სკანდალური ინტერვიუ - უშიშროება გიორგი სანაიას ინტიმურ ცხოვრებაზე ცნობებს მკვლელობამდე ერთი წლით ადრე აგროვებდა?

სკანდალური ინტერვიუ - უშიშროება გიორგი სანაიას ინტიმურ ცხოვრებაზე ცნობებს მკვლელობამდე ერთი წლით ადრე აგროვებდა?

ამბავი, რომელსაც “ქართული სიტყვა” დღეს გიამბობთ ტიპური ჰოლივუდური ბესტსელერია. ეგაა ოღონდ: მოქმედება “ცხრა მთასა და ცხრა ზღვას” იქით კი არა, საქართველოში ვითარდება. ამ “ბესტსელერის” მთავარი პერსონაჟი ჟურნალისტია, რომელიც საქართველოდან ლამის ათი წლის წინ გაიქცა. გაქცევის მიზეზი ბანალურია - უშიშროება, როგორც თვითონ ამბობს, მასზე ზეწოლას ახდენდა, ანუ აიძულებდა, რომ აწ განსვენებულ გიორგი სანაიასა და სხვა ცნობილი ქართველი ჟურნალისტების ინტიმურ ცხოვრებაზე გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინა. მაშ ასე, ათწლიანი დუმილის შემდეგ, პირველად ქართულ პრესაში, “ქართული სიტყვა” გთავაზობთ ზესკანდალურ ინტერვიუს საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით აზერბაიჯანელ ჟურნალისტ ნიაზ ჰუსეინოვთან, რომელიც ამჟამად ბაქოში მოღვაწეობს.      

ნიაზ ჰუსეინოვი: - 1964 წელს თბილისში დავიბადე. 2004 წლის 2 ივნისამდე მეიდანზე, გორგასლის ქუჩაზე ვცხოვრობდი... 1981 წელს თბილისის 73-ე აზერბაიჯანული საშუალო სკოლა დავამთავრე... სკოლაში ანტისაბჭოურ პროპაგანდას ვეწეოდი და რამდენჯერმე “კა-გე-ბე”-მ დამაკავა კიდეც. საერთოდ, მთელი ჩემი ოჯახი ანტიკომუნისტი იყო - 1937 წელს პაპაჩემი ციმბირში გადაასახლეს.

“კა-გე-ბე”-ს წარმომადგენლები ჩემს მშობლებზე დიდ ზეწოლას ახდენდნენ, რის გამოც ანტისაბჭოური პროპაგანდა დროებით შევწყვიტე. 1983 წელს სამხედრო კომისარიატში გამომიძახეს, მაგრამ საბჭოთა ჯარში წასვლაზე უარი განვაცხადე. 1984 წლის 21 ივლისს, სასამართლოზე ღიად ვთქვი, ანტიკომუნისტი ვარ და ოკუპანტების ჯარში არასოდეს ვიმსახურებ-მეთქი. სასამართლომ 2 წელი მომისაჯა და ციხიდან 1986 წელს გამოვედი. სხვათა შორის, “კა-გე-ბე”-ს წარმომადგენლებმა, ძალით, ორჯერ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დამაწვინეს... ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მინდოდა, თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩამებარებინა, მაგრამ უარი მითხრეს, აქ შენი ადვილი არ არისო...

1988 წელს აქტიურად ჩავერთე ქართულ ეროვნულ მოძრაობაში. დავუახლოვდი გურამ ჩახვაძეს, ლალი აფციაურს, ვახტანგ ტალახაძეს, თენგიზ შარმანაშვილს, გიორგი კობახიძეს, კახა მჭედლიშვილს (რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი)... ცოტა ხნის შემდეგ, თენგიზ შარმანაშვილმა “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარე გიორგი ჭანტურია გამაცნო. მერე, ირინა სარიშვილიც გავიცანი. მოკლედ, ყველა ანტისაბჭოურ ღონისძიებასა და მიტინგში აქტიურად ვმონაწილეობდი... შემდეგ, “ეროვნული კონგრესის” წევრი გავხდი და გიორგი ჭანტურიას მრჩეველი აზერბაიჯანულ-თურქულ საკითხებში. ამასთან, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ინფორმაციას აზერბაიჯანისა და თურქეთის საინფორმაციო სააგენტოებს ვაწვდიდი...

