საქართველოში ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. მის მიმართ სიყვარულმა სახალხო ხასიათი მიიღო და არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, რომელიც ამ თამაშის მიმართ გულგრილი იქნება.
პარასკევს საქართველოს ეროვნულმა გუნდმა საფრანგეთის ძლიერ ნაკრებს თბილისში ორი ძვირფასი ქულა დაატოვებინა, რომელიც „მამლ;ებისთვის“ შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. გუნდი ქვეჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს და „მუნდიალი - 2014“-ზე მოსახვედრად დამატებითი მატჩების ჩატარება მოუწევს, იქ კი გააჩნია რომელ მეტოქეს დაუპირისპირდება. საქართველოს დედაქალაქში სუსტი ასპარეზობის შემდეგ დიდიე დეშამის ბიჭებმა ბრაზილიისკენ მიმავალი გზა გაიმრუდეს.
საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წელიწადში ერთი-ორი შეხვედრის მაღალ დონეზე გამართვა შეუძლია. ბოლო დროს ხშირად გაკრიტიკებულ თემურ ქეცბაიაზე ამჯერად არ ვისაუბრებ, მაგრამ ფაქტია რომ მას ეროვნულ გუნდში გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვს. 10 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ფინეთს უმასპინძლებს და წარმატების შემთხვევაში ქვეჯგფუფში მესამე ადგილზე გასვლის რეალური შესაძლებლობა მიეცემა.
იმედია 10 სექტემბერს სტადიონზე მეტი გულშემატკივარი შეიკრიბება. საფრანგეთის ვარსკვლავური ნაკრების სანახავად თავი მხოლოდ 25 ათასმა ქართველმა ფეხბურთის თაყვანისმცემელმა მოიყარა. ქომაგებმა ამ ნაბიჯით თემურ ქეცბაისა და მისი გუნდის მიმართ ერთგვარი პროტესტი გამოხატეს. მიმაჩნია რომ ჩვენს ნაკრებს აქამდე საქმე არ უნდა მიეყვანა.
დღევანდელ წერილში ცნობილი ქართველი სპორტსმენების მორიგ სახალისო „თავგადასავლებს“ შემოგთავაზებთ. ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი მანუჩარ მაჩაიძე იქნება, რომელიც საკუთარ თავს გადამხდარ ერთ „ისტორიას“ მოგვიყვება.
„მოარული აზრი, რომ „დინამოს" ფეხბურთელებს სმა უყვართ - ძალიან გაზვიადებულია...
არიან და იყვნენ ბიჭები, რომლებიც ისე სვამდნენ, რომ თვით განთქმულ კახელ თამადასაც კი „ჯიბეში ჩაისვამდნენ", მაგრამ ეს „პროცედურა" თუ პროცედურები - წარსულს ჩაბარდა. თანაც, თავდადებით ვიტყვი, რომ ასეთი რამ ვარჯიშის და მითუმეტეს - მატჩის დროს არასდროს მომხდარა. ისე კი - სასმელი იმიტომაა, უნდა დაილიოს. მიმხვედრი მიხვდება. ქართველს ვერ გადააკეთებ - ვაზის ძირში დაბადებულს და გაზრდილს. მე ვიტყვი და გავიმეორებб რომ სასმელისგან ძალიან შორს „ვარ“. იშვიათად თუ დავლევ, ისიც ხათრის და „ეტიკეტისთვის".
ერთხელაც, გოგირდის აბანოდან გამოვედი. მიცნეს „მეიდნელმა"ფანებმა.
- ბატონო მანუჩარ. - მოკრძალებით მომიახლოვდა და მომმართა ერთმა ღიპიანმა - ცივი შამპანური არ... ზედაც მწვად-ხინკალი - რა! გვიკადრე რაა!
- დიდი მადლობა - ვეუბნები ხათრიანად. არ ვსვამ მეგობარო.
ამ დროს მეორე, არანაკლებ ღიპიანმა უცერემონიოდ მომმართა:
- კარგი რა „მანკა"- მაიცა რაა... რას არა სვამო! შენ არ იყავი ფუნიკულიორზე შამპანურს „ვედროთი" რომ სვამდი?
„ვიღაცაში ნაღდად ვეშლები... მე და... ვედრო კაცო? არა, ნამდვილად ვეშლები ვიღაცაში"- დატრიალდა თავში და ჩემდა გასაკვირად, ტვინი „სულ სხვანაირად"ამუშავდა, - საპირისპიროდ და... ფეხბურთის გარდა ხომ შეიძლება ჩემს მომავალ თაობას სალაპარაკო ჰქონდეს - „მანუჩარი, ჩვენი ფეხბურთელი ბაბუა, ვედრო ღვინოს სვამდა თავის დროზეო". წარმოვიდგინე ყველაფერი. ყელი მოვიღერე და გაუპრანჭავად ვთქვი:
- მოხდა ერთხელ... იყო ასეთი ამბავი... აბა, მოიტანეთ შამპანური და ვედრო არ დაგავიწყდეთ! შემივსეთ და მერე მე ვიცი!"
ასეა... ჩათრევას ჩაყოლა ჯობია (გაგრძელება აღარ მახსოვს)“.
