„სააკაშვილი არის წარსული და ამ წარსულში დაბრუნება არავის უნდა და ამ კოზირს ხელისუფლება, სადაც უნდა, როგორც უნდა და რა ფორმით, ისე გამოიყენებს“

„სააკაშვილი არის წარსული და ამ წარსულში დაბრუნება არავის უნდა და ამ კოზირს ხელისუფლება, სადაც უნდა, როგორც უნდა და რა ფორმით, ისე გამოიყენებს“

ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, ყოფილმა პრეზიდენტმა „ვივამედის“ 501-ე პალატიდან დააანონსა და საზოგადოებას გადაწყვეტილება სოციალური ქსელით აცნობა. მოულოდნელ და თან მოსალოდნელ განცხადებაში, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მიზეზი აჭარის უმაღლეს საბჭოში გუშინ განვითარებული მოვლენები გახდა და, რომ ახლა საჭიროა პროდასავლური პარტიების კონსოლიდაცია. ყოფილი პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, სასამართლო პროცესებზე დასწრებასაც გეგმავს.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, რაც საქართველოში პოლიტიკურ აქტივობას უზღუდავს .ყოფილი პრეზიდენტი უკვე ერთ წელზე მეტია კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს, მან ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოშორდა, თუმცა გუშინ პოზიცია შეიცვალა(?!). გზავნილში მიხეილ სააკაშვილს არც ის დაუკონკრეტებია როდის, რა ფორმით და ვისთან ერთად აპირებს პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას.

ამ განცხადებიდან მალევე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის თავმჯდომარემ სააკაშვილს პოლიტიკური გეგმები მოუწონა და თქვა, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მისი როლი გადამწყვეტია. თუმცა ლევან ხაბეიშვილს არ დაუკონკრეტებია შესთავაზებენ თუ არა სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის პოსტს.

მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში დასაბრუნებლად, ჯანმრთელობის მდგომარეობაც რომ უკვე ხელს უწყობს, ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა განაცხადა.

პალატიდან გამოგზავნილ წერილსა და მოწოდებას არაერთგვაროვნად შეხვდნენ მიმართვის ადრესატები ოპოზიციური ფლანგიდან. ისინი ამბობენ, რომ კონსოლიდაცია აუცილებელია, თუმცა არა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ. ოპოზიციის ერთი ნაწილი იმაზეც აკეთებს აქცენტს, რომ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დისკუსია დღის წესრიგიდან მოიხსნა.

მმართველ გუნდში ექსპრეზიდენტის გზავნილები არასერიოზულად მიიჩნიეს და სააკაშვილს მიანიშნეს, რომ ჯერ ქართული პასპორტი აქვს ასაღები. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავეა, ერთ დროს ქვეყანაც მიატოვა და ახლა საქართველოში დაბრუნებულმა სასჯელი უნდა მოიხადოს.

პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ვინც მიხეილ სააკაშვილს ახლოს იცნობს, არასდროს დაიჯერებდა, რომ ის პოლიტიკიდან რეალურად წასვლას აპირებდა. მამრაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ოჯახის განცხადებები, თითქოს ის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებდა, გარკვეული ტაქტიკა იყო, რითაც ხელისუფლება არ მოტყუვდა. მეორეც, თავად სააკაშვილს ეს ხამამაღლა არასდროს უთქვამს.

„სააკაშვილს აქვს ძალიან არამყარი ხასიათი და ეს ყველამ კარგად იცის. რაღაცას იტყვის, მაგრამ ის აბსოლუტურად რამდენიმე საათში შეუძლია გადათქვას. მისი ვითომ პოლიტიკიდან გასვლა, ეს იყო ოჯახის ტატქიკის ნაწილი, რომ როგორმე ციხიდან დაეხსნათ. ე.წ. მომაკვდავეობის თემა უფრო ადვილად გაესაღებინათ ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ. სააკაშვილს ქართველი ხალხი უკვე დიდი ხანია ძალიან კარგად იცნობს, ამიტომ ოჯახის ეს განცხადებები ქვეყანაში არავის დაუჯერებია. სააკაშვილი, შესაძლოა, დედამისს დაეთანხმა, რომ ასე თქვიო, მაგრამ თავად ეს ხმამაღლა არასდროს უთქვამს. მას ახლა სხვა გზაც აღარ აქვს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ის საერთოდ უმოქმედო ფიგურა გახდა. ამიტომ რადგან არაფერი გამოუვიდა, გადაწყვიტა ისევ ქართულ პოლიტიკაში იფაფხუროს. არც უკრაინაში გაუშვეს, არც ეს მომაკვდავის სცენარი გამოუვიდათ და რაღაც ხომ უნდა გააკეთოს. ეს არის მისი პოლიტიკაში დაბრუნების ამბავი“, - აცახდებს პეტრე მამარაძე.

