ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იხტიბარს არ იტეხს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იხტიბარს არ იტეხს

ჩავარდნილი სეზონის ფონზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იხტიბარს არ იტეხს და სტატისტიკური მონაცემების მოშველიებით ცდილობს დადებითი სურათის შექმნას. არადა, აჭარაში მყოფნი (დამსვენებელიც და ადგილობრივიც) უკამაყოფილებას ვერ მალავენ. ბოლო დღეების სტიქიამ კი სასექტემბროდ შემორჩენილი იმედიც დაასამარა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წლეულს საგრძნობლად გაზრდილია უცხოელი ტურისტების ნაკადი. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი სიგუამ აღნიშნა, ძირითადი დატვირთვა მაინც თბილისსა და ბათუმზე მოდის. შესაბამისად, ბათუმის სასტუმროები სავსეა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებით.

“ტურისტულ ადგილებს შორის ყველაზე პოლულარული თბილისია (44%) და მას თითქმის იგივე მაჩვენებლით მოსდევს ბათუმი (43%). ჩვენი ვარაუდით, წლის ბოლომდე მათი რიცხვი 5 მილიონს მიაღწევს. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების დიდი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის. წლეულს საქართველოში შემოსული ვიზიტორების სიმრავლით თურქეთი (616 864), აზერბაიჯანი (355 809), სომხეთი (353 732) და რუსეთი (184 287) გამოირჩევა.

ეს ტენდენცია წლების განმავლობაში ნარჩუნდება და ამ მხრივ, მნიშვნელოვან ცვლებებს მიმდინარე სეზონზე არ ველით. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, აქ მოწინავე პოზიციებს უკრაინა (38 049), ირანი (26 360), ამერიკა (9 044) და გერმანია (8 682) იკავებს”, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

წლევანდელი სეზონი სხვა სეზონებს ერთი უმთავრესი დეტალით ჰგავდა - მაღალი ტარიფებით კვებისა და გასართობ ობიექტებში და ასევე თითქმის გაორმაგებული ფასებით საკვებ პროდუქტებზე და სასმელებზე.

წლეულს საზღვაო კურორტებს, წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტი ტურისტი სტუმრობდა რუსეთიდან. ქობულეთში კი დამსვენებლებისუდიდესი ნაწილი სომხეთიდან იყო ჩამოსული.

ქობულეთშიც და ბათუმშიც, ის ხალხი, ვინც ბინებს აქირავებს, ჩავარდნილ სეზონზე საუბრობენ. აქამდე ისინი თავს იიმედებდნენ სექტემბერის ამინდებით, მაგრამ მორიგმა სტიქიამ ამის იმედიც მოსპო.

“ამ ზაფხულს საშინელი სეზონი იყო. მთელი ივლისი ქობულეთი ცარიელი იყო. ყოველ დღე წვიმდა და ვინც შეცდა და ჩამოვიდა, ორ დღეში ისევ უკან გაიქცა. ათი აგვისტოდან გამოვიდა ამინდები დადილიდანვე გაივსო ყველა სახლი. ასე უცებ როგორ ჩამოვიდა ამდენი დამსვენებელი, მეც არ ვიცი. დაახლოებით, 20 აგვისტომდე ძალიანკარგი ამინდები იყო და დამსვენებელი სულ გვყავდა. მერე ყველაფერი შეიცვალა. ეს ხალხი როგორც უცებ ჩამოვიდა, ასევე უცებ გაქრა სადღაც.

ფასები წლეულს შედარებით დაბალი გვქონდა. პირადად მე, იმაზე ვფიქრობდი, საერთოდ შემოსავლის გარეშე არ დავრჩე-თქო და ამიტომ იაფად ვაქირავებ ოთახებს. შარშან, საკუთარი აბაზანით ოთახს თუ 70 ლარად ვაქირავებდი, წელს 40 ლარზეც თანახმა ვარ. ახლა კიდევ უფრო იკლო დამსვენებლების რაოდენობამ. თუ სექტემბერში არ ჩამოვიდა არავინ, გამოვა, რომ დაახლოებით ორი კვირა გვქონდა სრული დატვირთვით მუშაობა.

კატასტროფული ზაფხული იყო და ეს ჩვენს შემოსავალსაცდაეტყო. ბარების პატრონებიც გაგიჟებულები არიან, მათაც ძალიან ცუდი მუშაობა ჰქონდათ”, - ამბობს ქობულეთელი მანანა აბესაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიური ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის” დირექტორისა და ტურიზმის სფეროს სპეციალისტის, მარინე მეტრეველის განცხადებით, როგორც ახალი, ისე წინა მთავრობის დროს ტურიზმთან დაკავშირებული მაჩვენებლები ყოველთვის გადაჭარბებული იყო.

“მკვეთრ ზრდაზე საუბარი გაზვიადებულია. შეძლებული ადამიანი საქართველოში არ ჩამოვა, წავა და ფულს დახარჯავს მაგალითად, დუბაიში, ან თურქეთში. იქ ფასები გაცილებით დაბალია.  ეკონომიკის სამინისტროში არ იციან კურორტებს ვინ განაგებს, რატომ არის ამდენი პრობლემური ადგილები, გაჩერებული კურორტები.  არ სცალიათ. არც წინა მთავრობაში ეცალათ და არც ახლა”, - ამბობს მეტრეველი. 

მისი თქმით, წლეულს დამსვენებლები და ტურისტები საქართველოს საკურორტო ზონებსა და ტურისტულ ადგილებში, სადაც საინტერესო ადგილები და ისტორიული ძეგლებია, არ არიან. ასევე, შემცირებულია ტურისტების რაოდენობა მაღალმთიან საქართველოშიც.

“ასეთ ადგილებში ვეღარ დადის ვერც უცხოელი და ვერც ადგილობრივი ტურისტი. ჩვენ ვმუშაობთ მდგრად ტურიზმზე, რომელიც სოფლის ტერიტორიებზე, რეგიონებში და ნაკლებად დასახლებულ პუნქტებში დამსვენებელს მოიზიდავს. რეგიონებში არის საოჯახო სასტუმროები, რომლებსაც წელს ტურისტები ჯერ არ მიუღიათ”, -  აღნიშნა მეტრეველმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.