„ყველა, მინუს „ნაცმოძრაობა“ - აღნიშნულ ფორმულირებას ერთი-მეორის მიყოლებით გვთავაზობენ ოპოზიციონრები. თავდაპირველად ეს იდეა „ლელომ“ წამოაყენა, ხაზარაძე- ჯაფარიძის გუნდი ფიქრობს, რომ ამომრჩეველი ორი პოლუსის იმედად არ უნდა დარჩეს, ვისაც არც ივანიშვილის გუნდი უნდა, არც სააკაშვილის პარტია, ბიულეტენში უნდა დახვდეს ახალი ძალა.
ამავე ფორმულას გვთავაზობს ალეკო ელისაშვილიც. მისი რეკომენდაციით, იმისთვის, რომ ოპოზიციაში გადავიდეს „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობის“ მიღმა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა შეძლონ კონსოლიდაცია.
სულ ბოლოს იგივე იდეა წამოაყენა პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ. მან აღნიშნა, რომ „ყველა, მინუს ნაცმოძრაობა“ - ეს არის ხელისუფლების შეცვლის გასაღები.
„როდესაც ვხედავთ „ნაცმოძრაობის“ განცხადებას, მოდით, დაგეხმარებითო, ეს სასაცილოა. პირდაპირ ვიძახი, რით უნდა დაეხმაროს სხვას, თავიანთი თავი გასჭირვებიათ“, - აცხადებს პაატა დავითაია.
„ნაცმოძრაობის“ ყველა დამაიგნორირებელს პასუხს სცემს თაკო ჩარკვიანი. „მინუს „რუსული ოცნება“ კი არა, მინუს „ნაცები“, - აი, ეს სიბრძნე რომ მოგივა თავში, ან აზრზე არ ხარ, ან ცუდ თამაშს თამაშობ“, - მიიჩნევს ჩარკვიანი.
ოპოზიციური სპექტრი თანდათან აცნობიერებს, რომ „ნაცმოძრაობა“ მათთვის დამაბრკოლებელია, მაგრამ უკუღმა რომ დავსვათ შეკითხვა, ამ ოპოზიციას რამე შეუძლია „ნაცმოძრაობის“ გარეშე?
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია იზიარებს მოსაზრებას, რომ „ყველა, მინუს „ნაცმოძრაობა“ - ეს არის დღევანდელი ოპოზიციური ძალების ერთიანობის ფორმულა და ეს არის იდეალური ფორმულირება, რადგან „ნაცმოძრაობა“ რეალურად არის სისხლიანი საფრთხობელა. ამ სისხლიანმა საფრთხობელამ რაც არ უნდა გამოიცვალოს ტანსაცმელი, სისხლის სუნი მაინც ბოლომდე მიჰყვება, რადგან „კუზიანს სამარე გაასწორებს“.
რისი გაკეთება შეუძლია ამ ოპოზიციას დამოუკიდებლად, „ნაცმოძრაობის“ გარეშე, ამის შესახებ ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ მიზნის მიღწევა ოპოზიციურ სპექტრს ნაცების გარეშეც შეუძლია, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ უკვე იმდენი ადამიანი განუდგა, რომ საკმაოდ სერიოზული კრიტიკული მასაა შეკრებილი. ამ ადამიანებს არც „ნაცმოძრაობა“ უნდათ, არც „ქართული ოცნება“. ამდენად, სიტუაცია შეიძლება ისეთივე იყოს, როგორც 2012 წელს.
„2012 წელსაც იყო კრიტიკულად განწყობილ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ფრთხილად უყურებდნენ. ამ ადამიანებმა ზუსტად მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება, „ქართული ოცნებისთვის“ მიეცათ ხმა, როდესაც ციხის წამების კადრები გამოვიდა სააშკარაოზე. ფაქტობრივად, წამების კადრებმა განაპირობა იმ შედეგის დადება, რამაც დაამარცხა „ნაცმოძრაობა“. ასეთი კრიტიკული მასა დღესაც არსებობს და როგორც კი შეიქმნება მოძრაობა „ყველა, მინუს „ნაცმოძრაობა“, შეიძლება 2012 წლის შედეგები განმეორდეს და „ქართული ოცნება“ ჩაბარდეს ისტორიას“,- აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ for.ge- სთან საუბრისას.
მანვე განმარტა, რომ ოპოზიციაში ნებისმიერი ძალა უკეთესია, ვიდრე ვანო მერაბიშვილის დღევანდელი „ნაცმოძრაობა“. მერაბიშვილმა ჩაიგდო „ნაცმოძრაობა“ ხელში და ასპარეზზე გამოიყვანა თავისზე უარესი, უსუსური მარიონეტი- ხაბეიშვილის სახით, ეს ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილის აჩრდილი დასტრიალებს „ნაცმოძრაობას“. ვანო მერაბიშვილის „ნაცმოძრაობა“ კი კიდევ უფრო მეტ მხარდამჭერს დაკარგავს.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ყველა, მინუს „ნაცმოძრაობა“ - ანალოგიური ფორმულა ცოტა ხნით ადრე წამოაყენა „ლელომ“. ახლა, ეტყობა, პაატა დავითაია და „ლელო“ ერთმანეთს ოპოზიციური გამარჯვების ფორმულას ეცილებიან, რომელი უფრო ხმამაღლა იტყვის, ვიპოვეთ გზა, თუ როგორ დავძლიოთ „ქართული ოცნება“.
„არა მგონია, პაატა დავითაიას ეს რეკომენდაცია გამართლებული იყოს, ვინაიდან საზოგადოებაში ბევრ ადამიანს მორალური ღირებულებებიც აქვს და ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფს, ან მოძრაობას იმის მიხედვით სცემს პატივს, რამდენად არის მორალური ღირებულებები დაცული. „ნაცმოძრაობაში“ ძალიან ხშირად მორალური ღირებულებები ირღვეოდა, ხშირად დანაშაულამდე მიდიოდა საქმე, ამიტომაა მიუღებელი ეს პარტია. მორალური ღირებულებების დამცველების თვალში ასეთი ფორმულირება - „ყველა, მინუს „ნაცმოძრაობა“ მიუღებელი იქნება, მით უმეტეს, ისეთი პოლიტიკური ფიგურებისგან, რომლებიც ერთხანს მჭიდრო ურთიერთობებში იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ცდილობდნენ მისგან მხარდაჭერის და მფარველობის მოპოვებას, ვგულისხმობ პაატა დავითაიას“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
,,ეხლა აღარ მოგწონს სააკაშვილი, ხომ?" :))