სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საიდუმლო კავშირები საუდის არაბეთის დაზვერვის ყოფილ შეფ ტურკი ალფეისარსა და იარაღით მოვაჭრე მილიარდერ ადნან ხაშოკთან

სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საიდუმლო კავშირები საუდის არაბეთის დაზვერვის ყოფილ შეფ ტურკი ალფეისარსა და იარაღით მოვაჭრე მილიარდერ ადნან ხაშოკთან

21 აგვისტოს დამასკოს გარეუბანში ხალხს ხუთვა დაეწყო. ამ დროს იქ გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფი იმყოფებოდა, რომელსაც უნდა დაედგინა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ასადის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა თუ არა. ასე მოადგა  კაცობრიობის კარს მესამე მსოფლიო ომი... პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია ,,ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წყალობით, საქართველო ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ იქცა და, საკითხავია, როგორ გაუძლებს მძიმე გამოწვევას ქვეყანა, რომლის არც ეკონომიკა და არც პოლიტიკური გარემო მყარ ნიადაგზე არ დგას.

- ბატონო ვახტანგ, ვის ან რას უკავშირებთ ქვეყანაში განვითარებულ ნეგატიურ მოვლენებს?

- ,,ნაცმოძრაობას”. ისტორიულად ცნობილია ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელი გაპონი, უდიდესი პროვოკატორი, რომელმაც რუსეთში 1905 წლის მშვიდობიანი დემონსტრაცია სისხლიან შეტაკებად გადააქცია. დღეს ,,ცრუ მღვდელ” გაპონის ამპლუაში “ნაცმოძრაობა” გვევლინება.

- ისე, ,,ნაციონალებსშესანიშნავი პიარ-კამპანია აქვთ...  

- გეთანხმებით, მაგრამ რას ემსახურება ,,ნაციონალების” და მათი ლიდერის მოღვაწეობა? - მხოლოდ პროვოკაციის მოწყობას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. გავიხსენოთ ე.წ. თალიბანის ვიდეორგოლი, რომელიც რელიგიური შუღლის გაღვივებას ემსახურებოდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს მათი ნახელავია. იმის ცოცხალი მოწმე, რომ საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობდნენ ტერორისტების, კავკასიაში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფებების გადამზადებაში.

- კონკრეტულად, რომელი თანამშრომლები გყავთ მხედველობაში?

- ტერორისტულ ჯგუფებთან პირდაპირ კავშირებზე გადიოდნენ კონტრდაზვერვის თანამშრომლები - ამირან მესხელი, გიორგი მაზმიშვილი, ვალერი ზუმბაძე. ეს უკანასკნელი მაიძულებდა, მეთანამშრომლა, როგორც კონტრდაზვერვის ექსპერტს ისლამის დივერსიული ჯგუფების მომზადება-გაწვრთნაში. არჩევანი ჩემზე იმიტომ გაკეთდა, რომ კარგად ვიცნობ ისლამის სპეციფიკასა და ტერორიზმის ისტორიას.

- რომელ ბაზებზე უნდა მომხდარიყო ტერორისტების გადამზადება?

- ეს არ ვიცი...

- ლაფანყურის სპეცოპერაციიდან ერთი წელი გავიდა, გამოძიება კი, დღემდე წინ არ წასულა...

- გასაკვირიც არაფერია - ვალერი ზუმბაძე, რომელიც ტერორისტთა გადამზადების პროგრამას ხელმძღვანელობდა, დღეს ლაფანყურის ოპერაციის საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელია. სწორედ ლაფანყურის ოპერაციის დროს გამოვლინდა, რომ საქართველო სახელმწიფო ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად გადაიქცა...

- თქვენი მოსაზრებით, ეს ოპერაცია რას ემსახურებოდა?

