ებრაული კომპანია ,,ადითის’‘ შეუსრულებელი მისია

ებრაული კომპანია ,,ადითის’‘ შეუსრულებელი მისია

გაპარტახებული საავადმყოფოები, უხელფასო მედპერსონალი და დაზარალებული პაციენტები _ მიზეზები, რის გამოც ,,ადითის’‘ კლინიკები სახელმწიფო მართვაში გადავა

დედოფლისწყარო, ასპინძა, ჩოხატაური, ლანჩხუთი, ქარელი, ვანი _ ეს იმ რაიონების არასრული ჩამონათვალია, სადაც ებრაული კომპანია ,,ადითის’‘ წინააღმდეგ მედპერსონალმა საპროტესტო აქციები გამართა. მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ „100 ახალი საავადმყოფოს“ პროექტი ჩააგდო, ებრაული კომპანია „ადითი“ ერთ-ერთი იყო, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. ქვეყნის მასშტაბით კომპანიას ახალი სამედიცინო ობიექტები უნდა აეშენებინა, ამ მიზნით, „ადითმა“ საქართველოს 9 ქალაქის საავადმყოფო შეიძინა და მათი სრული რეაბილიტაციის ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო, რაც ვერ შეასრულა და, შესაბამისად, მედპერსონალის პროტესტმაც არ დააყოვნა.

დღემდე უცნობია, რამდენი გადაიხადა ებრაულმა კომპანია ,,ადითმა’‘ საავადმყოფოებში ან სახელმწიფოს წინაშე რა ვალდებულებები აქვს. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ საავადმყოფოებში შესვლისთანავე კომპანიის ხელმძღვანელობამ მედპერსონალის ხელფასი გაანახევრა და კადრები მინიმუმამდე დაიყვანა მაშინ, როცა ჯანდაცვის იმდროინდელი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ამტკიცებდა, 2011 წლის 31 დეკემბრიდან ვერც ერთი საავადმყოფო, რომელიც სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს, სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პაციენტებს ვერ მოემსახურებაო. ასეა თუ ისე, ფაქტია: 3 წლის განმავლობაში ,,ადითმა’‘ მინიმალური პირობებიც ვერ შექმნა. რაიონულ საავადმყოფოებში მიზერული ხელფასის გარდა, დიდი ხნის განმავლობაში პრობლემად რჩებოდა დაგვიანებული ხელფასები და ამ ფონზე, რაიონებში ხშირი იყო ექიმების გაფიცვა, საპროტესტო აქციებით კი ჩოხატაური გამოირჩეოდა. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოძველებული ტექნიკა, უხელფასო მედპერსონალი და პრობლემები _ ასეთია ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საავადმყოფოების რეალობა, რომლებიც ,,ადითს’‘ ეკუთვნის. ,,ადითი’‘ ისრაელის სამედიცინო კომპანია ,,აიჰოპის’‘ შვილობილია, რომელიც საქართველოში 2008 წელს შემოვიდა.

მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის განმარტებით, ,,100 ახალი საავადმყოფოს’‘ პროექტის ფარგლებში, კომპანიას საქართველოს 27 რაიონში ახალი საავადმყოფოები უნდა აეშენებინა, მაგრამ ,,აიჰოპმა’‘ აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და 2010 წლის ივლისში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანია ,,100 ახალი საავადმყოფოს’‘ პროექტს ჩამოაშორეს. ამის შემდეგ გაირკვა, რომ მთავრობას ,,100 ახალი საავადმყოფოს’‘ პროექტი ჩაუვარდა და ჯანდაცვის სისტემის დასარეგულირებლად, საზოგადოებას ახალი პროექტი შესთავაზა _ გამოცხადდა ტენდერი, რომელში გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიებს ახალი ობიექტების მშენებლობა დაავალეს. ტენდერში გამარჯვებული ფირმებიდან ერთ-ერთი ებრაული ,,ადითიც’‘ იყო. ჩოხატაურის საავადმყოფოს მედპერსონალის ინფორმაციით, კომპანიას ახალი აპარატურა არ შეუძენია, პალატებსა და სველ წერტილებში კი ისეთი ანტისანიტარია იყო, რომ ავადმყოფი კი არა, ჯანმრთელი ადამიანიც ცუდად გახდებოდა, ხოლო დედოფლისწყაროს საავადმყოფოში კი, საოპერაციო ბლოკს ე.წ. ,,სალიარკის ღუმელით’‘ ათბობენ...

