საქართველო ისევ „ღია კარში“ რჩება - ვილნიუსის სამიტზე საქართველო არ დაწინაურდება

საქართველო ისევ „ღია კარში“ რჩება - ვილნიუსის სამიტზე საქართველო არ დაწინაურდება

ნატო-ს წევრი ქვეყნები, შესაძლოა, მზად იყვნენ ალიანსისკენ მიმავალ გზაზე უკრაინისთვის გარკვეული დაბრკოლებების შესამსუბუქებლად. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, რომ უკრაინას არ სჭირდება „წევრობის სამოქმედო გეგმის“ MAP-ის ეტაპობრივი პროცესის დასრულება ალიანსში გასაწევრიანებლად, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სხვა წევრებმა გაწევრიანებამდე გაიარეს.

ნატო-ს გენერალური მდივნი გამოდის ინიციატივით, ომის დასრულების შემდეგ, ნატო-ში უკრაინის გამარტივებულ შესვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამერიკის პრეზიდენტის პოზიციას, მედიის ცნობით, ბაიდენი ეძებს კომპრომისულ გადაწყვეტილებას, რომელიც მოერგება როგორც უკრაინას, ასევე ალიანსის ყველა წევრს.

გერმანია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, შესაძლებელია, ნება დართოს კიევს და უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანების ფორმალურ პროცედურებზე, რომლებსაც აქამდე სხვა ქვეყნებისგან ითხოვდნენ. როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, არსებობს მზარდი ნიშნები, რომ ამაზე შეთანხმებას ყველა შეძლებს.

როგორც ჩანს, ნატოს მომდევნო სამიტზე საქართველოსთვის კარი არ გაიღება და ისევ ღია კარებში მოუწევს დგომა. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატომ პოლიტიკური ვალდებულება აიღო, რომ საქართველოს ალიანსის წევრი გახდება. მაშინ ნატოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა MAP არ დაუმტკიცებია, მაგრამ იყო შეთანხმება, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ნატო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

2002 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნატოს პრაღის სამიტის წინ პირობა დადო, რომ საქართველო ნატოს კარზე დააკაკუნებდა, ამის შემდეგ საქართველო-ნატოს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. გარდა იმისა, რომ ყველა მთავრობა ავითარებდა ალიანსთან თანამშრომლობას და შესაბამისად, ალიანსიდან ისმოდა დაპირება, რომ საქართველო ყველა სტანდარტებს აკმაყოფილებს, ალიანსი მზად არ აღმოჩნდა საქართველოს გასაწევრიანებლად.

ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, პატარა გამოხტომები, რომ მოდი, ნატო-ს წევრებისადმი განცხადება გავაკეთოთ და ამით ყურადღება მიიქციოს რომელიმე პარტიამ, არ არის ის თამაში, რომელსაც უნდა ავყვეთ. მისი თქმით, თუ ვინმე თანამშრომლობს ნატო-ს სტრუქტურებთან, ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც დღეს არის ქვეყნის სათავეში.

„საქართველო თავის ღირსეულ პარტნიორულ მოვალეობას ასრულებს კონკრეტულად ჩვენი შვილების ჯანმრთელობის და სიცოცხლის შეწირვით იმ საერთო საქმისთვის, რასაც ჰქვია ტერორიზმთან ბრძოლა, ეროვნული საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლა და ომი, მხარდამხარ ვიბრძვით ამერიკელებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად. ასე რომ, თუ ვინმე გააკეთებს მიმართვას და თუ ვინმე თანამშრომლობს ნატო-ს სტრუქტურებთან, ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც დღეს არის ქვეყნის სათავეში“, - აცხადებს ვოლსკი.

ვოლსკის თქმით, პოლიტიკით შეპყრობილმა ადამიანებმა, რომლებსაც სპეკულაციური მიზნები აქვთ, არ უნდა მოახდინონ გავლენა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობებში. როგორც ვიცე-სპიკერი აცხადებს, ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობის ხარისხი არის უმაღლესი და აჭარბებს ბევრი მათი წევრი ქვეყნის თანამშრომლობის ხარისხს, როცა ლაპარაკია საერთაშორისო ოპერაციებზე.

