ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მტკიცებით, დაიწყო ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის შეუქცევადი პროცესი. მინისტრმა ეს დასკვნა 2013 წლის 8 თვის ეკონომიკურ მაჩვნებლებზე დაყრდნობით გააკეთა. ნოდარ ხადურის მტკიცებით, გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები, ექსპორტი და პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა.
სახელმწიფო ბიუჯეტში 2013 წლის 7 თვეში საგადასახადო შემოსავლებმა 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 31,3 მილიონი ლარით გადააჭარბა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი: მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებული საქონლის ღირებულება, შარშანდელთან შედარებით, 69 მილიონი ამერიკული დოლარით მეტია. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მტკიცებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უკან მოიტოვა რთული პერიოდი:
„ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაში დაიწყო აღმავლობის შეუქცევადი პროცესი! პრობლემები საქართველოს ეკონომიკაში, მეტ-ნაკლები მოცულობით, შეიქმნა გასული წლის ივლისში, საიდანაც 2013 წლის მარტამდე ყოველი მომდევნო თვე იყო უფრო პრობლემური, ვიდრე წინა, მაგრამ მარტიდან ჩვენ დავიწყეთ სერიოზული ღონისძიებების განხორციელება და ეკონომიკის სისტემური გაჯანსაღების ხარჯზე მარტიდან ყოველი თვე უკეთესია, ვიდრე წინა“.
ფინანსთა მინისტრის თქმით, იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 1 მილიარდ 140 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან, ნოდარ ხადურის თქმით, ექსპორტის მზარდი დინამიკაა როგორც მეზობელ, ისე დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართულებით. პოზიტიურია ექსპორტის მაჩვენებლები რუსეთთან - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართული პროდუქციისთვის გაიხსნა რუსეთის ბაზარი. 2013 წლის 8 თვეში რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 36 მლნ დოლარით გადააჭარბა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის თქმით, აშკარაა, რომ არ გამართლდა ოპონენტების პესიმისტური პროგნოზი.
„რომ არ იყო ეკონომიკაში გარკვეული ზრდა, ბუნებრივია, საგადასახადო შემოსავლების ზრდა ვერ იქნებოდა. ექსპორტი გაიზარდა იმიტომ, რომ გაზრდილია შესაძლებლობა რუსეთში პროდუქციის გატანისა. ეს ტენდენცია გაძლიერდება და გაფართოვდება. შესაბამისად, ეკონომიკაც ნელ-ნელა გაიზრდება და წინ წავა“, - უთხრა ზურაბ ტყემალაძემ რადიო თავისუფლებას.
ქვეყნის ეკონომიკისათვის პოზიტიურ ტენდენციაზე საუბრობენ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოშიც, რომლის ხელმძღვანელის გიორგი პერტაიას თქმით, გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა- პირველ ექვს თვეში 459 მილიონი ამერიკული დოლარი იქნა მოზიდული:
„შემოსულია ჩინეთიდან, ჰოლანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან მრეწველობაში, ენერგეტიკაში, კომუნიკაციაში... ის აქტივობები, რასაც სააგენტო ახორციელებს, რეალურ შედეგებს 2014 წლიდან მივიღებთ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ინვესტიციები არ მცირდება, ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ეს არ არის ისეთი ზრდა, როგორიც ჩვენ გვჭირდება. კარგია, რომ იზრდება, მაგრამ, საერთო ჯამში, უფრო მეტს ველოდებით“.
თუმცა, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საგრძნობლად არ გაზრდილა, საქართველოს ეკონომიკაც მოკრძალებულ ტემპში აგრძელებს განვითარებას.
„წლის განმავლობაში 1,7% გვაქვს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და იმედი გვაქვს, რომ შემოდგომაზე უფრო მაღალი იქნება ზრდის მაჩვენებელი. რაც შეეხება ინფლაციას, ის 0%-ია“, - ამბობს ნოდარ ხადური.
მინისტრის მიერ დასახელებული 1,7 პროცენტიანი ზრდა საგანგაშო მაჩვენებლად მიაჩნია „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ხელმძღვანელ პაატა შეშელიძეს, რომლის თქმითაც, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე დიდი გავლენა იქონია სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებამ. გარდა ამისა, გამკაცრდა ბიზნესრეგულირებები ბევრ სფეროში, სადაც სახელმწიფომ კერძო სექტორი ჩაანაცვლა და თავად იტვირთა დაფინანსება.
„ჯამში, ეს ყველაფერი არ შეიძლება იყოს შეფასებული დადებითად და სხვა მაჩვენებლები, როგორიც არის ეკონომიკის ზრდის ტემპი, დანაზოგები და ასე შემდეგ, არ აჩვენებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს იმაზე კარგი მდგომარეობა, ვიდრე აქამდე იყო. მით უმეტეს, არ უნდა იყოს ლაპარაკი შეუქცევადობაზე. გარდა ამისა, შემოდგომაზე კიდევ დაემატება საბიუჯეტო ვალდებულებები, რომელთა გასწორება ძალიან გაჭირდება... ამის არდანახვა და იგნორირება შეუძლებელია“, - უთხრა პაატა შეშელიძემ რადიოთ თავისუფლებას.
რაც შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს, პაატა შეშელიძის თქმით, 1,7 პროცენტი განგაშის საფუძველს იძლევა. მისი აზრით, თუ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს, ეკონომიკა ორნიშნა რიცხვით, ანუ, სულ ცოტა, 10 პროცენტით მაინც უნდა იზრდებოდეს, თუმცა, პაატა შეშელიძის მტკიცებით, დღეს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა, რაზეც პასუხი მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უნდა აგოს.