1989 წლის 9 აპრილს დღემდე განვიცდი. 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში, რუსის ჯარის მიერ დატრიალებულ ტრაგედიას ქართული ეროვნული მოძრაობა დიდი პროტესტით შეხვდა და აზერბაიჯანის სახალხო ფრონტს სოლიდარობა გამოუცხადა - ვახტანგ ტალახაძის ინიციატივით, ქართველი პატრიოტები, პროტესტის ნიშნად, ბაქოში ფეხით ჩავედით. ისე, მაშინ უფრო ვგრძნობდი ქართულ სულსა და ერთიანობას!.. როგორც ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებული და ქართული სულის აზერბაიჯანელი, ყველაფერ ამით ვამაყობ. ვამაყობ იმიტომ, რომ ბაქოშიც მეუბნებიან, შენ უფრო ქართველი ხარ, ვიდრე - აზერბაიჯანელიო...

“კა-გე-ბე”-ს წარმომადგენლები ისევ მაწუხებდნენ და ამის შესახებ გია ჭანტურიას შევატყობინე, რის შემდეგაც დევნა დროებით შეწყდა... მერე, ისევ დაიწყო. იცით, რას მეუბნებოდნენ? - აზერბაიჯანელი ხარ და რა გინდა ქართულ ეროვნულ მოძრაობაში და რატომ ერევი ქართულ პოლიტიკაშიო. მემუქრებოდნენ...

გია ჭანტურიას ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, ედპ დავტოვე - იქ ყოფნა უაზრობა იყო... 1992-94 წლებში თურქეთის ათათურქის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, რომლის დამთავრების შემდეგაც, საქართველოში ჯერ თურქულ გაზეთ “შერჰად”-ის, შემდეგ კი, 1996-2001 წლებში, სააგენტო “ანადოლუ”-ს წარმომადგენელი ვიყავი.

2000 წელს, ჩემით საქართველოს კონტრდაზვერვის უფროსის მაშინდელი მოადგილე შალვა ჟღენტი დაინტერესდა - ჯერ თანამშრომლობა შემომთავაზა, მერე კი მითხრა, სულით ქართველი ხარ, ჩვენიანი ხარ. ამიტომ შეგარჩიეთ. “კა-გე-ბე” აღარ არსებობს. უშიშროებაში ყველა ეროვნული სულის ხალხია, საქართველოს აყვავებისთვის მუშაობს და შენც უნდა დაგვეხმარო, რომ მტერმა ვერაფერი ქნასო.

- თანამშრომლობაზე დასთანხმდით?

- რა თქმა უნდა, არა. ჩემი გაზეთის - “ახალი აზროვნების” რედაქციაშიც არაერთხელ მოვიდნენ, მაგრამ კულტურულად გავისტუმრე, თან ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძის პრესმდივანს, ვახტანგ აბაშიძეს შევატყობინე. ცოტა ხანს აღარავინ მაწუხებდა, მაგრამ უცნობი პირები მოდიოდნენ და რაღაც მაქინაციებს მთავაზობდნენ. ერთმა მითხრა, მოდი, ვიზებზე “ვიჩალიჩოთო”. მიხვდი, რომ შალვა ჟღენტი პროვოკაციას მიწყობდა. ჩემთან, გაზეთში პიროვნება მუშაობდა, მის ვინაობას შეგნებულად არ დავასახელებ, რომელმაც მითხრა, ნიაზ, ფრთხილად იყავი, უშიშროების ხალხიაო...

ბოლოს, საქმე იქამდე მივიდა, რომ 2000 წლის მაისში, ღამის 10 საათზე ოფისში თავად შალვა ჟღენტი მესტუმრა. გამიკვირდა... ჟურნალისტების სია მომაწოდა და, იცით, რა მითხრა?