მანუჩარ მაჩაიძის შემდეგ თბილისის „დინამოს“ მასაჟისტი ანზორ გაბიტაშვილი გავიხსენოთ. ბატონი ანზორი ის პიროვნებაა, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა თასის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯს რიკარდო ლატანცის ბურთი წაართვა:
„ბოლო სამი წუთი სარბენ ბილიკებზე ვიდექი და სადაც ბურთი გადავარდებოდა, იქით გავრბოდი გამწარებული. ნათქვამი მქონდა, ფინალის ბურთი საქართველოში მე უნდა ჩამოვიტანო-მეთქი. გაისმა მსაჯის სასტვენის ხმა, ყველა ერთმანეთს ეხვევა და კოცნის, მე კი არაფერი მახსოვს იმ ბურთის გარდა. ხიზანიშვილი და თავაძე ეჯაჯგურებოდნენ რიკარდო ლატანცის, ის კი არაფრით თმობდა ბურთს. დრო ვიხელთე, ბურთი გამოვგლიჯე და გასახდელისკენ გავიქეცი. ამ დროს ორი კაცი გამოექანა ჩემკენ, თურმე ფოტოკორესპონდენტები ყოფილან. მე კი მეგონა, ბურთის წასართმევად მომდევენ-მეთქი და სპრინტერული სიჩქარით შევვარდი გვირაბში”.
„საფეხბურთო მოგონებებს“ კვლავ ანზორ გაბიტაშვილი გააგრძელებს.
„სამი წელი ვიმუშავე “გურიაში”. 1987-1990 წლებში მოსკოვში ჩავედით სათამაშოდ. გუნდის ადმინისტრატორი კაკო ორმოცაძე იყო, ორი ღერი რუსული არ იცოდა და სულ ჩვენთან ერთად დადიოდა ხოლმე, როცა უცხო ქალაქში მივდიოდით სათამაშოდ. მოსკოვში დილით გავედით სასეირნოდ. ქალაქს ვათვალიერებდით და წითელ მოედანზე მოვხვდით. ლენინის მავზოლეუმთან უშველებელი რიგია გაჭიმული. კაკომ მკითხა, რა ხდებაო. ჯინსები იყიდება ნაღდი ამერიკული და იმიტომ არის ამხელა რიგი-მეთქი. „სიმონიჩ”, დავდგები რიგში და ერთ-ორ ჯინსს ვიყიდიო. კარგი, ოღონდ სასტუმროში მალე დაბრუნდი-მეთქი ვუთხარი და დავტოვე. რაღა გავაგრძელო და საღამომდე იდგა იმ რიგში კაკო ორმოცაძე, მერე საპატიო წრე დაარტყა ლენინის სარკოფაგს და გაცეცხლებული ამოვარდა სასტუმროში”.
წინა კვირას ქართველმა ძიუდოისტებმა შორეულ ბრაზილიაში გუნდურ პირველობაზე ოქროს მედლები დაიმსახურეს. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ჩვენმა ფალავნებმა იტალიელი გამბას დამოძღვრილი რუსეთის ნაკრები დაამარცხეს. ორი პაექრობის შემდეგ უიმედოდ კი ჩამოვრჩით, მაგრამ ქართულმა სულმა და ნებისყოფამ მაინც თავისი გაიტანა. დღევანდელი წერილის დასასრულს „საჭიდაო“ მოგონებას შემოგთავაზებთ, რომელიც ბატონ თემურ ხუბულურს ეკუთვნის.
„თვითმფრინავში ვართ და საზღვარგარეგთ მივფრინავთ. 12-14 საათი ჰაერში უნდა დავყოთ. ჩვენთან ერთადაა ჩვენი სული და გული, მუდამ მხიარული და სტიმულის მომცემი საყვარელი პიროვნება, ანზორ მარტყოფლიშვილი. თუ რაიმე „იაღლიში" მოხდებოდა, ანზორი მუდამ პოულობდა გამოსავალს, მაგრამ იმჯერად თვითონ აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში.
მაშ ასე... ჰაერში ვართ. ანზორი დადარდიანებულია, რადგან საკმაოდ დიდი თანხა დაკარგა ჯერ კიდევ აფრენამდე. ამ მუდამ მხიარულ კაცს დანა კბილს არ უხსნის. მიჯდა კუთხეში - ილუმინატორთან და არ იღებს ხმას.
იმაზე თუ ფიქრობს, როგორ და რა ვითარებაში უნდა დაეკარგა თანხა. ბუნებრივია, ჩვენც წაგვიხდა ხასიათი და ღრმა მდუმარებით თანავუგრძნობთ თანაგუნდელს. გარეთ კუპრისფერი, ბლანტი სიბნელეა. მხოლოდ თვითმფრინავის ყრუ, მონოტონურად გაბმული ზუზუნი ისმის. მოულოდნელად ლაინერი მკვეთრად გადაიხარა მარჯვენა მხარეზე. გაგვაცია და გაგვაცხელა, ანზორს გადავხედეთ, შეშფოთებული ჩანს.
თვითმფრინავი მალევე გასწორდა, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისევ დაიხარა იმ მხარეზე. ცოტა ხანში, მოულოდნელად, ძალიან მკვეთრად, მთელი კორპუსით „დაეცა" ვერტიკალურად და ელვისებურად ისევ ავარდა ზევით.
- დედა, რა იყო ეს! - ნაძალადევი, მშრალი ღიმილით ვამხნევებთ ერთმანეთს.
ამის თქმა და თვითმფრინავი ისევ „იამკაში" ჩაეხეთქა. და ეს ჩვენი ანზორი ინსტიქტურად წამოხტა სკამიდან. სასწრაფოდ გადმოიღო პიჯაკი სასწრაფოდვე გაუყარა ხელები სახელოებში, ქუდიც ჩამოიფხატა თავზე, და გასასვლელისკენ დაიძრა შესაშური სიჩქარით;
- საით ანზორ! - ვეცით და გავაკავეთ.
- გიჟია ეს პილოტი ვიღაცააა! - მთვრალი უნად იყოს ჩემი აზრით... გამიშვით, კაცო, ნიახური კი არა ვარ, მეორედ ამოვიდე?!! - ამას შევწირო თავი?!
ძლივს დავაშოშმინეთ და „პასადკაც" მალე გამოაცხადეს...“