მხრებში მოხრილმა მოხუცმა კაცმა, რომელმაც გვერდით ჩაგვიარა, ნაბიჯი შეანელა, იატაკზე დადგა ნახშირის ცარიელი ვედრო და თუთუნი შემოგვთავაზა. ყველამ, გარდა სტეპკოსი, რომელსაც ფიზიკურად არ შეეძლო მუქთზე თავის შეკავება, უარი ვუთხარით. ვიდრე სტეპკო სამსუნის თუთუნს არაჩვეულებრივი სისქის სიგარეტად გაახვევდა, მოხუცმა გვითხრა, რომ ჩვენ სტამბულში გვაგზავნიდნენ, იქიდან კი ან საფრანგეთში, ანდა ბრაზილიაში, როგორც პოლიტიკურ ემიგრანტებს.
(ოთარ ჩიჯავაძე, „თვითმკვლელები“)
ემიგრაციის თემა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა მგონია, რომ მუქთის თემა უფრო აქტუალურია. გადახედეთ პარლამენტის შემადგენლობის 90 პროცენტს და თავად დარწმუნდებით არაფერი გაუკეთებიათ, არაფერი შეუქმნიათ, გაკეთებული გააფუჭეს, შექმნილი მოსპეს, პარტიებში შეძვრნენ, სიებში ჩასხდნენ და პულტები მოიმარჯვეს, კანონებს არც წერენ და არც კითხულობენ, ყველაფერი მუქთად აქვთ, მაგრამ ყოველივე მუქთი ხომ ვიღაცის ხარჯზეა? აი, შენ რომ გადასახადებს იხდი, იმ გადასახადებით ნაყიდ პულტებს იქნევენ და უკვირთ, რატომ ქვია სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებას ქალის სახელი. ჩუმად უკვირთ, არც ისეთი სულელები არიან, საკუთარი სისულელე რომ ვერ დამალონ, მათი ჭკუა კი მხოლოდ ინსტიქტების დონეზეა, ინსტიქტი კი ის არის, რომ ჰქონდეთ ყველაფერი ისე, რომ თვითონ არაფერი აკეთონ.
ამ ცამეტი წლის წინ სახლში ირლანდიური სეტერის ორი თვის ლეკვი მივიყვანე - ჯინა. სანამ მეოთხე სართულზე ავიდოდი, მეზობელი შემხვდა, რომელსაც მამაჩემი გაიძვერა გოგიას ეძახის. ჰოდა, ამ გაიძვერა გოგიამ ლეკვის შესახებ მკითხა, დედალია თუ მამალიო. როდესაც პასუხი მიიღო, მაშინვე პირობა ჩამომართვა, რომ ჯინას ლეკვებიდან (რომლებიც ერთი წლის შემდეგ უნდა დაბადებულიყვნენ) ერთ ლეკვს აუცილებლად მას ვაჩუქებდი. რამდენიმე დღის შემდეგ სხვა მეზობელმა მკითხა - გოგიას ლეკვს შეპირდიო? კი-მეთქი. მაგას უკვე კლიენტიც ნაპოვნი ეყოლებაო - გაეცინა.
რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების და რამე... გოგიას სულს ერთხელ მუქთის სიყვარული დააჩნდა ცხოვლად და მას შემდეგ სულ ასეა - მუქთზეა გაფაციცებული.
ეს ისტორია კარგა ხნის მივიწყებული მქონდა და, ბიძინა ივანიშვილის მორიგი პრეს-კონფერენცია რომ არა, ალბათ არც გამახსენდებოდა. ერთი გაურკვეველი ჟურნალის წარმომადგენელმა კითხვა რომ დასვა, მაშინ გამახსენდა. აიო, ბატონო ბიძინაო, გუშინ „ბლუმბერგს“ რომ უთხარი, ჩემი ფულის 90 პროცენტი საზოგადოებრივ საქმიანობას უნდა მოვახმაროო, მე ის მაინტერესებს, რომელ ენჯეოებს დააფინანსებო - თქვა და გაინაბა, ელოდებოდა, როდის ეტყოდა ბიძინა, მაგას რად უნდა კითხვა, ჩემი ქონების 90 პროცენტის 95 პროცენტს შენს ენჯეოში ჩავდებ, იმ 5 პროცენტზე კიდევ, დავფიქრდები, შესაძლოა, ეგეც შენს ენჯეოს მოვახმაროო.