- რა?

- ამ ჟურნალისტების ინტიმურ ცხოვრებაზე ინფორმაცია მჭირდება. ვერავინ გაიგებს, შენ თუ ამას შეასრულებ, ჩვენს მიერ იქნები დაზღვეული და როგორც გინდა, იცხოვრე, კაციშვილი ვერაფერს გეტყვის. და კიდევ ერთი, ამ “ნურცულარებს” თავი დაანებე, გინდა, რომ თავი გეტკინოს, რა დაგიშავეს, რატომ აკრიტიკებო.

- “ნურცულარები” ვინ არიან?

- ვინ და, - თურქი ფუნდამენტალისტები, რომლებსაც, სააკაშვილის დახმარებით, დღეს აჭარა ხელში უჭირავთ...

მოკლედ, ჟურნალისტების სია წავიკითხე და კინაღამ ინფარქტმა დამარტყა.

- რატომ?

- სიაში პირველი გიორგი სანაია იყო... სხვათა შორის, ამის შესახებ ერთ-ერთ ახლობელ ჟურნალისტს შევატყობინე, რომელმაც მითხრა, არხეინად იყავი, ყველაფერს მოვაგვარებ და ვერაფერს გიზავენო... ცოტა ხნის შემდეგ, ოფისში მთვრალები შემომივარდნენ...

ვინაიდან “ანადოლუ”-ს წარმომადგენელი ვიყავი, თურქეთის საელჩოსთან კარგი ურთიერთობა მქონდა. საელჩოს ერთ-ერთმა დიპლომატმა დამიძახა და მითხრა, შენ ხომ საქართველოს მოქალაქე ხარ და ეცადე, უშიშროებას არ აწყენინო, რაც შეგიძლია, დაეხმარეო... რამდენიმე დღის შემდეგ, ოფისში ვინმე გოჩა მიქაუტაძე მოვიდა და გამაფრთხილა, თუ ჩვენთან არ ითანამშრომლებ და “ნურცულარებს” კიდევ გააკრიტიკებ, სამსახურსაც დაკარგავ და სპონსორებსაცო.

ერთი თვე გავიდა და “ანადოლუს” სააგენტოდან გამათავისუფლეს. “ჯეოსელმა” და საქართველოს სახელმწიფო ნავთობის კორპორაციამ კი, სპონსორობაზე უარი მითხრეს... “ქართუ ბანკში” რაღაც თანხა მქონდა და ქართულ-თურქული გაზეთი გამოვუშვი, თურქ ისლამისტებს, ანუ “ნურცულარებს” ისევ ვაკრიტიკებდი...

“ვარდების რევოლუციამდე” საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქულ განყოფილებაში გამომიძახეს და ვინმე ალექსანდრემ მითხრა, რატომ აკრიტიკებთ “ნურცულარებს”, ფეთულაჰ გულეინი ძალიან ნორმალური და დასავლური ორიენტაციის ისლამისტია და გთხოვთ, მოეშვათ, მისი დიდი დახმარებით, ჩვენი ახალგაზრდები საზღვარგარეთ პროფესიონალი სპეციალისტები ხდებიანო. უცებ, 1997 წელს, სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალბატონ მარიამ ლორთქიფანიძის მიერ ნათქვამი გამახსენდა, “ნურცულარებმა” ჩვენ რა განათლება უნდა მოგვცენო...

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004 წლის იანვრის ბოლოს, ჩემმა დევნამ უფრო აქტიური სახე მიიღო - ოფისიდან აპარატურა მომპარეს, ძემს ძმას და მეუღლეს სცემეს. შალვა ჟღენტის ხალხი ისე იქცეოდა, რომ მამაჩემი ინფარქტით გარდაიცვალა... ოფისსა თუ სახლში უცნობების ხშირმა სტუმრობამ და დედაჩემისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებამ, ჩემზე ცუდად იმოქმედა. სხვათა შორის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემს ძმას, კაჯარ ჰუსეინოვსაც მიაყენეს. დეტალებს აღარ მოვყვები, მაგრამ შალვა ჟღენტის ამ მეთოდების გამო, ჩემი უფროსი ძმა, მაქსიმი გარდაიცვალა... ყველაფერ ამის მიუხედავად, დაინახეს, რომ ჩემს გატეხვას ვერ მოახერხებდნენ და ჩემს წინააღმდეგ სხვა ბინძური მეთოდი გამოიყენეს.

