მიხეილ სააკაშვილის „ავადმყოფობა“ წარსულს ჩაბარდა. ექსპრეზიდენტი გააქტიურებულია. როგორც ამბობენ, წონაშიც მოუმატია, ბევრად უკეთესადაც გრძნობს თავს, სასამართლო პროცესებზე დასწრების სურვილსაც გამოთქვამს და ქართულ პოლიტიკასაც უბრუნდება.
„ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე ეხმაურება სასამართლო პროცესებზე სააკაშვილის დასწრების სურვილს და ამბობს, რომ პაციენტი როდესაც ტოვებს კლინიკას და სადღაც მიდის, ის ვალდებულია, გაწეროს და დახუროს სამედიცინო ისტორია. ნადირაძის თქმით, სანამ მის იურისდიქციაშია პაციენტი, თავად არის პასუხისმგებელი მის მდგომარეობაზე, ხოლო როცა კლინიკას ტოვებს, მასზე პასუხს აღარ აგებს.
„ვივამედი“ შეიძლება გინესის წიგნში შევიდეს, რადგან საიქიოსკენ მიმავალი ადამიანი დააბრუნეს პოლიტიკაში“,- აცხადებს „ხალხის ძალის“ ლიდერი გურამ მაჭარაშვილი და ინტერესდება, რატომ აღარავინ საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილს დემენცია სჭირს, 40-მდე დაავადება აწუხებს და საჩოჩიალოთი დადის? პოლიტიკაში ამ საჩოჩიალოთი აპირებს მოსვლას, თუ „ვივამედს“ უტოვებს?
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის პეტრე მამრაძის ინფორმაციით, სააკაშვილმა წონაში მოიმატა. მანამდე სასწორი ჰქონდა ოთახში, რომ წონა გაეკონტროლებინა და მომატება აეცილებინა. უფრო მეტიც, მამრაძის ინფორმაციით, სტრასბურგიდან პასუხის მოსვლამდე ჩხუბი მომხდარა სააკაშვილსა და გიული ალასანიას შორის თანხების ტყუილად ხარჯვასთან დაკავშირებით.
სააკაშვილის ახლანდელი მდგომარეობა ხომ არ გახდება იმის მიზეზი, რომ ის კვლავაც ციხეში გადაიყვანონ და ციხის საავადმყოფოში გააგრძელონ მისი მკურნალობა?
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილის და მისი გარემოცვის თითქმის 600-დღიანი სიმულაცია დასრულდა იმით, რომ პატიმარმა ექსპრეზიდენტმა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. თუმცა სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ვირტუალურად ისედაც იყო და ახლაც აგრძელებს ამ საქმეს ბადრაგით დაცული სამოქალაქო საავადმყოფოდან.
რაც შეეხება სააკაშვილის მორიგ აფერისტობას, რომ გააგრძელებს აქტიურობას ქართულ პოლიტიკაში, სურს ხელისუფლებაში დაბრუნება და, ჯანმრთელობის მიუხედავად, წარდგება სასამართლოს წინაშე, ამაშიც მორიგ ვირეშმაკობას ხედავს გია აბაშიძე. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ოჯახმა მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა მსოფლიოში ისეთი განწყობის შესაქმნელად, თითქოს მიხეილ სააკაშვილი დღე-დღეზე კვდებოდა და გადასაყვანი იყო უცხოეთში სამკურნალოდ, რასაც წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლოს ობიექტურმა გადაწყვეტილებამ.
„სწორედ სტრასბურგის გადაწყვეტილების მერე იწყება სააკაშვილის ე.წ. დაბრუნება. თუმცა მან უნდა გააცნობიეროს, რომ, ჯერ ერთი, მრავალი წელი მოუწევს ციხეში ყოფნა, მეორეც, ის უკრაინის მოქალაქეა და, მესამე, ფაქტობრივად, სააკაშვილი ვეღარ აკონტროლებს დაშლილ „ნაცმოძრაობას“, რომლის ნაწილს უკვე კეზერაშვილი და მისი მარიონეტები მეთვალყურეობენ. რაც შეეხება ქალბატონი ნადირაძის განცხადებას, ეს ჩვეულებრივი ამბავია ნებისმიერ კლინიკაში, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, რომ როდესაც პაციენტი ტოვებს კლინიკის ტერიტორიას, მედპერსონალი აღარ არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობაზე შენობის გარეთ. შესაბამისად, სააკაშვილი უნდა გაეწეროს. ეს ყველაფერი პენიტენციური სამსახურის გადასაწყვეტია“, - აცხადებს გია აბაშიძე და იხსენებს, რომ თავის დროზე რამდენჯერმე აღნიშნა მინისტრმა რატი ბრეგაძემ, სააკაშვილის დაბრუნება ციხის საავადმყოფოში დამოკიდებული იქნება მედიკოსთა დასკვნებზეო.
