საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე გააკეთა.
„დღეს მოვაწერე ხელი ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. მე არ ვაპირებ, ამ გადაწყვეტილებაზე რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც დღეს ვიყენებ. მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში ვთქვი, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპს მუქარას. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა.