უკრაინასა და საქართველოს შორის გაჩხერილმა, ე.წ. მომაკვდავმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, გაცოცხლება და თან ქართულ პოლიტიკაში გააქტიურება გადაწყვიტა. თუმცა, როგორ აპირებს ის პოლიტიკაში ჩართვას, როცა საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და არც აღდგენის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს, უცნობია. დიდი ალბათობით, მისი ადვოკატები ამ მიმართულებით ახალ კამპანიას წამოიწყებენ და დაიწყებენ იმის მოთხოვნას, რომ მას მოქალაქეობა აღუდგეს.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ არაა გამორიცხული, სიუპრიზების მოყვარულმა ზურაბიშვილმა მისთვის შეწყალებაზე უარის თქმის შემდეგ, მოქალაქეობის აღდგენაზე თანხმობა თქვას, რაც ახალი მასკარადის წამოწყების წინაპირობა იქნება, რომელსაც ანალიტიკოსების აზრით, ხელისუფლება მომზადებული დახვდება, როგორც ეს მის მომაკვდავობასთან დაკავშირებით მოხდა და საბოლოო ჯამში, ყველა მცდელობის მიუხედავად, ტყუილი სტრასბურგის სასამართლომ გამოააშკარავა.
ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას და განცხადებას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში სვამენ კითხვას, თუ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რაზეც მისი გარემოცვა აქტიურად საუბრობს, როგორ აპირებს ის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას?
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თითოეულმა ადამიანმა, რომელმაც იცოდა, რომ სააკაშვილი სიმულირებდა და მაინც ითხოვდა მის გათავისუფლებას, ბოდიში უნდა მოუხადოს ქართულ საზოგადოებას.
„სააკაშვილის, დავარქვათ - „გამოჯანმრთელებას“ შეიძლება ჰქონდეს 2 თეორიული მიზეზი - სასწაული, ან სტრასბურგის გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ მიზეზია სტრასბურგის გადაწყვეტილება. ეს იყო 600-დღიანი პოლიტიკური კამპანია, უმტკიცებდნენ საზოგადოებას და ბევრი დააჯერეს კიდეც, რომ ეს კაცი 600 დღის განმავლობაში ყოველდღე კვდებოდა, თან კვდებოდა ხან წამებით, ხან მოწამვლით და ა.შ. და უცებ, ეს ადამიანი ხდება ჩვეულებრივად ჯანმრთელი. რა თქმა უნდა, ეს იყო ცარიელი სიმულაცია და სპეკულაცია. 600 დღის განმავლობაში საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს აჯერებდნენ, რომ სააკაშვილი კვდება - ეს უბრალოდ სირცხვილია. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ბოლომდე გაირკვა. თითოეული ადამიანისთვის, ვისაც სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი იყო მართალი, საბოლოო ჯამში, მათაც გაიაზრეს, რომ ეს კაცი არის უბრალოდ მიუნჰაუზენი.
აბსოლუტურად ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის იყო ცხადი, რომ სააკაშვილი სიმულირებდა. თუმცა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც, ამის მიუხედავად, ითხოვდნენ მის გათავისუფლებას, გადაყვანას და ა.შ. გახსოვთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც კი მოხვდა შესაბამისი ჩანაწერი. თითოეულმა ამ ადამიანმა, რომელმაც იცოდა, რომ სააკაშვილი სიმულირებდა და მაინც ითხოვდა მის გადაყვანას, უნდა მოუხადოს ბოდიში ქართველ საზოგადოებას.
არავითარი შანსები სააკაშვილს არ აქვს, საზოგადოებამ დაინახა კიდევ ერთხელ მისი სახე. როდესაც კაცი სიმულანტობს 600 დღის განმავლობაში, მას რა რეიტინგი უნდა შერჩეს, მე არ ვიცი. შეიძლება ჰყავს თავისი სექტის ძველი წარმომადგენლები, მაგრამ როგორ შეიძლება ამ კაცს ჰქონდეს თუნდაც მინიმალური მხარდაჭერა, ქართულ საზოგადოებაში, ამ კულტურულ საზოგადოებაში, ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი სადაც არ უნდა დაბრუნდეს, მას არავითარი შანსი არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
„მიხეილ სააკაშვილის ადგილზე მე დავიწყებდი იმით, რომ პრეზიდენტს ვთხოვდი მოქალაქეობას“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის ადგილზე, მე დავიწყებდი იმით, რომ პრეზიდენტს ვთხოვდი მოქალაქეობას. მეორე, დავიწყებდი იმით, რომ მოვიხდიდი ბოდიშს ტყუილისთვის, რის გამოც ფაქტობრივად, წლინახევრის განმავლობაში, საკუთარ მოსახლეობას სიცრუეში აცხოვრებდა. ასევე, ბოდიში უნდა მოიხადოს იმაზე, რაც წარსულში, პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში ჩაიდინა, პატიება სთხოვოს ხალხს, რათა ადამიანებს ჰქონდეთ იმის განცდა, თუ რა გაიაზრა ამ პერიოდის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა და რა - არა“, - განაცხადა ხვიჩიამ.
„ხალხის ძლის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი აბსურდული სცენარის ყურება მოგვიწევს, როცა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე, უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში ჩართვას ცდილობს. ქართველიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ აბსურდამდე მივდივართ, როცა ევროპელები უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილზე ფსონს დებენ და მისი იმედი აქვთ.
