მანდატურების გადირექტორების ფაქტები დედაქალაქის რამოდენიმე სკოლაში უკვე დაფიქსირდა. რეგიონები ამ მხრივ აქტიურებას ახლა იწყებენ.
პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალე რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში მანდატური დაწინაურდება და დირექტორის სავარძელს მოირგებს, თვის დასაწყისში გაჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ საუბარი რუსთავის მე-12 საჯარო სკოლაზეა. ამ სასწავლო დაწესებულებაში 500-მდე ბავშვი სწავლობს. ქართულთან ერთად აქვთ რუსული სექტორიც.
მანდატურის გადირექტორებას მე-12 სკოლაში უარყოფენ, თუმცა ადგილზე მისულებს დირექტორი გვეუბნება, რომ თანამდებობიდან წასვლის განცხადება უკვე დაწერილი აქვს.
”გარკვეულო ოჯახური მდგომარების გამო სურვილი მაქვს აღარ ვიყო დირექტორი. კატეგორიულად უარვყოფ იმას, რომ ჩემ გადაწყვეტილებას რაიმე კავშირი აქვს მანდატურებთან. მათ, მუშაობის პერიოდში სულ ორი და ისიც უმნიშვნელო შენიშნვა აქვთ გაკეთებული.
ერთი ეხებოდა ჩვენი სკოლის დარაჯს. მასზე უკმაყოფილება გამოთქვეს, რადგან ეს პიროვნება ღამის საათებში სიგარეტს ეწეოდა. ერთიც, ეხებოდა მოსწავლის დაგვიანებას. სულ ეს იყო. საუბარი იმაზე, რომ რაღაც დარღვევები აღმომიჩინეს აბსურდია. ამაზე ისიც მეტყველეს, რომ საგანმანათლებლო სისტემიდან არ მივდივარ. მუშაობას დედაქალაქში გავაგრძელებ, თუმცა, კონკრეტულად სად, ვერ გეტყვით” - საუბრობს მე-12 სკოლის დირექტორი გელა წითლიძე.
ჩვენს კითხვაზე - შესაძლებელია, თუ არა მის შემცვლელად მანდატური მოგვევლინოს გვპასუხობს: ”მანდატურები სერიოზული კონკურსის შედეგად აირჩნენ. შემდეგ, გაიარეს ასევე სერიოზული და რთული მომზადების პერიოდი. ვფიქრობ, ისინი საკმაოდ განათლებული ხალხია და თუ რომელიმე დირექტორად დაინიშნება, ამაში ცუდი არაფერია. კონკრეტულად ჩვენი სკოლის მანდატურები ასეთები არიან. ერთს ორი უმაღლესიც აქვს დამთავრებული. დირექტორის თანამდებობა პირველ რიგში მენეჯმენტის ცოდნას ითხოვს. ასე რომ, ყველას და მათ შორის თქვენც, შეგიძლიათ გახდეთ სკოლის დირექტორი“ – ამბობს მანდატურებზე შყვარებული წითლიძე.
გელა წითლიძე საგანმანთლებლო სფეროში უკვე ოცი წელია მუშაობს. მე-12 სკოლის დირექტორად ის სამი წლის წინ დაინიშნა. ახლა, როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, მისი ერთადერთი სურვილია, განათლების მინისტრმა ხელი მოუწეროს სამსახურიდან წასვლის განცხადებაზე.
”არა, ნამდვილად არ დავწინაურებულვარ. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რა ადგილას ვიწყებ მუშაობას. ეს ჩემი პირადი საქმეა” – დასძენს რუსთავის მე-12 სკოლის დირექტორი, რომელსაც ყველაზე სანუკვარი სურვილი - თანამდებობის დატოვება - მალე აუცილებლად აუსრულდება.