მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების განცხადება გააკეთა, მოქმედებაზე გადავიდა. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა „ვივამედიდან“ რამდენიმე მიმართვაც გაავრცელა. მან მომხრეებს კითხვების გაგზავნისკენ მოუწოდა და საკუთარი პოლიტიკური გეგმების გამოქვეყნებას, სიმბოლურად, 5 დღეში დაპირდა. რას მისცემს სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი გააქტიურება?
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ გეგმა „ა“ ჩავარდნის შემდეგ ის იძულებული გახდა გეგმა „ბ“-ზე გადასულიყო. ე.წ მომაკვდავის სცენარი სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ჩაუვარდა, ამიტომ მან და მისმა გარემოცვამ ახალი სცენარი შეადგინეს. რას მისცემს სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში გააქტიურება? - ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ არაფერს, რადგან ის პოლიტკურად განულებული ფიგურაა. ამ აქტიურობით სააკაშვილი მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის შენარჩუნებას შეეცდება.
„სააკაშვილი ჯერ დაიხოცა, მერე პოლიტიკაში მოდის“ - რაფიელ ერისთავის ცნობილი პიესის ინტერპრეტირებული სახელწოდება მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახალმა გადაწყვეტილებამ გაახსენა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ გამოცხადებული 600-დღიანი სიკვდილის ქრონიკა, რეალურად სიცრუე იყო და მიზნად ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ისახავდა.
„ვივამედიდან“ ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთხელ შემობრუნებას სპეციალური წერილით გამოეხმაურა პარლამენტის სპიკერიც. შალვა პაპუაშვილმა ჯერ დაწერა შემდეგ კი თქვა, რომ დეზინფორმაციის კამპანიამ, რომელშიც ოპოზიცია, სახალხო დამცველი, ენჯეოები და დასავლელი პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი დააზიანა. პარლამენტის თავმჯდომარე ჩამოთვლილ აქტორებს ქართული საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სათან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოქმედების „ბ“ გეგმა აირჩია რადგან გეგმა „ა“-მ არ იმუშავა. ამიტომ ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ შიმშილობის და მომაკვდავობის სცენარის ჩავრადნის შემდეგ, ალტერნატიულ სცენარზე გადავიდა.
„ავადმყოფობის საბაბით სააკაშვილის გათავისუფლება ვერ მოხერხდა. მისი მომაკვდავობა ქვეყნის შიგნით არავინ დაიჯერა, ხოლო გარეთ ლობისტების და ევროპარლამენტარების განცხადებების მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. ამიტომ სააკაშვილიც შემდეგ მოქმედებაზე გადავიდა. თანაც ხედავს, რომ პარტია ფაქტობრივად დაშლის პირას იმყოფება და თუ მოქმედება არ დაიწყო, „მოქალაქეთა კავშირის“ მსგავსად რადარებიდან მის გარეშე გაქრებიან. თანაც მიაჩნია, რომ პოლიტკური აქტიურობით ხელისუფლებას შეაშინებს და იქნება ამის გამო მაინც, თავიდან მოშორების მიზნით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაიყავნონ. არ მგონია ამ სცენარმა გაამართლოს, რადგან ხელისუფლებისთვის ის სახიფათო აღარ არის. პირიქით, ახლა სადაც არის და რა სიტუაციაშიც იმყოფება, ასეთ მდგომარეობაში სჭირდება, როგორც „ოცნებას“, ასევე ენმ-ს. სააკაშვილს პარტიის შიდა საქმეში და მის მართვაში არავინ ჩაახედებს. ის უბრალოდ დროშად იქნება აღმართული, რომლითაც სააკაშვილის მხადამჭერებს, რომლებიც დაფრთხნენ და ამ დაპირისპირების გამო პარტიისგან დისტანცირებულები არიან, უკან დააბრუნებს. კითხვები იქნება და პასუხსაც გასცემს, მაგრამ ამით რა იცვლება? სააკაშვილს კითხვებს მისივე მომხრეები დაუსვამენ და ასე, კითხვა-პასუხში გაერთობა. ამით აჩვენებს მხარდამჭერებს, რომ პოლიტიკაში ისევ აქტიურად არის ჩართული“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, როდესაც მთელს მსოფლიოს არწმუნებდნენ, რომ ის სიკვდილის პირას იყო, მაგრამ ამის გამო ქუჩაში საკუთარი მხარდამჭერებიც კი ვერ გამოიყვანეს, ახლა რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ. ძაბირაძე ამბობს, რომ სააკაშვილმა ახლა ისეთი რა უნდა მოიფიქროს, რომ მოსახლეობაში აჟიტაჟი გამოიწვიოს. მისი აზრით, ის ქართულ პოლიტიკაში უკვე გაჭრილი კოზირია, რომლის ათასჯერ გადათამაშებას აზრი აღარ აქვს. პირიქით, თუკი სააკაშვილის აქტიურობით ყველაზე მეტად ვინმე იხეირებს, ეს ხელისუფლებაა. ამიტომ მისთვის გაუგებარია დასავლეთმა სააკაშვილზე ისევ ფსონი რატომ უნდა დადოს. ეს ისევ წაგებული თამაში იქნება, რომელსაც ხელისუფლება პირწმინდად მოიგებს.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ წელიწადზე მეტია მიხეილ სააკაშვილი და მისი პატრონები შარლატანი ექსპერტების დახმარებით ცდილობენ, ციხეს თავი დააღწიონ, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაეყარათ, შესაბამისად, ახალი მასკარადის დადგმა დაიწყეს. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ უკვე მეორედ, სტრასბურგის სასამართლო სააკაშვილის საკითხის გნხილვას ძალიან პრინიციპულად მიუდგა. სააკაშვილს ევროსასამართლოში ძალიან კარგად იცნობენ და იციან, რომ მას მსგავსი თაღლითობა ახასიათებს.