- ნიაზ, როგორც ვიცი, თქვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა, ანუ “სხვა ბინძურ მეთოდში” ამას გულისხმობთ?  

- ჩემს წინააღმდეგ მეზობელი გამოიყენეს, რომელთანაც კვირაში ერთხელ რესტორანში საქეიფოდ დავდიოდი. ერთხელაც, როცა გლდანში, რესტორანში ვქეიფობდით, ტუალეტში გავედი და სწორედ ამ დროს, მეზობელმა გამთიშა.

- როგორ?

- ცხვირზე წამლიანი ნაჭერი მომადო... როცა გონზე მოვედი, მცხეთაში, ცენტრალური გზის პირას ვეგდე. თავს ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ მოვახერხე, გამვლელი მანქანა გავაჩერე და შინამდე მივაღწიე. მეორე დღეს მეზობელს მივაკითხე, მაგრამ სახლში არ დამხვდა...

- ეს მეზობელი ცნობილი პიროვნება იყო?

- არა, მის ვინაობას არ დავასახელებ, რადგან მერე აღიარა, რომ უშიშროებიდან ვინმე გოჩას დავალებას ასრულებდა. ამასობაში, ამ ვინმე გოჩამ დამირეკა და დამემუქრა, რომ თუ უშიშროებასთან არ ვითანამშრომლებდი, ჩემს ინტიმურ ცხოვრებაზე “გაკეთებულ” ფარულ ჩანაწერს ჩემს სპონსორებს გადასცემდნენ.

- ეს ფარული ჩანაწერი ე.წ. გეი-სექსს ეხებოდა?
- დიახ... ჩემმა მეზობელმა, გათიშვის შემდეგ, სადღაც ოთახში მიმიყვანა, სადაც ჰომოსექსუალები იყვნენ და ვიდეო გადაიღო. შემდეგ, ეს ვიდეო შალვა ჟღენტის ხალხს გადასცა... ასეთი ბინძური მეთოდი გამოიყენეს ჩემს წინააღმდეგ. სხვათა შორის, ეს ვიდეო ჩემს თურქ სპონსორებსაც აჩვენეს, რომლებიც გაზეთს აფინანსებდნენ, მაგრამ მათ არ დაიჯერეს და სპონსორობა გააგრძელეს.

როგორც გაზეთის მთავარი რედაქტორი და, ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართველ და აზერბაიჯანელ დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ხშირად დავდიოდი აფხაზეთში, სამაჩაბლოსა და ყარაბაღში, მაგრამ შალვა ჟღენტს მაინცდამაინც ჩემგან უნდა გაეგო, კონფლიქტურ რეგიონებში რა ხდებოდა? ჩემი მისია კონფლიქტურ რეგიონებში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებთან ახლო ურთიერთობის დამყარება იყო და მეტი არაფერი. ერთხელ, ჟღენტის წარმომადგენელმა დამირეკა და მითხრა, რაც ყარაბაღში გადაიღე, ჩვენც მოგვეციო, მაგრამ უარით გავისტუმრე.

ბოლოს, საქმე იქამდე მივიდა, რომ გამომძიებელი, ვინმე თამთა გოთუა დამიკავშირდა და მითხრა, თაღლითობაში ხართ ეჭვმიტანილი და ხვალ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის პოლიციაში უნდა მობრძანდეთო.

- მიხვედით?

- ეს რომ გავიგე, კინაღამ ინფარქტი მივიღე და იძულებული გავხდი, თბილისი დამეტოვებინა, ჯერ აჭარაში წავედი, მერე, - გურიაში, მერე, - აზერბაიჯანში.

