წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, - ამ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 2013 წლის II კვარტლის მონაცემები წინა კვარტლის მონაცემებს 3 პროცენტით, წინა წლის მონაცემებს კი 7 პროცენტით აღემატება.
ასევე, წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2013 წლის პირველ 6 თვეში 459 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2012 წლის დაზუსტებული მონაცემების 96 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ინფორმაციით, 2013 წლის II კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 480 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა. უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების წილი შემდეგნაირად განაწილდა: ლუქსემბურგი 52 %, ჩინეთი - 34%, ნიდერლანდები - 28 %.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 66 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29 პროცენტია. მეორე პოზიციას იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა 59 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 46 მილიონი აშშ დოლარით.
ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი სოსო არჩვაძე For.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის შესახებ ბოლო მონაცემები საქართველოში ინვესტიციების ბუმზე არ მიანიშნებს, თუმცა ქვეყნის ეკონომიკისთვის მაინც მნიშვნელოვანია.
„მსოფლიოში ფინანსური კრიზისი არ არის დაძლეული და საქართველოს გარდა ბევრი სხვა ქვეყანა არის მზად, ხელსაყრელი პირობები შესთავაზოს უცხოელ ინვესტორებს სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. ამ ფონზე 3%-იანი ზრდაც მნიშვნელოვანია,“- აცხადებს სოსო არჩვაძე.
ექსპერტი უცხოურ ინვესტიციებზე საუბრისას ყურადღებას შრომითი მიგრანტების მიერ საქართველოში გამოგზავნილ ფულზეც ამახვილებს და განმარტავს, რომ ამგვარი ინვესტიცია ეკონომიკის ზრდას ვერ უზრუნველყოფს, რადგან ეს თანხები, ძირითადად, ბინების რემონტსა და ავეჯის შეძენას ხმარდება.
„გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების განხორციელებას სერიოზული კაპიტალდაბანდება სჭირდება. მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში მსხვილი კაპიტალის მონაწილეობა ან თანამონაწილეობაა საჭირო. ამიტომ, ლოგიკურია, რომ სწორედ ამ დარგებში გაჩნდა უცხოური ინვესტიციების მოთხოვნა და შემოსვლა,“- განმარტავს არჩვაძე.
უცხოური ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებულ ინფორმაციას „სიცრუესა და „იაფ ეშმაკობას“ უწოდებს ექსპერტი ლევან კალანდაძე. მისი მტკიცებით, წინა წელთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა რეალურად არ გაზრდილა, ხოლო, 2013 წლის მეორე კვარტალში საქართველოში მანამდე შემოსული ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნიდან გავიდა.
„2012 წლის ორი კვარტლის მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 479 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2013 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კი, 459 მილიონ აშშ დოლარს. ანუ შემცირება 20 მილიონი აშშ დოლარია. 2013 წლის მეორე კვარტალში ადრე შემოტანილი ინვესტიციებიდან 140 მილიონი აშშ დოლარი ქვეყნიდან გავიდა. ეს მაჩვენებელი წარმოუდგენლად მაღალია ბოლო წლების სტატისტიკაში“ - განმარტავს ლევან კალანდაძე.
ეკონომიკური ზრდის კუთხით ქვეყანაში შექმნილი არც თუ სახარბიელო მდგომარეობის ფონზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის შესახებ ინფორმაცია ერთგვარად მოულოდნელი აღმოჩნდა ეკონომიკის საკითხთა ექსპერტის, ირაკლი ლექვინაძისთვის.
„ამ პერიოდში ბიზნესგარემოზე საკმაოდ მოქმედებდა კოაბიტაციის რეჟიმი და პოლიტიკური გარემო. პოზიტიური მოვლენაა, რომ ინვესტიციები გაიზარდა - როგორც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან, ისე წინა კვარტალთან შედარებით. საკმაოდ დინამიურია ექსპორტის მაჩვენებლებიც. თუ მესამე კვარტალშიც პოზიტიურ შედეგი გვექნება, ეს მოგვიანებით ქვეყნის ეკონომიკაზეც იქონიებს გავლენას“, - აცხადებს ლექვინაძე.
„ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე კი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს. შეშელიძე ვარაუდობს, რომ უცხოელი ინვესტორების დიდი ნაწილი ფულს სამთავრობო პროექტებში დებს, ეს კი არც თავისუფალი ბაზრის შედეგია და არც ქვეყანაში განვითარებული რეფორმის ეფექტიანობაზე მიუთითებს.
„ენერგეტიკის სფეროში უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფო პროექტები ხორციელდება. სახელმწიფო პროექტები მოქმედებს გადამამუშავებელ მრეწველობაშიც. მთავრობამ გაზაფხულზე წამოიწყო „იაფი კრედიტის“ პროგრამა, რომელიც გარკვეულ შეღავათებსა და ფინანსურ სუბსიდიებს სწორედ ამ დარგში ითვალისწინებდა. ვვარაუდობ, რომ სწორედ ამ სიტუაციების გამოყენებით მოიზიდეს გარკვეული ინვესტორები. როცა უცნობია დეტალები, თუ რომელი კომპანია რომელ სფეროში დებს თანხებს, მიჩნდება ეჭვი, რომ უმეტესობა სახელმწიფო და სუბსიდირებული პროექტებია, ლუქსემბურგიდან მოსული ფული კი ადგილობრივი წარმოშობისაა,“- აცხადებს პაატა შეშელიძე.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამთავრობო პროექტებში გახარჯვას არ ადასტურებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არც სამთავრობო პროექტებში იხარჯება და არც გრანტების სახით გაიცემა, ეს კერძო სექტორში ჩადებული თანხებია,“- განმარტა For.ge-სთან საუბარში საქსტატის წარმომადგენელმა ლია ძებისაურმა. მისივე თქმით, გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა მონაცემთა ბაზაში შესაძლებელია მოძიება, თუ რომელი კომპანია რომელ სფეროში დებს საინვესტიციო თანხებს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ დაზუსტებულ მონაცემებს საქსტატი მომავალი წლის აგვისტოში გამოაქვეყნებს. მანამდე კი, ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილის მსგავსად, საქართველოში ინვესტიციების ზრდის მოლოდინი აქვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. ბიძინა ივანიშვილმა 4 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში ინვესტიციების ბუმი დაიწყება და ამ კუთხით ქვეყანა „მეორე დუბაი“ გახდება.