ამერიკელი ექსპერტები საქართველოში სამოქალაქო ბუნტს წინასწარმეტყველებენ. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ მძიმე ეკონომიკური ფონი შესაძლოა, სოციალური აფეთქების მიზეზი გახდეს. სოსო ცინცაძე კი ამბობს, რომ ხალხის ქუჩაში გამოსვლა, რევოლუცია და სისხლისღვრა მოსალოდნელი არ არის.
„ამერიკელი ექსპერტების მტკიცებით, საქართველოში სამოქალაქო ბუნტის საფრთხე რეალურია“, – ამის შესახებ ბელორუსული სააგენტო „მი“ ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
აშშ-ს კანზასის შტატისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორებმა შეიმუშავეს ახალი მოდელი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში სამოქალაქო ამბოხისა და ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებების პროგნოზირების საშუალებას იძლევა.
კანზასის უნივერსიტეტის პროფესორის სემ ბელის თქმით, მათ უკვე იწინასწარმეტყველეს ტუნისის გადატრიალება და ირლანდიის სამოქალაქო ბუნტი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტის გამო მოხდა.
ამერიკელებმა გამოაქვეყნეს იმ 37 ქვეყნის სია, რომლებშიც 2011-2014 წლებში ბუნტი და შეტაკებებია მოსალოდნელი. საქართველომ ამ რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა. საქართველოს ირანი, შრი-ლანკა და რუსეთი უსწრებენ.
„მძიმე სოციალუმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ფონმა შესაძლოა, საქართველოში სოციალურად ფეთქებადი სიტუაცია შექმნას“, – ასეთ შეფასებას აძლევს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამერიკელი ექსპერტების მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს რომლის მიხედვითაც საქართველოში სამოქალაქო ბუნტის საფრთხე რეალურია.
პოლიტოლოგი ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ სასიცოცხლო პროდუქტებზე და საწვავზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ადამიანთა გარკვეული რაოდენობის პროტესტი გამოიწვიოს.
„სოციალურად ფეთქებადი სიტუაციიის შექმნის ალბათობა საკმაოდ დიდია, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სოციალური ფონია,“ – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ რამაზ საყვარელიძემ.
„მასობრივად ხალხის ქუჩაში გამოსვლა, რევოლუცია და სისიხლისღვრა მოსალოდნელი არ არის“, – ასეთ შეფასებას აძლევს ექსპერტი სოსო ცინცაძე ამერიკელი ექსპერტების მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს.
ექსპერტის განცხადებით, ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა გამორიცხულია, რადგანაც საქართველოში უკმაყოფილო ადამიანთა ზღვარი საკმაოდ დაბალია.
„არავინ არ გამოდის ქუჩაში იმის გამო, რომ საწვავზე ან საკვებ პროდუქტებზე ფასი იზრდება. არ მგონია, მასობრივი პროტესტის მიზეზი დევნილების გამოსახლების პროცესიც გახდეს. ბუნებრივია, ყოფითი პრობლემები არსებობს, მაგრამ ქვეყანაში ადეკვატური პროტესტი არ არსებობს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სოსო ცინცაძემ.
ამერიკელი ექსპერტების პროგნოზებმა ქართულ პოლიტფორუმებზე დიდი დაინტერესება გამოიწვია. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
„ბუნტი კაი ხნის წინ უნდა მომხდარიყო...ნიადაგი მზადაა.
ედოს დამხობას ბევრი რამ კარგი მოჰყვა. არანაკლები კარგი მოჰყვება მიშას დამხობას. თუნდაც ვალების რესტრუქტურიზაცია და ახალი დახმარებები დასავლეთიდან...
პრობლემა ისააა, რომ ნაცებმა დასავლეთის მიერ ინვესტირებული ვალებიც და ნაჩუქარი დახმარებებიც შეჭამეს. ისინი აბსოლუტურად დისკრედიტირებულები არიან განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ. ასე რომ, თუ დასავლეთს და კერძოდ აშშ–ს სურს შეინარჩუნოს საქართველო როგორც პარტნიორი ქვეყანა და არა პარტნიორი შიზოიდი სააკაშვილი – ამ ხელისუფლების წასვლა აუცილებელია.
ამ ხელისუფლების წასვლა მკვეთრი მშვიდობიანი მეთოდებით ასევე აუცილებელია ქვეყნის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად. ანუ ამათი მშვიდობიანად (არჩევნებით ან „ისთე“) დამხობა ქვეყნის განვითარების აუცილებელ საფეხურს წარმოადგენს.
ნაცებმა რომ არ შემომტენონ რაღაცეები, აქვე დავამატებ, რომ ნოღაიდელ-ბურჯანაძე-ოქრუაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება ისევე ცუდი იქნება ქვეყნისთვის, როგორც სააკაშვილის ბანდის დატოვება და ეს ოპერაცია უნდა გამოირიცხოს“.
„1. ვიღაც იხსენიებს „ინტერპრესნიუსს“.
2. „ინტერპრესნიუსი“ იხსენიებს ბელორუსული სააგენტო „მი“-ს.
3. ბელორუსული სააგენტო „მი“ იხსენიებს ამერიკულ მედიას.
4. ამერიკული მედია იხსენიებს აშშ-ს კანზასის შტატისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორებს.
5. აშშ-ს კანზასის შტატისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორები იხსენიებენ საქართველოს.
თქვენი არ ვიცი და მე ძმაო ჩვენებური შაქროს წინასწარმეტყველობის უფრო მჯერა“.
„სამწუხაროდ ეს ერთადერთი გზაა ყველაფრის ნორმალიზებისთვის. კომპიუტერისათვისაც კი ერთგვარი შოკია გადატვირთვა, მაგრამ აუცილებელია გამართული მუშაობისთვის“.
„არ არის აუცილებელი ამ ბუნტს რევოლუცია მოჰყვეს. საკმარისია რიგი საჭირბოროტო საკითხები გამოსწორდეს. სასამართლოს, მედიის პრობლემები გადაიჭრას. სამართალდამცავი ორგანოები დამოუკიდებელი გახდეს. სიტყვის თავისუფლება, აზრის გამოხატვისა თავისუფლება უზრუნველყოფილი იყოს.
ხელოვნურად გაბერილი ფასები დაიწიოს. უმუშევრობის პრობლემის გამოსასწორებლად რეალური ნაბიჯების გადაიდგას. დევნილების, პენსიონერების პრობლემები მოგვარდეს. აფხაზებთან, ოსებთან პირდაპირი დიალოგი დაიწყოს და ა.შ.
ერთი სიტყვით, არის რაღაც საკითხები, რომელთა შეცვლა, გამოსწორება შესაძლებელია. სულ არ აქვს მნიშვნელობა მიშა იქნება ამ დროს თუ გრიშა.
თუმცაღა სასურველია, რომ ესენი აღარ იყვნენ ქვეყნის სათავეში“.