ენჯეოშნიკი ბჭობდა, ბიძო იცინოდაო - ნათქვამია. „თქვენ რა შუაში ხართ?“ - სერიოზულად სასაცილო იყო ბიძინას განაჩენი. თქვენ ვის დაკარგვიხართო, ანუ თქვენ ვისი ტიკი-ტომარა ხართო - სრულიად უსაქმურთა საძმოს უთხრა, რომელსაც ოფიციალურად სამოქალაქო საზოგადოებად მოიხსენიებენ ხოლმე.
მომინდომეს მთვარეზე კოოპერატივის გახსნა! ეს ძველი გამოთქმაა, 80-იანი წლების მიწურულის. აღნიშნული გამოთქმა ახლა რომ იბადებოდეს, ასეთი ფორმა ექნებოდა - მომინდომეს მთვარეზე სააქციო საზოგადოების გახსნა.
საერთოდ კი, ეს „სამოქალაქო საზოგადოება“ დიდად არ განსხვავდება სააქციო საზოგადოებისგან - იმას მეტი ხმა აქვს, ვინც მეტ აქციას ფლობს, აქცია კი სხვა არაფერია, თუ არა ფული, ანუ დივიდენდი. ოღონდ, ეგეც არის, რომ ბევრი აქციის მოსაპოვებლად ბევრი უნდა იშრომო, შრომა კი, ძირითადად, ტლიკინში გამოიხატება. რაც მეტ სისულელეს იტლიკინებ, მეტი აქციის მფლობელი შეიქმნები, მეტი აქციის ქონა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მეტი ხმის უფლებას გულისხმობს, მეტი ხმა კი ის მუსიკაა, რომელზეც სხვა აქციონერებს აცეკვებ.
მაგრამ, ხანდახან, ზომაზე დიდი სისულელე წამოცდებათ ხოლმე და მაშინ კი დააჭყეტს ხოლმე თვალებს და დაცქვეტს ყურებს არასამოქალაქო საზოგადოება და რიტორიკულად გაიფიქრებს: „ე... თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?!“
ვაღიარებ, რომ არასამოქალაქო საზოგადოების ყველაზე სკაბრეზულ ნაწილს მივეკუთვნები და მაგ დედამიწელებისა და კეთილმოწყობილების შესახებ, ცოტა არ იყოს, განსხვავებული ზმნებით და ზმნიზედებით ვფიქრობ. აქ ვერ ვიტყვი, მაგრამ დიდი შოთა რუსთაველის (არასამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის) სიტყვებით მიგახვედრებთ: „კოკასა შიგან რაცა დგას...“ ეს - შემოკლებით და სკაბრეზული მინიშნებით, სრულად კი - „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“. დიდებული სიტყვებია. ესეც მაგარია: „მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები...“
თუმცა, ისინი ამას ვერ ხვდებიან, ბაქოს ზოოპარკის ბინადარი ბეჰემოთისა არ იყოს, კანი არ ყოფნით. მაგრამ, კანი სინდისი არ არის, სადღაც რომ გქონდეს და სადღაც - არა. თუ სინდისი სადღაც არ გაქვს, ე.ი. არსადაც არ გქონია და ერთი-ორჯერ და სადღაც-სადღაც წარმოთქმული მაღალფარდოვანი სიტყვები მორალსა და ეთიკაზე, მხოლოდ ფარისევლობაა.
