9 მომხრე არცერთი წინააღმდეგი,- ამ შედეგით დასრულდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელზეც ტელევიზიის გენერალური დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი განიხილეს. ბორდმა ბარათაშვილი თანამდებობიდან კიდევ ერთხელ გაათავისუფლა. გენერალური დირექტორის მოვალეობას, დროებით, თამაზ ტყემალაძე შეასრულებს.
სამეურვეო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ გენერალური დირექტორი თანამდებობიდან რამდენიმე კონკრეტული მიზეზების გამო გაათავისუფლეს. ასეთად კი მენეჯმენტისგან ტელევიზიის სამომავლო გეგმების, პროგრამული პრიორიტეტებისა და კულტურის არხის გახსნის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიუღებლობას ასახელებენ.
სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, გიორგი მელაძე, რომელსაც საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭრად იცნობს, გიორგი ბარათაშვილს სხვა ბრალდებასაც უყენებს. მელაძის განცხადებით, გიორგი ბარათაშვილი კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლის, ირაკლი ციბაძის გავლენის ქვეშ იყო და გადაწყვეტილებებს მისი კარნახით იღებდა.
სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომას უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მიუხედავად სამეურვეო საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან გახელაძე ესწრებოდა. ის უცხოეთში მყოფი საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ნინო დანელიას იურიდიული წარმომადგენელი იყო, სხდომაზე საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდა სამეურვეო საბჭოს წევრს, ნატალია დვალსაც. ნინო დანელია და ნატალია დვალი სხდომას ვიდეოხიდის მეშვეობით ადევნებდნენ თვალ-ყურს.
რამდენად გამართლებული იყო სამეურვეო საბჭოს შეკრებაში ლევან გახელაძის თუნდაც ამ ფორმით მონაწილეობა? რატომ მოექცა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში საზოგადოებრივი მაუწყებელი 2012 წლის ბოლოდან? როგორ მუშაობდა სამეურვეო საბჭო მანამდე და რამდენად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს? ამ კითხვებზე For.ge-მ ამ დრომდე პასუხი ვერ მიიღო. ლევან გახელაძესთან ტელეფონით დაკავშირება შეუძლებელი გახდა, სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი ყოფილი წევრი შორენა შავერდაშვილი კი მოქმედი ორი წევრის მსგავსად უცხოეთში იმყოფება და ჩვენთან საუბარი ვერ შეძლო.
კითხვებზე პასუხის მიღებამდე სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას საზოგადოების წარმომადგენლები აფასებენ. განიხილება რამდენიმე ვერსია.
ექსპერტი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება ორ მთავარ მიზანს ემსახურება - საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ტელევიზიის გაკონტროლების სურვილს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს „რუსთავი 2“-ის გარდა საზოგადოებრივი მაუწყებელიც გააკონტროლოს და საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის პროპაგანდის მეტი საშუალება ჰქონდეს. პარტიის მიზანია, შეინარჩუნონ და ეთერში დააბრუნონ პარტიის ცალსახად მხარდამჭერების - ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემები. არ არის გამორიცხული, შეცვალონ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელიც და კვლავ მოიყვანონ ხათუნა ბერძენიშვილი ან მსგავსი პიროვნება. ეს არის სახელმწიფო გადატრიალების ერთგვარი მცდელობა, იმ თვალსაზრისით, რომ საუბარია საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც ფინანსდება ხალხის მიერ და ერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს მის საქმიანობაზე გავლენა,“- აცხცადებს for.ge-სთან საუბრისას ნაცვლიშვილი.
სამეურვეო საბჭოს მიერ ტელევიზიის გენერალური დირექტორის გათავისუფლებას არხზე შექმნილ ფინანსურ კრიზისსაც უკავშირებენ. For.ge-ს წყაროს ცნობით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უკვე სერიოზული ფინანსური კრიზისი აქვს და დირექტორის გათავისუფლებით ტელევიზიის ხელმძღვანელობა სიტუაციის ერთგვარად განმუხტვას ცდილობს.
