„ეროტიკული წიგნების“ ბედი ბათუმის მაღაზიებში

„ეროტიკული წიგნების“ ბედი ბათუმის მაღაზიებში

ბათუმში რამდენიმე წიგნის მაღაზიაში „ზედმეტად ისეთი, აი, ეროტიკული“ სცენების გამო, კონსულტანტებს მკითხველამდე არ მიაქვთ კოელიო და უელბეკი. ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში კი დღეს ზაზა ბურჭულაძის წიგნები არ იყიდება. მათ ვერც ბათუმის ყველაზე ძველ წიგნის მაღაზიაში ნახავთ.


წიგნის მაღაზია „ლამპარის“ მფლობელი დავით ბარაბაძე ამბობს, რომ საქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე მეტი მკითხველი წიგნებს ბათუმში ჰყავს. მას არგუმენტად ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა და ქალაქში არსებული წიგნის მაღაზიების სიჭარბე მოჰყავს. „ლამპარის“ კონსულტანტი განმარტავს, რომ მკითხველი თითქმის ყველანაირ ლიტერატურას ყიდულობს - ქართულსა და უცხოურს, წიგნებს თანამედროვე და ძველი მწერლების ავტორობით, რომანებს, დეტექტივებს. მაღაზიაში პირველობას არავის უთმობს დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ და პაოლო კოელიოს „ზაჰირი“, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით კოელიოს „11 წუთის“ შესახებ. კონსულტანტი ამბობს, რომ წიგნში „ბევრი ეროტიკული სცენაა“:

„ვცდილობ მსგავსი შინაარსის წიგნები მყიდველამდე არ მივიტანო. უფრო სწორად, როცა რჩევას მეკითხებიან, სხვა, უკეთეს წიგნებს ვურჩევ და არა ამას.“

დავით ბარაბაძე გვიხსნის, რომ მაღაზიაში ყველა კონსულტანტი მამა ბასილის ლოცვა-კურთხევით ხვდება:

„ჩემი ოჯახი მამა ბასილის მრევლია და მასთან ახლო ურთიერთობა გვაქვს. ამჟამად „ლამპარის“ ქსელში სამი მაღაზიაა და როცა კონსულტანტი გვჭირდება, მამა ბასილი თავად გვიგზავნის ხოლმე მრევლიდან შესაფერის კადრს."

მაღაზიის მფლობელიც ადასტურებს, რომ წიგნები, რომლებშიც ეროტიკული სცენებია, მის მაღაზიაში პოპულარული არ არის.

დავითი იხსენებს ფაქტს, როცა კონსულტანტებმა მაღაზიაში ერთ-ერთი წიგნი საკუთარი ხელფასით იყიდეს და მკითხველამდე რომ არ მიეტანათ, დაწვეს:

„რამდენიმე წლის წინ თბილისიდან ზაზა ბურჭულაძის „ხსნადი კაფკა“ ჩამოვიტანე. მხოლოდ 10 ეგზემპლარი, რადგან ახალი გამოსული იყო და ბევრის წამოღებას მოვერიდე, მაინტერესებდა როგორ მიიღებდა მკითხველი. რამდენიმე ხანში შევნიშნე, რომ თაროზე ეს წიგნები აღარ ეწყო, ვიფიქრე, რომ გაიყიდა და ისევ ჩამოვიტანე. კონსულტანტმა გოგონებმა რომ დაინახეს, შემომჩივლეს, თუ კიდევ ჩამოიტან, მომავალ თვეში უხელფასოდ დავრჩებითო. თურმე, გადაუთვალიერებიათ და ამდენი ეროტიკული სცენა რომ ნახეს, თავიანთი ხელფასით იყიდეს და დაწვეს. მე თუ მკითხავთ, სირცხვილიცაა რელიგიური თემატიკის წიგნებთან ასეთი ლიტერატურის დადება,“ - ამბობს დავითი.

ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე წიგნის მაღაზიის გამყიდველი მაია ამბობს, რომ „ბურჭულაძეს არც მასთან დადგომია რიგი“. ამჟამად „ხსნადი კაფკა“ მაღაზიაში არ იყიდება. მაია ამბობს, რომ მიზეზი არ იცის. იგი თანამედროვე ფრანგ მწერალს, მიშელ უელბეკსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას „ელემენტარულ ნაწილაკებში“ ზედმეტად ბევრი ეროტიკული სცენა აქვს: „ზედმეტად ისეთია, აი, ეროტიკული.“

ბათუმში „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელის კონსულტანტები ირინა და სოფო ამბობენ, რომ ორი წლის განმავლობაში, მათი მაღაზიაში ყოფნის დროს, ბურჭულაძის არც ერთი წიგნი არ გაყიდულა:

„ჩვენ უფლება არ გვაქვს მყიდველს რომელიმე კონკრეტული წიგნი გამორჩულად შევთავაზოთ ან უარყოფითად განვაწყოთ მის მიმართ. ბურჭულაძის წიგნებს არავინ ყიდულობს, იმიტომ რომ სრული უხამსობაა. არც ვიცი ეგ ავტორი ვინაა, არც ტელევიზორში მინახავს და არსად. წიგნი რომ არ იყიდება იმის ბრალია, რომ რეკლამას არ უკეთებს,“ - ამბობენ კონსულტანტები.

ირინა და სოფო ამბობენ, რომ მყიდველის რაოდენობამ მაღაზიაში მას შემდეგ მოიმატა, რაც პატრიარქმა შაბათი დღე წიგნის კითხვის დღედ დააწესა.