„ეს ცირკი ნანახი გვაქვს და ახლა ახალ ფაზაში გრძელდება. წარმოიდგინეთ, კაცი ქვეყნის მოქალაქე არ არის, არის პატიმარი და სხვა საქმეებზე კიდევ ელოდება სასამართლოს დასრულებას. ნუ, რომ კვდებოდა და ახლა გაცოცხლდა, უკვე ყველასთვის ცნობილია, რა მოხდა და რას თამაშობდნენ. უბრალოდ, რატომ უნდა დადო ფსონი ასეთ ადამიანზე, რომელიც პოლიტიკურად სრულად არის გაკოტრებული. ეს კაცი საკუთარ ამომრჩეველსაც კი ატყუებს, პატივს არ სცემს და მომაკვდავი უცბად ცოცხლდება. ეს ხომ დაცინვა და მასხრად აგდებაა. კიდევ საუბარია სხვა უკრაინელ პოლიტიკოსზე დავით არახამიაზე, რომელსაც უნდა ჩააბარონ ქართული პოლიტიკური სპექტრი.
საქართველოს ეს ძალები, რომლებიც მიესალმებიან უკრაინაში და მოლდოვაში დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვას, საქართველოში ჩვენ საზოგადოებას აქეზებენ, ეს აბსურდული წინადადებები ნორმად მივიღოთ. მე სააკაშვილს უკრაინის ელჩის თანამდებობას მივანიჭებდი, თუკი აბსურდს ვთამაშობთ, ბოლომდე ვითამაშოთ. უკრაინის მოქალაქე ისედაც არის, ელჩს 4 წელი მოვალეობის შესასრულებლად მაინც სჭირდება. სააკაშვილი ამ დროის განმავლობაში ციხეში იქნება და არსად არავინ არ გაიქცევა. მშვენიერი, სახელმწიფოს ხარჯზე მოწყობილი ოფისი აქვს. მე მგონი შეუზღუდავი რაოდენობა აქვს ხალხის მიღების. 1600-მდე მნახველი ჰყავდა უკვე. მომაკვდავი ექს-პრეზიდენტი ვიპ პალატაში მნახველებს არ იკლებს“, - ამბობს ქართველიშვილი.
რაც შეეხება იმას, უნდა ველოდოთ თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან მოქალაქეობის მინიჭებას, ქართველიშვილი ამბობს, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს სიუპრიზებისკენ მიდრეკილება აქვს. ამიტომ მოსალოდენლია, რომ სააკაშვილსაც და არახამიასაც გაუგონარი ლოგიკით საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს. ამ შემთხვევაში კი, აბსურდის მორიგ ეტაპზე გადავალთ. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ფაქტია, ყველაფრისთვის მზად არის და სააკაშვილის გარემოცვის, ექიმების და ე.წ. ექსპერტების აფიორას წარმატებულად გაუძლო. სტრასბურგის სასამართლომ ყველას გასაგებად აუხსნა, რომ სააკაშვილი მატყუარაა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების ექსკლუზიური უფლება არ აქვს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ის იღებს. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილი იმდენად უსირცხვილოა, არც ბოდიშის მოხდას აპირებს და არც იმას, რომ ზურაბიშვილს მოქალაქეობის აღდენის თხოვნით მიმართოს. ამიტომ მისი ახალი თამაში, ქვეყნის შიგნით, ხალხისთვის ისევ არფერს ნიშნავს, რადგან სააკაშვილის მოქმედებებმა აზრი დაკარგა.
„კანონით, სააკაშვილმა განცხადება ჯერ იუსტიციის სამინისტროში უნდა შეიტანოს, შემდეგ განიხილავს უსაფრთხოების სამსახური და რეკომენდაციის სახით დასკვნას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უგზავნის. ნუ, პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში შეიძლება მიიღოს დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება. ამიტომ მაინც საბოლოო სიტყვა, ასეთ შემთხვევაში, ზურაბიშვილს ეკუთვნის. დაველოდოთ მოვლენებს და ვნახოთ, გაბედავს თუ არა სააკაშვილი უარყოფილი ქვეყნის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მოღვაწეობას, ძალიან სასაცილოა. კომიკური ფიგურა ლევან ხაბეიშვილი ვერაფერს აკეთებს. მისი ყველა გამოჩენა უკვე ხალხს ამხიარულებს. ამიტომ გამოსავლის ძიებაში არიან. სააკაშვილსაც სხვა გზა აღარ დარჩა, სტრასბურგის სასამართლოს შემდეგ ქართულ პოლიტიკაში გააქტიურება მოუნდა. უბრალოდ, მას პარტიის მართვაში მაინც არავინ ჩარევს, მერაბიშვილმა, ლამის, მთელი პარტია გაწმინდა. ყველგან თავის ხალხი ჰყავთ. სააკაშვილი ჰყავთ ბრენდად და იჯდეს ციხეში, ენმ-ისთვის უკეთესი არაა, მაგის ციხიდან გამოსვლა არავის აწყობს. იქიდან დაწერს რაღაცებს და იტყვის ვაქტიურობო. ესენიც მის სახელს ამოეფარებიან და 2024 წელს გაკოტრებულები, მიშას სახელით ბარიერს მაინც გადალახავენ. სხვა, სააკაშვილის დანიშნულება არაფერია. უბრალოდ, ციხეში გადაყვანის დროც მოვიდა, წესით, გამოჯამრთელებულია და კლინკაში ყოფნის მიზეზი აღარც აქვს“,-ამბობს აბაშიძე.