- ლაფანყურის ოპერაციის ძირითადი მიზანი საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების გამოყენება იყო. ბევრი გეგმა ჰქონდათ: ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია, ტერორისტების გამოყენება რუსეთის ფედერაციის მიმართულებით, ახალი ტიპის ზონდერ-ბრიგადების - დაქირავებული მკვლელების შექმნა. შემდგომში კი, მათი გამოყენება პირადი მერკანტილური ინტერესებისთვის. რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ტერაქტების მოწყობას მოყვებოდა ოკუპაცია. 2008 წელს სააკაშვილმა ტანჯული და ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტის მანტია ვერ მოისხა - ამით ხომ ყველა დანაშაული, რაც ჩაიდინა, ჩამოეწერებოდა. პანიკურმა შიშმა ბევრი არასწორი ნაბიჯი გადაადგმევინა. ლაფანყურის ოპერაცია აგვისტოში, პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩატარდა. 19-კაციანი დივერსიული ჯგუფის გადაგზავნა რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული აქტების საწარმოებლად, ბუნებრივია, არ დარჩებოდა იმ სახელმწიფოს  ყურადღების მიღმა, რომელიც მთელ მსოფლიოში სპეცსამსახურების  მანკიერებითა და სიძლიერითაა ცნობილი - რუსეთი, სპეცსამსახურების მომზადების დონითა და შესაძლებლობებით, მსოფლიო ხუთეულშია. ეს პროვოკაცია მეორე დონის შემოჭრა-ინტერვენციას ითვალისწინებდა, რაც გამოიწვევდა საპარლამენტო არჩევნების ჩაშლას, ქვეყანაში ქაოსს, პრეზიდენტს კი, გაქცევის შანსი ეძლეოდა, მაგრამ სიტუაცია ამ სცენარით არ წავიდა და ამის მიზეზი, ჩემი ღრმა რწმენით, ქართული სპეცსამსახურებისა და ძალოვანი სტრუქტურების არაპროფესიონალიზმი გახდა...Lლაფანყურის ოპერაციის წარმოებისას ქართულმა სპეცსამსახურებმა ოთხი ადამიანი დაკარგეს. 1982 წელს, გრენადაში, სტუდენტების გამოხსნის მიზნით, სენ-ჯორჯიის მიდამოებში ჩატარებული ოპერაციის დროს, ცნობილი ამერიკული გავლენიანი ელიტური სპეცდანიშნულების რაზმ ,,დელტას” ოთხი წევრი დაიღუპა. პენტაგონმა ეს ოპერაცია ფიასკოდ შეაფასა. ამერიკელებისთვის ეს დანაკლისი იმდენად სასირცხვილო იყო, რომ რაზმი დაშალეს. ახლახანს გაირკვა, რომ ლაფანყურის ოპერაციაში მონაწილე სნაიპერი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ბურუსითაა მოცული ჩოხელის სიკვდილიც. ვვარაუდობ, რომ იგი ვანო მერაბიშვილის მითითებით მოკლეს. სამწუხაროა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებშიც არ ხდება გამოძიება. ლაფანყური არა მარტო სპეცსამსახურების, არამედ, მთელი ქვეყნის ისტორიის შავი ლაქაა, ეს ცუდი შედეგები შეიძლება, გვიან მოვიმკათ.

- იქნებ, სწორედ იმის გამო ხდება ლაფანყურის მიჩუმათება, რომ სტრატეგიულ პარტნიორებში უნდობლობა არ გამოვიწვიოთ?

- აშშ-ის პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს პრეზიდენტი ურთიერთობდა იმ ტერორისტებთან, რომლებიც უშუალოდ ალ ქაიდასთან არიან კავშირში, მათ შორის, დოკუ უმაროვის ისლამისტურ ორგანიზაციასთან, რომელიც აშშ-ის დეპარტამენტმა შავ სიაში შეიყვანა. მას ახლო კონტაქტები აქვს კავკასიის ვაჰაბიტურ დაჯგუფებებთანაც და ხელს უწყობდა ვაჰაბიზმის იდეოლოგიის გავრცელებას. საეჭვოა მისი კავშირები არაბეთის სახელმწიფოების ზოგიერთ წარმომადგენელსა და ორგანიზაციასთან.