აგვისტოს დასაწყისში, საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ წამგებიანი კლინიკების მართვას სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს და მზადაა, რეგიონებში არსებული, ბიზნესისთვის წამგებიანი სამედიცინო დაწესებულებები, სამართავად მუნიციპალიტეტებს გადასცეს. სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, მთიან რეგიონებში არსებული კლინიკები კერძო სექტორისთვის წამგებიანია და ამიტომ უმჯობესი იქნება, თუკი სამართავად სახელმწიფოს გადასცემენ: „არის რეგიონები, სადაც თვეში მხოლოდ სამი მშობიარობა ფიქსირდება. ასეთ პირობებში კერძო სექტორისთვის მუშაობა წამგებიანია. მუნიციპალიტეტებს ამ სერვისის შენარჩუნება სურთ და მზად არიან, კლინიკები საკუთარ მმართველობაში აიღონ“. ლაშა ნიკოლაძის თქმითვე, სახელმწიფო მთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო სერვისის გარეშე ვერ დატოვებდა. სახელმწიფოს იმ კლინიკების მართვაში აღებაც სურდა, რომლებიც ებრაული ,,ადითის’‘ მფლობელობაში იყო _ ამ მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ,,ადითის’‘ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებსაც მართავდა, რომელიც როგორც ჩანს, სახელმწიფოსთვის ეფექტურად დასრულდა _ 13 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ონკოლოგიური ცენტრი და კომპანია ,,ადითის’‘ მართვის ქვეშ არსებული კლინიკები სახელმწიფო მართვაში გადავა.

დავით სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებების გადმოცემის პროცესს აწარმოებს. მინისტრმა განმარტა, რომ სხვა სამედიცინო დაწესებულებები მუნიციპალურ მართვაში მასობრივად არ გადავა. ორი დღის წინ, ჯანდაცვის სამინისტროში სადაზღვევო კომპანიებისა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. დავით სერგეენკოს გადაწყვეტილებით, არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად სადაზღვევო კომპანიებისთვის გარკვეული მორატორიუმი გამოცხადდება და საჯარიმო სანქციები, რაც ძალაში სექტემბრიდან უნდა შესულიყო, აღარ ამოქმედდება. სერგეენკოს თქმითვე, განსაკუთრებული პრობლემები არსებობს სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“, „ალფასა“ და კლინიკების ქსელის მფლობელ კომპანია „ადითში“. „არქიმედეს“ 12 000 000 ლარამდე დავალიანება აქვს, თუმცა როგორც სერგეენკომ აღნიშნა, საგანგაშო არაფერია და ყველაფერი გამოსწორდება. ამავე შეხვედრაზე ცალკე განიხილეს სადაზღვევო კომპანია ,,ალფას’‘ საკითხი, რომელმაც სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა ფინანსური ზარალის გამო დატოვა. მინისტრმა კი განმარტა, რომ თუ რომელიმე სადაზღვევო კომპანია უარს იტყვის ე.წ. საყოველთაო დაზღვევის პროექტში მონაწილეობაზე, მაშინ თითოეულ მოქალაქესა და დაზღვეულზე სახელმწიფო იზრუნებს. რაც შეეხება კლინიკებს, ბოლო დროს ბევრს მსჯელობენ, რომ მათი ნაწილი მუნიციპალურ საკუთრებაში გადავიდეს. ებრაული კომპანია ,,ადითის’‘ ხელმძღვანელების განმარტებით, კლინიკებში არსებული ვითარება მხოლოდ სადაზღვევო კომპანიების უპასუხისმგებლობით აიხსნება. ,,ადითის’‘ სამედიცინო დირექტორის, ნიკოლოზ ფრუიძის განცხადებით, 7 სადაზღვევო კომპანიიდან, რომლებთანაც ,,ადითს’‘ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, თითოეულის დავალიანება 780 000 ლარზე მეტია, რაც ჯამში მილიონ ლარზე მეტს აღწევს