სავარაუდოდ, 2014 წლიდან გენმოდიფიცირებული პროდუქცია სავაჭრო ობიექტებში შესაბამისი მითითებით გაიყიდება. გადაწყვეტილება მიღებულია და კანონს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს.
როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, მთავრობამ მიიღო დადგენილება ბიოწარმოების შესახებ, ასევე მიღებულია დადგენილება, რომელიც ასეთი პროდუქციის ეტიკეტირებას და მასზე სავალდებულო მითითების გაკეთებას გულისხმობს.
“ჩვენ არ ვართ მოტივირებული გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოებით, პირიქით, ვახალისებთ პროცესებს, რომელიც ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა, ბიოწარმოების პროდუქტების წარმოებას. დამოკიდებულება ასეთია, მაგრამ არა პირდაპირ აკრძალვითი. ჩვენი მინიმალური მოთხოვნაა ის, რომ მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდოს თუკი პროდუქტი შეიცავს თუნდაც ერთ კომპონენტს, რომელიც შეიძლება გენმოდიფიცირებული იყოს. ასეთ პროდუქტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი აღნიშვნა”, - განაცხადა აგულაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე არსებული ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გენმოდიფიცირებული პროდუქციის იდენტიფიცირება შეუძლებელია, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა ქვეყანაში სათანადო ლაბორატორია შეიქმნას და ასეთი პროდუქტის იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდეს.
ზოგადად ეტიკეტირების საკითხთან დაკავშირებით, ვალდებულება აქვს როგორც მწარმოებელს, ასევე რეალიზატორს, მაგრამ მარკირების წესის დარღვევისთვის ამჟამად პასუხისმგებლობა არ არსებობს. კანონის ეს ნაწილი 2012 წელს გაუქმდა. ამჟამად უკვე მზადაა ცვლილებათა პროექტი კოდექსში, რომელშიც ჩადებულია პასუხისმგებლობა დაჯარიმების სახით, როგორც ეტიკეტირების წესის დარღვევაზე, ასევე მომხმარებლის მოტყუებასა და შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე. ეს კანონი საშემოდგომო სესიაზე, რაც შეიძლება მალე დამტკიცდება.
ექსპერტების აზით, მოსახლეობა გენმოდიფიცირებულ საკვებს ყოველდღიურად მოიხმარს. ბაზარზე მისი წილი განუხრელად იზრდება და დღესდღეობით 70%-ის ფარგლებშია. ამ მხრივ განსაკუთრებით საეჭვოა ე.წ. მზა პროდუქცია და სწრაფი კვების ობიექტებში გამოყენებული ნედლეული. გარდა იმისა, რომ გმო პროდუქტის მიღება ორგანიზმისთვის საშიშია, როგორც ცნობილია, ის დროთა განმავლობაში მუტაციასაც განიცდის, რაც მრავალი დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს.
არის კიდევ ერთი საფრთხე, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო დიდი სავალალო შედეგი მოიტანოს. “ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გენმოდიფიცირებულ საკვებს ირიბად შეეხება, ენდემური ჯიშებია, ანუ ჩვენთვის საამაყო იშვიათ ენდემურ ჯიშებს, რომლებიც მხოლოდ საქართველოში გვხვდება, დროთა განმავლობაში, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შედეგად, შეიძლება მუტაციის, გადაგვარების საფრთხე დაემუქროს და მათი ენდემურობა დაირღვეს, რის შედეგად მათ ისტორიული დატვირთვა უკვე აღარ ექნებათ. შიძლება ჩვენ ენდემური ჯიშები ხელიდან გამოგვეცალოს”, - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე.
ექიმების უმრავლესობა თვლის თვლის, რომ გმო საკვებს მძიმე დაავადებების გამოწვევა შეუძლია. საქართველომ ჯერ კიდევ 2008 წელს კარტახენას ოქმის რატიფიცირების შემდეგ საერთაშორისო პასუხისმგებლობა აიღო საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და მარკირების შესახებ, თუმცა უკვე 5 წელია ვალდებულება ვალდებულებად რჩება. ამის გამო მომხმარებელს საშუალება არ ეძლევა თავად გააკეთოს არჩევანი. იმედია, 2014 წლიდან ამ მიმართულებით ბევრია რამ შეიცვლება.