„ის ქვეყანა, რომელიც სააკაშვილს იყენებდა, თვითონ გადაწყვეტს, სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია თუ არა და უნდა მობრუნდეს თუ არა ქართულ პოლიტიკაში. სააკაშვილი არის აგენტი, რომელიც მუშაობს სხვა ქვეყნის ინტერესებზე. ამდენად, სხვა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, გაუვიდა თუ არა მას გამოყენების ვადა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
სააკაშვილის „ავადმყოფობის“ ისტორია ტალღისებურად ვითარდებოდა, პერიოდულად ის კვდებოდა, შემდეგ ისევ ცოცხლდებოდა. ასე მოხდა 7-8 მარტის აქციებისას, როცა გიული ალასანიამ სააკაშვილის მომაკვდავობაზე საუბარი შეწყვიტა და 7-8 მარტის აქციების შემდეგ ისევ განაახლა ეს თემა. ახლა უკვე პოლიტიკურად გააქტიურებულ სააკაშვილს აღარ აწყობს ავადმყოფი ლიდერის სტატუსი. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სააკაშვილი მიხვდა, მას გარედან არ შველიან და ახლა უნდა „ციხე (უფრო სწორად, კლინიკა „ვივამედი“) შიგნიდან გატეხოს“ და ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდეს? როგორ გამოუვა მას ორი სამშობლოს-უკრაინა-საქართველოს პოლიტიკოსობა, რადგან არ არსებობს ორი სამშობლოს ცნება, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს ორივე „სამშობლოს“ პოლიტიკოსობა სურს?
- ბოლოდან დავიწყებ, სამშობლოს რაც შეეხება. როგორ შეიძლება, საქართველო სააკაშვილის სამშობლო იყოს, როდესაც მას საქართველოს მოქალაქეობაც კი არ აქვს. მან საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, როდესაც მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და იცოდა, რომ ავტომატურ რეჟიმში დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას. ასე რომ, მას სამშობლო ორი არ გააჩნია. ის არც მოქალაქეა ამ ქვეყნის და, როცა იყო მოქალაქე, ისეთი საქმეები აკეთა, სამშობლოს კი არა, ფაშისტები არ უკეთებდნენ ებრაელებს.
სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის ფაქტი ახსენეთ, ექსპრეზიდენტს ურჩევენ კიდეც, რომ ქართულ პოლიტიკაში ჩასართავად, პირველ რიგში, პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა სთხოვოს.
- არ მგონია, ის საქართველოს მოქალაქეობის ღირსი იყოს. შეიტანს თუ არა ამ თხოვნით განაცხადს პრეზიდენტის სახელზე, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ მან რაც გააკეთა ამ ქვეყანაში, მე მგონი, ძალიან ლოგიკურად მოხდა ის, რაც მოხდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ მას საქართველოს მოქალაქეობაც აღარ გააჩნია. ეს თავისი სურვილით მოხდა და საქართველოს ხელისუფლებას არ წაურთმევია. რაც შეეხება მის „ავადმყოფობას“, მე არ ვფიქრობ, რომ მას „ავადმყოფობის ისტორია“ ჰქონდა, ეს არის სააკაშვილის სიმულაციის ისტორია, როდესაც მას, როგორც აფერისტს, დასჭირდა ავადმყოფობის მოგონება. ახლა, როდესაც ხედავს, რომ განსაზღვრულ დროში ვერ მოახდინა ის ეფექტი, რომ ვიღაცას შეშინებოდა, გარედან ისეთი ზეწოლა ყოფილიყო, რომ ამ ზეწოლას დაქვემდებარებოდა ჩვენი ხელისუფლება, მისმა სიმულაციამ არანაირი შედეგი არ იქონია ევროსასამართლოს დონეზე, ევროსასამართლომაც თავისი გადაწყვეტილებით პირდაპირ უთხრა, გადასარევად ხარ, სადაც ხარ და მოუფრთხილდი მაგ მდგომარეობასო, აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა ხელები დაიბანა ავადმყოფობით სიმულაციაზე და ახლა საუბრობს იმაზე, რომ, მართალია, თურმე მძიმედ ყოფილა, მაგრამ მაინც პოლიტიკაში ბრუნდება. თანაც, პოლიტიკაში ბრუნდება ორ ქვეყანაში - საქართველოსა და უკრაინაში. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არანაირ კანონს არ აღიარებს. მან ძალიან კარგად იცის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება, ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკაში. ესაა რეალობა. ერთია, რომ მისი სიმულანტობა გამოაშკარავდა, მეორეა, რომ ის კანონებს არ ცნობს და რასაც უნდა, იმას აკეთებს. ვიმედოვნებ, სამართალდამცავები, პროკურატურა გააგრძელებენ იმ საქმეებზე მუშაობას, რაც სააკაშვილს ჩადენილი აქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და პოლიტიკაში კი არა, მას ციხეში მოუწევს შემდგომი საქმიანობის გაგრძელება. ისწავლის ხელობას და, იქნებ, ციხეში აკეთოს რაიმე სასარგებლო.
