რამდენიმე დღის წინ ნაცნობი ჟურნალისტი შემხვდა და სასიხარულო ინფორმაცია მომაწოდა. აღმოჩნდა რომ მიმდინარე წლის დეკემბერში „ერისიონი“ თბილისში კონვერტების გამართვას აპირებს. სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი გამიხარდა, რადგან ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი ბატონი ჯემალ ჭკუასელისა და მისი ანსამბლის წევრების წინაშე შერცხვენილი ბრძანდება და ქართველ მაყურებელს მათი თანამემამულეების მიმართ დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა ეძლევა. ხელოვნება და პოლიტიკა განსხვავებული მცნებებია და ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. „ერისიონმა“ თავისი გასაკეთებელი გააკეთა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სახალხო დიპლომატიაში თავისი მოკრძალებული მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ჯემალ ჭკუასელს სამსახურში ვეწვიეთ და თავდაპირველად თბილისში დაგეგმილი კონცერტებით დავინტერესდით. ანსამბლის ხელმღვანელს რეპეტიციაზე მიეჩქარებოდა, მაგრამ მცირეოდენი თავისუფალი დრო მაინც დაგვითმო.
- ამ ინფორმაციას მეც დაგიდასტურებთ, მაგრამ თბილისში კონცერტების ჩატარება ჯერ ოფიციალურად გადაწყვეტილი არ არის. სურვილი გვაქვს, მაგრამ ამ ღონისძიების გამართვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მოგეხსენებათ არასათანადო დაფინანსების გამო მშობლიური მაყურებლის წინაშე დიდი ხანია არ გამოვსულვართ. ამაში თავის დროზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დიდი წვლილი სეიტანეს. საბედნიეროდ დღეს-დღეობით მდგომარეობა შეიცვალა და ახალი მთავრობა, ასევე კულტურის სამინისტრო მეტ ყურადღებას გვაქცევს. მსურს თბილისელებს ისეთივე პროგრამა წარვუდგინოთ, რომელსაც უცხოეთში ყოფნისას ვდგამთ. მგონია რომ ყველა პრობლემის მოგვარებას მოვახერხებთ და ჩვენი ხელოვნებით თანამემამულეებს გავახარებთ.
ვისარგებლებ შემთხვევით და მოგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს თვენახევრიან საგასტროლო ტურნეში მივემგზავრებით. თავდაპირველად უკრაინას ვეწვევით, შემდეგ კი მოლდოვას ვესტუმრებით. წინასწარი გეგმის მიხედვით შეიძლება ფინეთშიც ჩავიდეთ, იქიდან გამობრუნებულები რუსეთში რამდენიმე კონცერტს გავმართავთ.
ისევ რუსეთი, ბატონო ჯემალ… არ გეშინიათ რომ კრიტიკის ახალი ტალღა დაგატყდებათ?
- იმ ამბების შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. დღემდე დარწმუნებული გახლავართ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგით. პოლიტიკა და ხელოვნება განსხვავებული მცნებებია და ერთიმეორეზე დამოკიდებული არ არის. ჩვენ რუსეთ-საქართველოს მძიმე ურთიერთობის მოწესრიგებაში დიდი ნაბიჯი გადავდგით. ზოგიერთმა ქართველმა „მოღალატის“ იარლიყი მომაწება, მაგრამ „ერისიონმა“ კრემლის დიდ საკონცერტო დარბაზში, შვიდი ათასი მაყურებლის წინაშე სცენაზე ქართული დროშა ააფრიალა. მოსკოვში ჩასვლა მარტო ამიტომ ღირდა.
სახალხო დიპლომატია უდიდესი ძალაა და ამა თუ იმ საკითხის პოლიტიკოსებზე უკეთ გადაწყვეტა შეუძლია. ერთ შემთხვევას გავიხსენებ. სტავროპოლში რამდენიმე კონცერტი გავმართეთ და დარბაზში ქართველები, რუსები, კაზაკები, ოსები, ლეკები და ჩეჩნები ერთად ისხდნენ. შემდეგ ბანკეტი გაგვიმართეს და ეს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ხალხი ერთმანეთს ეფერებოდა და სიყვარულს უხსნიდა.
