"მარგველაშვილი თითოეულ გამოსვლაში ხაზს უსვამს, რომ 27 ოქტომბერს საქართველოში კოაბიტაცია დასრულდება. თუ საქართველოში დაიწყო ყოფილი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემის ხანა, დასავლეთი ივანიშვილს ვეღარ უსაყვედურებს, რადგან ის თანამდებობაზე აღარ იქნება. პასუხისმგებლობას კი ახალი პრეზიდენტი და ახალი პრემიერი აიღებენ და შესაძლოა, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, `ქართული ოცნება~ უფრო თავისუფალი იყოს მოქმედებებში - მოკლედ, ამ ვერსიის თანახმად, ივანიშვილი შესაძლოა, მიმდინარე წლის დეკემბერში გადადგეს თანამდებობიდან. თუმცა თუ ქვეყანაში რაიმე საფრთხის ნიშნები გამოჩნდა, მისი გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ძალაში არ შევა", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ივანიშვილი მიდის იმიტომ, რომ ყოფილ ხელისუფლებას პასუხი აგებინოს?! / "არ გამოვრიცხავ, ივანიშვილის წასვლა უკავშირდებოდეს იმას, რომ მას მოსთხოვენ ევრაზიული კავშირისკენ ნაბიჯის გადადგმას"
"რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენის დაწყებას - იმდენი საყვედური მოისმინა ქვეყნის შიგნიდან თუ საზღვარგარეთიდან, ამდენი ცხოვრებაში არ მოუსმენია. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ საყვედურებს არ იმსახურებს და სურს, ტაიმ-აუტი აიღოს. არაობიექტურობა და უმადურობა იქნება, მას ამის გამო ვუსაყვედუროთ. მან შეძლო ის, რაც სხვამ ვერ გააკეთა 9 წლის განმავლობაში - არჩევნების გზით შეცვალა სააკაშვილის რეჟიმი. ჩვენ ჩვენს თავში უნდა მოვძებნოთ რესურსი იმისა, რომ ქვეყნის აღმშენებლობაში მივიღოთ მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს ქვეყნისთვის მხოლოდ სიკეთე უნდა და არ მჯერა, რომ ის რაღაც ეტაპზე საქართველოდან წავა. თუ მან გაიზიარა სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული პრინციპები, ამ არენაზეც დიდი წარმატება ელის. თუმცა თუ მთავრობამ და "ქართულმა ოცნებამ" ნებისმიერი საკითხი მასთან შეათანხმეს, საყვედურებისა და პრეტენზიების ობიექტი ისევ ივანიშვილი იქნება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცასკარიშვილი.
"თეორიული საფუძველი მოსახლეობის შფოთვისა, რომ "უთავოდ" დარჩენილ საქართველოში ქაოსი დაიწყება. რასაკვირველია, არსებობს. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ივანიშვილი საქართველოდან არ მიდის და ახალი პრემიერი მასთან ასოცირებული პირი იქნება. თუ ასევე თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ საქართველოს დაემუქრება ქაოსის საფრთხე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბერკეტები "ქართული ოცნების" ხელში იქნება. თუმცა იმ დროისთვის, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა, დარწმუნებული ვარ - ფაქტობრივად, არ იარსებებს საქართველოში პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქაოსი თვითგადარჩენისთვის დასჭირდება", - მიიჩნევს ექსპერტი.
