უახლეს ისტორიაში სამოქალაქო დაპირისპირების ძალიან ცუდი პრეცედენტს ვაკვირდებით. თსუ-ში, გორში და ბაკურიანში მომხდარი ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციამ დაიწყო პროცესების რადიკალიზაცია. ქვეყანაში გამოჩნდნენ კონკრეტული ძალები, რომლებიც პირდაპირ, ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას და რადიკალიზმის შემოტანას. ამ მხრივ აქტიურობს „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ხელმძღვანელი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც ქუჩის პროცესებს ხელმძღვანელობს.
ოპოზიციის რადიკალური ფრთის სამიზნე გახდა თსუ და არაა გამორიცხული, რომ უმართავი პროცესები მივიღოთ ჯერ უნივერსიტეტში და შემდეგ ქუჩაში. for.ge-ს ინფორმაციით რადიკალური ჯგუფი რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი. მაგალითად „ფრანკლინის კლუბის“ წევრების სამოქმედო ტერიტორია არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. აგრესული ჯგუფის სამიზნეა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც არ უნდა შეუშვან აუდიტორიაში, რასაც უნდა მოჰყვეს დაპირისპირება, ლექციის ჩაშლა და კობახიძის გაყვანა უნივერსიტეტიდან.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, არიან კონკრეტული ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას, რადიკალიზმის შემოტანას. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებას წაახალისებს.
„ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე. ბუნებრივია, საჭიროა ყველა ასეთი ფაქტის გამოძიება. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ფაქტი არის არასწორი, მიუღებელი და ბუნებრივია, ამას სჭირდება გამოძიება. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ასეთი საკითხების გამოძიება. ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია, დასრულდეს პოლარიზაცია, შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი.
არიან კონკრეტული ძალები, რომლებიც პირდაპირ, ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას, რადიკალიზმის შემოტანას და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ძალადობაში გადადის-ხოლმე. ეს არის ძალიან ცუდი. მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებას წაახალისებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს საიდან შემოდის ფინანსები და ვინ უწყობს ხელს ახალგაზრდების რეკრუტირებას რევოლუციაზე, დაპირისპირებაზე. ეს ყველაფერი უნდა გახდეს საჯარო. კალაძის შეფასებით, როდესაც ახალგაზრდა ცოცხალ ადამიანებს აქვთ მცდელობა დაწვან მოლოტოვის კოქტეილით კონკრეტული ტელევიზიები, პარტიები ცდილობენ ამის გმირობად გასაღებას, რაც არის ძალიან მძიმე ფაქტი და დიდი უბედურება.
„არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. ჯაფარიძე, ოპოზიციური სპექტრი, ვინც მხარს უჭერს მოლოტოვის კოქტეილის მსროლელს, აქვთ მცდელობა, რომ ეს ადამიანი გამოიყვანონ გმირად. ეს ძალიან ცუდი და დამაზიანებელია. ეს არის ბოროტების პირდაპირი წახალისება. ეს არის ძალიან მძიმე და საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და ხელი შევუშალოთ ამას. ასევე ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთი ფაქტების ფინანსური წახალისება ხდება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს საიდან შემოდის ეს ფინანსები, ვინ უწყობს ხელს ასეთ ფაქტებს, იგივე ახალგაზრდების რეკრუტირებას რევოლუციაზე, დაპირისპირებაზე. ეს ყველაფერი უნდა გახდეს საჯარო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ოპოზიციის მიერ დაანონსებულ რადიკალიზმს ხელისუფლების მიერ წახალისებულს უწოდებს „გირჩის“ დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი, რომლის განცხადებით, „ოცნება“ რომ ძალადობას მიმართავს, ახალი არაა - ოპოზიციის ნაწილსაც აწყობს, რადგან გამოჩნდება, რომ გმირული დაპირისპირებაა „სისხლიან რეჟიმთან“.
„ეს არის საარჩევნო კამპანიის წინა პერიოდი, რომელიც შემოდგომიდან დაიწყება, სადაც მთავარი ამბავი იქნება ურთიერთლანძღვა-გინება. „ქართულ ოცნებას“ ეს აწყობს, რადგან ლანძღვა-გინებაში მეტი რესურსი გააჩნია, გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, რადგან არავინ ილაპარაკებს ამ ფონზე რაიმე მნიშვნელოვან თემაზე. მეორე მხრივ ოპოზიციის ნაწილსაც აწყობს, რადგან გამოჩნდება, რომ რაღაც გმირული დაპირისპირება მიდის სისხლიან რეჟიმთან, სინამდვილეში ოპოზიცია განწირული იქნება, რომ დამარცხდეს, თუ „ქართული ოცნების“ ამ თამაშს აჰყვება. „ქართული ოცნება“ რომ ძალადობას მიმართავს ოპონენტების მიმართ, ახალი არაა და ასეა დიდი ხანია, მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იყო ძალადობის კონკრეტული ეპიზოდები“, - ამბობს სანდრო რაქვიაშვილი.
ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მიაჩნიათ, რომ ძალადობა გასულ კვირას წაახალისა ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის მიერ დედის გინებამ და აგრესიამ, რაც მათივე შეფასებით მხარდამჭერებში გაავრცელეს. ოპოზიაში აცხადებენ, რომ ეს არის კარგად ორგანიზებული ჯგუფი და ამას ადასტურებს შეკვეთილი ძალადობა, რომლის სათავეში დგანან ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ძალები.
ასე არ ფიქრობენ ანალიტიკოსები, რომელთა შეფასებით, ჯაფარიძის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე რეგულარულად მიდიოდა საუბარი წინააღმდეგობის გაწევის მეთოდებზე.
ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ რევოლუციური მუხტის, ან „მაიდანიზაციის“ მზადება აქტიურად დაიწყო ჯერ კიდევ 2022 წლიდან. უკრაინის ომის პარალელურად მოხდა საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ზრდა, რამაც აშშ-ს წინაშე დააყენა ხელისუფლების უფრო მეტად კონტროლის ქვეშ აყვანის აუცილებლობა, სადაც აშშ-ს ინტერესები საქართველოს ინტერესებზე უფრო პრიორიტეტული იქნებოდა.
მისი თქმით, პროცესები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით და ქართული რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობით პერიოდულად იძაბება და ბოლო ორი წლის განმავლობაში ამაში აქტიურად იყენებენ ახალგაზრდებსაც.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს აშშ-ს ადმინისტრირებისა და მართვის სტილი, მათი საკომუნიკაციო ქსელები თავის აგენტურასთან - ისინი კომუნიკაციაში შედიან ცალკეულ პირებთან, რის შემდგომაც გრანტების მეშვეობით ქმნიან იდეოლოგიურად დამუშავებულ აქტივისტებს (მარიონეტებს), რომლებმაც უკვე იციან, როგორ უნდა მოიქცნენ გარკვეულ გარემოში. შემდგომ უკვე თავად ამერიკელები ქმნიან საჭირო გარემოს, რომელშიც მონაწილე აქტორები უკვე დამოუკიდებლად მოქმედებენ.
მაგალითად, აშშ-მ გამოყო გრანტი და შექმნა „საგანმანათლებლო სფერო“ („ფრანკლინის კლუბი“, „გირჩის“ ბანაკი), სადაც ახალგაზდებს და სკოლის მოსწავლეებს უკითხავენ ლექციებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ პროტესტის დროს, ასევე, გარკვეულ გარემოებებს აჩვენებენ ნეგატიური კუთხით. იქ არ ეუბნებიან, რომ ხელისუფლება ცუდია, იქ ეუბნებიან, რომ ცუდია რაღაც გარემოება.
შემდგომ თავად, საკუთარი განცხადებებით ქმნიან აღნიშნულ „ცუდ“ გარემოს საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით დაჰყავთ ეს მოსახლეობამდე, ხოლო შემდეგ მათ მიერ მომზადებული აქტივისტები მოქმედებენ ყოველგვარი მითითების გარეშე, რადგან ისინი მოამზადეს სწორედ ამისთვის - კონკრეტული დავალება აღარც კი იშლება, რადგან ამის საჭიროება უკვე აღარ არსებობს“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
როგორც ქართველიშვილი ამბობს, 2021 წლის დეკემბერში საქართველოში იქმნება „ფრანკლინის კლუბი“, რომელიც ორიენტირებულია ლიბერტარიანულ პოლიტიკასა და „სამოქალაქო აქტივიზმზე“. ეს ორგანიზაცია სხვა არაფერია, თუ არა ახალი „კმარა“, თუ არა ლიბერალური ფაშიზმის ყველაზე მკაფიო განსახიერება. „ფრანკლინის კლუბის“ ძირითადი დონორია ორგანიზაცია Atlas Network, რომელიც აშშ-ს მთავრობის დაკვეთით ამზადებს სტატიებს, აწყობს პროპაგანდისტულ ქსელებს, რაშიც არაერთხელ იქნა მხილებული.
„ორგანიზაცია სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა ამერიკული სპეცსამსახურების ოპერატიულ აქციებში, გადატრიალებებსა და პროპაგანდის წარმოებაში, კერძოდ მათი მონაწილეობა დაფიქსირდა: კუბაში, ბოლივიაში, ეკვადორსა და პერუში. კლუბის მრჩეველთა საბჭოში შედიან: ლევან რამიშვილი („კმარას“ შემოქმედი, „თავისუფლების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი), კონსტანტინე თოფურია (საქართველოს უნივერსიტეტი), ვატო ლეჟავა (თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის რექტორი).