- ნიაზ, თუკი მთელი უშიშროება გებრძოდათ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი როგორ გადალახეთ?

- რისკი, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ საბუთები წესრიგში მქონდა და წითელი ხიდი უპრობლემოდ გავიარე...

ბაქოში ჩავედი თუ არა, პრეს-კონფერენცია ჩავატარე. სხვათა შორის, მერე, პრესკონფერენციები მოსკოვსა და ჰამბურგშიც გავმართე. ამასთან, საქმის კურსში ჩავაყენე ბაქოში აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების საელჩოები, ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები. მინდა, მადლობა გადავუხადო უჩა ნანუაშვილს, რომელმაც იმ მძიმე პერიოდში თავის საიტზე, ქართულად და ინგლისურად ჩემზე სიმართლე გამოაქვეყნა.

- და ყველაფერი ამით დამთავრდა?

- არა. 2005 წელს შური ჩემს ძმაზე იძიეს - დაიჭირეს, თან უთხრეს, ვიდრე შენი ძმა საქართველოში არ დაბრუნდება, არ გაგიშვებთო... სხვათა შორის, ოფისში 3 ათასი დოლარი მქონდა შენახული და ეს ფული ჟღენტის ხალხმა წაიღო...

აზერბაიჯანში ჟურნალისტობა გავაგრძელე, თან ვგრძნობდი, რომ ცუდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვიყავი და ძველი პროფესიაც - კულტურიზმი გავიხსენე და ვარჯიში დავიწყე.

- ბაქოში ახლა რას საქმიანობთ?
- ქართულ საკითხებში ექსპერტი ვარ და აქაურ გაზეთებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ანალიტიკურ სტატიებს ვაქვეყნებ. ამასთან, ბაქოს ერთ-ერთ დიდ ფიტნეს კლუბში მთავარ მწვრთნელად ვმუშაობ.

- ნიაზ, მიხეილ სააკაშვილსა და ილჰამ ალიევს მეგობრული ურთიერთობა აქვთ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სიტუაციაში გარკვევა რატომ არ სცადა, რატომ არ დაგეხმარათ?

- ბაქოში ჩამოვედი თუ არა, ყველა ფაქტი, რაც მქონდა, აზერბაიჯანის ძალოვან სტრუქტურებს ჩავაბარე.

- ამისთანა რა ფაქტები გქონდათ?

- მაგალითად, 2004 წელს, სააკაშვილის დავალებით, შალვა ჟღენტმა ქვემო ქართლში, აზერბაიჯანული მოსახლეობის წინააღმდეგ ბინძური გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ქვემო ქართლში უნდა მომხდარიყო ეთნოკონფლიქტი. მეტიც, სააკაშვილის დავალებითვე, შალვა ჟღენტი აზერბაიჯანულ მოსახლეობაში ანტიაზერბაიჯანულ პროპაგანდას ეწეოდა. მოგვიანებით კი, ქვემო ქართლისა და თბილისის მეჩეთები კავკასიის მთავარი შეიხის კონტროლიდან გამოიყვანეს, ე.წ. საქართველოს მუსლიმთა კავშირი შექმნეს და მეჩეთები მას ჩააბარეს. ფაქტი: “საქართველოს მუსლიმთა კავშირი” თურქეთის ისლამისტებისგან ფინანსდება და ამაში ხელს სააკაშვილის მთავრობა უწყობდა. საერთოდ, დღეს საქართველოში მუსლიმური ორგანიზაციების ნაწილი თურქი ისლამისტებისგან ფინანსდება, ნაწილი კი, - ვაჰაბისტების, ანუ საუდის არაბეთისა და ირანის რადიკალ-ისლამური ჯგუფებისაგან. არ ჯობდა, საქართველოს ისლამური ორგანიზაციები მხოლოდ კავკასიის მთავარი შეიხის მიერ ყოფილიყვნენ კონტროლირებადნი? საქართველოში რელიგიური ინციდენტების უკან “ნურცულარები”, ვაჰაბიტები და ირანული შიიტები დგანან. აზერბაიჯანი ხომ ტრადიციულ ისლამს მისდევს და არა - ფანატიკურს. ამიტომ საქართველოს მუსლიმი მოსახლეობისა და მეჩეთების აზერბაიჯანთან დაშორებით სააკაშვილმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა.

