ევროკომისიის ზეპირი მოხსენების თანახმად, რომელიც დასავლურ მედიაში წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება, საქართველოს პროგრესი აქვს 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე და აქედან 3 სრულად აქვს შესრულებული. 8 რეკომენდაციის შემთხვევაში ევროკომისია მიიჩნევს, რომ „ნაწილობრივ პროგრესია“ ხოლო 1 მათგანი საერთოდ შესრულებული არ არის. ევროკომისიამ დასკვნა ამ კვირაში უნდა მიიღოს და საქართველოს ხელისუფლება გაიგებს, რას უთვლიან შესრულებულად და რას არა.
წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს, მანამდე ოქტომბერში ელიან გაფართოების შესახებ ევროკომისიის პირველ ანგარიშს საქართველოსთვის.
საქართველოს ხელისუფლება კი ამბობს, რომ 11 რეკომენდაცია უკვე შესრულებული აქვთ, ხოლო მე-12 დეპოლარიზაციის საკითხი არ აქვთ შესრულებული, რადგან ოპოზიციის გარეშე ეს ვერ მოხერხდება.
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მას პოზიტიური მოლოდინი აქვს და ამის მიზეზს მის მიერ გამართული მაღალი დონის შეხვედრები აძლევს.
„მოცემულ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მთელი მსოფლიო, ევროპის კონტინენტზე რაც ხდება და უკრაინაში ეს დამანგრეველი ომი, ამან მთლიანად შეცვალა საერთაშორისო წესრიგი. ასეთ ვითარებაში მე მათ ვუთხარი, რომ საქართველოს გამოყოფა იქნება სტრატეგიული შეცდომა დასავლეთის და ეს არ შედის დასავლეთის, არც ჩვენს ინტერესებში. მე ასევე მკაფიოდ ვუთხარი ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენი სურვილი თუ არის პოლარიზაციის დასრულება, აუცილებლად უნდა მოგვანიჭონ სტატუსი, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სპეკულაციის საგანი და პოლარიზაციის წყარო და თუ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ავტომატურად, მინიმუმ, გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის თქმითაც, სტატუსის მინიჭების საკითხთან მიმართებით ის „საკმაოდ ოპტიმისტურად“ არის განწყობილი.
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს 14 ივნისს შეხვდა. მანამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი საქართველოს პრემიერსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის განხილვის თემა იყო 25 აპრილს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზეც.
თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია for.ge-სთან ამბობს, რომ მართალია ევროკომისიის შუალედური ანგარიში ზეპირსიტყვიერი იქნება, მაგრამ ამ დასკვნას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს იქიდან გამომდინარე, რომ გავიგებთ ევროკომისია 12 რეკომენდაციიდან შესრულებულად რომელს ჩაგვითვლის და რომელს არა. მისი თქმით, ჯერ კიდევ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, მინიმუმ ორი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია შეუსრულებელია, თუმცა, წლის ბოლომდე დრო კიდევ არის და იმედი ბოლომდე არ უნდა გადავიწუროთ.
„ყველაფრის მიუხედავად, მე მრჩება შთაბეჭდილება და ეს მხოლოდ ჩემი დაკვირვება არ არის, ევროკავშირი საქართვეელოს ყველანაირად უწყობს ხელს, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ზუსტად არავინ იცის რა და როგორ იქნება, ამიტომ წინასწარ რაიმე მოლოდინის შექმნა სწორი არ მგონია. ევროკავშირი რომ მონდომებულია და საქართველოს დაკარგვა არ უნდა, ეს ბოლო დროს გამართული მაღალი დონის შეხვედრებიდანაც კარგად ჩანს. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს და სხვა წევრი ქვეყნის მინსიტრებს შეხვდა, ასევე გერმანიაში კანცლერ შოლცთან გაიმართა შეხვედრა. დახურულ კარს მიღმა სწორედ იმაზე ესაუბრებიან პრემიერს, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ, რას მიიჩნევენ შესრულებულად, რას არა და რა უნდა გამოასწორონ. წლის ბოლომდე კიდევ დრო არის და იმედია, ხელისუფლება ამ ყველაფერს ითვალისწინებს. შუალედური დასკვნა, მართალია, არ არის ისეთი კონკრეტული, საიდანაც რაიმე დასკვნებს გამოვიტანთ, მაგრამ ხელისუფლებისთვის კარგი და ყურადსაღებია იმით, რომ გვეცოდინება შესრულებულად რომელ პუნქტებს ჩაგვითვლიან და რომელს არა“, - ამბობს კაკაჩია.