ორი კვირა რაჭაში გახლდით და იქაური ქუდი დავიხურე. მთლად ისე არა, აი, რაჭველმა რომ თქვა, ისეთი მიწისძვრა იყო, ძლივს შევასწარით სახლებშიო... მთლად ეგეთი არა, მაგრამ მაინც... მოკლედ, რაღაც დაგვიანებით ვნახე, რაღაც დაგვიანებით მოვისმინე. მაგალითად, მხოლოდ გასულ კვირაში ვნახე „ინფო 9“-ის ჟურნალისტის შეპაექრება ცნობილ მედია-ექსპერტთან და ქართული ეთიკური ჟურნალისტიკის ბებიასთან, სადაც ეს უკანასკნელი ჟურნალისტს უმტკიცებდა, მართალია ნიჭიერები, ობიექტურები, მუყაითები და ოპერატიულები ხართ, მაგრამ თქვენი დრო წავიდა, თქვენი საჭიროება აღარ არის და ამიტომ ქუდები უნდა დაიხუროთ და... დაიხუროთო.
ასე წარმოდინდება ხოლმე კოკებიდან, მას შიგან მდგარი სიბინძურეები. კოკაში სიბინძურეს რა უნდა, მაგრამ რა უნდა ადამიანში სიმყრალეს?! ერთხელ რომ ცხოვლად სულს დააჩნდების და ერთი დამპალი ვაშლი რომ ხარ... ახტუნგ, ახტუნგ! გინდა ახტი, გინდა დახტი, ენჯეო მაინც ენჯეოა. სააქციო საზოგადოებას რომ ქმნიან და მეცხრე არხის აპარატურაზე ბიძინას რომ ეჩალიჩებიან, ეგ იმას მაგონებს, გაიძვერა გოგიამ დაუბადებელი ლეკვი რომ მთხოვა და უკვე კლიენტიც რომ ნაპოვნი ჰყავდა.
პურის ქარხნის დათრევა რომ გინდა, ერთხელ მაინც ხომ უნდა გქონდეს ნანახი თონე, თუნდაც ტრასაზე, შროშაში! ნუ, ახლა ის არ ითვლება, ვებ-გვერდი რომ შექმნეს - „მე, რეპორტიორი“ (რომელსაც არავინ კითხულობს და რომელზეც არავინ წერს), რომელსაც ამაყად აწერია უკვდავი სიტყვები: „ყველას შეუძლია გახდეს მოქალაქე-ჟურნალისტი“.
შანდობა მაინც თხოვეთ წამკითხველს, თუ ვინმე შემთხვევით მაგ ვებ-გვერდზე შემოეხეტება!
რას გეტყვით, იცით? ყველა მოქალაქე ვერ შეძლებს, რომ ჟურნალისტი გახდეს, აი, ყველა ჟურნალისტი მოქალაქე რომ გახდებოდეს, ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა. არადა, ყველას ექსპერტობა უნდა, თანაც - მუქთად, არა - სწავლა, არა - განათლება, არა - ფიქრი და არა - გამოცდილება. გნებავთ ნიუსი მუქთად? აი, ისიც: „შპს „ქართული კვების კომპანიის" მენეჯმენტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად დღეს, ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისს" ესტუმრა...სტუმრები ადგილზე გაეცნენ სამხედრო მოსამსახურეებისთვის საკვების მომზადებისა და ჯარისკაცებისთვის მზა კერძების მიწოდების პროცესს, ასევე სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკვები პროდუქტების სათავსოები, საწყობები და სასადილო ინვენტარი დაათვალიერეს. სტუმრები სადილზეც დარჩნენ და სამხედროებთან ერთად დააგემოვნეს კერძები“.