ხელოვნებას ბევრი შეუძლია და სტავროპოლში ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ჩემს მოწინააღმდეგეებს კი ვეტყვი, რომ რუსეთში კიდევ არაერთხელ ჩავალთ და იქაურებს ჩვენს ხელოვნებას ხშირად გავაცნობთ. მეზობელთან ნორმალური დამოკიდებულება უნდა გაგაჩნდეს და ბედნიერი ვარ, რომ „ერისიონი“ ხალხთა შორის მეგობრობის გამტკიცებაში თავის როლს თამაშობს.
ერთ სატკივარსაც მოგახსენებთ - საქართველოში მთავრობა შეიცვალა. ამის მიუხედავად მოსკოვში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები სამშობლოში განვითარებულ მოვლენებს შორიდან აკვირდებიან და უკან დაბრუნებას ჯერ არ ჩქარობენ.
ამ დროს, ქვეყანა ათასი უცხო ეროვნების ხალხით აივსო.
- ეს ჩვენი დიდი ტკივილია. ამბობენ სადაც არ უნდა ჩახვიდე იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. ეს თურქები, ჩინელები, ინდოელები და სხვები საქართველოში სტუმრის სტატუსით იმყოფებიან და თუ ჩვენს გვერდით ცხოვრება სურთ, აქაურ ტრადიციებს პატივი უნდა სცენ. უცხოტომელებს პატივს ვცემ, მაგრამ ქართველების შემწყნარებლობის გამო ზოგიერთ მათგანს თავი აქაურობის ბატონ-პატრონებად მიაჩნიათ. იმ ავადსახსენებელ თურქ ინვესტორს საქართველოში ერთი წუთითაც არ გავაჩერებდი. როგორ გაბედა და იაშვილის კლინიკაში ხატები როგორ ჩამოხსნა?! მე რომ მკითხოთ, იმ ადამიანებსაც დავსჯიდი, რომლებმაც ამ თურქს რამდენიმე საავადმყოფო მიყიდეს. კი ბატონო, ჩამოვიდნენ უცხოელები, მაგრამ ადგილობრივ წესებსა და ტრადიციებს დაემორჩილნონ.
საუბარმა მოიტანა და როგორ უყურებს „მოღალატე“ ჯემალ ჭკუასელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს?
- ნეტავი ჩემნაირი „მოღალატე“ ქვეყანას კიდევ ბევრი ჰყავდეს… არ მინდა ამ უსინდისო ადამიანებზე საუბრით პირი ავიმყრალო. მტერს როგორ ეახლაო, ბრალი დამდეს. ისიც განაცხადეს, „ერისიონის კონცერტებს ბოიკოტი გამოვუცხადოთო. თუ საკითხს ამ კუთხით შევხედავთ, მაშინ საქართველოდან თავის დროზე მეფე ერეკლე უნდა გაგვეძევებინა რადგან მუდმივად ჩალმით დადიოდა, სულხან საბა ორბელიანი და ზაქარია ფალიაშვილი კათოლიკები ბრძანდებოდნენ. ამ მიზეზით თუნდაც „აბესალომი და ეთერი“ და „დაისი“ უნდა ავკრძალოთ? საქართველოს მოსახლეობის გარკვეული პროცენტი მუსულმანია და ამ ხალხზე უარი უნდა ვთქვათ? მე მტერს კი არ ვეახლე, რუსეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში ერთი დიდი აგური დავდე. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. პოლიტიკაზე საუბარს ყოველთვის ვერიდები მაგრამ მიმაჩნია რომ ქვეყანა განვითარების სწორ გზას დაადგა.
არის მოსაზრება, რომ ამჟამინდელ ქართულ საზოგადოებაში კულტურული გემოვნების დევალვაცია მიმდინარეობს.
- ამ აზრს ნამდვილად ვეთანხმები. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ და სულ ვრწმუნდები რომ ჩვენნაირი ნიჭიერი ხალხი მსოფლიოში ცოტა თუ მოიძებნება. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების მოღვაწეობისას ძირითადი აქცენტი ამერიკული და სხვა ქვეყნების ცხოვრების წესის დანერგვაზე კეთდებოდა და ქართულ ფასეულობებს, აგრეთვე ადათ-წესებს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, პირიქით, ხშირად დაცინვის საგანიც კი ხდებოდა. ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ წლების განმავლობაში ჩვენი საზოგადოების მიზანმიმართული “გამოლენჩების” პროცესი მიმდინარეობდა.