„მე ჩემი აზრი ვთქვი, რომ პოლიტიკური კონიუნქტურით შეპყრობილმა ადამიანებმა, ზოგადად პოლიტიკით შეპყრობილმა ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ გარკვეული სპეკულაციური მიზნები, არ უნდა მოახდინონ გავლენა ჩვენი თანამშრომლობის პერიპეტიებზე ნატო-სთან, ევროკავშირთან და საერთაშორისო ასპარეზზე.

ეს თემები არ არის განსახილველი იმ ხალხთან ერთად, რომელიც გამოდის და პრორუსულობის, რუსული პოლიტიკის გამარჯვების თემაზე ლაპარაკობს ყოველდღიურად ყოვლად უსაფუძვლოდ, უზნეოდ და უტიფრად. ამ ხალხთან ერთად საგარეო კურსზე ლაპარაკი და იქ რაღაც პოლიტიკურ თამაშებში აყოლა არ არის სწორი სერიოზული ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტმა, ყველა საპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიამ, ვილნიუსის სამიტის წინ ერთობლივი მიმართვა გაუგზავნოს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, რომლითაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების კუთხით. მისივე თქმით, პარლამენტის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა, ფრაქციამ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა უნდა გაითავისოს ის, რომ ნატო-ს წევრობა არის ეროვნული ინტერესი.

„პარლამენტის წევრებს ვთაზობ, ნატოს წევრ ქვეყნებს, ვილნიუსის სამიტის წინ, ერთობლივი მიმართვა გავუგზავნოთ. მნიშვნელოვანი გზავნილია, არა მხოლოდ იმისა, რომ საქართველოს სურს გახდეს ნატოს წევრი, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, უკრაინასთან ერთად, საქართველოსაც გამოუცხადონ, იმ ფონზე, როდესაც არის ინფორმაცია, რომ სამიტზე საქართველო უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე არ იქნება წარმოდგენილი, რაც ვფიქრობ, რომ მოცემულ სიტუაციაში ძალიან ცუდია.

2020 წელს ჩვენ პარლამენტში მიღებული გვაქვს საგარეო პოლიტიკის რეზოლუცია, სადაც ნატო-ში გაწევრიანების ცალკე მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული. ეს არის თითოეული პარლამენტის კონსტიტუციური ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ ამ ერთობლივი მიმართვით, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების კუთხით, ისევე როგორც საერთო ღირებულებების ერთგულების კუთხით“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პოლიტოლოგი, საერთაშორისო მკვლევარი თამარ კიკნაძე ამბობს, რომ არსებობს ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება, სადაც ამბობს, რომ უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად საჭიროა უკარინის ომში მოგება. მისი თქმით, თუ უკრაინას მიიღებენ ნატოში, აღმოჩნდება ორი ბლოკი, რომელშიც შედიან ატომური ქვეყნები და რუსეთი აღმოჩნდება საომარ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, კიკნაძე დარწმუნებულია, რომ ასეთ გადაწყვეტილებაზე და რადიკალიზაციაზე ნატო არ წავა.