ტელევიზიის ფინანსური შემოწმების აუცილებლობაზე უკვე განაცხადა სამეურვეო საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ. იგი ფინანსური პოლიციისთვის შესაბამისი მოთხოვნით მიმართვას გეგმავს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური შემოწმების საკითხი დღეს პირველად არ დასმულა. ეს პრობლემა წლებია დგას და პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით ხდება აქტუალური. საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანასების შემოწმება კონტროლის პალატამ პრიორიტეტად ჯერ კიდევ 2009 წელს გამოაცხადა. უწყების მაშინდელი თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აცხადებდა, რომ კონტროლის პალატის ოთხ პრიორიტეტს შორის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გახარჯული 70 მილიონი ლარის ხარჯვის კანონიერების გამოკვლევა იყო. კონტროლის პალატამ საკითხი მაშინ მართლაც შეისწავლა, თუმცა მისი შედეგები საზოგადოებისთვის აღარ გაუცნიათ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების რეალური მიზეზი ალბათ უახლოეს პერიოდში გაირკვევა. მანამდე კი ურიგო არ იქნება, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბარათაშვილის ორჯერ დანიშვნის ისტორია გავიხსენოთ.
გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად 2002 წლის 26 დეკემბერს ფარული კენჭისყრის შედეგად დაინიშნა. ის ჯერ 143 კანდიდატიდან შეირჩეული 5 კანდიდატის სიაში მოხვდა შემდეგ კი კონკურენტებს ხმათა უმრავლესობით აჯობა. კენჭისყრაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ცამეტი წევრი მონაწილეობდა და მათგან ბართაშვილს მხარი 8 წევრმა დაიჭირა. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური გია ჭანტურიას გადადგომის შემდეგ გახდა. ჭანტურიამ გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა.
გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად, პრაქტიკულად, ორი თვის განმავლობაში მუშაობდა. სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან მისი გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება 4 მარტს, იმ დროს მიიღო, როცა ეს უკანასკნელი ევროპის საზოგადოებრივ მაუწყებელთა სამიტზე დასასწრებად უცხოეთში იმყოფებოდა. არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი, რომელიც მალევე დაინიშნა თბილისის ერთ-ერთი რაიონის გამგებლად, ბარათაშვილს არხის სარედაქციო პოლიტიკაში ღიად ჩარევის მცდელობაში სდებდა ბრალს და აცხადებდა, რომ ბარათაშვილი ივანიშვილის მთავრობის შესახებ რეპორტაჟების პოზიტიურ კონტექსტში გაშუქებას მოითხოვდა.
არხის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის პოსტიდან გადაყენების გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ იმ დროს ხმათა უმრავლესობით მიიღო და განმარტა, რომ ბარათაშვილმა არხზე კრიზისული სიტუაციის შექმნა ვერ აღკვეთა. მედიაექსპერტებმა კი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დათხოვნა პოლიტიზებულ გადაწყვეტილებად შეაფასეს.
გიორგი ბარათაშვილმა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, პროცესი მოიგო და 24 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდა.
შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა: 5 აგვისტოს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭომ ახალი თავმჯდომარე აირჩია, რის საფუძველზეც პირველი სექტემბრიდან ლევან გახელაძე ემზარ გოგუაძემ შეცვალა.
საბჭოს შემადგენლობის 13 წევრიდან ოთხ წევრს უფლებამოსილების ვადა პირველ სექტემბერს ამოეწურა და საბჭოში მხოლოდ 9 წევრი დარჩა.
სამეურვეო საბჭოს ახალი თავმჯდომარის უფლებამოსილების ძალაში შესვლიდან 5 დღეში, 6 სექტემბერს, დღის წესრიგში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხი დადგა. ბარათაშვილი სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან მეორედ გაათავისუფლა.