ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ ორი წლის წინ, მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარი ნამდივლად ჰქონდა, მაგრამ მის შინაარსს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ დაჩეხილი, დამონტაჟებული „ფეიკია“. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ მარკ ზილბერკვიტს, რომელიც კერძო პირია, იცნობს იმ პერიოდიდან, როდესაც მოსკოვში ელჩად მუშაობდა.
„ზილბერკვიტი ოფიციალური პირი არასდროს ყოფილა, არც ახლაა და მგონი, საერთოდ ამერიკაში წავიდა. მე ვადასტურებ, რომ ორი წლის წინ მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა, მაგრამ შინაარსობრივად ეს საუბარი არის დაჩეხილი, დამონტაჟებული, „ფეიკი“. ეტყობა ორი წლის განმავლობაში ამონტაჟებდნენ ისე, როგორც აწყობდათ.
როდესაც მორიგი, უკანონო გზით მოპოვებული სატელეფონო საუბარი ბატონ კარასინთან გამოამზეურეს, მაშინ ვთქვი: საუბარსაც ვადასტურებ და საუბრის შინაარსსაც ვადასტურებ. ამჯერად ვამბობ: დიახ, საუბარი შედგა, მაგრამ შინაარსობრივად არის „ფეიკი, ამიტომ შინაარსობრივად კომენტარს არ ვაკეთებ. ორი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაამონტაჟო ისე, როგორც გინდა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
როგორც ცნობილია, Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ თვლიან, რომ განცხადებები არის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო და სამარცხვინო, ამიტომ, არც აბაშიძე-კარასინის ფორმატი უნდა არსებობდეს და არც აბაშიძე უნდა იკავებდეს საჯარო თანამდებობას.
როგორც პარტიის წევრი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, აბაშიძის განცხადებები არის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო და სამარცხვინო.
„მნიშვნელოვანია, რომ ქართველ პატრიოტებს, რომლებიც ებრძვიან რუსულ ოკუპაციას, რუსული პროპაგანდა და მისი ქართველი მსახურები ყოველთვის მოიხსენიებდნენ როგორც „ნაცისტებს“, „ხულიგნებს“. მაგალითად, ეს იყო 9 აპრილის დემონსტრანტებზე. ასევე ამბობდნენ 20 ივნისის დემონსტრანტებზე. რა თქმა უნდა, პოზნერის გამგდებებზეც იგივე მესიჯბოქსი აქვთ. ეს ადამიანი, აბაშიძე და აბაშიძე-კარასინის ფორმატი არის არგაღიზიანების პოლიტიკის პლატფორმა, სადაც ნამდვილი ქართველი საბჭოთა ადამიანი ელაქუცება და უსრულებს ყველა სახის ინსტრუქციას კრემლს, ამ შემთხვევაში, კრემლის დანიშნულ კარასინს. ამიტომ, რა თქმა უნდა, თვითონ ეს ფორმატი არის ქართული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო. აბაშიძის განცხადებები არის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო და სამარცხვინო“, - აცხადებს ირაკლი ფალავანდიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს არ იზიარებს ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომლის განცხადებით, 90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს წარმოადგენს. მისი თქმით, მოხუცი კაცის დევნა, რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს მისი პიროვნება, არ წარმოადგენს ღირსების მაჩვენებელს, რაც ქართველ ერს გააჩნია. მისი თქმით, ზურაბ აბაშიძე პოზნერზე ამერიკის მოქალაქეს ესაუბრება და დაჩეხილი საუბარი პოზნერზე მეასეხარისხოვანია.
„ამ თემაზე ზურაბ აბაშიძე ელაპარაკება ამერიკის მოქალაქეს, რომელიც საქმის კურსში არ არის, საქართველოში რა ხდება. რაც შეეხება ჩემს შეხედულებას, 90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს წარმოადგენს, მის მიმართ მე პირადად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ 90 წლის კაცს და მასთან თანმხლები ბევრი ქართველის ყოფნის მიუხედავად, რაც ჩემთვის სასიამოვნო არ არის, კვერცხებით დევნა არ არის იმ ღირსების მაჩვენებელი, რაც ჩვენს ერს და ნაციას გააჩნია.