მისივე თქმით, ყველაზე ძნელი საკითხი, რომელიც შესასრულებლად რთულია, ეს დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაციის პუნქტებია. კაკაჩია ამბობს, რომ პირველი დაკავშირებულია იმასთან რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ეს დაუკავშიროს ბიძინა ივანიშვილს, ხოლო ოპოზიციას უნდა, რომ კანონი მხოლოდ ივანიშვილზე იყოს მორგებული, რაც, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ასეთი გაგებით ევოკომისიისგან მიღებული. რაც შეეხება მეორეს - დეპოლარიზაციას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ქვეყანაში სიტუაცია უფრო პოლარიზაციისკენ მიდის.
„ამ ორი პუნქტის შესრულება ძალიან რთული იქნება, უფრო სწორად შეუძლებელი. ყველაზე პრობლემური ასევე რჩება კანონის უზენაესობის და სასამართლოს თემები, ასევე ადამიანის უფლებები და მედია. ეს თემები არის ყველაზე რთული იმიტომ, რომ აქ არის სხვადასხავა ინტერპრეტაცია, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ასრულებს ამ ყველაფერს, ამ დროს საქართველოში როგორც ოპოზიციას და ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას ასე არ მიაჩნია. ევროკავშირს რომელი დაარწმუნებს ამაშია საქმე, ვისას უფრო დაიჯერებენ. იმედის მომცემი ის არის, რომ წლის ბოლომდე დრო კიდევ არის, მაგრამ ეს ანგარიში არ განაპირობებს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, ეს უბრალოდ მოგვცემს მიმართულებას, სწორად თუ მიდის ხელისუფლება ამ მიმართულებით და გარკვეულ ტენდენციებს გამოავლენს, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ“, - ამბობს კაკაჩია.
„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე კი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად შანსები 50/50-ზე გვაქვს და კიდევ 4 თვე გვაქვს საბოლოო გადაწყვეტილებამდე დარჩნეილი. ამიტომ ჩხიკვაძე for.ge-სთან ამბობს, რომ დრო ჯერ კიდევ გვაქვს და შუალედური დასკვნა მოგვცემს იმის საშაულებას, გავიგოთ სწორად მივდივართ თუ არა.
„მე ვფიქრობ, წინასწარ რაიმე მოლოდინის შექმნა სწორი არ არის და წინ კიდევ საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ 12 პუნქტი სურლად შევასრულოთ. საქმე ისაა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ შესრულებულად რას მივიჩნევთ, მთავარი ევროკომისიაა, რომელმაც ეს უნდა ჩაგვითვალოს. ჩვენ კი ვიძახით, რომ ვასურლებთ, მაგრამ მათი დასკვნაა მთავარი. უკვე კულუარულად ხდება ცნობილი წინასწარ, რომ 3 რეკომენდაციას გვითვლიან, ეს არის დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა, გენდერული თანასწორობა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. ხოლო 8 რეკომენდაცია, რომლის შესრულებაშიც საქართველოს „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს, მათი აზრით, ეს არის დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუციების დამოუკიდებლობა, ინკლუზიური და ეფექტური სასამართლო რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 1 რეკომენდაცია, რომელზეც „არანაირი პროგრესი“ არ არის, მედიის პლურალიზმია. ამიტომ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. თუკი ხელისუფლების პოლიტიკური ნება იქნება, მაშინ ჩვენ სტატუსს მოგვცემენ და ეს შესაძლოა გარკვვეული დათქმებით მოხდეს. ყველა სცენარით მოვლენების განვითარება მოსალოდნელია“, - ამბობს ჩხიკვაძე.
ეს ხომ მათემატიკური განტოლების ამოხსნა არ არის. ზუსტი პასუხით რომ დაამტკიცო დავალების შესრულება.
აქ შემმოწმებელს ყოველთვის შეუძლია დაიწუნოს შედეგი. პოლარიზაციის; სამართლიანობის; მედიის თავისუფლების; დეოლიგარქიზაციის ან სხვა სოციალური საკითხის საზომი სადმე არსებობს? აქ შეფასება ყოველთვის სუბიექტურია. რასაც უნდათ იმას იტყვიან და შიდა მტრებიც ჟრიამულით შეხვდებიან უარყფით შეფასებას. ნახეთ უკვე რა სიამოვნებით იფშვნეტენ ხელებს მანჯგალაძე - დეკანოიძეები.
ასე რომ მაგ ევროკავშირის გარეშე აქამდე თუ გავძელით, როგორმე კიდევ გადავრჩებით.
ყოველ შემთხვევაში, ვინმეს წინაშე თავის მოსაწონებლად "ცალ ფეხზე დგომას", გადასარჩენად, წელში გამართული ჭიდილი სჯობია.