- კონკრეტული გვარები დაასახელეთ.

- ურთიერთობა ტურკი ალფეისარისთან და ადნან ხაშოკთან ბევრ რამეზე დააფიქრებს ადამიანს. ტურკი ალფეისარი საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურის შეფი იყო და დღეს გავლენიანი პიროვნებაა. 1983 წელს მან  უშუალო ,,დამუშავებაში” აიყვანა უსამა ბენ ლადენი, ანუ მისგან მსოფლიო ტერორიზმის სახე შექმნა. მილიარდერი ადნან ხაშოკი იარაღის ვაჭრობითაა განთქმული, რომელსაც კავშირები აქვს ბუტისთან და ეჭვიც არ მეპარება მის კავშირებზე თემურ ალასანიასთან, კეზერაშვილთან. საზოგადოება ხედავს ტელე-სიუჟეტებს არაბეთის ქვეყნებში სააკაშვილის ხშირ ვიზიტებზე, მაგრამ არავის აზრად არ მოსდის რატომ ჩუქნიან ხმალს საუდის არაბეთში. ზოგისთვის ეს ძვირფასი საჩუქარი, სიმბოლოა, სინამდვილეში კი, ხმალი საკრალური ნივთია. არაბულ სამყაროში მას ჩუქნიან, ვინც ვაჰაბიზმის იდეოლოგიაში წვლილი შეიტანა. როცა სახეგაბრწყინებული სააკაშვილი ტელეეკრანიდან არაბეთის დინასტიის წარმომადგენლების მიერ ნაჩუქარ ხმალზე ლაპარაკობს, ეს ნიშნავს, რომ ჯიხადის იდეების განვითარებას უერთდება. ამის შემდეგ თალიბანის ვიდეო-რგოლი რაღა გასაკვირია?

სხვათა შორის, ჭელაში მომხდარ ინციდენტს პანკისის ხეობაში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება უძღოდა, რომელიც საბედნიეროდ, კონფლიქტში არ გადაიზარდა. ავღანეთში ქართველ სამხედროებზე თავდასხმამდე დოკუ უმაროვის საიტი, რადიოსადგური ,,ჯიხადის ხმა” განუწყვეტლივ “დებდა” მასალებს, რომ საქართველოში ქრისტიანები მუსულმანებს ჩაგრავენ. იგივე განმეორდა მეორე თავდასხმის შემთხვევაშიც. ეს ის მედიასაშუალებებია, რომლებიც სააკაშვილის ქება-დიდებასა და ივანიშვილის ძაგებაშია. გლობალური ჯიხადის გამოცხადების შემთხვევაში, ისლამის სალაფიტური ჯგუფებისგან საშიშროებას უნდა ველოდოთ აქაც და ავღანეთშიც.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამ ის მოიტანა, რომ საქართველო ,,პროხადნოი დვორი” გახდა, სადაც გამვლელ-გამომვლელს რაც მოესურვება, იმას აკეთებს. სწორედ ამერიკელი მეგობრების რჩევით გადახედა ხელისუფლებამ ქვეყანაში სავაჭრო ეგიდით შემოსული ირანული ორგანიზაციების დოკუმენტაციას. აღმოჩნდა, რომ 1500 ირანული ფირმის უკან ირანული სპეცსამსახურები იდგნენ. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ საქართველოში არაპროფესიონალიზმის ზეობაა. არც სტრატეგიული კვლევის ცენტრი არსებობს, რომელიც საფრთხეების პრევენციის საშუალებას მოგვცემს. ხელისუფლება კი, ტრადიციულად, სირაქლემას პოზაშია. თუ სირიის კონფლიქტმა რეგიონალური ომის სახე მიიღო, საქართველოს ამ კონფლიქტში ჩართვა მოუწევს. გეოპოლიტიკური ღერძი - თეირანი-მოსკოვი-დამასკო - ცალსახაა. თუ პუტინმა კავკასიაში საკუთარი გავლენა არ გააძლიერა, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვა გაუჭირდება. აი, რა საფრთხეს უნდა ველოდოთ სირიის კონფლიქტიდან.