თუნდაც ყოველდღიური სერიალები და უნიჭო გასართობი გადაცემები ავიღოთ, რომლებიც ერის კულტურულ დეგრადაციას იწვევს. იქამდე მივედით, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ტელესერიალის გმირების ცხოვრებით საზრდოობს. კიდევ ერთ მოსაზრებას გაგაცნობთ. შეიძლება კვლავ „მოღალატის“ იარლიყი მომაწებონ, მაგრამ კომპიუტერმა ახალგაზრდობას წიგნთან ურთიერთობა გადააჩვია.
მესმის რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დროში ვარსებობთ, მაგრამ დაუშვებლად მიმაჩნია მოზარდი თაობის დიდი ნაწილის ვირტუალურ სამყაროში არსებობა. ჩვენს ქვეყანას უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია და შვილებსა და შვილიშვილებს ეს საგანძური ამჟამინდელმა თაობამ უნდა გადასცეს.
ხელი ბოლომდე მაინც არ ჩამიქნევია, რადგან საქართველოში ჩატარებულ კონცერტებზე, დარბაზში მოსული მაყურებლების ნახევარზე მეტს ახალგაზრდობა წარმოადგენს. ერთსაც გეტყვით - ქართველები საკუთარი ნიჭიერებით გამოვირჩევით და ქართულ გენს გადაგვარება არ უწერია. ამისი ნათელი დადასტურება თუნდაც ცოტა ხნის წინ ბრაზილიაში დასრულებული ძიუდოისტთა მსოფლიო პირველობაა. ვარლამ ლიპარტელიანი ჩემი სიძე გახლავთ და ფალავნებს განსაკუთრებით ვგულშემატკივრობდი. როგორი საქმეა, როდესაც ჩვენნაირი პატარა ქვეყანა ბუმბერაზ რუსეთს ამარცხებს. ალბათ გახსოვთ, პირველი ორი ორთაბრძოლა დავთმეთ და დანარჩენ სამ პაექრობაში ბიჭებმა ნამდვილი ქართული სული და ნებისყოფა გამოავლინეს. იმ ღამეს თითქოს ხელმეორედ დავიბადე.
მიუახლოვდა. როგორ შეაფასებთ თქვენს მიერ განვლილ გზას?
- მთელი სიცოცხლე ქართულ კულტურას ვემსახურები. ვფიქრობ ამ საქმეს თავი კარგად გავართვი. მართალია შეცდომებიც გამაჩნდა, მაგრამ ყოველთვის სწორი გზით მივდიოდი. ბედნიერი ადამიანი გახლავართ, რომ ღმერთის წყალობით ეს მოვალეობა დამეკისრა. გაგიკვირდებათ, მაგრამ როგორც „ერისიონის“ ხელმძღვანელმა პრაქტიკაში ჩანაფიქრის მხოლოდ ათი-თორმეტი პროცენტი განვახორციელე. მუდმივად ძიების პროცესში ვიმყოფები და ანსამბლის ახალ საფეხურზე აყვანას ვცდილობ.
2015 წელს „ერისიონს“ დაარსებიდან 130 წელი უსრულდება და ამ თარიღისთვის მზადება უკვე დავიწყეთ. ამ დროისთვის მაყურებელს არაერთ სიახლეს შევთავაზებთ. რასაკვირველია, საიუბილეო კონცერტებს აუცილებლად საქართველოში გავმართავთ. ბოლოს კი მინდა შემთხვევით ვისარგებლო და იმ ადამიანებს, რომლებმაც 2008 წლიდან ყოფილი „ოფიცერთა სახლი“ დაგვითმეს დიდი მადლობა გადავუხადო. მართალია ჩვენ პეტრიაშვილის ქუჩაზე საკუთარი შენობა გაგვაჩნია, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და სერიოზულ რემონტს მოითხოვს. იმედი მაქვს ამ პრობლემას მალე მოევლება და საკუთარ სახლში უახლოეს მომავალში დავბრუნდებით.