„სააკაშვილის დავალებული ჰქონდა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში უნდა „გარდაცვლილიყო“, მაგრამ მან დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. ამის გამო არც კი რცხვენია და ურცხვად, ვითომ არც არაფერი, პირდაპირ „საიქიოდან“ პოლიტიკაში მოგვევლინა. რაღაცაში ისევ ხომ უნდა გამოიყენონ. მომაკვდავის როლი ვერ შეასრულა და იქნებ ეხლა მაინც რაღაცაში გამოადგეთ, იმ ფეხბურთის თამაშის არ იყოს, როცა ბოლო წუთებია ხოლმე, მატჩის, კოჭლი იქნება, ხეიბარი თუ რა ვიცი, რა ტრავმაც არ უნდა ჰქონდეს ფეხბურთელს, ყველა სათამაშოდ უნდა გამოიყვანონ. ასეა სააკაშვილის და მისი პატრონების საქმეც.
მომაკვდავად არ ივარგა და იქნებ გაცოცხლებული მაინც რაღაცაში წაადგეთ. ეს კაცი ვისგან იმართება ბოლოს და ვის დაკვეთებს ასრულებს, ვეღარ ვიგებთ უკვე. გვახსოვს, ალბათ, სააკაშვილის პირადი მოძღვარი მეუფე ნიკოლოზი რომ მოსკოვში გაემგზავრა, უკან დაბრუნების შემდგე კი უცბად სააკაშვილის სრული ტრანსფორმაცია მოხდა. ამიტომ უკვე საეჭვოა რა ხდება, ვისთან არის ეს კაცი საერთოდ შეკრული. დამთხვევას თავი დავანებოთ, რადგან მეუფე ნიკოლოზის პატრიარქ კირილესთან ვიზიტი საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული. ის ასრულებდა რაღაცა კერძო მისიას და დავიჯერო, ამ მისიაში სააკაშვილის ინტერესი არ იყო ჩართული? ამ მივლინების შემდეგ, არც ერთი ოპოზიციური ტელევიზია არ დაინტერესებულა, რა შედეგით დასრულდა ეს შეხვედრები“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ის გარე ძალა, რომელიც დაინტერესებულია და ჯერ კიდევ სჯერა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას მოახდენს, სააკაშვილის ჩათვლით, ყველა რესურსის გამოყენებას ცდილობს. თუმცა ქართველიშვილს მიაჩნია, რომ სახელმწიფო მზად არის იმისთვის, რომ ეს ამოცანა რეალობად არ იქცეს.
„სააკაშვილის კონტრაბანდულად ჩამოსვლის შემდეგ, ამ ძალებს არაერთი მცდელობა ჰქონდათ, რომ ის რომელიმე პოლიტიკური ლიდერით ჩაენაცვლებინათ. ვხედავდით, რომ ამისთვის ამ ლიდერების დატესტვაც კი ხდებოდა. იგივე შარშან გამართულ ივნისის აქციებზე, როცა ხელისუფლება ტექნიკური მთავრობით უნდა ჩანაცვლებულიყო, იქ რაღაცა ახალი სახეების მოსინჯვა სცადეს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თუმცა ქალბატონ ამერიკის ელჩ კელი დეგნანზე და საელჩოს წარმომადგენლებზე დიდად ეფექტი ვერ მოახდინეს. გვახსოვს, ასევე, მარტის აქციებზე სატესტო ხაზით გიორგი გახარიას და ნინო ლომჯარიას შემოყვანა, მაგრამ ამანაც ის ექფეტი არ მოახდინა, რაც უნდა მოეხდინა. გიორგი ვაშაძე კიდევ რა მიმართულებით გაუშვა ხალხმა დავინახეთ. ნუ, ლომჯარიაზე საერთოდ საუბარი აღარ მაქვს, ეს ქალბატონი ერთი პროცენტი მხარდაჭერითაც არ სარგებლობს და გახარიას რაც დაემართა, ვხედავთ. სააკაშვილს ამომრჩეველი, თავის ე.წ. სექტა ისევ ჰყავს, ამიტომ მკვდარი გააცოცხლეს, რომ იქნებ, როგორმე შედეგი დადგეს და გამოიყენონ რაღაცაში“, - ამბობს ქართველიშვილი.