შსს მონაწილეობს უწყებათშორის სწავლებაში „დიდგორი 2013“

შსს მონაწილეობს უწყებათშორის სწავლებაში „დიდგორი 2013“

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფები სახელმწიფოს სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ „დიდგორი 2013“-ის სამთავრობო უწყებათშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში. სწავლების მიზანია კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კოორდინაცია.

„დიდგორი 2013“ სიმულაციური სწავლების სისტემით მიმდინარეობს. სწავლების ფარგლებში, სცენარის მიხედვით თავდაპირველად ხდება სტიქიური უბედურება, რა დროსაც წამყვანი როლი ეკისრება კრიზისების მართვის საველე ოპერაციების ცენტრს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით შს მინისტრის ბრძანებით იქმნება. ცენტრი წარმოადგენს ყველა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი პირების გაერთიანებულ შტაბს, რომელიც სტიქიური უბედურების დროს სამოქალაქო მოქმედების გეგმას შეიმუშავებს.

ამ ცენტრის მართვის კოორდინაციას შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს. გაერთიანებული ცენტრის პრესსამსახურის ფუნქციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველო ასრულებს, რომელიც ყველა სამინიტროს სახელით აკეთებს განცხადებებს და მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას აწვდის მედიას.

უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2013“ 9 სექტემბერს დაჯილდოვების ცერემონიით დასრულდება.