ამდენად, თუკი გამოჩნდა, რომ სააკაშვილმა წონაში მოიმატა, გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა, ეს განპირობებულია იმით, რომ სტრასბურგმა „გააუმჯობესა“ სააკაშვილის მდგომარეობა, ანუ სტრასბურგმა შეაწყვეტინა ეს აფერა, რასაც სააკაშვილი 600 დღის განმავლობაში ეწეოდა. აქედან გამომდინარე, გია აბაშიძიძე ფიქრობს, რომ პენიტენციური სამსახური მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორსაც იღებს სხვა ნებისმიერ პატიმართან მიმართებით, გამომდინარე მისი ჯანმრთელობის პარამეტრებიდან.
„შესაბამისად, თუკი სააკაშვილს უნდა სასამართლოზე ფიზიკურად დასწრება, მისი გაწერა მოხდება, რადგან „ვივამედი“ ვეღარ იქნება პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობაზე, ხოლო თუ უნდა სასამართლოზე ონლაინ დასწრება, ესეც მისი გადასაწყვეტია. გავიხსენოთ ის მომენტი, რომ თავის დროზე ცაიტნოტში იყვნენ მისი ადვოკატები და ფეხს ითრევდნენ სტრასბურგში სარჩელის შეტანაზე, რადგან მშვენივრად იცოდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილება. ახლაც შესაძლოა, მოკლე პერიოდის განმავლობაში სააკაშვილის ადვოკატებმა ითამაშონ, რომ ექსპრეზიდენტს არ შეუძლია კლინიკის დატოვება და ონლაინ უნდა ჩაერთოს სასამართლო სხდომებზე, მაგრამ ამ ყველაფერს დაეწევა მედიკოსების ობიექტური დასკვნები. თუ ის აღარ იმსახურებს სამოქალაქო კლინიკაში ყოფნას, მას გადაიყვანენ ციხის საავადმყოფოში, სადაც ნორმალურად მკურნალობენ სხვა პატიმრებს“, - მიიჩნევს გია აბაშიძე და, შეკითხვის საპასუხოდ, ევროპიდან ხომ არ წამოვა უარყოფითი რეაქცია სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, გვპასუხობს, რომ ევროპიდან ჩვენ გვინახავს არაერთი უსინდისო რეზოლუცია და განცხადება, რომელიც უკავშირდებოდა ბოროტი ჯამბაზი სააკაშვილის ვითომ მომაკვდაობას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ამას გაუძლო თავისი სიმართლით.
ახლაც არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე უსინდისო ევროპარლამენტარი, თუ შეცდომაში შეყვანილი დასავლელი აქტორი რას იტყვის, საქართველოში კანონია უზენაესი და ვერავინ ჩაერევა უცხოური რეზოლუციებით თუ ყოველდღიური განცხადებებით.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სავალდებულოა, სააკაშვილმა დატოვოს სამოქალაქო კლინიკა „ვივამედი“ და ციხეში გადავიდეს, ის უნდა განათავსონ იქ, სადაც მისი ადგილია.
„არაფერს ნიშნავს სააკაშვილი რას იტყვის თავისი ჯანმრთელობის შესახებ, მისი ნათქვამით არ წყდება ეს ამბავი, ფაქტია, არ არის ავად. სტრასბურგმა უთხრა, არაფერი არ გჭირდებაო. შესაბამისად, რატომ უნდა შექმნას პრობლემა ციხეში მისმა გადაყვანამ დასავლეთის თვალში, იმ ციხეებში ათი ათასი პატიმარი იხდის სასჯელს. რას ჰქვია ციხეში მას ტანჯავენ. თუ ტანჯავენ, კონკრეტულად ამას დამტკიცება სჭირდება, რომ აწამებენ, ან რაღაცას უკეთებენ. ათი ათასი კაცი თუ ზის ციხეში, ათი ათას მეერთე ვერ იქნება?!“ - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.