„რაც შეეხება საქართველოს, ბევრნაირად სცადეს, რომ საქართველო რაღაცნაირად აღმოჩენილიყო გამძაფრებულ სიტუაციაში. დღეს, საქართველოზე რომ არაფერს არ აცხადებენ, ეს ძალიან კარგია. საერთოდ, ნატოში და ევროკავშირში მიღების მექანიზმი არის ძალიან რთული და მიიღება კონსენსუსის გზით. ყველა წევრი უნდა დათანხმდეს, რომ მიიღონ როგორც უკრაინა, ასევე საქართველო. ნატოში არ არის ერთსულოვნება ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, ნაკლებ სავარაუდოა უკრაინის გაწვერიანება, ან შემამსუბუქებელი გადაწყვეტილების მიღება. საქართველოსთან მიმართებაში თუ არ იქნება განცხადება გაკეთებული მიღებასთან დაკავშირებით, იქნება ძალიან კარგი. მათ რომ გააკეთონ განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს მიიღებენ ნატოში, ეს იქნება კაზუს-ბელი საქართველოსთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ზოგადად, „შემსუბუქება“, „კანდიდატი“, „ასპირანტი“, „მაპი“ - არის მოგონილი ტერმინები, რომელიც ხელს უწყობს ცრუ მოლოდინების შექმნას. თუ გავიაზრებთ საქართველოსთან მიმართებაში განვითარებულ მოვლენებს, პრაქტიკულად, თითქმის 25 წელია საქართველო იმყოფება ცრუ მოლოდინების რეჟიმში.

„არც ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრი და არც ნატო, თუ ევროკავშირი რეალურ მოლოდინებს ვერ ქმნიან. ყველაფერი, რაც ჩანს, არის ცრუ მოლოდინი. აქედან გამომდინარე, სიტყვების რახა-რუხით უკრაინის და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მდგრადობა ვერანაირად ვერ იქნება განპირობებული. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ხელისუფლების მოქნილ პოლიტიკაზე - რა პოლიტიკას განახორცილებს საქართველოს ხელისუფლება, რომ საქართველო არ იყოს ჩაყლაპული რომელიმე ერთი სახელმწიფოს მიერ.

ამ წუთში ვხელმძღვანელობ აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის ქმედებებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ აშშ-ს არ ექნება დადებითი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში ამ კუთხით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აშშ უარს იტყვის იმაზე, რაც საქართველოსთან მიმართებაში მიღწეული აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა მნიშვნელოვან გაუმჯობასებაზე, ვფიქრობ, რომ ფიქრიც არ შეიძლება. ეს არის ის დემარშები, რაც დიპლომატური კორპუსის მიერ ხორციელდება და ეს არის საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით სადაზვერვო და პროპაგანდით განხორცილებული ქმედებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის მიმდინარეობს მიზანმიმართულად“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.

რაც შეეხება უკრაინას, რომელიც პრაქტიკულად, არის განადგურებული, კუხალაშვილის განცხადებით, გამოყოფილი დახმარებები არასაკმარისი და არასანდოა, რომელიც უზრუნველყოფდა საომარი მოქმედებების შეჩერებას და ასეთი დამაზიანებელი შედეგის მიღებას.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც უშუალოდ ნატოს ორგანიზაცია და ვერც საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი სახელმწიფოები ვერ დგამენ გაბედულ და მასშტაბურ ნაბიჯებს, რომელიც შევიდოდა უკრაინის ეროვნულ ინტერესებში, რომელიც, გარკვეულწილად, შეცვლიდა ბალანსს ამ საომარი მოქმედებების დროს. ამიტომ, მე მგონია, რომ ძირითადად, ნატო და ევროკავშირი გადასული არიან მოლოდინების შექმნის რეჟიმზე“, - აღნიშნა for.ge სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

 

trampi XVII საუკუნე

საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:
_ დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს! _
თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.
_ ლექსი იციო?! _ ჰკითხეს საქართველოს,
პატარა საქართველოს, პატარას, _ თვალცრემლიანს...
_ ვიციო! _ უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;
პატარა საქართველოს პალე-როიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.
_ ყოჩაღ! _ მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა, _
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..
ბოლოს, როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო, ობოლი საქართველო,
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაეპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო
1 წლის უკან
trampi მე თქვენ მოგიყვებით...
(ისტორიის გაკვეთილი მომავლიდან)

