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "ვინ არიან ეს ლობისტები, ფულს რომ იღებენ და საქმეს არ აკეთებენ?" - პასუხობს:
"მე არ მაქვს მათი დასახელების უფლება, ვინაიდან იმ კომპანიებში ჩემი ბევრი მეგობარი მუშაობს. მე შემიძლია მხოლოდ შენიშვნის სახით ვისაუბრო და ამასთანავე მივაწვდინო ხმა საქართველოს ხელისუფლებას თავიანთი დაქირავებული ლობისტური ჯგუფების უმოქმედობაზე. საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად არ გაუჭირდება კარგი ლობისტური კომპანიის დაქირავება. ერთიც მინდა ვთქვა - როცა მე, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი ციხის კადრებთან დაკავშირებთ, ასევე რეპორტიორების საქმეზე ვმუშაობდით, რათა ხმა მიგვეწვდინა ევროპის ყველა პოლიტიკური ძალისთვის, ეს მოვახერხეთ. ამიტომ ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული და როგორც ჩანს, საქართველის მთავრობის ლობისტური კომპანიები არ ცდილობენ იმის გაკეთებას, რაშიც მათ ფულს უხდიან... ის ჯგუფები, ვინც "ნაციონალებთან" ჩახუტებულები არიან, აქედანვე ზრუნავენ სააკაშვილის ბედზე. თუმცა ისინი, ვინც ნეიტრალურად არიან განწყობილნი, აცხადებენ, უმჯობესი იქნებოდა, სააკაშვილი რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ჩასულიყო და ლექციები წაეკითხაო - ევროპელები რადიკალურ ფორმებს არასოდეს მიესალმებიან, თუმცა იმასაც ითვალისწინებენ, რა სურს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. ამიტომ სააკაშვილის ბედზე ძირითადად ღელავენ ის პოლიტიკოსები და და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ახლა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანით არიან დაინტერესებულნი".