სააკაშვილის გააქტიურება ქართულ პოლიტიკაში შეცვლის თუ არა რაიმეს, ამაზე მამრაძე ამბობს - ვერაფერს, რადგან ის პოლიტიკურად უკვე განულებული ლიდერია. უბრალოდ, მას ჰყავს საკუთარი ამომრჩეველი, რომელიც ზუსტად დათვლადია და 14-17%-მდეა. მეორე მხრივ, ეს ხელისუფლებისთვის საჩუქარი იქნება, რადგან იმ ადამიანების მობილიზებას მოახდენს, რომლებიც ადრე „ოცნებას“ მხარს არ უჭერდნენ, ხოლო სააკაშვილის შიშით საარჩევნო ყუთთან ხმას ისევ მმართველ გუნდს მისცემენ.

„სააკაშვილის გააქტიურება აწყობს, როგორც ხელისუფლებას, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან არჩევნებისთვის ორივე პარტიის ხმების მობილიზებას მოახდენს. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, სააკაშვილი იქნება მაშველი რგოლი „ოცნებისთვის“ და ენმ-სთვის. მმართველ გუნდის ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის მობილიზებასაც კი მოახდენს. ის ადამიანები, რომლებიც არ აპირებდნენ „ოცნებისთვის“ ხმა მიეცათ, ახლა სააკაშვილის უკან დაბრუნების შიშით, ხმას ისევ ხელისუფლებას მისცემენ. ასევე, „ოცნების“ ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას მოახდენს. იგივე მოხდება ენმ-ის შემთხვევაში. ეს კომიკური ფიგურა ლევან ხაბეიშვილი ხომ არანაირ პოლიტიკურ დღის წესრიგის შემქმნელი არ არის, ამიტომაც სააკაშვილის ამომრჩეველს გამოიყენებენ. მას ჰყავს თავის მხარდამჭერები. 2020 წლის არჩევნებში სააკაშვილმა მთელს ოპოზიციაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო. ამიტომ ეს იქნება მისი პოლიტიკაში დაბრუნების მთავარი მიზანი. სხვა რაიმე ცვლილებას არ უნდა ველოდოთ“, - ამბობს მამრაძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება არაფერ ახალს ქართულ პოლიტიკას არ შემატებს და პირიქით, ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. ძაბირაძე ამბობს, რომ სააკაშვილს რეალურად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სხვა არც არაფერი დარჩენია, ამიტომ ეს განცხადება მოსალოდნელი იყო. რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებას და მისი მხრიდან შეთავაზებას, ძაბირაძე ამბობს, რომ პატარა პარტიებისთვის ეს ძალიან დამღუპველი გადაწყვეტილება იქნება და იგივე კიდევ ერთხელ აღარ უნდა გაიმეორონ.

„არ ვიცი რა გაერთიანებაზე და კოალიციაზე შეიძლება სააკაშვილი საუბრობდეს. თავად ენმ-ში იმხელა დაპირისპირება და პრობლემებია, რომ ვისთან რაზე უნდა გაერთიანდნენ, გაუგებარია. ენმ ყველაზე ცუდ სიტუაციაშია და თავად უნდა დალაგდნენ, ვინ სად მიდის და რას აპირებენ. სააკაშვილი არც არსად წასულა და პოლიტიკაში ყოველთვის ღიად ერეოდა. უბრალოდ ასეთი არასწორი ტაქტიკა აირჩიეს, რომ ვითომ ის მომაკვდავი იყო და ამით უნდოდათ ციხიდან გაეყვანათ. ახლა საერთოდ არანაირი რესურსი აღარ დარჩათ იმის, რომ მისი გათავისუფლების რეალური გზა არსებობდეს. ამიტომ მას პოლიტიკურად აქტიურობა სჭირდება, რომ მისი საკითხი დღის წესრიგიდან არ გაქრეს.

ნაციონალებს კიდევ მისი ამომრჩეველი უნდათ. ციხიდან ვერ იხსნიან და რაღაცა ხომ უნდა შესთავაზონ. ამიტომ პოლიტიკური აქტიურობა შესთავაზეს. ფაქტია, ოჯახი სხვა რაღაცას ამბობდა და მის პოლიტიკაში გააქტიურობას უარობდნენ, რადგან მთელი ეს ლობისტებში გადახდილი თანხა და რესურსი დაკარგული აქვთ. ამის შემდეგ კი იუსტიციის სამინისტროს სრული უფლება აქვს მისი ციხეში გადაყვანა მოითხოვოს. საზოგადოება ელის მესამე ძალას, ახალ პოლიტიკურ განაცხადს. სააკაშვილი არის წარსული და ამ წარსულში დაბრუნება არავის უნდა. ამიტომ ამ კოზირს ყველაზე მეტად ხელისუფლება, სადაც უნდა, როგორც უნდა და რა ფორმითაც, ისე გამოიყენებს. რეალურად, სააკაშვილს პარტიის მართვაში არავინ ჩართავს, ის უბრალოდ მაშველი რგოლი იქნება, რომელიც მხოლოდ ხმების მობილიზებისთვის სჭირდებათ“,-ამბობს ძაბირაძე.