„თბილისის საკრებულო პროკურატურის საქმიანობის დუბლირებას არ მოახდენს“

„თბილისის საკრებულო პროკურატურის საქმიანობის დუბლირებას არ მოახდენს“

თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისია უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საკითხის შესწავლას იწყებს. ძირითადად საუბარია ორ მიმართულებაზე - საპროცესო გარიგებებზე, რომელიც იძულებითაა დადებული, და ჩუქების ხელშეკრულებაზე, რომელიც, ასევე, იძულებით განხორციელდა.

როგორც კომისიის თავმჯდომარე კახა კუკავა აცხადებს, მსურველებმა კომისიას გარკვეული სახის დოკუმენტაცია უნდა წარუდგინონ. მართალია, კომისიას შეზღუდული ბერკეტები გააჩნია სამართლიანობის აღსადგენად, მაგრამ ისინი რეკომენდაციით მიმართავენ ცენტრალურ ხელისუფლებას და იმედი აქვთ, რომ მათგან არანაირი შეფერხება არ ექნებათ.

"ყოფილი ხელისუფლების პირობებში ჩვენს არაერთ თანამოქალაქეს კუთვნილი ქონება უკანონოდ ჩამოერთვა. პროცესში, რომლის მიზანი დაზარალებულთა სრული რეაბილიტაცია და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემაა, ჩვენი პარტნიორები იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები იქნებიან’’, - განაცხადა კახა კუკავამ და აღნიშნა, რომ მეორე მიმართულებით მუშაობა თბილისის მერიასთანაც წარიმართება, რადგან ჩამორთმეული ქონების დიდი ნაწილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სწორედ თბილისის მერიამ გამოიყენა.

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად შესწევს ძალა საკრებულოს, კანონიერების აღსადგენად დაიწყოს მუშაობა და ხომ არ იქნება ეს პროკურატურის ფუნქციის დუბლირება, რომელმაც, ფაქტობრივად, თავი ვერ გაართვა უკანონობის დასრულებას საქართველოში?! 

ექსპერტი კახა კახიშვილი თვლის, რომ ის, რაც ვერ მოახერხა პროკურატურამ, კარგია, თუ ამ თემის შესწავლას საკრებულო მაინც დაიწყებს. უფრო მეტიც - პროკურატურას ელემენტარული აღრიცხვაც კი არ უწარმოებია იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი აიძულეს, სხვადასხვა ფორმით გადაეცა, ან ხელისუფლებისთვის გადაერიცხა თანხები. არც მათი რაოდენობა გარკვეულა, ვინც აიძულეს, მაღალჩინოსნებისთვის მანქანები ეყიდათ.

აქედან გამომდინარე, თუ საკითხის მოგვარება ნამდვილად სურთ, კახა კახიშვილის აზრით, ეს პროცესი აღრცხვით უნდა დაიწყოს, რათა შემდგომში დაახლოებითი წარმოდგენა მაინც გვქონდეს, რამდენს შეადგენს ლარებში წართმეული ქონება.

„როგორც მინიმუმ, აღრიცხვა ხომ უნდა მიმდინარეობდეს?! ის, რომ საკრებულო ამას ვერ გამოიძიებს და საკუთარ ქონებას ვერ დაუბრუნებს ყველა მოქალაქეს, ეს ფაქტია, მაგრამ ის, რომ ამაზე დაიწყებს მუშაობას და თემა შესწავლილი იქნება კომისიის მიერ, დადებითი მოვლენაა“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

რაც შეეხება პროკურატურის საქმიანობის დუბლირებას, კახა კახიშვილს აინტერესებს,  განა პროკურატურამ რამე გააკეთა?!

მისივე განმარტებით, ზუსტად იმის გამო, რომ პროკურატურა ამ კუთხით არაფერს  აკეთებს, საკრებულომ აიღო ეს ინიციატივა, თორემ პროკურატურას რომ დაეწყო აქტიურად ასეთი ტიპის დანაშაულის გახსნა და შედეგის დადება, სურვილიც რომ ჰქონოდათ საკრებულოს წევრებს, ხალხი იქ აღარ მივიდოდა.