მე თქვენ მოგიყვებთ ისეთ ქვეყანაზე,
ერთ დროს რომ ცხოვრობდა ხალხი,
თურმე, ჩახუტება ჰქონდათ ჩვეულებად
ყველას, მომღიმარი სახით.
მოყვასს პირზე კოცნით, თურმე ხვდებოდნენ და
თვლიდნენ ღვთის გზავნილად სტუმარს,
დღესასწაულებსაც ერთად უმღეროდნენ,
ვერავის ნახავდით მდუმარს.
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ ქვეყანაზე,
ყველას რომ უყვარდა ცეკვა,
ისეთ სკოლებზე და ისეთ გაკვეთილზე,
ზარის რომ ისმოდა რეკვა ...
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ ეზოებზე,
სადაც მეზობლობა ქუხდა,
ეზოს შეფენილი გოგო-ბიჭებისგან
რწმენა და სიცოცხლე დუღდა.
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ თამაშებზე,
ბურთით ერთობოდნენ სადაც,
დაჭერობანას და დამალობანაზე,
ორდროშობანაზე, ანდაც...
ვიცი, ზღაპარსა ჰგავს, უნდა დამიჯეროთ,
თურმე, სამჯერ ჭამდნენ დღეში,
იცით? მდინარეში თევზი დაცურავდა,
ჩიტი დაფრინავდა ტყეში...
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ ქვეყანაზე,
მზე რომ ანათებდა მისით,
წყაროს წყალი ჰქონდათ, თურმე, დასალევად
ზღვაზე ბანაობდნენ დღისით.
ღამით სეირნობდნენ, თურმე, მთვარის შუქზე,
სუფრას უმშვენებდათ ღვინო,
იცით? საოცრებად სულაც არა თვლიდნენ
დავითს თუ უყვარდა ნინო.
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ სიყვარულზე,
კონტრაქტს რომ არ დებდა არვინ,
უფალს დიდებაო - ასე იძახოდნენ,
ბოლოს ამატებდნენ - ამინ...
ნეფეს მიჰყვებოდა, თურმე, მაყრიონი
ტაძარს უწოდებდნენ ღვთის სახლს,
დაე, ფერფლად მექცეს მთელი გალაქტიკა
თუკი, ვამატებდე მისხალს.
ჰოდა, მოგიყვებით ისეთ რაინდებზე,
ადგილს რომ უთმობდნენ ქალებს,
იცით? არშიყობას, თურმე, უწოდებდნენ
ვნებით გაკვესებულ თვალებს...
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ ქვეყანაზე,
მიწას რომ ეძახდნენ მამულს,
იცით? გულში ჰქონდათ, თურმე, სიბრალულიც
მხარში უდგებოდნენ ჩაგრულს...
გული რა არის და ერთ დროს მარცხნივ გვქონდა
რაღაც... დრაივერის მსგავსი,
მერე აღმოჩნდა, რომ გახდა უსარგებლო,
როგორც ემოციის გარსი...
ჰოდა, ამ ქვეყანას საქართველო ერქვა
ქვაზე ეწერაო ქოლოსს...
რა მოუვიდა და ერთმანეთის ჯიბრის
ბოღმამ შეიწირა ბოლოს.

09.12.2020 წ. ირაკლი ნადარეიშვილი
ქოლოსი —ქოლოსის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი რაჭა ლეჩხუმში. (შქმერის თემის სოფელ ხარისთვალთან).
1 წლის უკან
trampi გოდერძი ჩოხელი

ნატირალი

ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ბრუნავ და გვაბრუნებ ყველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
მე შენგან მოველი შველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო,
არაგველების მოზარე ვარ,
სათხოვარს უნდა ჩაგეტირო.
ოღონდ ნუ იქნება:
მთიულეთი _ ნამთიულარი,
ხევსურეთი _ ნახევსურალი,
ფხოვი _ ნაფხოვარი,
ხევი _ ნახევარი...
კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და
ნუ გახდება საქართველო
ნახევრის _ ნახევარი.
და შენ, კუზიანო დედამიწავ,
რამდენიც გენებოს, იტრიალე!
1 წლის უკან