ვერ გაძღა მაგათი მუცელი - სადილზეც დარჩნენო!.. ბარემ, აბანოში შეყოლოდნენ და მანამდე იქაც, სადაც ექსპერტები თავისი ფეხით დადიან. ანდრო ბარნოვი რომ არის, უსაფრთხოების საკითხებს რომ სხლავს და ამ ბოლო დროს მეღვინეობითაც რომ დაინტერესდა... "ახლა დამთავრდა რიგის კონფერენცია და ბოლო დღეს იყო ჩვენი პრემიერის გამოსვლა. დეტალების მოყოლა ეთიკის ნორმებს ვერ უთავსდება, ამიტომ თავს შევიკავებ. თუმცა, ამის ართქმა არ შეიძლება: აღმოჩნდა, რომ ჩვენი პრემიერი შინ რომ წინა მთავრობას აგინებს, გარეთ სწორედ ამ წინა მთავრობის დამსახურებების მითვისებას ცდილობს! მისი გამოსვლის მიხედვით, ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი ვალდებულება, რუსეთთან უვიზო რეჟიმი და WTO-ში რუსეთის მიღება ახალი მთავრობის დამსახურება ყოფილა.. ასევე, ბიზნესის გათავისუფლების შემდეგ მსოფლიო ბანკის რეიტინგში მე-9 ადგილზე გადასულა საქართველო" - ბარნოვის სიტყვებია და... კაცო, რა ყოფილა ეს ბიძინა, ჰა?! დიდგორის ომს ითვისებს, გარნისის ბრძოლას კი მიშას ტენის.
ანდრო ბარნოვი ნამდვილად ექსპერტია, ოღონდ - დღევანდელი ქართული გაგებით.
ოჰ, ნინო თარგამაძევ, ჩემი შვილის ნათლია რომ არ იყო, მე ვიცი, რასაც გეტყოდი მაგ კვერცხის გაექსპერტებაში შენს მიერ შეტანილი ფასდაუდებელი წვლილის გამო.
ანდრო ბარნოვი ექსპერტია, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ იგი არ დაბადებულა ექსპერტად, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი არ დაბადებულა პრემიერ-მინისტრად. „ის მხოლოდ პოლიტიკიდან მიდის და ეს არის მკაფიო. მიღებულია გადაწყვეტილება და მინდა ყველას შევახსენო, რომ ბატონი ბიძინა არ დაბადებულა პრემიერ-მინისტრად, ამაში ტრაგედია არ არის, არამედ პირიქით, სულ მალე ყველა ვნახავთ, რომ მისი ახალი ამპლუა უფრო ეფექტური იქნება და მნიშვნელოვნად მოემსახურება ქართული საზოგადოების და სახელმწიფო ინტერესებს, ვიდრე გარკვეულწილად შეზღუდული პრემიერის თანამდებობიდან“ - თქვა გასულ კვირაში პაატა ზაქარეიშვილმა, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები.
მივიდა ბიძინა პოლიტიკაში და გაყარა ნაცები, მივიდა მთავრობაში და გაყარა ბაცნები, მივა საზოგადოებრივ სექტორში და გაყრის ექსპერტებს, რომლებსაც გონიათ, რომ ექსპერტებად დაიბადნენ. მთავარია, იმ სახინკლეში არ შემოვიდეს, სადაც მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ლუდის სმა, თორემ ჩვენც გაგვყრის თეფშზე დაღვრილი ხინკლის წვენის გამო და, ღირსებიც ვიქნებით, რამეთუ ხინკლის წვენი არის კატალიზატორი პროცესისა, რომლის დასასრულებისას ხვდები, რომ „ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე იყავი“.
ისე, ბიძინა არც მილიარდერად დაბადებულა და ჰოი, როგორ უნდათ ენჯეოშნიკებს, რომ მან, მათდა სახეიროდ, წვრილ მეწარმეთა სიაში გადაინაცვლოს! უნდათ და, შეეკითხე, თუ გინდა! უნდათ და... მაგრამ, „უნდა“ გრამაფონშია. მიშასაც ბევრი რამ უნდა, მაგრამ ეგრე სად არის? გასულ კვირაში მყინვარწვერის დაპყრობა უნდოდა ისე, მარო რომ ეუბნება მიხოს, დამიპყარი, დამიპყარიო... მყინვარწვერი ვერ დაიპყრო, მაგრამ, სამაგიეროდ... „საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე გამოცდილ მთასვლელთან ერთად მყინვარის გარშემო მთები და პლატო დალაშქრა. მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ლაშქრობაში დეპუტატი გოგა ხაჩიძე და რუსი საზოგადო მოღვაწე ანდრეი ილარიონოვიც მონაწილეობდნენ. მათ გერგეთის სამების ეკლესიიდან მეტეოსადგურის საბაზო ბანაკამდე 15 კილომეტრი ფეხით გაიარეს. გზაში პრეზიდენტს უცხოელი ტურისტების რამდენიმე ჯგუფიც შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ბეთლემის მცირე ტაძარიც მოილოცა, რომელიც 4100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს“.