"ივანიშვილის განცხადებას ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრების პერსპექტივაზე დიდი ინტერესი მოჰყვა რუსული პოლიტიკური წრეების მხრიდან და დავრწმუნდი, რომ პრესკონფერენციაზე ივანიშვილისთვის ევრაზიული კავშირის შესახებ კითხვა შემთხვევით არ დაუსვამთ. დარწმუნებული ვარ, რომ ზემოხსენებული აჟიოტაჟი მთლად დაუგეგმავი არ ყოფილა - არ გამოვრიცხავ, რომ აჟიოტაჟი რუსეთმა მართლაც დაგეგმა. რუსეთის მხრიდან დიდი მზაობაა, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში იხილოს. სხვათა შორის, 6 სექტემბერს ამ საკითხზე "რია ნოვოსტის" ოფისში ტელეხიდიც გაიმართა, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი. რუსულ მხარეს წარმოადგენდნენ ვლადიმირ პუტინის მრჩეველი პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში, აკადემიკოსი სერგეი გლაზევი, სახელმწიფო სათათბიროს წევრები და რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლები. რუსები ბედნიერები იყვნენ იმით, რომ სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრდა თუმცა მე მათ ვუთხარი, რომ ინფორმაცია, თუ რა განწყობებია ერევანში, ჯერ საქართველოში ხდება ცნობილი და შემდეგ რუსეთში. იმ დროს, როცა ამაზე ვსაუბრობდით, ერევანში აქციები მიმდინარეობდა საბაჟო კავშირის წინააღმდეგ", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"რუსებმა წაიკითხეს ნოტაციები იმის შესახებ, რატომ უნდა გაწევრებულიყო საქართველო ევრაზიულ კავშირში და ერთ-ერთ არგუმენტად დაასახელეს, რომ თურმე ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია ზემოხსენებული საბაჟო კავშირის "სიკეთეებით" სარგებლობა. პუტინის მრჩეველი ამტკიცებდა - საქართველო ევრაზიული კავშირის საქმიანობაში უკვე მონაწილეობს, რადგან ყაზახეთთან თუ ბელორუსთან სავაჭრო ურთიერთობებში საბაჟო კავშირის სისტემასა და ტარიფებს იყენებსო. შემდეგ საკითხი შეეხო იმას, თუ რამდენად სანდო პარტნიორია რუსეთი თუნდაც ამ საბაჟო კავშირის ფარგლებში. ჩემი არგუმენტი რუსებისთვის უხერხული აღმოჩნდა - მე მათ ვუთხარი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე, სანაცვლოდ კი მოსკოვს საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე ტვირთბრუნვის შესახებ თბილისისთვის ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა. წლები გავიდა და რუსეთი პირობას არ ასრულებს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სხვათა შორის, რუსებს სურთ, აზერბაიჯანიც იხილონ ევრაზიული კავშირის წევრად სომხეთთან ერთად. მე ვუთხარი რუსული მხარის წარმომადგენლებს, რომ სომხეთი მოსკოვმა ყარაბაღის საკითხით დააშანტაჟა. იმავეს აკეთებენ აზერბაიჯანის მიმართ და შემდეგ უკვირთ, ამის შემხედვარე, რატომ არ მიდის საქართველოს ხელისუფლება ხელგაწვდილი კრემლის კარზე. ზემოთ ივანიშვილის წასვლა-არწასვლაზე ვსაუბრობდით: არ გამოვრიცხავ, ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ უკავშირდება ინფორმაციას, რომ მას მოსთხოვენ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას - არ არის გამორიცხული, ივანიშვილი ფლობდეს ინფორმაციას, რომ უახლოეს თუ შორეულ მომავალში, რუსეთი მას მოსთხოვს საქართველოს ევრაზიულ კავშირში შეყვანას და ამას უკავშირდებოდეს მისი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება", - დასძენს ექსპერტი და შეკითხვას - "ივანიშვილის წასვლის შემდეგ რუსეთი რატომ ვერ მოსთხოვს საქართველოს ევრაზიულ კავშირში შეყვანას, ვთქვათ, იმავე მარგველაშვილს ან `იქს~ პრემიერს, რომელსაც ივანიშვილი თავის "მემკვიდრედ" დატოვებს?" - პასუხობს:
"იმიტომ, რომ მარგველაშვილს რუსეთში არ აუწყვია ბიზნესი და წლობით იქ არ უცხოვრია. სავარაუდოდ, რუსების წარმოდგენით, ევრაზიულ კავშირზე საუბარი მათ ბიძინა ივანიშვილთან უფრო გაუადვილდებათ. ასეთი საუბრის დაწყება კი ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია".