„მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს სასჯელი მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ ითხოვა საქართველოს ხელისუფლებისგან სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება. კითხვაზე, რატომ ამბობს უარს სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე და განიცდის თუ არა ამ საკითხზე რამე გარე ზეწოლას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის პასუხისმგებელია, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის წინაშე. მისივე თქმით, მრავალ ადამიანს უთხოვია შეწყალება, თუმცა ყველა მათგანისთვის აუხსნია, რომ შეწყალება არ არის გამოსავალი სწორედ ქართველი ხალხის გამო, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წელი გამოიარა.
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებით, შეწყალება მორალური საკითხია, რომელზე პასუხისმგებლობაც ხალხის წინაშე მას აკისრია.
„მე ვმუშაობ დიპლომატიურ საზოგადოებასთან, ჩემი კავშირებით ევროპაში და ვცდილობ, ვიმუშაო ხელისუფლებასთან, რათა ვიპოვო გამოსავალი, რომელიც მეტად შესაბამისი იქნება იმასთან, თუ როგორ უნდა მოექცნენ ყოფილ პრეზიდენტს, ისინი არიან ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, მთავრობას ჯერ რეაგირება არ მოუხდენია, მათ ექსტრადირების მოთხოვნაზე სხვადასხვაგვარი რეაგირება შეუძლიათ, მაგრამ მათ უნდა მოახდინონ რეაგირება, ამ გადაწყვეტილებაზე ისინი არიან პასუხისმგებელი“,-ამბობს ის.
კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ამას შეუძლია უკრაინა-საქართველოს მეგობრობის დარღვევა, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ - არა და, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ამაზე მაღლა დგას და დარწმუნებულია, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაციიდან გამოსავალს მოძებნიან.
პრეზიდენტის ამ განცხადებას ეხმაურება „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე და აცხადებს, რომ არსებულ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, რაც სათანადო აღნიშვნას იმსახურებს.
„ჩვენ ვთქვით ერთი რამ, არ შევდივართ პოლემიკაში სალომე ზურაბიშვილთან, არც ერთ შემთხვევაში ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და ვთქვით ასევე, რომ თუ პრეზიდენტი გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ამ შემთხვევაში აუცილებლად ამას სათანადოდ აღვნიშნავთ.
ეს არის ერთ-ერთი განცხადება, რომელიც სათანადო აღნიშვნის ღირსია. ჩვენ ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილი მაინც არ ლახავს გარკვეულ წითელ ხაზებს, რაც ძალიან მისასალმებელია და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც იმსახურებს სათანადო აღნიშნავს ჩვენი მხრიდან. ჩვენ ყოველთვის დავუფასებთ სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერ განცხადებას და მოქმედებას, რომელიც გამომდინარეობს და შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა, დიდი ალბათობით, საზოგადოების უმრავლესობის მოსაზრება გაიზიარა, რომ სააკაშვილმა სასჯელი სრულად უნდა მოიხადოს, ამიტომ თავის გადაწყვეტილებაში უფრო მეტი სიცხადე შეიტანა. აბაშიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა გააცნობიერა ისიც, რომ ჯობია აიტანოს ნაცოპოზიციის დამუნათება, ვიდრე საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვიოს.
„მინდა მჯეროდეს, რომ პერზიდენტის ეს ხაზი ბოლომდე გაგრძელდება და მერე აზრს არ შეიცვლის. მისი არათანმიმდევრული განცხადებები და არაადეკვატური ქცევები, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ნაცოპოზიციის გარდა, მასზე დამუნათება დასავლეთიდანაც ხდება. დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის, რატომღაც, ქვეყნის მთავარი ჯალათის და სიტუაციის ამრევის არქიტექტორი სააკაშვილი თავისუფალი უნდა იყოს. ვნახოთ, დაველოდოთ, როგორ გაუძლებს პრეზიდენტი ამ ზეწოლას და რეალურად არის თუ არა მისთვის მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის სურვილი. ერთია რასაც ამბობს ხოლმე და მეორეა შემდეგ რასაც აკეთებს.
მე ვფიქრობ, რომ სტრასბურგის სასამართლოს შემდეგ, დასავლეთიდანაც არ უნდა იყოს სააკაშვილის შეწყალებაზე ასეთი ზეწოლა. თუმცა მისი ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტები ამ ხაზის გატარებას მაინც ცდილობენ. ალბათ, სტრასბურგის გადაწყვეტილებაც უნდა იყოს ზურაბიშვილისთვის კარგი არგუმენტი იმისთვის, რომ სააკაშვილს რეალურად არავინ არ აწამებს. პირიქით, მისი გარემოცვაა მის წამებაში დამნაშავე, რადგან ნორმალურად სასჯელის მოხდას არ აცლიან და ეუბნებიან, რომ იშიმშილოს. ვხედავთ, რომ ეს თემა უკვე პარტიაშიც კი აღარავის ანაღველბს და მისი ე.წ. წამების ამბავი უკვე ყელშია ამოსული“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური პროცესის წარმოება დაიწყო, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი იყოს, როგორც „ოცნებისგან“, ასევე ოპოზიციისგან. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ორივე მხარე პრეზიდენტის მორჩილებას ითხოვს, ხოლო ამას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამართლებენ. პრეზიდენტი კი მათგან დისტანცირებას ცდილობს.
„ზურაბიშვილმა დამოუკიდებელი, ნეიტრალური პოლიტიკის თამაში დაიწყო. ამან მას მისცა შესაძლებლობა, რომ გაცილებით ღიად ეთქვა და განემარტა სააკაშვილის შეწყალებას რატომ არ აპირებს. მიუხედავად იმისა, ვის რა პოზიცია უჭირავს, არგუმენტი, რომელიც ზურაბიშვილმა სააკაშვილის არშეწყალების გასამართლებლად მოიტანა, აბსოლუტურად სწორია. მოსახლეობის 2/3 მიიჩნევს, რომ სააკაშვილი დამნაშავეა. სხვა თემაა, რა მუხლები მიუყენეს და რის გამო ზის. ხალხისთვის ის ციხეში ჯდომას იმსახურებს და მისი შეწყალება პრეზიდენტის მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილში გაღიზიანებას გამოიწვევს. პრეზიდენტისთვის ეს უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომელიც მხოლოდ მას არ დააზიანებს. ევროპელები ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ სააკაშვილის შეწყალება პოლარიზაციის დასრულებას ხელს შეუწყობს. პირიქით, ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ ეს პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს“, - ამბობს ძაბირაძე.
მისი აზრით, ზურაბიშვილი ცდილობს საზოგადოებრივ აზრს მიჰყვეს. ასევე აჩვენებს დასავლეთს, რომ ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფს შორის, არსებობს კიდევ სხვა „კუნძული“, სადაც ასე სულაც არ ფიქრობენ. ანალიტიკოს ამბობს, რომ შესაძლოა, ზურაბიშვილმა ვერ შექმნას პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილის აზრის გათვალისწინებას ცდილობს. მას დასავლეთში ახლა როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ოპოზიციაზე მეტად ენდობიან, ამიტომ მისი განცხადებები უფრო ნეიტრალური ფიგურის თამაშს დაემსგავსა. გასაკვირი არ არის, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში არ ჩაჯდება და მოქმედებს იმის მიხედვით, როგორც ხალხისთვის უფორ მისაღები იქნება.
თუ არადა ამერიკის ლენჩივით დარჩება ეგეც ხელმოცარული და უმუშევარი...............