ბოლო პერიოდში სააკაშვილი ბევრ რამეს მიხვდა, დარწმუნდა იმაშიც, რომ კეზერაშვილი მერაბიშვილი, ადეიშვილი მას იყენებენ პოლიტიკურ მძევლად. ამ ადამიანებს პატიმრობაში მყოფი კი არა, მკვდარი სააკაშვილიც შეიძლება აწყობდეთ. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტორიც მუშაობდა, როცა მან პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა?
- რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც მუშაობდა. მან ძალიან კარგად იცის, რომ დღესაც მისი პარტია იმ სექტანტებზე დგას, რომლებიც სააკაშვილს ჰყავდა ირგვლივ შემოკრებილი. ახლა ხაბეიშვილს რა რეიტინგი შეიძლება ჰქონდეს?! ცოტაა, თუ ბევრი, რა რაოდენობაცაა, ეს არის სააკაშვილის ხალხი და არა ხაბეიშვილის ხალხი. სააკაშვილმა იცის, რომ ის სჭირდება იმ სექტას, რომელსაც თაყვანისცემა აქვს მის მიმართ. ხმებიც, რაც აქვს ამ პარტიას, მხოლოდ სააკაშვილისაა და არა სხვების.
რამდენად შეამსუბუქებდა სააკაშვილის მდგომარეობას ის, რასაც ურჩევს იაგო ხვიჩია, რომ ამ ხნის მანძილზე ბოდიში მოეხადა ხალხისთვის ბევრი რამის გამო, მათ შორის, იმ სასამართლოსთვის, რომელზეც ახლა იძახის, რომ მას ტანჯავენ და, სინამდვილეში, წლების წინ მისი სასამართლო ქართველ ხალხს ტანჯავდა. ეს იქნებოდა მისი რეაბილიტაცია თუნდაც ერთეული ადამიანების თვალში?
- სააკაშვილის რეაბილიტაცია ძნელია, მაგრამ, საერთოდ, როდესაც რაღაცას აშავებ ადამიანი, ბოდიში ყველაზე მსუბუქი ფორმაა. ამით შენ აღიარებ, რომ გრძნობ დანაშაულს. სააკაშვილის მხრიდან ბოდიშის მოუხდელობა ნიშნავს, რომ ის არ გრძნობს და არ აღიარებს, რაც ჩადენილი აქვს, მეტი არაფერი, თორემ ბოდიში რანაირი შეღავათი იქნება შვილდახოცილი მშობლებისთვის? ია მეტრეველისა და გირგვლიანისთვის რანაირად იქნება ბოდიში საშველი?
ხშირად გვესმის, რომ სააკაშვილი წარსულის ხელმოცარული პოლიტიკოსია და ის ვერასდროს დაბრუნდება პოლიტიკაში. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიო ისტორიებს, დიქტატორები ხელისუფლებაში ბრუნდებოდნენ ხოლმე. არის თავის დამშვიდების მიზეზი, რომ ის წარსულის პოლიტიკოსია და ვეღარ დაბრუნდება, თუ მას კიდევ აქვს პოლიტიკაში მობრუნების შანსი?
- იცით რა, ის ქვეყანა, რომელიც სააკაშვილს იყენებდა, თვითონ გადაწყვეტს, სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია თუ არა და უნდა მობრუნდეს თუ არა ქართულ პოლიტიკაში. სააკაშვილი არის აგენტი, რომელიც მუშაობს სხვა ქვეყნის ინტერესებზე. ამდენად, სხვა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, გაუვიდა თუ არა მას გამოყენების ვადა.