სირიაში გორდიას კვანძია და არავინ იცის, რომელი მიმართულებით განვითარდება მოვლენები. მოსალოდნელია მიგრანტთა შემოდინება სირიიდან, ირანიდან. სირიის ჩერქეზული დიასპორა ასადის რეჟიმს უჭერს მხარს. კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, ეთნიკური ჯგუფების მიმართ ანგარიშსწორება დაიწყება, საპასუხოდ, მუჰაჯირები, ალბათ, აფხაზეთში დაბრუნდებიან.

- რას მოუტანს ეს აფხაზეთს?

- ეს აფხაზებისთვის გადარჩენის რგოლი იქნება. რადგან ეთნიკური აფხაზები დაუბრუნდებიან სამშობლოს და შეჩერდება რუსული ექსპანსია აფხაზეთის მიწაზე.

- რელიგიურ ექსპანსიასთან ხომ არ გვაქვს საქმე?

- ეს უკვე თვალში საცემია. ყველაზე უფრო საშიში რადიკალური ისლამის იდეების გავრცელებაა აფხაზეთში, სამხრეთ საქართველოს რეგიონებში პანისლამიზმის იდეები ფიქსირდება, აჭარაში კი, - პანთურქული.

 - ვის ინტერესებშია ყველაფერი ეს?

- რადიკალური ისლამის იდეები ,,ნაცმოძრაობის” ინტერესებშია. ისინი დღესაც უშიშროების საბჭოსა და ,,ნაცმოძრაობის” პარტიულ ფორმატში ეფექტურად მოქმედებენ. სააკაშვილის მთავრობის ისლამის დაჯგუფებებთან უშუალო ურთიერთობაზე კიდევ ერთი ფაქტი მიუთითებს: გასულ წელს თურქეთში “გე-რე-უ”-სთან თანამშრომლობის ბრალდებით, რუსლან პაპასკირი დააპატიმრეს. კილერს საქართველოში გაცემული ქართული პასპორტი აღმოაჩნდა. ბოლო წლებში საქართველოში სპეცოპერაციებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებდა. მიკვირს, დღემდე რატომ არაა შესწავლილი ამ დეპარტამენტის საქმიანობა. გარწმუნებთ, ამ უწყების საქმიანობის დეტალური შესწავლა და გამომზეურება ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას. არ დასცალდათ, თორემ იგეგმებოდა უცხოელი მოქალაქეების ლიკვიდაცია.

- ჭელას მინარეთთან დაკავშირებულ დაპირისპირებაში საპატრიარქომ შუამავლის როლი ითამაშა...

- მინარეთის მონგრევა ჭეშმარიტი მუსულმანისთვის სიწმინდეების შეურაცხყოფაა. ეს იმ უკუღმართი მოვლენის ტოლფასია, როცა ბოლშევიკებმა მართლმადიდებლური ეკლესიები დაანგრიეს და მღვდლები გამოაძევეს. მუსულმანური თემისა და საპატრიარქოს დახმარებით დიდი უბედურება ავიცილეთ. ყურადღებას გავამახვილებ საფინანსო საგამოძიებო სამსახურის საქმიანობაზე. ამ უწყებაში დღესაც “ნაციონალები” არიან მოკალათებულნი და შემთხვევას არ უშვებენ საბოტაჟის და დისკრედიტაციის მოსაწყობად. სწორედ მათი დამსახურებაა მინარეთთან დაკავშირებული ვნებათაღელვა.