"ხსნადი კაფკა" გამომცემლობა სიესტამ ორჯერ გამოსცა, ხოლო 2010 წელს ეს წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ხუთასიანი ტირაჟით დაბეჭდა. გამომცემლობაში აცხადებენ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით დღეს 320 წიგნია გაყიდული.

„ამ ფაქტს გამართლება არ აქვს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ შეიძლება ზამთარი იყო, ციოდა და კონსულტანტმა ხელები წიგნის ალზე გაითბო,“ - ასეთია მწერალ დათო ტურაშვილის შეფასება.

„ბათუმელები“ მწერალ ზაზა ბურჭულაძესაც დაუკავშირდა, მან ელექტრონული ფოსტით გვიპასუხა:

„ახლა გერმანიაში ვიმყოფები. აუტოდაფე აქ ბოლოს 80 წლის წინ მოაწყვეს. 1933 წლის 10 მაისს ნაცისტებმა იმ ავტორთა წიგნები დაწვეს, რომელთა ტექსტებიც ნაციონალ სოციალიზმის იდეოლოგიას არ შეესაბამებოდა. მაშინ ფაშისტებმა კოცონზე დაწვეს „მესამე რაიხის მტრების“ 20 ათასამდე წიგნი: ჰაინრიხ ჰაინეს, ფროიდის, ბრეხტის, თომას მანის, შტეფან ცვაიგის, რობერტ მუზილის და სხვათა ნაშრომები. ღონისძიებას პროპაგანდის მინისტრი, იოზეფ გებელსი ხელმძღვანელობდა. ამის გამო, დღეს ბერლინში, ბებელის მოედანზე, მიხა ულმანის მემორიალი დგას. ბებელპლაცზე უთუოდ ფეხით უნდა გაიარო, რომ „ბიბლიოთეკა“ ნახო. რამდენადაც ის მიწის ზევით კი არ დგას, არამედ მიწაშია „ჩაძირული“. დაახლოებით მოედნის ცენტრში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის წინ, ქვაფენილზევე, სქელი კვადრატული მინა დევს – ზედ ფეხით გავლა შეიძლება. მინის ქვეშ კი, მიწაში, მუდამ განათებული თეთრი ოთახია, რომლის ოთხივე კედელს ასევე თეთრი და ცარიელი თაროები შეადგენს. ცხადია, წიგნებით დახუნძლული თაროები იმ ეფექტს ვერ შექმნიდა, რასაც მათი შეუვსებლობა ქმნის. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ცარიელი თაროებია შემაწუხებელი და დამთრგუნველი. „ჩაძირული ბიბლიოთეკა“ თავისი შინაარსით, მეტისმეტად მწუხარე და ხმაურიანი რამეა. სტერილური თაროებიდან წიგნების აჩრდილები ყვირიან, ჩხავიან, ღრიალებენ... სიცარიელესაც შეუძლია იხმაუროს. და ბოლოს, იქვე დამონტაჟებულია მემორიალური დაფა ჰაინრიხ ჰაინეს სიტყვებით: „ეს მხოლოდ დასაწყისია. სადაც წვავენ წიგნებს, ბოლოს ადამიანებსაც დაწვავენ“.

სექსით დაკავებულია ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე. ასეთია სამყაროს მოწყობის მოდელი. ეს გამრავლების ფორმულაა. სექსი სიცოცხლის აუცილებელი პირობაა. სექსის არარსებობა კი სიკვდილია. ვერ ვხდები, რატომ ელტვიან ქართველი ახალგაზრდები სიკვდილს და არა სიცოცხლეს? სხვა თუ არაფერი, სექსი ხომ წმინდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა?! იმ გოგონებს კი, ვინც ჩემი წიგნები დაწვეს, ვურჩევდი, მალე გამოფხიზლებულიყვნენ და მალე მიეტოვებინოთ „ქალიშვილობის ინსტიტუტი“. ქალიშვილობა ვერ გადაარჩენს საქართველოს.“

„წიგნის დამწველი საკუთარ თავს წვავს. ამას ვერც ერთი მღვდელი ვერ გაამართლებს“, - ასეთია ლევან ბერძენიშვილის, „ხსნადი კაფკას“ რეცენზენტის შეფასება. იგი იხსენებს, რომ მწერალ ზაზა ბურჭულაძეს არა მხოლოდ წიგნები დაუწვეს, არამედ გზაში დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ:

„ეს ამბავი აქამდეც მსმენია და ბათუმში მოარული ანეკდოტი მეგონა. თუ ნამდვილად მართალია, მაშინ მთელი ერისთვის სამარცხვინო ფაქტია. ეს არის მავნებლობა. ისევე როგორც მუსიკასა და მხატვრობას, ადამიანები კონკრეტულ ნაწარმოებებსაც სხვადასხვანაირად აღიქვამენ. ყველა ვერ წვდება, ვერ იგებს ავტორის სათქმელს და მხოლოდ პორნოგრაფიად აღიქვამს. ზაზა ბურჭულაძე ძალიან ნიჭიერი მწერალია. თუ „ხსნად კაფკას“ გადაშლით, ნახავთ, რომ მისთვის რეცენზია მე დავწერე. საერთოდ, დროის ფუჭად ფლანგვაა მსგავს თემებზე საუბარი. ცოდოა წიგნი, ცოდოა ავტორი, ცოდო ვართ მე და თქვენ და თქვენ წარმოიდგინეთ, ის კონსულტანტიც, რომელმაც წიგნი დაწვა“.

netgazeti.ge