სწორედ ხსენებული უნივერსიტეტების სტუდენტები, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, შეადგენდნენ მარტის აქციის ბირთვს, ხოლო მათი მონაწილეობა კონტროლირდებოდა კონსტანტინე თოფურიას და ვატო ლეჟავას მიერ. მიუხედავად იმისა, რომ კლუბში გაწევრიანება ფასიანია, 100 ლარი, აღნიშნულ თანხას არ იხდის არც ერთი მსმენელი: სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, აღნიშნული პირები ავტომატურად ხდებიან გრანტის მფლობელები. მსმენელთა ძირითადი კონტინგენტი არიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.
პიტერ აკერმანის ბაკურიანის ტრენინგების შემდეგ გააქტიურდა ასევე ზურა (გირჩი) ჯაფარიძე, რომელმაც დაიწყო ბანაკების ორგანიზება, სადაც მიჰყავდა სხვადასხვა ახალგაზრდები და მათ უტარებდნენ ლექციებს „სამოქალაქო აქტივიზმში“, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასა და სხვა საკითხებში. შეხვედრებზე რეგულარულად მიდიოდა საუბარი წინააღმდეგობის გაწევის მეთოდებზე, ახალგაზდები ემზადებოდნენ „რევოლუციისთვის“. ხსენებული შეკრებების დაფინანსება დაიწყო IRI-მ. აღსანიშნავია, რომ პროცესების ადმინისტრირებისთვის, მათ დაიწყეს „ტელეგრამ არხის“ გამოყენება“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ სტუდენტები ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო დაპირისპირებას. მისი თქმით, თსუ-ს გააჩნია წესდება და თუ წესდება საკმარისი არ არის მშვიდობისათვის, რაც უნივერსიტეტს სჭირდება, მაშინ ცვლილებები უნდა შევიდეს ამ წესდებაში, რომ შენარჩუნებული იქნეს ნორმალური მიმდინარეობა სასწავლო პროცესის.
„მესმის, რომ ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ ამ აზრის გამოხატვა არ უნდა ხდებოდეს სალექციო პროცესის შეწყვეტის ხარჯზე. ამიტომ, მე ვფიქრობ, პოლიტიკური დესტაბილიზაციის მაორგანიზებელი ჯგუფების და მათი მაპროვოცირებელი ე.წ. მმართველობითი რგოლის ირგვლივ გასააქტიურებელია ოპერატიული საქმიანობა და თუ პროცესების შეჩერება არ მოხერხდება, ალბათ, სისხლის სამართლებრივი დევნაც კი არის დასაწყები“, - აცხადებს კუხალაშვილი.
მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების აღსრულება, რომ მშვიდობისა და წესრიგის პირობებში მიმდინარეობდეს სალექციო კურსი.
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რაც თსუ-ს არ გახდის დესტაბილიზაციის წყაროდ. მე მახსენდება საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდი, პრეზიდენტ გამსახურდიას ძალადობრივი დამხობის პერიოდი, 2003 წელს ხელისუფლების ძალადობივი დამხობის პერიოდი. ყველა ამ პროცესებში თსუ-ის პირდაპირი, ან ირიბი ჩართვის სურვილი არსებობდა და არსებობდნენ პირები, რომლებიც ასეთ პროცესებში მონაწილეობდნენ.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კუთხით აუცილებელია განხორციელდეს აქტიური მოქმედებები როგორს თსუ-ის ხელმძღავნელობის მიერ, ასევე სპესამსახურების და პოლიციური უწყებების მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ისეთ დესტაბილიზაციის წყაროს, რომელიც შეიძლება გახდეს ქვეყანაში მასობრივი არეულობის და სამოქალაქო ომის წინაპირობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება. მისი თქმით, ჯერ არჩევნებამდე ძალიან დიდი დროა და შესაბამისად, პროცესების ახლა დაწყებას აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ ახლა რუსეთს სჭირდება ჩაიშალოს სატრანზიტო ხაზი, რომელიც ჩინეთიდან ევროპისაკენ ახლა უნდა გაკეთდეს.
„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზე. ახლა მწიფდება ეს ამბავი. მით უმეტეს უკრაინის ომის ფონზე იმის შანსი, რომ რუსეთმა რაიმე შეღავათები მიიღოს სანქციების მხრივ სულ უფრო და უფრო მინიმუმზეა დაყვანილი. ე.ი. რუსეთი იბრძოლებს ბოლომდე ამ მიმართულებით, რომ დაიბრუნოს დაკარგული სატრანზიტო ხაზები. ტრანზიტის ყოველი დაკარგული დღე ძალიან დიდი დანაკარგია, ამ ფონზე რუსეთი ცდილობს თუ რაიმე ასარევია, ახლა არიოს.
არჩევნებისთვის რუსეთი არ იბრძვის, ის იბრძვის დესტაბილიზაციისთვის, რომ საქართველოს ხაზზე გამავალი ტრანზიტი ჩაიშალოს, თორემ არჩევნებში ვის მოიყვანს ეს უკვე სხვა ტიპის საკითხია - იქ, ალბათ, კიდევ სხვა მოვლენები იქნება. ამიტომ მგონია, რომ დღეს ეს პროცესები ისევ და ისევ უკავშირდება სატრანზიტო თემას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.