მიხოც ხომ ეუბნებოდა მაროს, რა ვქნა, ალყას ვერ დაგარტყამო? ამ მიხომ - დაარტყა, ოღონდ - მყინვარწვერს, ანუ, მყინვარწვერზე ფეხი ვერ შედგა, მაგრამ დიდმა მთებმა დრეკა მაინც იწყეს. ისღა დაგვრჩენია ვიფიქროთ, რომ ანაკლიის მშენებლობას ედუარდ სააკაშვილი დაასრულებს, როგორც დაჩიმ დაასრულა ვახტანგ გორგასლის დაწყებული.
აღნიშნული ინფორმაცია ჩემმა მეგობარმა სააგენტომ სააკაშვილის ადმინისტარციის დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ გაავრცელა (ჯანდაბას მაგის თავიო), ეგეთ სისულელეებს, როგორც წესი, არ ავრცელებს ხოლმე. აბა, სად სააკაშვილი და სად - მოლოცვა? ესეც ნახეთ: „პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლაშქრობისას მყინვარზე ტემპერატურა -15º იყო, ხოლო ბარში სითბო +30º-ს აღწევდა“.
აზრზე ხარ? პრეზიდენტის ადმინისტრაცია თერმომეტრით დარბის და ტემპერატურას ზომავს. საინტერესოა, ტენიანობა რამდენი გრადუსი იყო და წნევამ რამდენი ამპერი შეადგინა? ასევე საინტერესოა, რამდენი მერცხალი მოიტყვანს გაზაფხულის... მოიტყვანს, მოიტყვანს...
გაზაფხულს მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოიყვანს, როდესაც აღარ იქნება ეს პრეზიდენტი, აღარ იქნებიან ეს ექსპერტები და აღარ იქნებიან ეს პარლამენტარები - ქავთარაძე-ყეენიშვილები და მალაშხია-წიკლაურები. ყველა გზა მაქეთ მიდის. მაგალითად, გასულ კვირაში გადაწყდა, რომ ელჩების დანიშვნაში პარლამენტი ვეღარ ჩაერევა. ასე, ნელ-ნელა უნდა ჩამოართვა ფუნქციები და ალბათ ვერც მიხვდებიან, ფუნქციები რომ ჩამოართვეს. აი, როგორც კი პრივილეგიებს ჩამოართმევ, მაშინ ნახე ყიჟინა და ჟივილ-ხივილი, დედა შვილს, ანუ ნაზი არონია მარიამ საჯაიას არ აიყვანს, და გასულ კვირაში ახმეტის საკრებულოშიც იგივე ხდებოდა - შვილები ტიროდნენ, დედებს ხელში აყვანას თხოვდნენ და იყო ერთი ღრიანცელი. ეს ამბავი ნიუსის სახით გავრცელდა, სათაური კი ასეთი იყო - „ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი გამოუცხადეს“.
ახმეტა და იმპიჩმენტი!!! რას არ გაიგებ კაცი... თუმცა, არც ეს არის ნაკლები - „სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი ტექნიკური საკითხი იყო“. და ესეც - „გიორგი თარგამაძემ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა“.
აქაც ზედმეტია კომენტარი, მაგრამ ეგრე რომ გავყვეთ, ჰეეე, რამდენი რამ არის ზედმეტი, მაგრამ ვიტანთ, ჯერჯერობით, მაგრამ მოთმინების ფიალა სადაცაა გაივსება. გასულ კვირაში თინა ხიდაშელის მოთმინების ფიალა აივსო, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მთელი შანტრაბა მომავალი კვირისთვის დაკითხვაზე დაიბარა, მასთან ერთად კი ინტელექტუალური და პროკურორული შანტრაბის თვალსაჩინო წევრი, ნიკა გვარამიაც.
