საცალო ქსელში თამბაქოს პროდუქციის ნაწილი უკვე 20 თეთრით გაძვირდა. კომპანიების დისტრიბუტორებმა მაღაზიებსა და სავაჭრო ობიექტებში სიგარეტი მაღალ ფასად შეიტანეს. მწეველებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტი - „ვინსტონი“ - 2 ლარის ნაცვლად, უკვე 2,2 ლარად იყიდება. თამბაქოზე ფასი უკვე გაიზარდა „ფილიპ მორისის“ ბრენდებზე, დანარჩენი დასახელების სიგარეტის გაძვირება, უბრალოდ, რამდენიმე დღის საკითხია.
როგორც „ჯეი თი აი კავკასიის“ წარმომადგენელი აცხადებს, კომპანიების ნაწილმა პროდუქცია აქციზის გაზრდილი გადასახადის ძალაში შესვლამდე გააძვირა. ნიკოლოზ მჭედლიშვილის თქმით, მიუხედავად ფასის ზრდისა, კომპანიები დიდი მოცულობის დანაკარგს არ მიიღებენ, თუმცა გაყიდვების ზუსტ დინამიკაზე საუბარი რამდენიმე თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის“ დირექტორი, ჯანდაცვის ექსპერტი კახა ღვინიანიძე მიიჩნევს, რომ თამბაქოს აქციზზე ფასის ზრდა ფინანსური, ფისკალური და ეკონომიკური ნაბიჯია.
„ეს არის სწორი და აუცილებელი, მაგრამ მინიმალური ღონისძიება თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისთვის, რომელიც სიგარეტის მომხმარებელთა რეალურ შემცირებას ისახავს მიზნად. ამასთან, ესაა პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ შემცირდეს ხელმისაწვდომობა თამბაქოს პროდუქტებზე, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და ახალგაზრდებში, ასევე ზრდასრულ მოსახლეობაშიც. მწეველები უნდა დაფიქრდნენ და მათ მიიღონ მეტი მოტივაცია, რათა მომავალში მოწევას თავი დაანებონ“, - განაცხადა ღვინიანიძემ.
იგი არ აკონკრეტებს, რამდენად შეიძლება მან გავლენა მოახდინოს საცალო გაყიდვების ფასზე. ღვინიანიძის თქმით, კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს და მისთვის ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად გაზრდის ინდუსტრია ფასს თამბაქოზე.
„სახელმწიფო აქციზე ფასს 15 თეთრით ზრდის. ჩვენ, ექსპერტები, რომლებიც მოწოდებულები ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება, ნაკლებმა ადამიანმა მოიხმაროს თამბაქო, უფრო მეტად გაძვირებასაც მივესალმებით, მაგრამ ამჯერად ინდუსტრია რამდენით გაზრდის ღირებულებას, ეს ამ ეტაპზე უცნობია“, - აცხადებს ღვინიანიძე.
რაც შეეხებას იმას, გამოიწვევს თუ არა აქციზზე ფასის გაზრდა კონტრაბანდის მატებას, მისი აზრით, ასეთი რამ საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, თითქმის გამორიცხულია.
„საქართველოში საბაჟო სისტემა ქვეყანას ძალიან კარგად იცავს - საზღვარები დაცულია, შიდა სამართალდაცვითი სისტემა ძალიან კარგადაა აწყობილი. ყველაფერი ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ 2003 წლამდე გვქონდა. ასეთი რისკი, რომ კონტრაბანდის სერიოზული მატება მოხდეს, თითქმის გამორიცხულია, მით უმეტეს, იმ პირობებეში, რაც დღეს გვაქვს. სამომავლოდ, როდესაც შეიძლება, გაცილებით უფრო სერიოზულ მაჩვენებელზე იყოს საუბარი, იქაც კი ჩვენ რაღაც დონემდე არ ვვარაუდობთ, რომ კონტრაბანდის რისკი მოიმატებს“, - დასძენს კახა ღვინიანიძე.
„ფინანსთა სამინისტროს მიერ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გაძვირება, მაინცდამაინც რაციონალური არ არის, თუმცა კეთილი პოზიციებიდან გამომდინარე, შეიძლება სწორი იყოს“, - ასე ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.
„ტოტალური უმუშევრობის ქვეყანაში სიგარეტი სტრესის ჩაქრობის, გაბრუების საშუალებაა და ღარიბმა, უმუშევარმა ადამიანებმა, არა მგონია სიგარეტის გაძვირების გამო, თამბაქოს თავი დაანებონ. პირიქით, კონტრაბანდის საშიშროება გაჩნდება და იაფფასიან სიგარეტზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც შეიძლება ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან არალეგალურად შემოვიდეს“, - განაცხადა გიორხელიძემ.
„ფისკალური ეფექტი, 25 მილიონი ლარი, რაც თამბაქოს აქციზზე ფასის ზრდამ უნდა მოგვცეს, არ არის ის არსებითი თანხა დღევანდელ ბიუჯეტში, რომელიც საბიუჯეტო შემოსავლების რამე პრობლემას წყვეტს. გადაწყვეტილება რაციონალური არ არის, ფასების ზრდით, რამე რეალური შედეგის მიღწევა ასეთ მოუწყობელ ქვეყანაში ნაკლებად სავარაუდოა“, - განაცხადა დემურ გიორხელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
ექსპერტის, ირაკლი ლექვინაძის აზრით, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მიზანი ანტითამბაქოს პოლიტიკის გატარებაა, თუმცა რეალურად, აქციზის გაძვირება საბიუჯეტო შემოსავლებს გაზრდის, რაც სამინისტროს ერთ-ერთი მოტივაციაა.
„ყველაზე მეტი სარგებელი იქნება ის, რომ სიგარეტის აქციზიდან გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები. რაც შეეხება პოზიციას, იმოქმედებს თუ არა გაზრდილი ფასი მწეველთა რიცხვის შემცირებაზე, მე ვფიქრობ, რომ - არა. ეს არ არის იმ მოცულობის ზრდა, რომ მომხმარებელმა 20-30 თეთრის გამო უარი თქვას მოწევაზე. ამ მხრივ შედეგი ნაკლებად გვექნება. მთავარი რისკი არის სტიმული კონტრაბანდის წილის ზრდისკენ, მწეველთა რიცხვის შემცირების კუთხით კი, ვფიქრობ, არანაირი ცვლილება არ მოხდება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ მწეველთა რიცხვის შესამცირებლად მხოლოდ გადასახადების ზრდა საკმარისი არ არის და ამისათვის ბევრი სხვა ღონისძიების გატარებაა საჭირო.
„ჩვენ თუ გვინდა რეალური შედეგი მივიღოთ მოწევის შემცირების კუთხით, უფრო მეტად უნდა გავაძვიროთ სიგარეტი, რომ ადამიანს მართლაც არ უღირდეს იმ თანხის გადახდა, რასაც საბოლოოდ გადაიხდის“, - აღნიშნა ლექვინაძემ.