„როგორ ფიქრობთ, პროკურატურა სამართლიანობის აღდგენითაა დაკავებული და ხალხი მაინც მიდის საკრებულოში? ჩვენი საზოგადოება პროკურატურაში შეტანილ განცხადებებზე პასუხსაც ვერ იგებს და შედეგის დადებაზე ხომ საუბარი ზედმეტია“,-აცხადებს კახა კახიშვილი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ საკრებულოს უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გააქტიურდეს ის თემები, რაც საზოგადოებას აწუხებს. ამიტომ ახლა უკვე ჯერი საზოგადოებაზეა და მათ უნდა მიაწოდონ შესაბამის კომისიას ქონების ჩამორთმევის შესახებ ფაქტები. აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ კი, თუკი ქალაქის მერის ან შესაბამისი სამსახურის ბრალეულობა გამოიკვეთება, საკრებულოს წევრები მათი პასუხისმგებლობის საკითხსაც დააყენებენ.

თუმცა გულიკო ზუმბაძე თვლის, რომ ეს არ აკლია არც გიგი უგულავას, არც რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელს, მათ შორის, ქონების მართვის სამსახურის უფროსს დავით ჭედიას, რადგან ფინანსთა სამინისტრო უკვე თვეების განმავლობაში ამოწმებს მათ საქმიანობას და საზოგადოება ამ უწყების სამართლიან დასკვნას ელოდება. 

ამ ეტაპზე გულიკო ზუმბაძე ადასტურებს, რომ მათ უკვე აქვთ რამდენიმე ფაქტი კონკრეტული დარღვევების შესახებ. კერძოდ, უკანონო გაჩუქებისა და საპროცესო გარიგების შედეგად ეკონომიკის სამინისტრო როგორ გადასცემდა ქონებას ქალაქის  თვითმმართველობას, მერიას და ეს ქონება უკვე მათი განკარგულების ქვეშ ხვდებოდა.

„თუ როგორ გამოიყენა ეს უფლებები უგულავამ, ამ საკითხსაც შევისწავლით. გასაგებია, რომ ეს იყო წინა ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი უსამართლობა, მაგრამ ამაში თვითმმართველობაც იყო ჩართული. საპროცესო გარიგებისა და ქონების ძალით ჩუქების გარდა, საკუთრების ხელყოფის სხვა ფორმებიც არსებობდა. მაგალითად, საკრებულო რეკრიაციულ ზონად აცხადებდა ისეთ მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ცალკეულ მესაკუთრეთა მფლობელობაში იყო და ადამიანებს იქ ნერგის დარგვისა და სახლის აშენების უფლებაც არ ჰქონდათ; გარდა ამისა, ადამიანს ჰქონდა ბენზინგასამართი სადგური და, თუ იგი არ თმობდა თავის ერთადერთი შემოსავლის წყაროს, მას ეკრძალებოდა ამ ტერიტორიით სარგებლობა იმ მოტივით, თითქოს იგი ხელს უშლიდა სავალ ნაწილს, ან სხვა ობიექტს“, - გვითხრა გულიკო ზუმბაძემ.

მისივე თქმით, ეს პროკურატურის საქმიანობის დუბლირება არ იქნება და ისინი არ გასცდებიან საკრებულოს უფლებამოსილებას. უბრალოდ, აღნიშნული პრობლემები თბილისელებს შეეხებათ, რადგან სწორედ თბილისელებს ჩამოართვეს ქონება და  შეუზღუდეს საკუთრებით სარგებლობის უფლება.

ჩვენ დავინტერესდით, საკრებულო განიხილავდა თუ არა ბიზნესმენთა ქონების მისაკუთრების თემასაც, რაც მოძრაობა „დააბრუნეს“ ფარგლებში გაერთიანებულ არაერთ ბიზნესმენს აწუხებს. თუმცა გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, რომ, რაც საკრებულოს ძალებს აღემატება, იმ საკითხებს პროკურატურას გადასცემენ გამოსაძიებლად. შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვის კომისია ჩამოწერს იმ კონკრეტულ თემებს, რომლებზე მიმართვაც ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ.

„1-ლი ოქტომრის შემდეგ საკრებულოში ისედაც მრავალ საკითხთან დაკავშირებით შემოდის განცხადებები და ჩვენ ამ წერილებს ვამისამართებთ შესაბამის სამინისტროებსა თუ ძალოვან სტრუქტურებში“, - აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.