რაც შეეხება რუსეთის ინტერესებს, მათი ბევრი ინტერესი გატარებული აქვს „ნაცმოძრაობას“, მათ შორის, თავის ტელევიზიების ჩართვით, დღესაც ზუსტად იმ პოლიტიკას ატარებს, რაც მოსკოვს უნდა. ასე რომ, 90 წლის პოზნერთან დაკავშირებით რა კომენტარი ჰქონდა დაჩეხილი, მით უმეტეს ამერიკის მოქალაქესთან ზურაბ აბაშიძეს, ეს უკვე მეოცე და მეასეხარისხოვანია. პოზნერს ან რუსეთში ვინ ეკითხება რამეს, ან ისრაელში, მოხუცი კაცის დევნა, რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს ჩემთვის მისი პიროვნება, არ წარმოადგენს ღირსების მაჩვენებელს, რაც ჩვენს ერს გააჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას არ გეგმავს. როგორც მან აღნიშნა, ამ პროვოკაციასთან დაკავშირებით პოზიციისა და სინანულის გამოხატვა ჩვეულებრივი ამბავია, ჯანსაღი მოვლენაა. მისი თქმით, თავის დროზე იყო აბსოლუტურად მიუღებელი ინციდენტი, რომელიც ხოშტარიამ შეასრულა. ამ ინციდენტთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა ზურაბ აბაშიძემ, რაც იყო აბსოლუტურად სწორი.
„როცა ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს, უწყობს პროვოკაციას კონკრეტულ ჯგუფს, ეს არის ორმაგი სტანდარტი, არაეთიკური ქმედება და ა.შ. ამაზე ჰქონდა საუბარი ზურაბ აბაშიძეს. თქვენ კითხვები უნდა დასვათ იმასთან დაკავშირებით, რატომ იღებს ელენე ხოშტარია რუსულ რუბლებს და თან აწყობს პროვოკაციას. ზურაბ აბაშიძე იყო და არის პასუხისმგებელი სავაჭრო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე.
ამ პროვოკაციასთან დაკავშირებით პოზიციასა და სინანულის რომ გამოხატავ, ჩვეულებრივი ამბავია, ჯანსაღი მოვლენაა. „ლიაკა რუბლიაკა“ ხოშტარია იყო ამ პროვოკაციის ორგანიზატორი და ამ პროვოკაციაზე შეიძლება ბოდიშიც მოიხადოს ადამიანმა, იმიტომ, რომ იყო უხეში პროვოკაცია და თან ეს პროვოკაცია იყო მოწყობილი „რუბლიაკა“ ხოშტარიას მიერ, რომელიც რუსულ რუბლებს იღებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მისი თქმით, არასდროს საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, რომელიც ხელყოფდა ჩვენი სახელმწიფოს, ან ჩვენი საზოგადოების ღირსებას.
„როცა მიხეილ სააკაშვილი გარბოდა გორში, როცა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები გარბოდნენ წითელი ხიდიდან, როცა ზურა ჯაფარიძე მივიდა საოკუპაციო ზოლთან, „ტრუსიკი“ ჩაიხადა და შიშველი უკანალი აჩვენა რუს სამხედროებს, ეს იყო ქართველი ხალხის ღირსების ხელყოფა, არასდროს ჩვენ არ გაგვიკეთებია განცხადება, რომელიც ხელყოფდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ღირსებას.
ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებთ, თუმცა, რატომღაც, ამავე „ნაციონალებს“ არ აჟრიალებთ ლიაკა ხოშტარიას მიერ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ რუსულ რუბლებზე. რატომ არ აჟრიალებთ? - იმიტომ, რომ ეს ჟრიალი არის ხელოვნური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.