სააკაშვილი ახლა იძახის, კრემლი მოსკოვში მოღვაწე, “მილიარდერთა კლუბის” დამფუძნებელ სოუინ სადიკოვს ილჰამ ალიევის წინააღმდეგ იყენებსო, მაგრამ დაავიწყდა, რომ ვანო მერაბიშვილის დახმარებით, სადიკოვთან კარგი ურთიერთობა დაამყარა? ამბობენ, სააკაშვილი აშშ-ს პროექტიაო, მაგრამ ის რუსულ-თურქული პროექტია - ამერიკელები მოატყუა და ჯორჯ სოროსს აჭარა შეპირდა, მაგრამ მერე, თურქ ისლამისტ მილიარდერს, ფეთულაჰ გიულენს აჩუქა. იცით, ბაქოში, ერთ-ერთმა თურქმა სამხედრო მაღალჩინოსანმა რა მითხრა? -  “სააკაშვილის ხელში ქარველები აჭარას დაკარგავენ. თურქეთი მალე გათავისუფლდება ისლამისტებისგან და ათათურქის პრინციპი აღდგება. სააკაშვილი კი, თავის ქვეყანაში “ნურცულარებს” “აბლატავებს”. თუ ჰგონია, რომ ქართველები ამას აპატიებენ, ძალიან ცდება!”

მოკლედ, ქვემო ქართლში ეთნოკონფლიქტის გეგმა პრესაში გავახმაურე და ყველაფერი წყალში ჩაეყარათ.

- ამ გეგმის შესახებ თქვენ როგორ შეიტყვეთ?

- ახლობელმა მითხრა.

- ეს ახლობელი “ნაციონალი” იყო?

- დიახ...

შალვა ჟღენტი ბაქოში თავის წარმომადგენლებს აგზავნიდა, რათა ჩემი დისკრედიტაცია მოეხდინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჩემთან დაკავშირებით, სააკაშვილს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

- ნიაზ, საქართველოში სხვადასხვა უცხოური სააგენტოს წარმომადგენელი არაერთი ჟურნალისტია, მაგრამ უშიშროება კონკრეტულად თქვენით რატომ დაინტერესდა? იქნებ, არსებობდა ეჭვი, რომ რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდით?

- რატომ არ მეკითხებოდნენ, თუ რას საქმიანობდნენ თურქეთის საელჩოს დიპლომატები? კომპრომატების შეგროვება მაინც და მაინც ქართველ ჟურნალისტებზე უნდოდათ?

- თანამშრომლობას სხვა ქვეყნის, მაგალითად, თურქეთის, ან აზერბაიჯანის სპეცსამსახურიც ხომ არ გაიძულებდათ?

- არა.
- თქვენს მონათხრობში ერთი უზუსტობაა - თუ შალვა ჟღენტი უშიშროებაში “ვარდების რევოლუციამდე” მუშაობდა, “ნაციონალების” დროს როგორღა გდევნიდათ?

- შალვა ჟღენტი ყოველთვის მიშას კაცი იყო და “ვარდების რევოლუციის” შემდეგ შსს-ში მაღალ თანამდებობაზეც მუშაობდა.

- ნიაზ, ათ თვეზე მეტია, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. დაბრუნებას არ აპირებთ?
- ჯერ არა, ვფრთხილობ...

ცნობისთვის: როგორც ამბობენ, შალვა ჟღენტი სპეცოპერაცია “ენვერის” ავტორი და სულისჩამდგმელი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ სპეცოპერაციას დიდი ხმაური მოჰყვა, მერაბიშვილმა ჟღენტი, თურმე, აითვალწუნა და შსს ორგანოებიდან დაითხოვა...