„ნაცმოძრაობა“ ბოლომდე ცდილობს დაიცვას საკუთარი ბიზნეს ინტერესები, ხოლო ხელისუფლება სულაც არ აპირებს, ამ ანკესზე წამოეგოს. ამ რამდენიმე თვეში პირველი შემთხვევა არ არის, როცა საპარლამენტო ოპოზიცია ეკონომიკური ამნისტიის თემას ააქტიურებს.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, დავით ბაქრაძეს მოუწოდებს ეკონომიკურ ტერმინებში გაერკვეს.
„დავით ბაქრაძეს მინდა ვუთხრა, რომ გაერკვეს ტერმინებში, მათ შორის, ეკონომიურ ტერმინებში. გარდა ამისა, თუ ეკონომიკური ამნისტია უნდოდა, ოთხი წელი იყო პარლამენტის თავმჯდომარე“, - განაცხადა ხადურმა.
რამდენიმე დღის წინ, „ნაციონალურმა მოძრობამ“ ხელისუფლებას ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ ერთხელ შესთავაზა. სპეციალურ პრესკონფერენციაზე „ნაცმოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქარაძემ ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სამი ინიციატივა წარუდგინა. მათ შორისაა, ეკონომიკური ამნისტია.
ყოვლისმომცველი ეკონომიკური ამნისტია, რომელიც ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების ბიზნეს ინტერესებზე იქნება მორგებული, არ განხორციელდება. ასეთი პოზიცია ახალმა მთავრობამ ადრეც დააფიქსირა და ახლაც იმავე აზრზეა. ეკონომიკის მინისტრისა და იმავდროულად ქვეყნის ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკურ ამნისტიას ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს.
ვიცე-პრემიერის განმარტებით, დავების საბჭო მოქალაქეთა განცხადებებს აქტიურად განიხილავს და ის, რომ გადაწყვეტილებების 68% გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ არის მიღებული, ამნისტიასთან ახლოა.
„ამ მოდელში დაცულია სამართლიანობის პრინციპები, რომელიც საშუალებას იძლევა, განაცხადები ინდივიდუალურ საწყისებზე განვიხილოთ. რაც შეეხება საუბარს იმაზე, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ - იმ ფონზე, როდესაც მოხდა ინფრასტრუქტურული პორტფელის გადასინჯვა და კაპიტალური ხარჯები გადავადდა, თუნდაც უმნიშვნელო ზრდაც კი ნიშნავს იმას, რომ ჯანსაღი ეკონომიკის განვითარება სერიოზული ტემპით მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ძალიან კარგი შედეგები გვექნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის არანაირი ნიშანი არ არის, თუმცა ეს მთავრობას კმაყოფილებას არ ანიჭებს.
„იყო ხარვეზები მართვაში და ეს სწორდება. მათი დიდი ნაწილი უკვე აღმოფხვრილია, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ უახლოეს მომავალში ძალიან სერიოზული დადებითი ტენდენციები გამოიკვეთება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეკონომიკური გუნდის პოზიციას ფრთხილად იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. იგი არ უარყოფს, რომ ქვეყანაში ბოლო დროს არასტაბილურობის განცდა გაჩნდა, რაც ხელოვნურად იყო გამოწვეული. ასევე, 2013 წლის მარტამდე ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაც იყო.
„შესრულდება საყოველთაო დაზღვევის პროგრამა და ასევე - სხვა სამთავრობო პროგრამები. გვქონდა ინფორმაცია, რომ ეკონომიკური კლება აღინიშნებოდა შარშან ივლისიდან და მიმდინარე წლის მარტის თვემდე და ეს ტენდენცია გრძელდებოდა. მარტიდან კი უკუპროცესი დაიწყო და ეკონომიკური ზრდა სახეზეა. პოლიტიკური არასტაბილურობის განცდა იყო ინვესტორებში და ჯერ კიდევ რჩება, თუმცა ძირითადი ბარიები გადალახულია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
გაცილებით შემართულია ქვეყნის ფინანსთა მინისტრი. ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ ქვეყანის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება. „მაშინაც კი, როდესაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უარყოფითი იყო, ვთქვი, რომ საქართველომ რთული პერიოდი გაიარა და აღმავლობის პროცესი დაიწყო, რასაც ადასტურებს ის მაჩვენებლები, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს - თუნდაც ივლისის. იმედი მაქვს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება“, - განაცხადა მინისტრმა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური ზრდა მოხდება კერძო ბიზნესის გაჯანსაღების ხარჯზე.