„თინა ხიდაშელი "რუსთავი 2"-ს მიზანმიმართულად ებრძვის“ - თავისი ჭკუით, სენსაციური განცხადება გააკეთა ნიკა გვარამიამ და ახლა ველოდები, როდის უარყოფს ან დაადასტურებს თინა ხიდაშელი, რომ მისი ბრძოლა მართლაც მიზანმიმართულია. განა არის რამე დასაძრახი მიზანიმიმართულობაში? ვფიქრობ, რომ - არაფერი. მე, მაგალითად, მიზანმიმართულად ვებრძვი იდიოტ ექსპერტებს, მთელ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართული ოცნების“ მედროვე ნაწილს (ეს ნაწილი 80 პროცენტს მაინც შეადგენს) და კარგი იქნება, თუ თინათინიც დაადასტურებს, რომ მისი ბრძოლა არის მიზანმიმართული.
გასულ კვირაში სააკაშვილმა მოუწოდა ივანიშვილს, რომ მიზანმიმართულად გავიდეს ხალხში, თვითონ კი, როგორც იცით, მთაში წავიდა. ისიც გეხსომებათ, რომ სააკაშვილმა მანამდე წაიკითხა მოხსენება „სააკაშვილისა და ზებრას შედარებითი დახასიათება“, რომელშიც ამტკიცებდა, რომ იგი არ არის ზებრა. ამტკიცებდა მიზანმიმართულად, მაგრამ არადამაჯერებლად.
შესაბამისად, ივანიშვილი წავიდა რიგაში, ხალხში, სააკაშვილი კი წავიდა მთაში, ჯიხვებში. არა დროს მთა იყო? წადი, შენი-მეთქი, რომ ვუთხარი, მთა არ მიგულისხმია, არადა, ქართულად ვუთხარი. ეგეთი სიტყვები ყველაზე უკეთ სწორედ ქართულად მეხერხება, თუმცა, თუ საჭირო გახდება, თურქულადაც შევძლებ, მაგრამ სანამ დავით სერგეენკო დავით სერგეენკობს, აღნიშნული აქცია სრულიად ზედმეტია. ვინც სერგეენკოსა და იმ მათხოვარი თურქის შეხვედრა იხილა, სრულად დამეთანხმება.
აბა, მეტი რა უნდა ვთქვა? გადაახვიეთ და უყურეთ. გადაახვიეთ, უყურეთ და ერთად დავთვალოთ, რამდენს უნდა ავაცმევინოთ და რამდენს უნდა დავახვევინოთ. ბევრს, ძალიან ბევრს!!!
გასულ კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე პროცესებიც მნიშვნელოვანი იყო, ბევრის თქმა შეიძლება და ვერსიებიც ბევრია. მაგას რა მოყვება, მაგრამ ერთი ციტატითაც შეიძლება დასკვნის გამოტანა. საზ. მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ემზარ გოგუაძე: "დარწმუნებული ვარ, რომ უშიშროების სამსახური არ არის ისეთი მოუმზადებელი რომ მსგავსი არასწორი ნაბიჯები გადადგას, მე, როგორც ძველ დისიდენტს 80-იან წლებშიც კი არ მიხილავს ასეთი უტაქტო რამ“.
მაგაშია საქმე, დავით გოგიბედაშვილი მწერლობას იბრალებს (რას იტყვის დოჩანაშვილი?), გოგა ხაჩიძე - მუსიკოსობას (რას იტყვის რობერტ პლანტი?), ხოლო ემზარ გოგოუაძე - დისიდენტობას.
რას იტყოდა მერაბ კოსტავა?
მერაბი მაგარი კაცი იყო, ძლიერი და კორექტული.
ჩემი კორექტულობა არ გაიშვა...
ყ.ყ.ყ. (ყველამ, ყველამ, ყველამ) თავის მხრივ, როცა ღრაჭა მიტრიალდა და წავიდა, ცხვირამ მართალია ჩუმი ხმით, მაგრამ მთლად დასრულებული ღრმა შინაარსით, ლანძღვა გინებით გააცილა იგი.
(ოთარ ჩიჯავაძე, „თვითმკვლელები“)